ნინო ვახანია – მენეჯერი, როგორც ქოუჩი

0

ნინო ვახანია – ბიზნეს ქოუჩი – ACC ICF; ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) წევრი; HR პროფესიონალინაწილი პირველი – მოკლე მიმოხილვა და ეთიკური ნორმები

რა არის ქოუჩინგი?

ეს არის ქოუჩის პარტნიორული ურთიერთობა პიროვნებასთან, როდესაც ერთობლივად იქმნება გარემო წამახალისებელი და შემოქმედებითი პროცესისათვის. სესიების დროს ადამიანი განიცდის შინაგან ცვლილებებს (ტრანსფორმაციას) ან სხვადასხვა გარეგან საკითხებზე ფოკუსირებით ასტიმულირებს თავის ქმედებებსა და შესრულების ხარისხს (ტრანზაქციას). ორივე შემთხვევაში ხდება დასახული მიზნების მიღწევა.

რა არის მენეჯმენტი?

ეს არის  პარტნიორული ურთიერთობა თანამშრომლებთან, როდესაც ყალიბდება საქმიანი შემოქმედებითი პროცესი, სადაც დაქვემდებარებულთა წახალისებით მნიშვნელოვანი შედეგები მიიღწევა. მმართველობით პროცესში მუდმივად ხდება ახალ გამოწვევებთან გამკლავება, რის გამოც, მოულოდნელად გაჩენილი სტრესი  კრეატიული გარემოსათვის შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა.

უცხოურ სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, რომელსაც „Quantum workplace“ აქვეყნებს თავის გვერდზე, სურათი ასეთია: დასაქმებულთა 25 % თავისი ცხოვრების მთავარ სტრეს-ფაქტორად მიიჩნევს სამსახურს; საშუალო სტატისტიკური დასაქმებული სამსახურში ატარებს თავისი ცხოვრების 13 წელსა და 2 თვეს, 51 % სამუშაო დღის დასრულებისას ფიზიკურად სრულიად გამოფიტულად გრძნობს თავს.

თუ დავეყრდნობით NIOSH- ის  (National Institute for Occupational Safety and Health – აშშ ფედერალური ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია პროფდაავადებათა და შრომითი უსაფრთხოების შესახებ კვლევებსა და რეკომენდაციებზე) კვლევას პროფესიულ რისკებთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი წნეხი ბევრად უფრო ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე, ვიდრე ფინანსური და ოჯახური პრობლემები. რესპონდენტთა 50% აღნიშნავს, რომ საქმის დიდი მოცულობისა და მისგან გამოწვეული სტრეს-ფაქტორების გამო სამუშაო ადგილზე დაყოვნება უწევთ დღეში 12 საათი ისე, რომ მსუბუქ წახემსებასაც კი ვერ ახერხებენ.

ჩემი მრავალწლიანი მენეჯერული, მათ შორის პერსონალის მართვის მიმართულებით, გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია, დავეთანხმო ზემოთ მითითებულ სტატისტიკას და გავიხსენო ფაქტები, როცა წინასწარ დაუზუსტებელი და გადაჭარბებული დირექტიული მითითებების გამო, თანამშრომელი ჩემთვის გაუგებარი მიზეზით აღმოჩენილა სტრესის ქვეშ. ასევე, მაგალითს მოვიყვანდი ჩემი, როგორც ბიზნეს ქოუჩის პრაქტიკიდან, როცა კარიერულ ცვლილებებზე ორიენტირებულ კლიენტებს გადაწყვეტილება მიუღიათ საკუთარ უფროსთან გულწრფელი დიალოგის აუცილებლობის შესახებ და ეფექტიანი შედეგებიც მიუღიათ: დაძაბული ურთიერთობები შეცვლილა ურთიერთგაგებისა და ურთიერთშეთანხმების მიმართულებით.

რა არის სტრესი?

სამედიცინო სწავლებით, ეს არის ფიზიკური, სულიერი ან ემოციური ზეწოლა, რომელიც იწვევს სხეულებრივ ან გონებრივ დაძაბულობას. CDC-ს (Centers for Disease Control and Prevention, a United States government public health agency) განმარტებით, „დასაქმებულთა შემთხვევაში ეს მავნე ფიზიკურ-ემოციური რეაქცია გამოვლინდება მაშინ, როცა თანამშრომლის მიმართ მოთხოვნა სამუშაოს შესრულების ხარისხზე არ შეესაბამება მათ შესაძლებლობებს, რესურსებსა და სურვილებს“. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია ინფიცირდება სტრესით.

ეს ტოქსიური ზეგავლენა მნიშვნელოვნად მცირდება დაქვემდებარებულებთან ქოუჩინგური დიალოგების წესის შემოღების შემდეგ, რადგან ხშირი უკუკავშირი და პროცესებში თანამონაწილეობა ურთიერთგაგების ხარისხზე დადებით ზეგავლენას ახდენს. ეს არ არის მითი, ეს რეალობაა. ბოლო წლების მანძილზე მე და ჩემმა თანამშრომლებმა ერთად აღმოვაჩინეთ ქოუჩინგური მიდგომების ეფექტიანობა: მიზნების ერთობლივი დასახვა, პროგრესის განხილვა, ნებისმიერი ახალი საქმის დაწყების წინ ურთიერთშეთანხმება, ორმხრივი უკუკავშირი და სხვა ასპექტები, რასაც მომდევნო სტატიებში უფრო დეტალურად შევეხები.

პირადად მე, აქტიურად ვმუშაობდი საკუთარ ქოუჩთან ჩვენი დროის „ქოუჩ-მენეჯერად“ ტრანსფორმაციისათვის, იმის პარალელურად, რომ თავად ვიყავი პრაქტიკოსი პროფესიონალი ქოუჩი.

ბევრი კომპანია და მათი პერსონალის მართვის განყოფილება ყოველწლიურად ისახავს მიზანს, როგორ აამაღლოს თანამშრომელთა მოტივაცია. ადამიანს კი ყველაზე მეტად  ასტიმულირებს მისთვის პიროვნულად მნიშვნელოვან მიმართულებაში ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.

ცნობილია, რომ დასაქმებულის პროფესიული წარმატების დიდი წილი განპირობებულია უშუალოდ სამუშაო ადგილზე მიღებული გამოცდილებით და არა მხოლოდ  შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ ჩატარებული სწავლებით. მიუხედავად ამისა, მენეჯერთა უმრავლესობას დროის კარგვად მიაჩნია დაქვემდებარებულთა საქმიანობაში ჩართულობა, მხარდაჭერა და ქოუჩინგური საუბრები, ან უბრალოდ, არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია.

კომპანიებში შექმნილმა ბოლოდროინდელმა პრობლემებმა გააჩინა ახალი ტენდენცია მმართველობის მიმართულებით – კერძოდ, თითქმის ყველა ორგანიზაციის მენეჯერი გადის ე.წ. „ლიდერშიფის“ ტრენინგებს, სადაც შეძენილი მრავალფეროვანი ცოდნა „ბოსსა და ლიდერს შორის განსხვავების“ გააზრებაში, მხოლოდ თეორიულ ასპექტად დარჩება, თუკი არ შედგება განვითარებაზე ორიენტირებული რეგულარული შეხვედრები თანამშრომლებთან ქოუჩინგური საუბრების საშუალებით – სწორედ ეს არის მაღალეფექტიანი გუნდების მენეჯერთა ყველაზე დიდი საიდუმლო.

ამის შედეგად, მენეჯერისათვის შესაძლებელი გახდება, ნათლად ჩამოაყალიბოს მიზნები და გადაანაწილოს დავალებები თანამშრომელთა ძლიერი მხარეების გათვალისწინებით; გასცეს დროული და სწორი უკუკავშირები; რეალურად, და არა თავსმოხვეული იძულებით, მოახერხოს დასაქმებულთა მოვალეობებისა და ორგანიზაციის მისიის ან სტრატეგიული ამოცანების ურთიერთდაკავშირება;

მართლაც და, რა სურთ თანამშრომლებს?

კოლეგიალური სივრცე, სადაც ყველა დავალება ნათელია, გარემო უსაფრთხოა, დაცულია და დავალების შესრულების პროცესი სიხარულის მომნიჭებელია.

როგორც ცნობილი ქოუჩი და ფსიქოლოგი მარშა რეინოლდსი  (Marcia Reynolds, PsyD, MCC) აღნიშნავს, ტრანსფორმაციული ქოუჩი თავის კლიენტებს უქმნის ისეთ გარემოს, რომ გამოავლინონ, რა ბლოკავს მათ იმის გააზრებაში, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ მომავალში.

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მაღალეფექტიანი გუნდის მენეჯერი ქოუჩინგური საუბრებით უშუალო დაქვემდებარებულს უქმნის უსაფრთხო სივრცეს ხელისშემშლელი ბარიერების გამოსაკვლევად და მათი აღმოფხვრის გზების მოსაძიებლად; დირექტიული  მითითებებით იერარქიული კიბიდან ზემოდან ყურების ნაცვლად, აღიარებს დაქვემდებარებულს „თანა-მშრომლად“ და მასთან ერთად ანეიტრალებს სამუშაო გარემოში შექმნილ სიმძიმეს, იქცევა რა მათი „აზროვნების პარტნიორად“.

როგორია ქოუჩი მმართველი და რატომ უნდა ჩაითვალოს, რომ ქოუჩინგის გამოყენება მართვაში მნიშვნელოვანი წინსვლაა მენეჯმენტში?

მოდით, ჯერ გაგიზიარებთ ქოუჩის იმ ძირითად კომპეტენციებს, რომლის ცოდნა და გამოყენება ნებისმიერი მმართველისათვის ოქროს გასაღებია:

  1. ეთიკა;
  2. შეთანხმება (კონტრაქტი);
  3. ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები;
  4. თანამშრომელთან დიალოგის დროს ქოუჩინგური ჩართულობა;
  5. აქტიური მოსმენა;
  6. ძლიერი კითხვები;
  7. პირდაპირი კომუნიკაცია და უკუკავშირი;
  8. ცნობიერების სტიმულირება ახალი პერსპექტივებისაკენ;
  9. მოქმედებების პროექტირება;
  10. მიზნების განსაზღვრა, დაგეგმარება, პროგრესის განხილვა;

სტატიათა ციკლში, ასევე,  შევეხები სტრესის ქიმიას, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მმართველმა, რადგან ხშირად, მათი მენეჯერული კომპეტენციების ნაკლებობა უარყოფით ნევროლოგიურ და ენდოკრინულ ზემოქმედებას ახდენს დაქვემდებარებულებზე.

რომ დავუბრუნდეთ ქოუჩის მთავარ კომპეტენციებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ქოუჩი მმართველისათვის, პირველი და აუცილებელი არის ეთიკური კოდექსი.

რატომ ეთიკა? მისი დაცვა ხომ ისედაც მოეთხოვება ყველა ადამიანს?

ეთიკის კოდექსის შექმნითა და გაჟღერებით მმართველი პირველ გაბედულ ნაბიჯს დგამს სანდოობისა და გუნდურობის მიმართულებით. იგი განსაზღვრავს კომპანიისა და სრული იერარქიული კიბის ეთიკურ ორიენტირს პირადი ურთიერთობებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს, აღწერს კონფიდენციალობის ლიმიტს, ადგენს ინტერესთა კონფლიქტებს, ქცევის ეტიკეტს, ავტორიტეტის დაცვას, მიუკერძოებლობასა და სანდოობას, განიხილავს დავებსა და ჩივილებს არაკორექტულ ქმედებებზე, წარმატებულ ან განსხვავებულ კოლეგაზე სხვა კოლეგების თავდასხმების მორალურ მხარეებს. კოდექსი ასევე, მოიცავს ყველა რგოლის დასაქმებულთა (მათ შორის მმართველის) პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და უფლებებს.

მენეჯერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ორგანიზაციის ეთიკური მსოფლმხედველობის მომზადება, რაც გულისხმობს მორალური პრინციპებისა და ღირებულებების წერილობით კრებულს. როგორც არსებობს ექიმის, ჟურნალისტის, ადვოკატის და სხვა პროფესიების ეთიკა, ისე ყველა კომპანიას სჭირდება საკუთარი ორგანიზაციის მორალური ჯანმრთელობის მაკონტროლებელი საშუალება. ეთიკური კოდექსი მკაცრად ინდივიდუალურია ყველა გუნდისათვის, ამიტომ მის შექმნაში ყველა დასაქმებული უნდა იყოს ჩართული – ასეთ შემთხვევაში თითოეული წევრი აცნობიერებს, რამდენად შეესაბამება მმართველთა მსოფლმხედველობა და ღირებულებები საკუთარს და რამდენად  ეთიკურად გამოიყურება ეს სტანდარტი გარშემოთათვის.

კომპანიის ეთიკური პრინციპები და სტანდარტები ქმნიან საზღვრებს, რაც განაპირობებს მართებულ და არამართებულ ქმედებებს შორის ბალანსს, რითაც დაცულია ადამიანის ღირსება.

და ბოლოს, ქოუჩი-მენეჯერი ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით სამუშაო გარემოში ქმნის უსაფრთხო სივრცეს, რითაც მოიპოვებს ნდობას, გულისხმიერი დამოკიდებულებით იოლად წარმართავს დიალოგს თანამშრომლებთან და ცივი გონებით კი არა, გონების თვალით მოახერხებს მიზნების რეალიზაციას. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს მის გამბედაობას, სიმტკიცეს, პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას და შეიძენს ნამდვილ თანაგუნდელებს, ნაცვლად არაგულწრფელი და დათრგუნული ადამიანების კრებულისა.

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81