კოგნიტური ინტერვიუს ტექნიკა

0

ნია ძერია – ფსიქოლოგი

1992 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პიტერ ნოიფელდისა და ბარი შეკის მიერ დაარსდა ე.წ. ,,უდანაშაულობის პროექტი“, რომელიც ცდილობს სისხლის სამართლის საქმეთა ხელახალ გამოძიებასა და სამართლიანი შედეგის მიღწევას დნმ-ის საშუალებით.  პროექტის ფარგლებში თავისუფლების აღმკვეთი დაწესებულებებიდან გათავისუფლდნენ ისეთი მსჯავრდებულები, რომლებიც უდანაშაულოდ ისხდნენ ციხეში ათობით წლის განმავლობაში. უდანაშაულობის პროექტის სტატისტიკის მიხედვით, მსჯავრდებულთა 75%-ს ბრალი შეცდომით წაუყენეს მოწმის ჩვენების საფუძველზე.

ეფექტური სამართალდამცავი სტრუქტურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პოლიციის გამომძიებელთა უნარი, მოიპოვონ ზუსტი და დეტალური ინფორმაცია მოწმისგან. თუმცა ზემოთ ხსენებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ძალიან ხშირად მოწმის ჩვენება შესაძლოა არ იყოს სანდო, რასაც არასწორი დაკითხვის პირობებში მივყვართ მცდარ ბრალდებებამდე. მოწმის მეხსიერებასა და ინფორმაციის აღდგენის პროცესზე გავლენას ახდენენ რიგი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორები, რომლებიც თავის მხრივ იწვევენ მცდარი მოგონებებისა თუ მეხსიერების შეცდომების ფორმირებას. აქედან გამომდინარე, გამოძიების პროცესში არსებითად მნიშვნელოვანია მოწმისგან მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციის ამოღება, რათა თავიდან აიცილონ სამომავლოდ მცდარი ბრალდებები. მიზნის მისაღწევად ყველაზე ეფექტურ მიდგომად მიიჩნევა მოწმის დაკითხვის პროცესზე კონცენტრირება.

ვისაც უყვარს სერიალი ,,კრიმინალური აზროვნება“, ალბათ, ახსოვს მოწმეთა დაკითხვის უცნაური მეთოდი, როცა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) თანამშრომელი სთხოვს მოწმეს დახუჭოს თვალები, ნათლად აღიდგინოს განცდილი მოვლენა, ხმაური, სუნი, ემოცია, რასაც იმ მომენტში გრძნობდა. სინამდვილეში ეს გამოკითხვის რეალური ტექნიკაა. 1980-იან წლებში იურისტების თხოვნის საფუძველზე, რომელთა შორისაც იყვნენ ასევე პოლიციის ოფიცრები, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ედ გაიზელმანმა და რონ ფიშერმა შეიმუშავეს კოგნიტური ინტერვიუს ტექნიკა.

კოგნიტური ინტერვიუ წარმოადგენს დაკითხვის ტექნიკას, რომლის მიზანია მაქსიმალურად გაზარდოს მოწმისგან მოპოვებული ინფორმაციის ხარისხი და რაოდენობა. კოგნიტური ინტერვიუს ძირითადი ელემენტები მოიცავენ სამ ძირითად ფსიქოლოგიურ პროცესს: სოციალური დინამიკა, მეხსიერება და კოგნიცია, კომუნიკაცია. ამ პროცესებზე კონცენტრაცია დამკითხველს აძლევს საშუალებას გაითვალისწინოს ყველა ის სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის მიერ ინფორმაციის აღქმაზე, დამახსოვრებასა და გახსენებაზე. კოგნიტური ინტერვიუს საშუალებით მცირდება იმ წინაღობების გავლენა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ინფორმაციის ზუსტ აღდგენას.

ორიგინალური კოგნიტური ინტერვიუ ოთხი დამოუკიდებელი კომპონენტისგან შედგება და თითოეული მათგანი ემსახურება მოწმის მეხსიერების გაფართოვებას:

ფსიქიკური აღდგენაზოგიერთი მკვლევარი ფსიქიკურ აღდგენას კოგნიტური ინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. ინსტრუქციის მიხედვით, მოწმემ გონებაში უნდა აღიდგინოს ნანახის როგორც ფიზიკური, ისე პიროვნული მახასიათებლები. აქ იგულისხმება როგორც სცენის ფიზიკური აღწერა, ისე შეგრძნებები, რასაც მოწმე განიცდიდა იმ მომენტში, მაგ. სუნი.

ფსიქიკურ აღდგენას აქვს პოზიტიური ეფექტი იქიდან გამომდინარე, რომ მოწმემ შეიძლება თავად არ იცოდეს როგორი ინფორმაციაა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, ხოლო ყველაფრის გახსენებისას მას უწევს აღქმულის ყველა დეტალზე კონცენტრაცია. ასევე, უმცირესი, უმნიშვნელო დეტალების აღდგენა შესაძლოა ასოციაციურად დაკავშირებული იყოს მნიშვნელოვან ინფორმაციასთან.

რეკომენდებულია, ფსიქიკური აღდგენის პროცესში მოწმემ დახუჭოს თვალები, რადგან მან ყურადღების მთელი კონცენტრაცია უნდა მოახდინოს ნანახის გახსენებაზე და ნებისმიერმა გარემო ფაქტორმა შეიძლება შეუშალოს ხელი.

,,დახუჭეთ თვალები. იფიქრეთ იმ დღეზე. გონებაში წარმოიდგინეთ სახლი, რაც შეიძლება ცხადად და მკაფიოდ. იფიქრეთ ყველა იმ ნივთზე, რომლებიც სახლში იყო. იფიქრეთ ყველა იმ ფერზე, რომლებიც დაგამახსოვრდათ თქვენ ირგვლივ. იფიქრეთ ყველა იმ ხმაზე, რომლებიც გესმოდათ იმ მომენტში. იფიქრეთ იმაზე, თუ რას გრძნობდით, რის გაკეთებას აპირებდით. როცა ამ ყველაფრის ცხადი და მკაფიო სურათი გექნებათ გონებაში, მომიყევით ყველაფერი, რაც გახსოვთ თქვენთვის სასურველ დროსა და ტემპში. გაქვთ იმდენი დრო, რამდენიც გსურთ.“

მოყევი ყველაფერი მოწმეს ეძლევა ინსტრუქცია, მოყვეს ყველაფერი, მათ შორის უმცირესი დეტალებიც კი, ისეთები, რომლებსაც თავად უმნიშვნელოდ მიიჩნევს, ნაწილობრივი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია, რომელშიც დარწმუნებული არ არის ან ინფორმაცია, რომელზეც მოწმე დარწმუნებულია, რომ გამომძიებელმა უკვე იცის.

ყველაფერი, რაც მოწმეს ახსენდება, აუცილებლად უნდა გაახმოვანოს ხმამაღლა და ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს: (1) ნანახი მოვლენის მახასიათებლები მეხსიერებაში წარმოდგენილია განსხვავებული ხარისხით, ზოგადიდან დეტალებამდე. პირდაპირი მითითების გარეშე მოწმემ შეიძლება მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია გადმოსცეს და დეტალები გამოტოვოს. (2) სოციალური სტერეოტიპების გამო მოწმეებს ხშირად სჯერათ, რომ გამოკითხვის მთავარი ფიგურა თავად გამომძიებელი უნდა იყოს თავისი ოფიციალური, ავტორიტარული მდგომარეობიდან გამომდინარე. ამის საფუძველზე შეიძლება არ გამოიჩინოს ლაპარაკის ინიციატივა და გამოტოვოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი მხოლოდ იმიტომ, რომ გამომძიებელს მისთვის კონკრეტულად არ უკითხავს მათ შესახებ. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტი ინსტრუქციის მიცემა მოწმისთვის, რათა მან იცოდეს, წინ რა ელოდება და მოსალოდნელი დაძაბულობისგან გათავისუფლდეს.

,,მე იქ არ ვიყავი, ამიტომ მინდა, რომ მომიყვე ყველაფერი, რაც გახსოვს; ისეთი დეტალებიც, რომლებიც უმნიშვნელოდ გეჩვენება ან რომლებსაც ბოლომდე ვერ იხსენებ. ინფორმაციის უმცირესი ნაწილიც კი შეიძლება დაეხმაროს გამოძიებას. ყველაფერი, რაც გონებაში ამოგიტივტივდება, თქვი, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ფიქრობდე, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია უკვე ვიცით. დრო გაქვს იმდენი, რამდენიც გჭირდება.“

შეცვლილი პერსპექტივა – ამ ინსტრუქციის მიხედვით, მოწმეს სთხოვენ წარმოიდგინოს თავი მომხდარის ადგილზე მყოფი სხვა ადამიანის ადგილას და მისი გადმოსახედიდან შეაფასოს მოვლენები. გაიზელმანი (1984) მიიჩნევდა, რომ პერსპექტივების ასეთი ცვლილება გახსენების პროცესში მოვლენის სისრულეს უწყობს ხელს, თითქოს მომხდარის მთლიანი სურათი იკვრება. თუმცა ამ ტექნიკამ წარმოშვა ასევე საკითხი იმის შესახებ, რომ თხრობის ასეთმა სტილმა შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტად ბევრი ვარაუდი მოწმის მხრიდან. ამის გამო, მნიშვნელოვანია ინსტრუქცია იყოს მიწოდებული მკაფიოდ და ზუსტად, რომ მოწმემ არაფერი ივარაუდოს და გადმოსცეს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მან თავად გამოსცადა.

 

,,ახლა მე რაღაც ახალს გთხოვთ. ეს შეიძლება ახალი ინფორმაციის გახსენებაში დაგეხმაროთ, მაგრამ გთხოვთ, არაფერი ივარაუდოთ. მე მინდა, რომ იფიქროთ მეორე ადამიანზე, რომელიც იქ იმყოფებოდა. იფიქრეთ იმაზე, თუ სად იყო, რას აკეთებდა, ეცადეთ მხოლოდ მასზე იფიქროთ, თითქოს განათების ცენტრში დგას და როცა მზად იქნებით, მითხარით რას ხედავს ის ადამიანი.“

დროითი თანმიმდევრობის ცვლილებათანმიმდევრობის ცვლილებისას მოწმე ცდილობს გაიხსენოს ნანახი მოვლენა განვითარების სხვადასხვა ეტაპიდან. მაგალითად, მან უნდა აღიდგინოს მოვლენა უკუღმა – დასასრულიდან დასაწყისისკენ. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ასეთი ცვლილება თხრობაში ხელს უწყობს მოწმის ადრინდელი ცოდნის, მოლოდინებისა თუ სქემების გავლენების შემცირებას. შესაბამისად, შესაძლოა მოწმემ გაიხსენოს კიდევ უფრო მეტი დეტალი, ვიდრე სტანდარტული თხრობისას ახსოვდა.

ამ ინსტრუქციის ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს მეხსიერების კონსტრუქციული ბუნება. მოვლენის გახსენებისას, მოწმეთა უმრავლესობაზე გავლენას მოახდენს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ადრინდელი ცოდნა (ინციდენტის ტიპი, ფიზიკური ადგილმდებარეობა), სქემები, სცენარები (რას ელოდება ის მსგავს სიტუაციაში). სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჰყვება მოწმე ამბავს, როდესაც მას სთხოვენ თავისუფალ გახსენებას. თანმიმდევრობის ცვლილების ინსტრუქცია კი აძლევს მოწმეს საშუალებას სხვანაირად შეაფასოს საკუთარი მოგონება, რაც შედეგად გამოიწვევს ახალი ინფორმაციის აღდგენას, რომელიც აქამდე, მისი სცენარით გათვალისწინებული არ იყო. ეს ტექნიკა ხელს უწყობს სქემებთან დაკავშირებული მეხსიერების შეცდომების შემცირებასა და ობიექტური ინფორმაციის გახსენებას.

,,ახლა მინდა სცადო რაღაც ისეთი, რაც შესაძლოა მეტი ინფორმაციის გახსენებაში დაგეხმაროს. მინდა, რომ მომიყვე ნანახი, ოღონდ ამჯერად საწინააღმდეგო მიმართულებით. მოდი, დავიწყოთ იმით, რაც ბოლოს დაგამახსოვრდა. მერე გადადი იმაზე, რაც მანამდე მოხდა და თხრობას გაყევი ასე.“

,,კრიმინალურ აზროვნებაში“ კარგად ჩანს, როგორ კითხავენ სერიული მკვლელებისგან გადარჩენილ მსხვერპლებს FBI-ის თანამშრომლები, როგორ ადგენენ უცნობი სუბიექტის – ანუ სავარაუდო დამნაშავის – ფსიქოლოგიურ პორტრეტს, როგორ პოულობენ და აკავებენ მას.

მიუხედავად ამისა, რეალური ცხოვრება და გამოძიება ძალიან განსხვავდება მხატვრული ტელესერიალის ამაღელვებელი მეთოდებისგან. კოგნიტური ინტერვიუ კი ნამდვილად მუშაობს და ეს ემპირიული კვლევებითაც დასტურდება.

რაც შეეხება FBI-სა და ფსიქოლოგიურ პორტრეტს, ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ ENNEAGRAM Master ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81