მარია მონტესორის სწავლების მეთოდი მოზარდებისთვის

0

მოზარდობა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია. მას ზოგჯერ მომწიფების ხანად ზოგჯერ კი მოზარდობის პერიოდად მოიხსენიებენ. ეს ორი ტერმინი განსხვავდება ერთმანეთისგან, მომწიფების პერიოდი გულისხმობს ადამიანის სხეულებრივ და ჰორმონალურ ცვლილებებს, ფიზიკურ მომწიფებას, რაც ადამიანის ორგანიზმს რეპროდუქციულ ფუნქციას ანიჭებს. მომწიფების ხანისგან განსხვავებით მოზარდობა შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს მაგრამ მომწიფება მოზარდობის წინაპირობაა. ასევე ხშირად მიმდინარეობს დავა რომელი ასაკობრივი ზღვარი უნდა ჩაითვალოს მოზარდობის პერიოდად, ზოგჯერ მას 11დან 18 წლამდე მიიჩნევენ, ზოგჯერ კი კრიტიკულ პერიოდად მხოლოდ  12-დან 15 წლამდე პერიოდს მოიხსენიებენ. საბოლოოდ კი თითოეული ბავშვისთვის მოზარდობა  ინდივიდუალური პერიოდი გრძელდება.

მოზარდობის პერიოდში გარდა იმისა, რომ ადამიანის სხეული განიცდის მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ცვლილებებს, ეს პერიოდი ასევე ძალიან სენსიტიურია ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების კუთხით. დღესდღეობით ბავშვთან დაკავშირებული ინსტიტუტები, როგორიცაა სასწავლო დაწესებულებები,  მოზარდობის ხანას უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ.

გარდა ტრადიციული საჯარო სკოლებისა, მნიშვნელოვანია ალტერნატიული სწავლების მქონე სკოლების შეხედულებები და საგანმანათლებლო პოლიტიკა მოზარდების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი სახის ალტერნატიული სწავლების წარმომადგენელია – მარია მონტესორის მეთოდზე დაფუძნებული სკოლები, რომლებიც მრავლად გვხდება იტალიაში, ფინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნიდერლანდებში.

მარია მონტესორი 1870 წელს დაიბადა იტალიაში. იტალიის ისტორიაში იგი იყო პირველი ექიმი ქალი. მუშაობდა რომის ფსიქიატრიულ  კლინიკაში, სადაც დაინტერესდა ბავშვების და მოზარდების სწავლებით და მათთან ურთიერთობის საკითხებით. მარია მონტესორმა მისი სწავლების უნიკალურ მეთოდს მაშინ მიაგნო, როცა გონებრივად შეზღუდული ბავშვების სკოლის დირექტორი გახდა და მათთან ორწლიანი მუშაობა დაიწყო. მან შეძლო ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლება და სკოლის გამოცდებში ბავშვებმა საშუალოზე მაღალი ქულებიც კი აიღეს.

1907 წელს მარია მონტესორმა რომის ერთერთ გარეუბანში ბავშვთა სახლი დაარსა, სადაც ღარიბ, უსახლკარო და წერა-კითხვის უცოდინარ ბავშვებს ასწავლიდა. მისი მეთოდით მან მალევე მიაღწია წარმატებას და ბავშვებს წერა-კითხვა და მარტივი მათემატიკური მოქმედებები შეასწავლა.

ძალიან მალე დაინტერესდნენ თუ რაში მდგომარეობდა მისი სწავლების წარმატების საიდუმლო. როგორც აღმოჩნდა, მარია მონტესორი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ნატიფი მოტორიკის სავარჯიშოებს და სენსორული არხების სტიმულირებას. ნატიფ მოტორულ აქტივობებში იგულისხმება ხელის მამოძრავებელი აქტივობები, როგორიცაა ძერწვა, ქსოვა, ძაფზე ბურთების წამოცმა,  ხოლო სენსორული არხების სტიმულირებაში კი- ყნოსვის, გემოს, მხედველობის, სმენის და შეხების არხების ამუშავება და ვარჯიში. იგი თვითონ ამზადებდა სხვადასხვა ტექსტურის მქონე სათამაშოებს, რომლებზეც ბავშვები მუშაობდნენ სწავლების დროს.

გარდა ამისა, იგი ნატიფ მოტორულ ვარჯიშებს მეტყველების განსავითარებლადაც იყენებდა. თავის ტვინის ის ზონა, რომელიც ხელის მტევნის მოძრაობის კოორდინირებას ახდენს და მეტყველების ზონა ახლოს მდებარეობს. ერთის განვითარება მეორეს სტიმულირებას უწყობს ხელს და პირიქით. შესაბამისად მარია მონტესორი დააკვირდა და დაასკვნა, რომ ის ბავშვები, რომლებიც კარგად ეუფლობიან ნატიფ მოტორულ აქტივობებს, მალევე იწყებენ მეტყველებას და ადვილად სწავლობენ წერა-კითხვას.

მარია მონტესორის პედაგოგიკაში წამყვანი ადგილი უკავია ბავშვის თავისუფალ, დამოუკიდებელ განვითარებას. მასწავლებელი აქტიურად არ ერევა ბავშვის აქტივობაში, შედარებით პასიურ როლშია. იგი მხოლოდ მოდელირებით უჩვენებს მოსწავლეს აქტივობას ან დავალებას, მოსწავლე კი ცდილობს დამოუკიდებლად გაიმეოროს. მონტესორის პედაგოგიკა ცდილობს მოსწავლე დამოუკიდებელ ინდივიდად აღზარდოს. მასწავლებელი აქტივობაში არ ერევა, სანამ მოსწავლე არ მიმართავს მას. დახმარებაც წყდება იქ, სადაც მოსწავლეს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია აქტივობის შესრულება. მონტესორის პედაგოგიკის საკვანძო ფრაზაა- „დამეხმარე რომ თვითონ გავაკეთო“.

მონტესორის პედაგოგიკა იზიარებს ცდისა და შეცდომის პრინციპზე სწავლის კონცეფციას. პედაგოგი პატივს სცემს მოსწავლის შეცდომებს და მცდელობებს, რადგან ესაა ამომავალი წერტილი საიდანაც მოსწავლე იღებს ცოდნას, თუ რისი გამოსწორებაა საჭირო. ბავშვს უყალიბდება შეცდომების კონტროლის შინაგანი სისტემა. როცა მასწავლებელი მოსწავლეს უჩვენებს როგორ გამოიყენოს რაიმე მასალა, ბავშვი დამოუკიდებლად ცდილობს მიბაძოს მას, თუ არ გამოსდის იგი იაზრებს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს და მრავალი მცდელობის საშუალებით იმეცნებს. ამით იგი არამარტო დავალებას ასრულებს, არამედ სწავლობს განსხვავებას სწორსა და მცდარს შორის, რაც საბოლოოდ მოსწავლეს აძლევს კრიტიკული აზროვნებას და  მაღალ კოგნიტურ უნარებს, როგორიცაა სინთეზი, ანალიზი, მიზეზ-შედეგობრიობა, შექმნა. შექმნაში ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ დავალების ამოხსნის მოსწავლისებური გზის ძიება და მიგნება.

თუ ალტერნატიული სწავლების მქონე სხვა სკოლები უპირატესობას ანიჭებენ კლასში მოსწავლეების მცირე რაოდენობას, როგორიცაა მაგალითად ვალდორფის სკოლა, მონტესორის სკოლებში მოზარდების რაოდენობა 20-დან 30 -მდე მერყეობს. კლასში გაერთიანებულია სხვადასხვა ასაკის, უნარების და განვითარების მქონე მოზარდები. გარდა ინტეგრირებული მეცადინეობისა, მოზარდის ინტერესების მიხედვით სკოლებში სხვადასხვა პროფილის წრეებიც არის.

მონტესორის კლასები დაყოფილია შემდეგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 0-6 წლამდე, 6-11 წლამდე, 12-15 წლამდე, 15-18 წლამდე კლასები.

თუ 3-6 წლამდე მოსწავლის განვითარებაში ყურადღება მახვილდება ფერების, ფორმების, ტექსტურის შორის განსხვავების პოვნასა და სწავლისკენ, 6-11 წლამდე მოსწავლეს უკვე მეტი აინტერესებს გარემოზე და ცდილობს მის ინტელექტუალურ შესწავლას. იგი ეცნობა კაცობრიობის კულტურულ მონაპოვარს და ამას საკუთარი ქვეყნის კულტურის შესწავლით იწყებს.

მონტესორი თვლიდა რომ ბავშვისთვის ყველაზე სენსიტიური ასაკი მომწიფების პერიოდია-  12-15 წლამდე. „ეს ის პერიოდია, როცა ბავშვის ორგანიზმი სწრაფად იზრდება, მიმდინარეობს ფიზიოლოგიური ცვლილებები, ამიტომ მოზარდს დიდხანს ძილი და ხშირი დასვენება სჭირდება.“ მონტესორი თვლიდა, რომ ამ პერიოდში მოზარდს არ უნდა დავაძალოთ ინტელექტუალური სამუშაო. ამ პერიოდში უკეთესია თუ მოზარდს პრაქტიკულ სამუშაოს შევთავაზებთ, ხოლო ინტელექტუალური სამუშაოს ნებაყოფლობით შეასრულებს.

მოზარდის ინტელექტუალური დატვირთვა 15-18 წლამდე კი მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ.

მონტესორის მიხედვით მოზარდობის პერიოდი ხასიათდება შემდეგი ცვლილებებით:

ფიზიკურად მოზარდები განიცდიან სხეულებრივ, ჰორმონალურ  და ნევროლოგიურ ცვლილებებს, ემოციურად მეტად თვითკრიტიკულნი ხდებიან, აქვთ თანატოლებზე ზეწოლის მოთხოვნილება, გრძნობენ ავტონომიის მომატებულ სურვილს, ახასიათებთ სითამამისკენ და შემოქმედებითობისკენ სწრაფვა. სოციალურად კი მეტად ცდილობენ საკუთარი იდენტობის შეცნობას და მათი მსგავსი ადამიანების ძიებას და დამეგობრებას. მეტად უჩნდებათ ემპათია და ინტერესი სხვისი პრობლემების შესახებ. ცდილობენ თანატოლების დახმარებას. და ბოლოს კოგნიტურად მათ უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, მუდმივად სვამენ კითხვას „რატომ“. სურთ ყველაფერზე მოიპოვონ ინფორმაცია და პასუხი.

მონტესორის კლასი იყოფა 5 თემატურ ზონად:

პრაქტიკული ზონა- სადავ ბავშვი სწავლობს ყოველდღიურად საჭირო, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა საკვების მომზადება, რეცხვა, კერვა, თავის მოვლასთან დაკავშირებულ საქმიანობები. ეს უნარები მას სჭირდება დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში.

სენსორული ზონა- განმავითარებელი და სპეციალური ტექსტურისგან დამზადებული საგნებთან მუშაობით სენსორული არხების სტიმულირება ხორციელდება.

მათემატიკური ზონა- სადაც მოზარდი სწავლობს რიცხვებზე მოქმედებებს,  მათემატიკურ ოპერაციებს.

ენის ზონა- სხვადასხვა სახის წიგნები, რესურსები ხელს უწყობენ მეტყველების განვითარებას. სხვა ენის ათვისებას, სხვა ენებით დაინტერესებას.

კოსმიური ზონა- განკუთვნილია რათა მოზარდმა მეტი გაიგოს სამყაროსა და გარემოზე. ამ ზონაში მოთავსებულია რესურსები გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის თუ ასტრონომიის შესახებ. ეს ზონა მოზარდს აძლევს საშუალება თავი დიდი და მრავალფეროვანი სამყაროს ნაწილად მიიღოს და გააცნობიეროს. ამისათვის მონტესორმა შეიმუშავა საკუთარი მოთხრობების სერია სახელით „ კოსმიური გეგმა“ ,სადაც მოზარდები იღებენ ინფორმაციას თუ როგორ შეიქმნა დედამიწა, როგორ აღმოცენდა სიცოცხლე, იღებენ ინფორმაციას პირველყოფილი ადამიანების, ისტორიული მოვლენების თუ ტექნოლოგიური განვითარების შესახებ.

დღესდღეობით 12 დან 18 წლამდე მოზარდებისთვის მონტესორის ძალიან ბევრი პროგრამაა, სადაც ყურადღება მახვილდება აკადემიური ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების კავშირზე. პროგრამები ცდილობენ „თინეიჯერები“ მოამზადონ ზრდასრულობისთვის. ცდილობენ განუვითარონ მათ მოქალქეობრივი თვითშეგნება, თავდაჯერებულობა და ყველა ის უნარი, რაც სრულფასოვანი არსებობისთვის სჭირდებათ საზოგადოებაში.

მონტესორის კლასები გამოირჩევენ დიდი სივრცით, სადაც სხვადასხვა ზემოთ ჩამოთვლილი სპეციფიური ზონებია განლაგებული. მოზარდს აქვს ინდივიდუალურად გამოყოფილი დრო და არჩევანის თავისუფლება თუ რა საქმით დაკავდება. მას შეუძლია აქტივობა განახორციელოს როგორც დამოუკიდებლად, ისე ჯგუფურად. მონტესორის კლასებში თვითმართველობის პრინციპი მოქმედებს. თითოეული მოზარდი ცდილობს დამოუკიდებლად აკონტროლოს და მართოს საკუთარი დრო, რესურსები, იყოს ორგანიზებული და მოწესრიგებული.

მონტესორის პროგრამები იყენებენ სპირალურ სასწავლო კურიკულუმს, რომელიც გულისხმობს მრავალფეროვანი საკითხების და თემების განვითარების მიხედვით შესაბამისი რაოდენობით მიწოდებას და საგნების ინტეგრირებულად სწავლებას. ასევე ცოდნის „მივიწყებას“ და გარკვეული პერიოდის შემდეგ გახსენებას, რომელიც ამოწმებს მოსწავლეების ხანგძლივ მეხსიერებას.

მონტესორის კლასის კურიკულუმი შედგება სხვადასხვა სახის წრეებისგან:

რეფლექსიის წრე- სადაც მოსწავლეები სხვადასხვა სახის თემებს და საკითხებს განიხილავენ.

დიდაქტიკური წრე- როცა პედაგოგი ატარებს გაკვეთილს კლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან ინდივიდუალურად.

პროექტებით სწავლება- ბავშვებს პედაგოგის მიერ გადანაწილებულ თემებზე ეძლევათ 1 კვირა პროექტების შესაქმნელად, ბოლოს კი აქვთ პრეზენტაცია, სადაც წარადგენენ თემას.

კომუნიკაციური თამაშები- როლური და წარმოსახვითი თამაშები, პატარა საკლასო სპექტაკლები.

მონტესორის მოსწავლეები ასევე დაკავებულები არიან შემოქმედებითი, სპორტული თუ კულინარიასთან დაკავშირებული აქტივობებით სკოლა ხშირად აწყობს სპორტულ თუ ინტელექტუალურ შეჯიბრებებს სხვა სკოლებთან, აქტიურად ახორციელებს ექსკურსიებს. გასვლითი ღონისძიებები ძალიან კარგად აისახება პედაგოგის და მოსწავლეების ემოციურ კავშირზე, როცა მოსწავლეები პედაგოგს ხედავენ კლასის გარეთაც, ისინი ხვდებიან რომ მასწავლებელიც მათი თანასწორი და ჩვეულებრივი ადამიანია, მათი მეგობარია.

მონტესორის კლასები იყენებენ, როგორც  ეროვნულ სასწავლო გეგმას, ასევე საკუთარ სასწავლო კურიკულუმს. შესაბამისად მონტესორის სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლე ჩვეულებრივად აბარებს კოლეჯის და უმაღლესი სასწავლებლის გამოცდებს. ასევე სხვა სკოლაში გადაყვანის შემთხვევაშიც, მას არ უჭირს ადაპტირება ახალ გარემოსთან.

მნიშვნელოვანია მონტესორის პროგრამების ინკლუზიური განათლების პრინციპიც. ისინი სხვადასხვა განვითარების დარღვევების ან სწავლის სიძნელეების მქონე მოზარდებს (როგორიცაა აუტისტური სპექტრი, ჰიპერაქტიულობის და ყურადღების დეფიციტის მქონე მოსწავლეები)  სთავაზობენ მათზე მორგებულ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. არ ხდება მათი იზოლირება და განცალკევება საკლასო ოთახიდან, არამედ ხორციელდება მათი მაქსიმალური ინკლუზია სასწავლო პროგრამაში.

მონტესორის პედაგოგიკისთვის ნიშნები და ქულები უმნიშვნელოა. ისინი უპირატესობას განმავითარებელ შეფასებას ანიჭებენ, რომელიც მოსწავლეზე დაკვირვებას და მათი პროგრესის თუ სწავლის სიძნელეების გათვალისწინებით შინაარსობრივ პორტფოლიოს ადგენს.

ასევე მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში. ხშირად ტარდება სპეციალური კონფერენციები, შეხვედრები, სადაც პედაგოგები მშობლებს წარუდგენენ ბავშვთა პორტფოლიოებს და აკეთებენ მოხსენებას სწავლის პროცესის შესახებ.

მოამზადა სოფო მელაძემ

 

გამოყენებული ლიტერატურა

მ. მელიქიშვილი, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ „მარია მონტესორის პედაგოგიური კონცეფცია“, 2013.

ნ. ჯანაშია, ნ. იმედაძე, „განვითარების და სწავლის თეორიები“, 2008.

მონტესორის ამერიკული საზოგადოება, „მონტესორის მოზარდთა პროგრამები“.

მ. ფუტკარაძე, ქ. ვაშაკიძე, „ლოგოპედია“, 2014.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81