მაგდა ფერაძე – ჩემი არჩევანი

0

ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ… ჩვენ მხოლოდ მათ ვხვდებით, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში. – ზიგმუნდ ფროიდი.

გენიოსი იყო ფროიდი… შემთხვევით და ჩვენგან დამოუკიდებლად არაფერი არ ხდება. სწორედ რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ნებისმიერი არჩევანი ჩვენს ცხოვრებაში.

რადგან საკუთარი ცხოვრების სცენარის ავტორიც და შემოქმედიც თავად ვართ.

რადგან მაშინ, როდესაც ვირჩევდით, რაღაცა ნიშნით ავირჩიეთ… რადგან ის უკვე არსებობდა ჩვენს ქვეცნობიერში. ისევ ფროიდისეულად თუ მივუდგებით ინცესტუალურად, შესაძლოა მამის ხატს ვეძებდით მასში. რადგან მამა უსაფრთხოების გარანტია, ავტორიტეტია, ძლიერია. რადგან თავის დროზე ვერ ან არ მოხდა ასოციაციების ჩაჭრა და გამოცალკევება.

რადგან ძლიერი კაცის ხატს ეძებდა ჩვენივე ქვეცნობიერი. და დროთა განმავლობაში ხედავ თუ როგორ იმსხვრევა ხატი, რომელიც თავადვე შექმენი. რომელიც საერთოდ არ ემთხვევა შენს წარმოსახვაში არსებულ ჩანახატებს. რომელიც ფსიქიკაში გაფორმდა როგორც იმედგაცრუება. და ცხოვრობ ილუზიაში და კაცმა არ იცის რას ელოდები. მოწამლული ხარ ტოქსინებით. რაც დრო გადის მით მეტად იწამლები და მით მეტად გიჭირს ამ ურთიერთობიდან გამოსვლა. იხრჩობი… და ვერ ასრულებ, ან არ ასრულებ. რადგან შენივე თავთან გიჭირს აღიარება რომ ყველაფერი დიდი ხნის წინ დასრულდა. რაც მთავარია შენში დასრულდა, უბრალოდ სახელი არ დაარქვი. მხოლოდ იმიტომ რომ სიყვარულის სახელით გააფორმე.

დაძაბული და დაუსრულებელი ურთიერთობა, ამყოფებს ადამიანს ნევროტულ მდგომარეობაში, აზიანებს როგორც ფსიქიკას ასევე ფიზიკას და შესაძლებელია ონკოლოგიამდეც კი მიიყვანოს. დაუსრულებელი ურთიერთობა ის ტოქსინია რომელიც წამლავს ჰაერსაც კი რომელსაც სუნთქავთ. კლავს თავისუფლების და სილაღის განცდას.

ყველაზე დიდი სულიერი გარდატეხა ყველაზე მტკივნეულ გზას გადის.

გზა რომლის გავლასაც შინაგანი რესურსი და დიდი ნებისყოფა ჭირდება.

და ამავდროულად ჩვენივე არჩევანი და პასუხისმგებლობაა, გავივლით ამ გზას, გადავჭრით ძაფებს და დავასრულებთ, თუ ნევროტულად ვივლით წრეზე. წრეზე, რომელზეც წლებია დავდივართ.

ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, დასასრულს ყოველთვის დასაწყისი მოსდევს…

 

მაგდა ფერაძე

✔გეშტალტთერაპევტი ✔ ფსიქოთერაპიის სახლ ,, კამარას” თერაპევტი ✔ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ლექტორი 📞0 32 2 982 195

დატოვეთ კომენტარი