ბაირონ ქეითი სიყვარულის და აღიარების ძიებაზე

0

ბაირონ ქეითი – ცნობილი ამერიკელი სპიკერი და ავტორი წიგნის „ სამუშაო“

გიგრძვნია ოდესმე, რომ რაც უფრო ჯიუტად ეძებ სიყვარულს, მით უფრო მეტად გისხლტება ხელიდან? ან აღიარების გარეთ ძებნა, თავს რომ დაუცველად გაგრძნობინებს? თუ ეს გიგრძვნია, ამის მიზეზიც არსებობს. ასე იმიტომ ხდება, რომ სიყვარულისა და აღიარების ძიება ორივე შეგრძნებას გაკარგვინებს. შენ შეიძლება სიყვარულის გაცნობიერების უნარი დაკარგო, მაგრამ არა თავად სიყვარული. სიყვარული თვით ჩვენ ვართ და თუ ეს ასეა, მაშ, რატომღა ვეძებთ მას ასე გამალებით და ხშირ შემთხვევაში, წარუმატებლად? ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენი ფიქრებია – ფიქრები, რისიც გვჯერა და რაც სიმართლისგან შორსაა.

შენ არ ხარ ვალდებული რომელიმე მათგანის გჯეროდეს. შეგიძლია ეს შენთვის შეამოწმო წიგნის კითხვის პროცესში ან როდესაც წიგნს გვერდზე გადადებ და ოთხი შეკითხვის დახმარებით გამოიკვლევ შენს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან ან ამის დეფიციტს აღმოაჩენ.

როგორ იცვლება შენი ცხოვრება სიყვარულის, აღიარებისა თუ დაფასების დევნაში? ჩვეულებრივ, რას ვფიქრობთ ხოლმე? ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა ადამიანების მხრიდან სიყვარული და აღიარება იმ სამეფოს კარის გასაღებია, სადაც თავს ბედნიერად და წარმატებულად ვიგრძნობთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რომანტიკის ძებნას მოაქვს სიყვარული, სექსუალური პარტნიორი, მასთან  მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობა, ქორწინება, ოჯახი. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ თუ საზოგადოებაზე კარგ შთაბეჭდილებას მოვახდენთ, თუ საჭირო, გავლენიანი ადამიანების აღტაცებას შევძლებთ, ეს იქნება უმოკლესი გზა სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოსაპოვებლად.

ჩვენ გვგონია, რომ თუ ამ ძიების პროცესში წარმატებას მივაღწევთ, თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში, დაფასებულად და კომფორტულად. მაგრამ  რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვმარცხდებით? თითქოს უსახლკაროდ ვრჩებით, სიცივეში, მარტოსული და ყველასგან მივიწყებული. რა გასაკვირია, რომ ამ დროს ადამიანს უსაზღვრო შიში ეუფლება, რომელიც მთელ მის არსებას მოიცავს. ერთ კომპლიმენტს მთელი შენი დღის გალამაზება შეუძლია, ხოლო მკვახე სიტყვას მისი დანგრევა.

ფუნდამენტური შიშები ზედაპირზე იშვიათად თუ ამოტივტივდება. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც დადის და ფიქრობს, რომ სოციუმის მიღმა აღმოჩნდება,   სამუდამოდ გარიყული. იმის ნაცვლად, რომ გააცნობიეროს ეს ძირეული შიში, მთელი დღის განმავლობაში ათასობით შემაწუხებელი ფიქრი უტრიალებს თავში: „შემამჩნია?“ „რატომ არ გამიღიმა?“„კარგი შთაბეჭდილება დავტოვე?“ „რატომ არ დამირეკა?“ „კარგად გამოვიყურები?“ „ეს უნდა მეთქვა?“ „ნეტავ ჩემზე რას ფიქრობენ ახლა ისინი?“  – ეს არის მუდმივი განსაჯა-შეფასება დაკარგული თუ მოპოვებული ქულებისა, აღიარების მოსაპოვებლად გამართულ დიდ დოღზე. ამ გამუდმებულ ეჭვებს. შემდგომ მოქმედებაში მოჰყავთ ასობით სტრატეგია, რომ გარშემომყოფებმა გვაღიარონ, პატივი გვცენ ან მინიმუმ, სიამოვნება მაინც მივიღოთ. გამოუთქმელი რწმუნებულებაა: „სანამ ადამიანები არ გაღიარებენ, უვარგისი ხარ.“

სიყვარულისა და აღიარების მოსაპოვებლად ბრძოლის მთელი ირონია კი ის არის, რომ ეს საგრძნობლად ამცირებს შანსს ისინი შეიგრძნოთ. აღიარების ქრონიკული მაძიებლები ვერ აანალიზებენ, რომ ისინი უყვართ და მათ მხარს უჭერენ არა მათი ძალისხმევის გამო, არამედ მის გარეშეც. და რაც უფრო თავგამოდებით ცდილობენ ისინი სხვების ყურადღება მიიქციონ, მით უფრო ნაკლებად ამჩნევენ მათ.

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81