ლიკა ბარაბაძე – შესავალი

0

ლიკა ბარაბაძე – ნეიროფსიქოლოფი, გეშტალტთერაპევტი

გამარჯობა.

გადავწყვიტე ამ სვეტისათვის ბლოგის სახე მიმეცა. მარტივად და პირადად მინდა თქვენთან საუბარი. „მე – შენ“ განწყობით. სწორად ისე, როგორც გეშტალტთერაპევტები ვურთიერთობთ კლიენტებთან. თქვენც მოგიწოდებთ, პირდაპირ დამისვათ კითხვები კომენტარებში. ვცადოთ, დიალოგი გამოგვივიდეს.

ამისთვის კი საჭიროა გაგეცნოთ. ლიკა ბარაბაძე გახლავართ. წინა ცხოვრებაში კლინიკური ნეიროფსიქოლოგია მეწერა პროფესიის დარგში, თუმცა, ამ განხრით არ მიმუშავია. დავამთავრე თუ არა მაგისტრატურა, იმ დღიდან ინკლუზიური განათლების საკითხებში გადავეშვი, რაც ნეიროფსიქოლოგიასთან საკმაოდ ახლოს დგას. შემდეგ კი გეშტალტთერაპიის ტრენინგებს დავესწარი (7 წელი!), ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპია გავიარე და გეშტალტი „შემეყარა“. მას მერე ჩემი დროის უმეტესი ნაწილი კლიენტებთან მუშაობას ეძღვნება, რაც ძალიან, ძალიან ბევრი ენერგიით მავსებს. გამიმართლა, უკვე ხუთი წელია თერაპიით ვარ დაკავებული. მაქვს ჩემი პატარა კაბინეტი და ასევე ვთანამშრომლობ სხვადასხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. ამავე დროს, ნებისმიერი ადამიანის საზოგადოებაში ჩართულობის საკითხები ყოველთვის ჩემს გულთან ახლოს დგას. ამიტომაც ვარ საქართველოს ეროვნული გეშტალტთერაპიის ასოციაციის ადამიანის უფლებების კომიტეტის წევრი.

ასევე მიყვარს ფსიქოლოგიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. მახსენდება, თავად როგორი ცნობისმოყვარე ვიყავი, როგორ მსიამოვნებდა ამ თემის შესწავლა. მუდმივი, გაუთავებელი, სასიამოვნო სტუდენტობა. ახლა კი ჩემი ჯერია, ვასწავლო. ჯერ ილიას უნივერსიტეტში, ახლა კი კავკასიის უნივერსიტეტში ვარ მოწვეული ლექტორი.

მაქვს განცდა, რომ სადღაც ცხოვრების შუაში გავედი. 35 წლის ვარ. კარგი ასაკია, მგონი – უკანაც არის რაღაცეები, რასაც გაიხსენებ და დაეყრდნობი, ამავე დროს, წინაც ბევრი რამე გელოდება. თუმცა, ამ ორ ფანტომს შორის, წარსული, რომელიც ახლანდელი გადმოსახედიდან გვახსოვს და მომავალი, რომელიც არასოდეს დადგება (რადგან როდესაც დგება, ის მომავალი აღარაა), არსებობს ერთადერთი რეალობა – აწმყო.

ჩემი აწმყოც, ისევე როგორც ყველასი, ხან აღმა ჩავა, ხან დაბლა, ხან სწრაფდება, ხან ნელდება, ხან გაუსაძლისად სასიამოვნოა და ხან – აუტანლად მძიმე. მინდა გაგიზიაროთ ეს აწმყო. ამ გაზიარებას კი თან დავურთავ რამოდენიმე თეორიულ ახსნასაც, რა, როგორ და რატომ ხდება. ერთად გავარჩიოთ ეს საკითხები, მოვაწყოთ დისკუსიები კომენტარებში. შევადაროთ გამოცდილებები და მიდგომები. რას იტყვით?

შემომიერთდით!!!

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81