ანიმა და ანიმუსი

0

ანიმა და ანიმუსი (anima, ლათ. – სული), კარლ იუნგის ფსიქოლოგიურ მოდელში, წარმოადგენენ ანთროპომორფულ არქეტიპებს. ამათგან, ანიმა არის ქალური, ხოლო ანუმუსი მამაკაცური საწყისი. ამ თეორიის მიხედვით, ყველა მამაკაცს აქვს მდედრობითი, არაცნობიერი ასპექტი – ანიმა და ანალოგიურად ქალს, მამრობითი არაცობიერი ასპექტი – ანუმუსი. ამის წარმოსადგენად, დაგვეხმარება გავიხსენოთ ინისა და იანის სიმბოლო, აღმოსავლური ფილოსოფიიდან, სადაც წრის ერთი მხარე თეთრია, ხოლო მეორე შავი, თუმცა ორივეს ზედ საპირისპირო ფერის წერტილი აქვს.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენში არის ჩვენი სქესის საპირისპირო ასპექტიც, რაც ფსიქოლოგიურად ანდროგინულს გვხდის. ანიმაც და ანიმუსიც, გულისხმობს გარკვეულ მახასიათებელთა კომპლექტს. მაგალითად, იუნგს მიაჩნდა, რომ მამაკაცურ საწყისს მართავდა ,,ლოგოსი ’’ – ლოგიკური, რაციონალური, ინტელექტუალური მახასიათებლები, ხოლო ქალურს ,,ეროსი ’’ – მზრუნველი, სიყვარულის გამცემი, თანამგრძნობი და გამაერთიანებელი. ეს ორი საპირისპირო საწყისი, სინთეზის შემთხვევაში, ერთმანეთს ავსებს და აბალანსებს. სწორედ ამიტომ, იუნგს მიაჩნდა, რომ ადამიანს უნდა შესძლებოდა საკუთარი ანიმა/ანიმუსის ფლობა. პირველ რიგში, შეესწავლა თავისი თავის ეს ფარული მხარე და შემდეგ მიეღო ის.

პრობლემა, ამ შემთხვევაში არის, რეპრესირების საფრთხე. სხვადასხვა მიზეზთა გამო, ადამიანები ცდილობენ, საკუთარი თავისაგან რაღაცგვარი არსება გამოძერწონ, რომელიც მისაღები და მოსაწონი იქნება სოციუმისთვის, საკუთარი ღირებულებათა სისტემისთვის და ა.შ. სწორედ ამ პროცესში, ისინი უშვებენ შეცდომას, რადგან საკუთარ უნიკალური ბუნებისა და ხასიათის, თავიანთი იდეალების თარგზე მოჭრას ცდილობენ. მაგალითად, შური მათთვის მიუღებელი და სრულიად ამორალური გრძნობაა, ამიტომ მაქსიმალურად დისტანცირდებიან მისგან. ასე, საკუთარ გრძნობებს განდევნიან და ცნობიერების მიღმა გადაისვრიან. იუნგი, გონებაში არსებულ ამ ავგიას თავლას , სადაც ადამიანების მიერ გადაყრილი ,,ნაგავი’’ ხვდება, ჩრდილს უწოდებდა. ჩრდილი ადამიანის გონების არაცნობიერ ნაწილში არსებობს. ეს ნიშნავს, რომ მასში არსებული ინფორმაცია, ნებისამებრ გამოხმობას და გაცნობიერებას არ ექვემდებარება. მისი არსებობის შესახებ, არც გვეცოდინებოდა, თავს რომ არ იჩენდეს იმპულსურ, უნებლიე ქმედებებში. ჩრდილის ერთ-ერთი ამგვარი გამოხატულებაა პროექცია, რაც ნიშნავს, საკუთარი რეპრესირებული თვისებების სხვებისთვის, ნეგატიურ კონტექსტში მიწერას. ზემოხსენებული მაგალითის მიხედვით, ადამიანი, რომელიც საკუთარი შურიანობის რეპრესიებას მოახდენს, საკუთარ თავზე ექნება წარმოდგენა, თითქოს, თვითონ ამ თვისებისგან სრულიად დაცლილია, მაგრამ ძალიან ხშირად შეამჩნევს და ამას სხვებში.
ანიმასა და ანიმუსსაც ემუქრებათ ჩრდილში მოხვედრის საფრთხე, რაც პრობლემას შექმნის, როგორც ადამიანის პიროვნულ განვითარებაში, აგრეთვე მის საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში.

Logos (ძვ. ბერძ. λόγος) ძველი ბერძნული წარმოშობის სიტყვა, დასავლურ ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში აღნისნავს: მოსაზრებას, მოლოდინს, სიტყვას, სიტყვით გამოსვლას, მსჯელობას, დისკურსს.
Eros (ძვ. ბერძ. ἔρως) ოთხი ტიპის სიყვარულთაგან, ერთ-ერთი,რომელიც რომანტიკულ სიყვარულს, სურვილს აღნიშნავს.
ძველბერძნულ მითოლოგიაში მეფე ავგიას დაბინძურებული თავლები, რომელიც ჰერაკლემ გაწმინდა. ალეგორიულად – მეტისმეტი უწესრიგობა, უყურადღებობა.

იმის გამო რომ ანიმა და ანიმუსი არქეტიპებია, ისინი სათავეს იღებენ ჩვენი წინაპართა მეხსიერებიდან. და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, მასზე გავლენა, გარემომ მოახდინოს, და ჩვენთვის ქალის ან მამაკაცის ხატი, კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის სახეს ატარებდეს, ის მაინც მომდინარეობს შინაგანი არაცნობიერისგან.
მათი სრული ინტეგრაცია კი გულისხმობს დაკავშრებას, არაცნობიერ გონებასთან. მთლიანად განვითარებული ანიმა და ანიმუსი, ისაა, რაც გვჭირდება, რომ თავი სრულად ვიგრძნოთ და სიბრძნის შემეცნება შევძლოთ.

სქესთან მიბმული ეს თვისებები, შესაძლოა, ძალიან დრომოჭმული მოგეჩვენოთ, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ როცა კარლ იუნგი ამ თეორიაზე მუშაობდა, განსაკუთრებულად მკაცრად იყო დეტერმინირებული, რომ ქალი უნდა ყოფილიყო ქალური, ხოლო მამაკაცი მამაკაცური, ამ ნორმებიდან გადახრა, დისფუნქციურად და არასწორად მიიჩნეოდა. თანამედროვე ლგბტ თუ ფემინისტურმა მოძრაობებმა მეტად მისაღები გახადა ანდროგინული თვითგამოხატვა და აჩვენეს რომ სქესი არ არის აუცილებლად მკაცრად პოლარიზებული და ის შესაძლოა ვარირებდეს, ქალურსა და მამაკაცურს შორის, სკალაზე.

როგორც უკვე ვახსენე, ნებისმიერ ადამიანს აქვს ორივე სქესის მახასიათებლები. საშუალო სტატისტიკურად, ქალები უფრო ფემინურები არიან და მამაკაცები უფრო მასკულინურები.
თუმცა ვხვდებით, აგრეთვე, უფრო პოლარიზებულ შემთხვევებსაც, როდესაც ქალში საშუალოზე მეტადაა მამაკაცური მხარე გამოხატული ან პირიქით. ასეთი ადამიანებისთვის, მიზანშეწონილი იქნება, იმუშავონ და განავითარონ საკუთარი ანიმა/ანიმუსი.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლებელია, საკუთარი ქალური და მამაკაცური მახასიათებლების ან პროპორციების შეცვლა. ის თანშობილია, ჩვენი ნაწილია და არ არის გადაკეთებადი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, მივიღოთ და გამოვხატოთ ის, ისე, როგორც ის მოითხოვს. და ეს სრულიად საკმარისია, იმისთვის, რომ ჩვენი შინაგანი პოტენციალი განვავითაროთ და მაქსიმუმამდე ავიყვანოთ.

ალბათ, ხშირად წააწყდებით ისეთ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც გარეგნობით, საუბრითა და იდეებით ცდილობენ საკუთარი სქესის რადიკალურ დემონსტრირებას. მაგალითად, კაცი ხაზგასმით გაურბის ,,ფემინურ’’ ფერებს, ატრიბუტებს, ფრაზებს. შესაძლოა, სხვას დასცინოდეს ემოციურობის გამო. ქალის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის მოვლით ძალიან არის გატაცებული, აგრეთვე, იქცევა ინფანტილურად – არ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს და ირაციონალურად იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ექსტრემალური მაგალითებია, თუ როგორ შეიძლება იქცეოდეს ადამიანი, რომელიც ცდილობს ანიმა/ანიმუსის რეპრესირებას, რათა დაემსგავსოს საკუთარი სქესის კარიკატურას.

ინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავირიდოთ ისეთი ქცევა, რაც არაბუნებრივ განცდებს იწვევს და მოვიქცეთ საკუთარი შინაგანი წადილის შესაბამისად.

ინი და იანი, არა მხოლოდ, ანიმასა და ანიმუსის საილუსტრაციოდ, არამედ მისი შინაარსის ასახსნელადაც გამოდგება.
იანი, როგორც ანიმუსი, წარმოადგენს მამაკაცურ ენერგიას. იანს დასავლური საზოგადოება კარგად იცნობს, რადგან, ჩვენი ღირებულებათა სისტემა სწორედ იანისეულ ღირსებებზე დგას.
ინი, როგორც ანიმა, არის ქალური ენერგია. მისი შესწავლა და გაცნობიერება საზოგადოების მხრიდან არ მომხდარა, ამიტომ ის უფრო მეტად გამოუკვლეველი მხარეა.

იანი:
• გარეგანი;
• მოქმედება;
• საზრისი;
• მიზნის დასახვა;
• სამყაროს დღის წესრიგის დადგენა;
• ავტონომიურობა;
• როციონალურობა, ლოგიკურობა, ინტელექტი და ლოგოსი;
• ინდივიდუალიზმი;
• ტრანსფორმაცია;
• სტოიციზმი;
• ანალიტიკურობა;
• მიმართულება და თავმიძღვნა.

ინი:
• შინაგანი;
• ყოფნა;
• აწმყოს გაცნობიერება;
• არაცნობიერთან კავშირის ქონა;
• პარადოქსის მიმღებლობა;
• კოგნიტური დისონანსი;
• მისტიკურისა და არაგონისმიერის გამოკვლევა;
• ეროსი, გამოკვება და ზრუნვა;
• სიბრძნესთან კავშირი;
• უპირობო სიყვარული;
• ემოციური ინტელექტი;
• პატივისცემა დედამიწის და მისი ქმნილებების მიმართ;
• სიბნელე, მისტიკა და უძრაობა.

ეს ორი საწყისი, თავისი ყველა მახასიათებლით ერთმანეთის პოლარობას წამოადგენს, თუმცა არც ერთი მხარე არ არის საკმარისი, სიბრძნის მოსაპოვებლად. საჭიროა მათი შერწყმა.

მაგალითად, თუკი მამაკაცი მოახდენს ანიმას ინტეგრაციას ცნობიერთან, ის შეძლებს თანაგრძნობისა და ზრუნვის გამოხატვას, არ იგრძნობს თავს ვალდებულად, ყოველთვის მკაცრად ლოგიკურად იმსჯელოს და ემოციებსა და შემოქმედებითობას მისცემს გასაქანს.

იუნგს მიაჩნდა, რომ ანიმა ვლინდებოდა ოთხ ძირითად სტადიად. მათ კონკრეტული ქალების სახელები დაარქვა, რომლებიც ყველაზე ცნობილი სახეებია, კაცობრიობის ისტორიაში. ეს სტადიები ანიმას გავნითარების ეტაპებია.

პირველი და ყველაზე განუვითარებელი საფეხური არის ევას ანიმა. ასეთი მამაკაცი, ქალში ხედავს მხოლოდ სქესობრივი ლტოლვის ობიექტს. ამის გამო ხშირად ხდება, მისი სექსუალური ლტოლვის გამოყენებით, მანიპულაციის მსხვერპლი. იშვიათად აქვს მიმართულება, გეზი, ცხოვრებაში არ შეუძლია საკუთარ ემოციურ გამოცდილებას დაეყრდნოს, აკლია თვითრწმენა და მხნეობა, რადგან ეს ყველაფერი მომდინარეობს ანიმასგან. აგრეთვე, ქალი მის თვალში არის განძარცვული სათნოებებისგან და ღირსებებისგან.
ამ და მომდევნო საფეხურზე დამახასიათებელია ე.წ. ანიმას მფლობელობაში ყოფნის მდგომარეობა, როცა კაცი ფიქრობს, რომ ყველაფერს ქალები აკონტროლებენ, ყველა ბანქო მათ უჭირავთ და თვითონ არ აქვთ მართვის სადავეები საკუთარ ცხოვრებაზე, რაც უხასიათობაში, სიმამაცის ნაკლებობაში, საკუთარ თავში დაეჭვებასა და ირაციონალურ ქცევებში გამოიხატება.

მეორე საფეხურია ელენე (ტროელი ელენეს არქეტიპი). ქალებზე შეხედულება, შედარებით უკეთესია, რადგან ისინი მოიაზრებიან, როგორც ქმედითუნარიანი არსებები, თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენე, მაინც მანიპულატორ და ნაკლებ ღირსების მქონე ადამიანებად. ასეთმა კაცმა, შესაძლოა საკუთარ ცხოვრებას თავი მოუყაროს და მიზანს მიაღწიოს, თუმცა ამას გააკეთებს გულგრილად და უხალისოდ. მას ასევე ექნება წარმოსახვის და შემოქმედებითობის ნაკლებობა, რადგან ეს თვისებები ანიმაშია თავმოყრილი.

მესამე ეტაპია, მარიამი (მარიამ ღვთისმშობლის არქეტიპი).
ამ შემთხვევაში, მამაკაცი ქალებს აღიქვამს, როგორც თავისუფალ, ღირსებებით შემკულ არსებებს, თუმცა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიაწერს უმანკოებას. მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, ასეთი კაცისათვის საკრალიზებული და ხელშეუხებელია, ამიტომ უჭირს მასთან ინტიმური სიახლოვის ქონა.
ასეთი მამაკაცი საკუთარი ცხოვრების წარმმართველია და მეტ-ნაკლებად შეუძლია ურთიერთობის შენარჩუნებაც, მაგრამ ქალისთვის გადაფარებული აქვს ,,უნაკლოების საბურველი’’ და მას სრულად ფორმირებულ პიროვნებად ვერ აღიქვამს. თვითონ, პრობლემები აქვს საკუთარ ემოციურ მხარესთან, რადგან რეალობას, საკუთარი დოგმატური შეხედულებების გავლით უყურებს. მისთვის დამახასიათებელი არის მკაცრი თვით-აკრძალვები. ასეთი შეზღუდვები მას აშორებს საკუთარ არაცნობიერს და მისი გაგების შესაძლებლობას.
მოკლედ რომ ვთქვათ, მამაკაცი რომელიც მართულია მარიამის ანიმათი, გარე თვალისათვის მისაღებ და დალაგებულ ადამიანად წარმოჩნდება, თუმცა შინაგანად მას ქაოსი ექნება.

მეოთხე, სოფიას სტადია არის და ის ანიმას ცნობიერთან სრულ ინტეგრაციას გულისხმობს. ეს სახელი, ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და სიბრძნეს ნიშნავს. ამ დროს, ინდივიდი ნეგატიური თუ პოზიტიური თვისებების სრულ ათვისებას ახერხებს, ჰარმონიაშია საკუთარ საპირისპირო საწყისთან და შესაბამისად საკუთარ თავთან.
განასკუთრებით მნიშვნელოვანია, წვდომა საკუთარ არაცნობიერთან, რადგან სოფია მედიატორია ცნობიერსა და არაცნობიერს შორის.
რაც შეეხება, ქალის მიმართ შეხედულებას, ასეთ მამაკაცს აქვს უნარი, ის დაინახოს, როგორც ინდივიდი, რომელიც სჩადის კარგსაც და ავსაც. ის არ არის იდეალიზირებული და შემოსაზღვრული რაიმე ღირებულებათა ჩარჩოთი. ამიტომ ურთიერთობაში, შეუძლია მეგობრობა და თანამშრომლობა, სადაც გააზიარებს, როგორც ემოციურ, აგრეთვე ინტელექტუალურ მოცემულობებს.

რაც შეეხება ანიმუსს, ანუ ქალში მამაკაცურ ასპექტს, იუნგმა აქაც ოთხი სტადია გამოყო, თუმცა არა ანიმასავით პერსონიფიცირებული სახეები. ანიმუსის სტადიებს უფრო კრებითი სახე აქვს.

პირველი და ყველაზე განუვითარებელი სტადია არის ფიზიურად ძლიერი მამაკაცის ანიმუსი. ამგვარი ანიმუსის მქონე ქალებს საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ შეუძლიათ. ისინი მუდმივად ეძებენ ძლიერ და დიდ მამაკაცს, რომელიც დაიცავს და უზრუნველყოფს მის საჭიროებებს. ის ფაქტობრივად, არის დამწყვდეული ქალწული, რომელსაც დრაკონი დარაჯობს. მას დახსნა და მუდმივი პატრონობა სჭირდება, რადგან თავად უმწეოა.

შემდეგი სტადიაა, ანიმუსი – მოქმედებისა და სასიყვარულო ურთიერთობების მამაკაცი. ასეთი ქალი, იმეორებს პირველი სტადიისთვის დამახასიათებელ თვისებებს, იმ მხრივ, რომ მასაც არ აქვს ცხოვრებაში მიმართულება, ამიტომ ეძებს ისეთ მამაკაცს, რომელიც კარგად გეგმავს და სახავს მიზნებს. ეს თვისებათა კომპლექტი მამაკაცურ მახასიათებლად მიაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა გააჩნდეს საკუთარი აზრები და შეხედულებები, ისინი სავარაუდოდ მამაკაცისაგან ექნება ნასესხები. ასეთი ქალისთვის დამახასიათებელი იქნება მორჩილება და იმის მიყოლა, რასაც მის ახლოს მყოფი მამაკაცი დასახავს. ახალგაზრდობაში ეს შეიძლება იყოს მამა, ხოლო შემდგომ ქმარი ან პარტნიორი.

ანიმუსის მესამე სტადია არის კაცი, როგორც ორატორი, პროფესორი ან ღვთისმეტყველი.
ამ შემთხვევაში, გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია, რადგან ასეთ ქალს აქვს საკუთარი მოსაზრებები და მსოფლმხედველობა, აგრეთვე გეგმები, რა უნდა თავის ცხოვრებაში და ინსტრუმენტები, თუ როგორ უნდა აღასრულოს ისინი. მამაკაცთან ურთიერთობაც სტაბილური და შეგნებული ხასიათისაა, თუმცა აქაც, როგორც მარიამის ანიმას შემთხვევაში, ადამიანს არ აქვს წვდომა საკუთარ არაცნობიერზე, რადგან ანიმუსი სრულად ცნობიერთან ინტეგრირებული არ არის. ანიმუსი კი არის მედიატორი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის (ანიმას მსგავსად). ის სიბრძნე, რაც ქალს ბუნებრივად აქვს, მისთვის მიუღწეველი და მოუხელთებელი იქნება ანიმუსის სრულად ინტეგრაციის გარეშე.

ანიმუსის მეოთხე სტადია არის, კაცი როგორც სულიერი წინამძღოლი. ქალი, რომელსაც ცნობიერთან სრულად ინტეგრირებული ანიმუსი გააჩნია, არის ისეთი ადამიანი, რომელსაც თავისი მოსაზრებები და მსოფლმედველობა აქვს. ცხოვრებისეული მიმართულება აქვს არჩეული და მიზნამდე გზას თვითონ სახავს. მას ასევე შეუძლია საკუთარ ემოციებზე დაკვირვება და მათი ლოგიკურად და რაციონალურად გაანალიზება. ის იყენებს ლოგოსის ამ ელემენტებს, რომ საკუთარი შინაგანი ქაოსი გაიგოს და გააცნობიეროს. ინტეგრირებული ანიმუსის ყველაზე გამოხატული მახასიათებელია ანალიტიკურობა და აზრის სიტყვაში ფორმირების უნარი.
მისი არსებობა, საკუთარ შინაგან ქაოსში უსისტემოდ ცურვა აღარ არის და მას შეუძლია თავისი ბუნებრივი სიბრძნე და არაცნობიერი, რომლებიც ქალური საწყისის ასპექტებია, მოიხელთოს, გაიგოს და გადმოსცეს.

იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარი ანიმა ან ანიმუსი განავითაროს, საჭიროა მისი ამოცნობა და შემდგომ მასზე მუშაობა.
მაგალითად, თუკი მამაკაცს აქვს ევას ანიმა და მისთვის ქალი მხოლოდ მანიპულატორი არსება და სქესობრივი ლტოლვის ობიექტია, მან უნდა აღმოაჩინოს ისეთი გზები, რომელიც თანდათან განწყობას შეაცვლევინებს. მაგალითად, ურიგო არ იქნება, თუკი მეგობრულ ურთიერთობას წამოიწყებს მდედრობითი სქესის ბავშვთან ან მოხუცთან, რომელთა მიმართაც არ ექნება ლტოლვა. მათთან საუბრისას, შესაძლოა, უფრო ღრმად გააანალიზოს ქალური ბუნება, რადგან სექსუალობის მომენტი ხელს აღარ შეუშლის და ამ გზით ქალისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს და ღირსებებს აღმოაჩენს.

მარიამის ანიმას მქონე მამაკაცებს, საკუთარი ემოციური მხარის განვითარება სჭირდებათ, რისთვისაც, საკუთარ დოგმატური შეხედულებების გადასინჯვა, მომგებიანი იქნება. უნდა გადააფასონ კარგის და ცუდის, მიუღებელისა და მისაღების კრიტერიუმები. შესაძლოა, დადებითი შედეგი გამოიღოს, მიზანმიმართულად, საკუთარ თავში იმ თვისებების აღძვრამ, რაც მანამდე სრულიად ამოღებული იყო, ამ ადამიანის ,,ემოციათა პალიტრიდან.’’ მაგალითად, თუ კი სენტიმენტალურობა ეთაკილება, უნდა შეეცადოს ამ გრძნობის სინდისის ქენჯნის გარეშე განცდას – დაათვალიეროს ბავშვობის ალბომები, გაიხსენოს მტკივნეული და სევდიანი მომენტები და ა.შ.

ანიმუსის პირველი ორი სტადიის შემთხვევაში, ქალსაც სჭირდება რომ შეძლოს და მამაკაცურ ბუნებას უფრო ჩაღრმავებულად შეხედოს და მასში დამცველისა და მომმარაგებლის გარდა, უამრავი ადამიანური ღირსება დაინახოს. ამისათვის, შესაძლოა ეფექტური იყოს, ისეთ მამაკაცებთან დამეგობრება, რომელიც მათი ანიმუსით განსაზღვრულ სტანდარტებში არ ჯდება. მაგალითდ, ფიზიკურად სუსტია ან არ აქვს დიდი სტატუსი და ქონება. მასთან დიალოგში, შესაძლოა შენიშნოს, რომ კაციც სავსეა სისუსტეებით და ნაკლოვანებებით, ამიტომ არც მისი მორჩილებაა, მათივე შეუცდომლობით გამართლებული და არც მათ ხარჯზე ცხოვრება, რადგან მათაც სჭირდებათ დახმარება.

მამაკაცის, როგორც სრულყოფილისა და ძლიერის ხატის დანგრევის შემდეგ, ქალმა უნდა უმუშავოს საკუთარ სააზროვნო და ექსპრესიულ უნარებზე. მაგალითად, დააკვირდეს საკუთარ ემოციებს და მისი მიზეზები რაციონალურად ახსნას. აგრეთვე, შესაძლოა გაამართლოს, წარმოსახვითი აუდიტორიის ყოლამ. მაგალითად, ფიქრისას წარმოიდგინოს, მისთვის პატივსაცემი, გონიერი მამაკაცი, რომელიც უსიტყვოდ უსმენს მას. ამ გზით, საკუთარ ცნობიერების ნაკადს, ლოგოსის კალაპოტში მოაქცევს და დამოუკიდებელ აზროვნებასაც მიეჩვევა.

მოამზადა ანა რაზმაძემ

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81