ანამარია ქირია – გაუცხოება და ადაპტაციის პრობლემები მოზარდებში

0

ანამარია ქირია – ფსიქოლოგი, კერძო მასწავლებელი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრანტი

როგორ დავეხმაროთ მოზარდს საკუთარი თავის პოვნაში?

საკუთარი თავის ძიება ერთ-ერთი რთული პროცესია, რაზეც მოზარდი განსაკუთრებით მძაფრი ემოციებით რეაგირებს. მისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია “ვინ ვარ მე”  და ვინაიდან საკუთარი მე-ს ფორმირება ჯერ არ მომხდარა, მასზე უამრავი გარემო ფაქტორი ახდენს ზემოქმედებას. ჩვენ ყველანი სოციუმის ნაწილები ვართ და ნებისმიერი სოციალური წრე, ოჯახი, მეგობრები თუ სხვა, შესაძლოა გახდეს იმპულსი რომელიც დაეხმარება მოზარდს, იპოვოს საკუთარი თავი.  მოზარდისთვის მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა . მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება თამამად გამოხატონ თავიანთი აზრები, ინტერესები და მოთხოვნილებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის როლი, სადაც მოზარდი თუკი იგრძნობს რომ მიღებული და სასურველია, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და გარემოსადმი ნდობა უყალიბდება. ეს ყველაფერი კი ეხმარება მას რომ უფრო თავისუფლად და შედარებით მარტივად იპოვოს საკუთარი თავი.  იძულება, უხეში მიმართვები, დამამცირებელი საუბარი და უარყოფა, არ აყალიბებს მოზარდს უფრო “კარგ” ადამიანად.  საკუთარი თავის პოვნის პროცესში, ვფიქრობ მოზარდს ყველაზე მეტად, მოსმენა და სწორი კომუნიკაცია  სჭირდება, რათა თავად შეძლოს განსაჯოს და მიიღოს გადაწყვეტილება. სწორედ ასე გაიგნებს ის  გზას ბურუსიან ლაბირინთიდან.

საკუთარი თავის ძიების დროს მოზარდებში გაუცხოება შეინიშნება, რა რეკომენდაციებს მისცემთ მშობლებს?

მოზარდობის ასაკში იწყება  ავტორიტეტების მსხვრევა. შეიძლება ეს იყოს ავტორიტეტი მშობლის, მასწავლებლის და ა.შ  მოზარდი უპირობოდ ვეღარ იღებს გარემოს. ის თავს გაუცხოებულად და მარტოსულად გრძნობს.  მოზარდები საკუთარი თავის პოვნისა და დამკვიდრების პროცესში არიან. ამ დროს დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობა აქვთ , რის გამოც თავიანთი ცხოვრებიდან მშობლებს აძევებენ. პრიორიტეტს ანიჭებენ მეგობრებს, უმეტეს დროს მათთან ატარებენ და მათ აზრებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე მშობლებს.  მოზარდობისას უამრავი ცვლილება ხდება როგორც შინაგანად, ასევე თვალსაჩინო სახით. ეს იწვევს გაუცხოებას საკუთარი თავის და გარემოს მიმართ. მშობლები ემოციურად რეაგირებენ მოზარდის გაუცხოების ფაქტზე. ხშირად, მოთმინების ნაცვლად, იძულებას და უხეშ ფორმებს მიმართავენ. თუმცა ამ ეტაპზე თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება ბუნებრივია, ისინი ერთგვარ შვებას პოულობენ მათთან და ეს მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. მშობელი დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და უნდა გაითვალისწინოს რომ დაუშვებელია მოზარდის თანატოლების შეურაცხყოფა, რადგან მოზარდი ამას იგებს როგორც პირად შეურაცხყოფად.  თუ მშობელი ამჩნევს რომ მოზარდი გაუცხოვდა, უმჯობესია  ეცადოს მოიპოვოს მისი ნდობა, მოუსმინოს და დაამყაროს მასთან სწორი კომუნიკაცია. ამისთვის საჭიროა პირველ რიგში, მშობელმა გაიაზროს, რომ მისი შვილი აღარ არის ბავშვი, რადგან მსგავსი აღქმა განსაკუთრებით აღიზიანებს მოზარდებს. შესაბამისად მშობელმა უნდა შეიმუშაოს ახალი მიდგომა მოზარდის მიმართ და პატივისცემით მოეპყრას მას, როგორც პიროვნებას.

რას ურჩევდით თინეიჯერებს?

ვეტყოდი მათ რომ თავისუფლება არ ნიშნავს თავაშვებულობას და ვურჩევდი რომ რისი მიღებაც უნდათ გარემოსგან, უნდა დაიწყონ საკუთარ თავშივე. თუკი სურთ პატივისცემა, პირველ რიგში პატივი სცენ თავიანთ თავს. თუკი სურთ რომ დამოუკიდებელ ადამიანად აღიქვან სხვებმა, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე . თინეიჯერებს ვურჩევდი რომ გაიაზრონ გამოხატვის მნიშვნელობა. ნუ ჩაიკეტებიან საკუთარ თავში , არამედ ხმამაღლა ისაუბრონ თავიანთ ემოციებსა და პრობლემებზე. შეიყვარეთ სიცოცხლე .”ცხოვრება კლავიშებს ჰგავს, შავ-თეთრ კლავიშებს, იმისთვის რომ მელოდია სრულყოფილი იყოს, აუცილებელია ორივე მათგანს შეეხო.”

რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს მოზარდი ამ დროს?

თინეიჯერობის ასაკში ისინი ხშირად  არიან უკმაყოფილოები  საკუთარი გარეგნობით.
ამას თან ახლავს  მორცხვობაც , რაც დაბალი თვითშეფასებით არის გამოწვეული.
ამის გამო მოზარდს გარშემომყოფებთან სრულფასოვან ურთიერთობების დამყარება უჭირთ.  კიდევ ერთი პრობლემა არის არასტაბილურობა. ხასიათი ხშირად ეცვლებათ,
ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან. ან ძალიან ბედნიერები არიან ან ძალიან უბედურები. იმის გამო რომ ისინი ეძებენ სასურველ ატმოსფეროს, სურთ დამოუკიდებლები იყვნენ და ცდილობენ თავის დამკვიდრებას სოციუმში, თინეიჯერები უდიდესი პრობლემის წინაშე დგებიან. ისინი ახორციელებენ დევიანტურ ქცევებს, როგორიცაა სახლიდან გაქცევა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღება და ა.შ

სკოლის ცვლილების შემთხვევაში მოზარდ უჭირს ადაპტირება, როგორ მივხვდეთ რომ ის წარმატებით ადაპტირდა ახალ სკოლასთან?

როდესაც მოზარდი ხალისიანია და სწრაფად ამყარებს კომუნიკაციას თანატოლებთან . უმეგობრდება მათ და სიამოვნებს მათზე საუბარი, ეს ნიშნავს რომ მოზარდი წარმატებით ადაპტირდა სკოლასთან. ამ შემთხვევაში ის სიხარულით მიდის სკოლაში, მოსწონს სასკოლო ცხოვრება და იცავს წესებს.

სკოლასთან დეზადაპტაციის რა ნიშნებს გამოყოფდით და რა რჩევას მისცემდით მშობლებს ამ შემთხვევაში?

თუკი ბავშვი სწრაფად და ადვილად იღლება, უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე , არ ჰყავს მეგობრები, პროტესტს გამოთქვამს მასწავლებლის მოთხოვნებზე, უჭირს სასკოლო წესების დაცვა და ა.შ  ეს ნიშნავს რომ მოზარდმა ვერ მოახდინა სკოლასთან წარმატებული ადაპტაცია. სკოლასთან ადაპტაციის პროცესში მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ ვურჩევ გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  1. გამოყავით დრო შვილისთვის, დაუჭირეთ მხარი და დაეხმარეთ სირთულეების დაძლევაში;
  2. საყვედურის და ჩხუბის ნაცვლად, წაახალისეთ ისინი დადებითი შეფასებებით;
  3. არასოდეს შეადაროთ ის სხვას. ასეთი შედარებებით ის დაკარგავს საკუთარი თავის რწმენას და შესაბამისად, ექნება დაბალი თვითშეფასება;
  4. შეაყვარეთ დამოუკიდებლობა. ასწავლეთ მათ როგორ გაართვან სასკოლო სირთულეებს თავი დამოუკიდებლად;
  5. გქონდეთ დადებითი დამოკიდებულება სკოლის და პედაგოგების მიმართ. ეს გაუმარტივებს მოზარდს ადაპტაციის პროცესს.

ინტერვიუ მოამზადა: ქეთევან კაცელაშვილმა

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81