რა არის ფსიქოლოგია? როგორ შევისწავლით მას ?

0

1890 წელს ამერიკელმა ფილოსოფოსმა, ფიზიკოსმა და თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, უილიამ ჯეიმსმა ფსიქოლოგია განმარტა, როგორც „მეცნიერება ფსიქიკური ცხოვრების შესახებ“ და ეს განსაზღვრება ჩვენთვის დღესაც კარგი ამოსავალი წერტილია. ჩვენ ყველას გვაქვს ფსიქიკური ცხოვრება და შესაბამისად გარკვეული წარმოდგენაც მასზე, თუ რას ნიშნავს ეს.  თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას შეისწავლიან როგორც ადამიანებზე ისე ვირთაგვებზე და მაიმუნებზე დაკვირვებით, ეს ცნება ბუნდოვანია და როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ და მხოლოდ ამოსავალი წერტილია ჩვენთვის. ტვინის შესწავლის ახალი საშუალებები, მის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე დაკვირვება გვაწვდის საოცარ ინფორმაციას ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების დეტერმინანტების შესახებ. გაუმჯობესებული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ტვინის აქტივობებს დავაკვირდეთ და ობიექტურად გავზომოთ ისინი. ჩვენ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით სუბიექტურ გამოცდილებასა და ტვინს შორის არსებული ურთიერთკავშირის შესახებ; ფსიქოლოგები ჯერაც ჰიპოთეზებს ქმნიან ან ვარაუდებს გამოთქვამენ იმის თაობაზე, თუ ამ ორი სახის ცოდნას -სუბიექტურსა და ობიექტურს- რა სახის კავშირი აქვს ერთმანეთთან.

სხვა ფსიქოლოგების მსგავსად, უილიამ ჯეიმსი მეტწილად ადამიანის ფსიქოლოგიით იყო დაინტერესებული, რაც მისი აზრით რამდენიმე მთავარ ელემენტს მოიცავდა: ფიქრებს და გრძნობებს, ფიზიკურ სამყაროს, რომელიც დროსა და სივრცეში არსებობს , და იმას თუ როგორ გადაამუშავებს ადამიანი ცოდნას ამ ყველაფრის შესახებ. ყოველი ჩვენგანი ამ ცოდნას იძენს სამყაროსთან ინდივიდუალური ინტერაქციის გზით და იმ გრძნობებისა და ფიქრების მეშვეობით, რომლებიც ამ გამოცდილებებთან არის დაკავშირებული. ამიტომ გვიადვილებს ფსიქოლოგიურ საკითხებზე მსჯელობას ჩვენი გამოცდილება, რადგან მას ვეყრდნობით, როგორც პირველწყაროს. ჩვენ დილეტანტი ფსიქოლოგებივით ვიქცევით, როდესაც საკუთარ მოსაზრებებს გამოვთქვამთ კომპლექსური ფსიქოლოგიური ფენომენების შესახებ (მაგალითად, შესაძლებელია თუ არა ფსიქიკური ფორმირება) ;ან როცა ვცდილობთ ავხსნათ სხვისი ქცევა (რატომ იგრძნეს თავი შეურაცყოფილად, ან უბედურად ან რატომ აიცრუეს გული უეცრად სამსახურზე) თუმცა პრობლემა თავს იჩენს მაშინ, როცა ორ ადამიანს ეს ყველაფერი სხვადასხვანაირად ესმის. ფორმალური ფსიქოლოგია ცდილობს შემოგვთავაზოს მეთოდები იმის გადასაწყვეტად, რომელი ახსნაა მეტ-ნაკლებად სწორი ან განსაზღვროს სიტუაციები, რომლებსაც თითოეული ახსნა მიესადაგება.

ფსიქოლოგების კვლევები გვეხმარება ერთმანეთისგან გავარჩიოთ შინაგანი სუბიექტური ინფორმაცია და ობიექტური ფაქტები, ანუ განსხვავება ჩვენს წინასწარ შექმნილ რწმენებსა და მეცნიერულ ჭეშმარიტებას შორის.

უილიამ ჯეიმსის განსაზღვრების თანახმად , ფსიქოლოგია არის მეცნიერება გონების შესახებ. აქამდე შესაძლებელი არ იყო ცოცხალი ადამიანის ტვინის უშუალო შესწავლა, შესაბამისად ,ფსიქოლოგები შეისწავლიდნენ ადამიანთა ქცევას და თავიანთ დაკვირვებებს იყენებდნენ ჰიპოთეზების წამოსაყენებლად იმის შესახებ ,თუ რა ხდება ჩვენში. ახლა ჩვენი ცოდნა ტვინის მუშობის შესახებ გაიზარდა და შექმნა სამეცნიერო საფუძველი ფსიქიკური ცხოვრების ზოგი ასპექტის უკეთ გასაგებად. რაც რა თქმა უნდა საოცარია ,მაგრამ ბევრი რამ არის გასარკვევი, თუნდაც ის თუ რა როლს ასრულებს ტვინი ჩვენი გრძნობების, შიშებისა და სურვილების განცდასა და გამოხატვაში; ან რა გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე ისეთ განსხვავებულ სიტუაციებში, როგორებიც მშობიარობა და ფეხბურთის მატჩის ყურება. ფსიქოლოგია ეხება იმასაც ,თუ როგორ იყენებენ ორგანიზმები, უმეტესწილად ადამიანები, თავიანთ ფსიქიკურ შესაძლებლობებს ან გონებას, რომ გარემომცველ სამყაროში ფუნქციონირება მოახერხონ. ეს საშუალებები დროთა განმავლობაში შეიცვალა გარემოს ცვლილებების შესაბამისად. ევოლუციის თეორიის მიხედვით, ორგანიზმები რომლებიც ვერ მოახდენენ გარემო პირობების ცვლილებებით ადაპტაციას, გადაშენდებიან (სწორედ აქედან მომდინარეობს ისეთი გამონათქვამები ,როგორიცაა „ძლიერი გადარჩება“ ) გონება იცვლებოდა და დღესაც იცვლება, ადაპტური პროცესების მიერ, შესაბამისად ჩვენი გონება რომ ასე მუშაობს, სწორედ ევოლუციური მიზეზებითაა განპირობებული-მაგალითად, მიზეზი იმისა ,რომ ჩვენ მოძრავ საგნებს უკეთ ვამჩნევთ, ვიდრე უძრავს შეიძლება იყოს ის, რომ ეს უნარი ჩვენს წინაპრებს ეხმარებოდა მტაცებლებისთვის თვის არიდებაში. როგორც ფსიქოლოგების ასევე იმათთვის, ვინც  ისეთ სამეცნიერო დისციპლინებში საქმიანობს როგორებიცაა ბიოლოგია და ფიზიოლოგია, ამ მიზეზების ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ფსიქოლოგიის შესწავლაში რთული ისაა, რომ სამეცნიერო ფაქტები უნდა იყოს ობიექტური და გაზომვადი, მაგრამ გონების ფუნქციონირება ისეთი შესამჩნევი არ არის, როგორი ძრავასი. მეცნიერებს მისი დეტალურად შესწავლის საშუალება მხოლოდ მას შემდეგ მიეცათ, რაც შეიქმნა და დაიხვეწა მრავალი გონივრული და შესაბამისი ტექნიკა, რომელთა მცირე ნაწილიც ამ წიგნშია აღწერილი. ყოველდღიურობაში მათი აღქმა შესაძლებელია მხოლოდ ირიბად და დასკვნების გამოტანა -მხოლოდ დაკვირვების საფუძველზე, ანუ ქცევიდან გამომდინარე. ფსიქოლოგიის მცდელობა კროსვორდის შევსებას ჰგავს. ის გულისხმობს არსებული ნიშნების შეფასებასა და განმარტებას, და სიცარიელის ამოვსებას იმით, რაც უკვე ვიცით. გარდა ამისა, თვითონ ნიშნები გულმოდგინე დაკვირვების შედეგად უნდა იყოს მიღებული, დაფუძნებული  ზუსტ საზომზე, გაანალიზებული მეცნიერული სიმკაცრით და ახსნილი ლოგიკური და გონივრული არგუმენტებით, რასაც შეიძლება დიდი პოლემიკა მოჰყვეს. ბევრი რამ რაც ფსიქოლოგიაში გვსურს ვიცოდეთ-როგორ აღვიქვამთ, ვსწავლობთ, ვიმახსოვრებთ, ვფიქრობთ ვჭრით პრობლემას, ვგრძნობთ, ვითარდებით განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ვურთიერთობთ-უნდა გაიზომოს არაპირდაპირ, და ყველა ეს აქტივობა მრავალგვარად განისაზღვრება, რაც იმას გულისხმობს , რომ მათზე გავლენას ახდენს არა ერთი, არამედ რამდენიმე ფაქტორი. მაგალითად , წარმოიდგინეთ ყველაფერი რამაც შეიძლება განსაზღვროს თქვენი რეაქცია კონკრეტულ სიტუაციაში (ვთქვათ უცხო ქალაქში გზის აბნევისას). იმისთვის, რომ დადგინდეს რომელი ფაქტორებია მნიშვნელოვანი, როგორმე უნდა გამოირიცხოს სხვა დამაბნეველი ფაქტორები.

ფსიქოლოგიაში კომპლექსური ურთიერთქმედებები უფრო ნორმაა, ვიდრე გამონაკლისი, და მათი გაგება ნაცადი მეთოდებისა და თეორიების გამოყენებაზეა დამოკიდებული. ფსიქოლოგიის მიზანი იგივეა, რაც სხვა მეცნიერებებისა: აღწეროს, გაიგოს, გამოიცნოს და შეისწავლოს, როგორ შეიძლება ,იმართოს და შეიცვალოს პროცესები, რომლებსაც იკვლევს. მას შემდეგ, რაც მიზანს მივაღწევთ, ის დაგვეხმარება ჩვენი გამოცდილების არსის გააზრებაში და ამ ცოდნამ პრაქტიკული ღირებულებაც შეიძლება შეიძინოს. მაგალითად ფსიქოლოგიური მიგნებები სასარგებლო გამოდგა სხვა მიმართულებით-ბავშვებისთვის კითხვის სწავლების ეფექტიანი მეთოდების შესამუშავებლად ,იმ მანქანა-დანადგარების საკონტროლო პანელის დიზაინის შესაქმნელად ,რომლებიც ავარიული შემთხვევების რისკს ამცირებს, ემოციურად დათრგუნული ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად.

ისტორიული გარემოება

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურ საკითხებს საუკუნეების მანძილზე განიხილავდნენ, მეცნიერულად მას მხოლოდ ბოლო 150 წელია შეისწავლიან. ადრეული პერიოდის ფსიქოლოგები თვითდაკვირვებას ეყრდნობოდნენ, რაც ერთი ადამიანის ცნობიერი გამოცდილების ასახვაა, ფსიქოლოგიური საკითხების ახსნის მოძებნის მიზნით. ეს ადრეული ფსიქოლოგიური გამოძიებები მიზნად ისახავდა ფსიქიკური სტრუქტურების დადგენას. მაგრამ 1859 წელს ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობის“ გამოქვეყნების შემდეგ, ფსიქოლოგიის დაკვირვების ობიექტი გაფართოვდა და ცნობიერების სტრუქტურებთან ერთად  მოიცვა  მისი ფუნქციები ფსიქიკური სტრუქტურები და ფუნქციები დღესაც ფსიქოლოგიის ინტერესის საგანია, მაგრამ თვითდაკვირვება მათ შესასწავლად ნამდვილად შეზღუდული საშუალებაა. როგორც სერ ფრენს გალტონმა აღნიშნა, ის ტოვებს „უმწეო დამკვირვებელს ერთი წუთის განმავლობაში ტვინის ავტომატური მუშაობის ამარა, მცდელობა იმისა ,რომ გონებას ჩავწვდეთ თვითდაკვირვებით უილიამ ჯეიმსის მოსაზრების თანახმად , ჰგავს „აირნათურის ანთებას სიბნელეზე დასაკვირვებლად“ ამიტომ თანამედროვე ფსიქოლოგები ამჯობინებენ ,რომ მათი თეორიები იმ ფენომენის აკურატულ დაკვირვებებზე დაამყარონ ,რომელსაც იკვლევენ (ანუ სხვების ქცევებზე) ნაცვლად იმისა ,რომ თავიანთი გამოცდილების რეფლექსია მოახდინონ.

1913 ელს ჯონ უოტსონმა ფსიქოლოგებისთვის გამოსცა საერთო – ბიჰევიორისტული მანიფესტი, რომელიც აცხადებდა, რომ თუ ფსიქოლოგია მეცნიერებაა მონაცემები რომლებზეც ისაა დაფუძნებული უნდა იყოს დასაკვირვებლად ხელმისაწვდომი დაკვირვებად ქცევაზე ყურადღების გადატანა, ნაცვლად შიდა (შეუმჩნეველ) ფსიქიკურ მოვლენებზე აქცენტის გაკეთებისა, დაუკავშირდა სწავლების თეორიასა და დაკვირვებისა და ექსპერიმენტის ჩატარების მეთოდებს, რომლებიც დღესაც დიდ გავლენას ახდენენ ფსიქოლოგიაზე. ბიჰევიორისტული მიდგომის თანახმად, ქცევა არის მდგომარეობის შედეგი, რომლის შესწავლაც შეიძლება სტიმულების განსაზღვრითა და რეაქციაზე  დაკვირვებით (ს-რ ფსიქოლოგია)ის რაც ამ ორ შორის ხდება – გარე ცვლადები  ადრეული პერიოდის ბიჰევიორისტებს შორის  უმნიშვნელოდ მიიჩნეოდა, თუმცა მას შემდეგ ექსპერიმენტული ჰიპოთეზების მთავარ წყაროდ იქცა, ამ ჰიპოთეზების გამოცდამ ფსიქოლოგებს საშუალება მისცა, განევითარებინათ რთული თეორიები ფსიქიკური სტრუქტურების, ფუნქციებისა და პროცესების შესახებ.

ფსიქოლოგიის განვითარებაზე ორი ძირითადი გავლენის წყაროდ ამ საუკუნეში იქცა გეშტალტფსიქოლოგია და ფსიქოანალიზი. გეშტალტფსიქოლოგებმა რომლებიც გერმანიაში მუშაობდნენ, მნიშვნელოვანი დაკვირვებები აწარმოეს იმაზე, თუ როგორაა ფსიქოლოგიური პროცესები ორგანიზებული. მათ წარმოაჩინეს რომ ჩვენი გამოცდილება განსხვავდება იმისგან, რაც სავარაუდოდ, გვექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის მხოლოდ და მხოლოდ გარე სტიმულის ფიზიკურ მახასიათებლებზე იქნებოდა დამოკიდებული და დაასკვნეს რომ „მთლიანობა იმაზე მეტია ვიდრე ნაწილების ჯამი“. მაგალითად, როდესაც ორი ერთმანეთთან მყოფი სინათლის წყარო ანათებს, ჩვენ ვხედავთ სინათლის ერთ წყაროს ,რომელიც ორ მხარეს მიემართება (ასე მუშაობს ფირი). იმის შემჩნევა, რომ ფსიქიკური პროცესები ამგვარად მოქმედებს გამოცდილების ბუნებაზე, ფუნდამენტურ მიგნებად იქცა და ხელი შეუწყო თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის განვითარებას, რომელიც ფსიქოლოგიის განშტოებაა და შიდა პროცესებს შეისწავლის. ზიგმუნდ ფროიდის თეორიებმა ფსიქოლოგებს ყურადღება მიაქცევინა არაცნობიერ პროცესებზე , ბავშვობის დროინდელ გამოცდილების უწყვეტ გავლენასა და იმ თეორიულ ფსიქოლოგიურ სტრუქტურებზე, რომლებსაც მან ეგო, იდი და სუპერ ეგო უწოდა. ეს პროცესები, რომლებიც არაცნობიერ და მიუღებელ სურვილებსა და ნატვრებს მოიცავს, დადგინდა სიზმრების, ენის მოჩლექის, მანევრიზმების მიხედვით და მიჩნეულია, რომ ისინი გავლენას ახდენს ქცევაზე. კერძოდ მიიჩნევა, რომ არაცნობიერი კონფლიქტები ფსიქოლოგიური ზეწოლის წყაროა, რომლისგანაც პაციენტების გათავისუფლებაც ფსიქოანალიტიკოსებს შეუძლიათ იმ გზით, რომ მათ გამოხატვაში დაეხმარონ, და ასევე ფსიქოდინამიკური თეორიების გამოყენებით, რომლებიც ფროიდის შრომებზეა დაფუძნებული და მათ პაციენტების ქცევის ასახსნელად იყენებდნენ ფსიქიკური პროცესების შეუმჩნეველი ბუნების გამო, რომლებსაც ფროიდის თეორიები ემყარება, მათი მეცნიერულად დამტკიცება რთულია, და ამიტომ მრავალი წლის მანძილზე ფსიქოლოგია უფრო მეცნიერული და უფრო მეტად გაზომვადი განშტოებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა გზით ვითარდებოდა .

თანამედროვე ფსიქოლოგია დღეს საინტერესო ეტაპზეა. ამ მიზეზად ნაწილობრივ შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მისი განშტოებები იშლება. ჩვენ უკვე ბევრი რამ ვიცით იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს გონებაში „ცნონიერების მიღმა“ . მაგრამ აღმოჩენების ასახსნელად სხვა თეორიებს ვიყენებთ. ფსიქოლოგია არ არის ერთადერთი დისციპლინა, რომელიც ისეთ შეკითხვებს სვამდა, რომლებზეც პასუხის გასაცემადაც პირდაპირ დაკვირვებაც არ შეგვიძლია -მაგალითად, თუნდაც ფიზიკა ან ბიოქიმია. ტექნოლოგიურმა და თეორიულმა წინსვლამ ამ პროცესს ხელი შეუწყო და თანდათანობით ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების ხასიათი შეცვალა (და ამჟამადაც იცვლება). ფსიქოლოგებს დღეს შეუძლიათ გამოიყენონ რთული საზომი ინსტრუმენტები ,ელექტრონული მოწყობილობები და გაუმჯობესებული სტატისტიკური მეთოდები სხვადასხვა ცვლადებისა და დიდი რაოდენობის მონაცემების გადასამუშავებლად. გონების, როგორც ინფორმაციის გადამამუშავებელი სისტემის შესწავლამ ხელი შეუწყო მეცნიერებას ისეთი რამეების აღმოჩენაში, რაზე დაკვირვებაც შეუძლებელია შესაბამისად , მათ დღეს შეუძლიათ დაასახელონ ,რა ხდება სტიმულსა და რეაქციას შორის აღქმის, ყურადღების, აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დროს . ფსიქოლოგებს ახლა უკვე შეუძლიათ თავიანთი ჰიპოთეზების დამყარება იმ მონაცემებზე, რომლებიც დაკვირვებისა და ზუსტი გაზომვის საიმედო და ვალიდური მეთოდების მეშვეობით მიიღება. ამ წინსვლამ ფსიქოლოგიაში მოახდინა რევოლუცია, რომელიც „ფსიქიკური ცხოვრების მეცნიერების“ სახელითაა ცნობილი და საშუალება მისცა ფსიქოლოგებს, ეთანამშრომლათ სხვადასხვა დარგის მეცნიერებებთან, მაგალითად ქიმიკოსებსა და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტებთან .

ფსიქოლოგია, როგორც  კოგნიტური მეცნიერება

კოგნიტური მეცნიერება არის გონებისა და მისი პროცესების ინტერდისციპლინური შესწავლა, და ის ისე  სწრაფად განვითარდა , რომ როგორც ამბობენ , „კოგნიტური რევოლუცია“ მოახდინა.

2003 წელს ჯორჯ ა.მილერმა შექმნა დიაგრამა სხვადასხვა დარგის,მათ შორის ფსიქოლოგიის, საილუსტრაციოდ-მათ ერთად შეიტანეს წვლილი კოგნიტური მეცნიერების წარმოშობაში. ასე, რომ დღეს ფსიქოლოგების ნაშრომები მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა მეცნიერების კვლევებთან და ისინი ხელს უწყობს, მაგალითად ნერვული სისტემის მეცნიერულ შესწავლას-ნეირომეცნიერებას. როგორც ნობელის პრემიის ლაურეატმა ერიკ კენდალმა აღნიშნა, კოგნიტური ნეირომეცნიერების ინტერესის საგანია აღქმა, ქმედება , მეხსიერება , ენა და სელექციური ყურადღება- ისევე როგორც ფსიქოლოგიისა.  კოგნიტური ნეიროფსიქოლოგია მიზნად ისახავს იმის გაგებას, თუ როგორ უკავშირდება ტვინის სტრუქტურა და ფუნქცია ფსიქოლოგიურ პროცესებს.

თუმცა ,ზოგი მიმართულება , რომელიც ფსიქოლოგებს აინტერესებთ ვერ აიხსნება მხოლოდ კვლევა-ძიების სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით, და ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ეს ვერასდროს შეიცვლება . მაგალითად ჰუმანისტური ფსიქოლოგიის სკოლა მეტ ყურადღებას ამახვილებს ინდივიდის სუბიექტურ გამოცდილებებზე და, ასევე, კვლევის როგორც თვისებრივ , რაოდენობრივ მეთოდებზე .   /დარგები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ კოგნიტურ მეცნიერებაში:ფილოსოფია, ლინგვისტიკა, ანთროპოლოგია,ნეირომეცნიერება,ხელოვნური ინტელექტი,ფსიქოლოგია/

ნებისმიერი მეცნიერების სიკარგე იზომება იმ მონაცემებით რომლებზეც დაფუძნებულია ის. ამიტომ ფსიქოლოგები ობიექტურები უნდა იყვნენ მონაცემების შეგროვებაში, ანალიზისა და ინტერპრეტაციის მეთოდის შერჩევის დროს; ფსიქოლოგები, როგორც მკვლევარები, უნდა სწავლობდნენ როგორ წარადგინონ ობიექტური მონაცემები, ისე რომ ვინმემ ეს ინფორმაცია არასწორად არ გაიგოს. მათ , ასევე უნდა შეეძლოთ სხვების მიერ წარდგენილი ფაქტებისა და რიცხვების სწორად ინტერპრეტირება. ეს კი მაღალი ხარისხისა და რიცხვების სწორად ინტერპრეტირება. ეს კი მაღალი ხარისხის კრიტიკულ და მეცნიერულ აზროვნებას მოითხოვს.

კვლევის მთავარი  მეთოდები, რომლებსაც ფსიქოლოგები იყენებენ

ლაბორატორიული ექსპერიმენტები: თეორიის საფუძველზე წამოყენებულ ჰიპოთეზას ცდიან გაკონტროლებულ პირობებში, იმისთვის ,რომ თავიდან აიცილონ ტენდენციურობა როგორც გამოყენებული საგნების სელექციისას , ისე შესწავლილი ცვლადების გაზომვისას. შესაძლებელი უნდა იყოს აღმოჩენების კოპირება, მაგრამ ცხოვრებისეულ სიტუაციებში შეიძლება არ მოხდეს მისი განზოგადება.ეს მოიცავს ტვინის  მუშაობაზე დაკვირვებას.

საველე ექსპერიმენტები: ჰიპოთეზების გამოცდა ხდება ლაბორატორიის გარეთ, უფრო ბუნებრივ პირობებში, მაგრამ ამ ექსპერიმენტების კონტროლი, შეიძლება ნაკლებად ხერხდებოდეს, უფრო რთულად მეორდებოდეს და აასევე , შეიძლება სხვა პირობებში არ განზოგადდეს.

კორელაციური მეთოდები: ორ ან მეტ ცვლადს შორის ხდება კავშირის დამყარება, როგორც ვთქვათ, კითხვის ცოდნის დონეს და ყურადღების ხარისხს შორის. ეს მეთოდი მონაცემების ანალიზი უფროა, ვიდრე მონაცემების შეგროვება.

ქცევაზე დაკვირვება: ქცევა რომელიც,გვაინტერესებს მკაფიოდ უნდა განისაზღვროს და დაკვირვების მეთოდები სანდო უნდა იყოს. უნდა ახასიათებდეს ინტერესის საგნის ქცევაზე დაკვირვება.

ქეისების შესწავლა:   მეტწილად იყენებენ სამომავლო გამოკვლევებში იდეების სასარგებლო წყაროდ, და სხვადასხვა პირობებში ერთიდაიმავე ქცევის გასაზომად.

თვითანგარიში და კითხვარები: ასე გროვდება სუბიექტური ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია თვითცოდნაზე (ან თვითდაკვირვებაზე) და მათი სანდოობის უზრუნველყოფა შეიძლება ტესტის კარგი დიზაინის შემუშავებით და ტესტების სტანდარტებით.

მიმოხილვები: სასარგებლოა ახალი იდეების შესაგროვებლად და მოსახლეობის პასუხების იმ ნიმუშების ასარჩევად , რომელითაც  ფსიქოლოგები არიან დაინტერესებულნი.

ინტერვიუები: ადამიანის ქცევის შესწავლისას თანმდევი პროცესების შესახებ დასკვნის გამოსატანად შეიძლება გამოდგეს რაოდენობრივი მონაცემები.

ფსიქოლოგიის მთავარი მიმართულებები

სადავო იყო, არის თუ არა ფსიქოლოგია მეცნიერება ,რადგან არ არსებობს არც ერთი ძირითადი პარადიგმა ან თეორიული პრინციპი, რომელზეც ისაა დაფუძნებული. ამის ნაცვლად ფსიქოლოგია შედგება ერთმანეთთან სუსტად დაკავშირებული აზროვნების სკოლებთან. თუმცა გამომდინარე მისი შესწავლის საგნიდან , ეს ალბათ გარდაუვალიც კი იყო ფიზიოლოგიის , ბიოლოგიის ან ორგანული ქიმიის შესწავლისას ექსკლუზიურად ხდება თემებზე ფოკუსირება, რაც ფსიქოლოგიისთვის არ არის ხელმისაწვდომი, მეტწილად იმიტომ რომ ის დაინტერესებულია ფსიქიკური პროცესებით, რომლებიც არ შეიძლება გაიმიჯნოს ორგანიზმის სხვა ასპექტებისგან. როგორც ალბათ მიხვდით, ფსიქოლოგიის შესწავლისადმი სხვადასხვა მიდგომა არსებობს -ზოგი უფრო შემოქმედებითია, ზოგი- უფრო სამეცნიერო. შესაბამისად ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულება შეიძლება უცხო თვალისთვის სრულიად განსხვავებულ დარგებად ჩანდეს  სინამდვილეში კი ერთმანეთთან მნიშვნელოვანწილად გადაიკვეთება, როგორც ფსიქოლოგიის მიმართულებები, ისე ფსიქოლოგია და მისი მომიჯნავე დარგები.

ფსიქოლოგიის მომიჯნავე დარგები

არსებობს დარგები, რომლებიც ხშირად ერევათ ფსიქოლოგიაში; და სინამდვილეში ამ დაბნეულობას აქვს მყარი საფუძველი . პირველ რიგში უნდა აღინიშნოს , რომ ფსიქოლოგია არ არის ფსიქიატრია. ფსიქიატრია არის მედიცინის მიმართულება , რომელიც ეხმარება ადამიანებს ფსიქიკური აშლილობის დაძლევაში. ამიტომ ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე , ტუ რა ხდება მაშინ, როცა საქმე რიგზე არ არის, ანუ ფსიქიკური დაავადებებსა და ფსიქიკურ აშლილობებზე. ფსიქოლოგებიც იყენებენ თავიანთ უნარებს კლინიკებში. მაგრამ ისინი არ არიან მედიცინის დოქტორები და თავიანთ კომბინირებულ ცოდნას ნორმალური ფსიქოლოგიური პროცესებისა და განვითარების შესახებ იყენებენ. ფსიქოლოგიური პრობლემებისა და აშლილობების მქონე პაციენტების დასახმარებლად. მათ როგორც წესი არა აქვთ წამლების გამოწერის უფლება . ამის ნაცვლად ისინი ხალხს ეხმარებიან , რომ ტანჯვის და დაძაბულობის შესამცირებლად მათ გააზიარონ, აკონტროლონ ან შეცვალონ საკუთარი ფიქრები ან ქცევა.

დანართი 2. ფსიქოლოგიის მთავარი მიმართულებები

პათოლოგიური: ფსიქოლოგიური დისფუნქციების და მათი გადალახვის გზების შესწავლა.

ბიჰევიორისტული: იკვლევს ქცევას, დასწავლას და აგროვებს ინფორმაციას, რომელზეც პირდაპირ შეიძლება დაკვირვება.

ბიოლოგიური : (და შედარებითი ): შეისწავლის სხვადასხვა ბიოლოგიური სახეობის ფსიქოლოგიას, მემკვიდრეობით მოდელებს და ქცევის მსაზღვრელებს.

კოგნიტური: ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ხდება ინფორმაციის შეგროვება , გადამუშავება, გაგება და გამოყენება.

განვითარებადი: როგორ იცვლებიან ორგანიზმები სასიცოცხლო ციკლის მანძილზე.

ინდივიდუალური თავისებურებები : შეისწავლის ხალხს და დიდი ჯგუფებს, რომ განსაზღვროს და გაიგოს ტიპიური ვარიაციები, მაგალითად ინტელექტის ან პიროვნულობის.

ფიზიოლოგიური: ყურადღებას ამახვილებს იმაზე , თუ რა გავლენას ახდენს ფსიქოლოგიაზე ფიზიოლოგიური მდგომარეობა , როგორ მუშაობს გრძნობები , ნერვული სისტემა და ტვინი.

სოციალური: შეისწავლის სოციალურ ქცევას და ურთიერთდამოკიდებულებას ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის.

მეორე დარგი , რომელიც ხშირად ეშლებათ ფსიქოლოგიაში არის ფსიქოთერაპია, რაც თავად წარმოადგენს ფართო ცნებას და მოიცავს სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიურ თერაპიას, მაგრამ ამ ტერმინს ხშირად იყენებენ თერაპიისადმი ფსიქოდინამიკური და ჰუმანისტური მიდგომის დასახასიათებლად, და მას უფრო ზოგადი და ფართო გამოყენება აქვს.  აი მაგალითად , ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდა კოგნიტურ-ბიჰევიორისტული ფსიქოთერაპიები. მესამე რაც უნდა აღინიშნოს, ისაა , რომ არსებობს ბევრი მომიჯნავე დარგი, რომლებშიც ფსიქოლოგები საქმიანობენ ან სხვებთან თანამშრომლობენ. ასეთებია მაგალითად  ფსიქომეტრიკა, ფსიქოფიზიოლოგია ,ფსიქოლინგვისტიკა და ნეიროფსიქოლოგია. ფსიქოლოგები ასევე  დიდი როლს ასრულებენ უფრო ფართო და განვითარებად დარგებში, სხვა მეცნიერებთან ერთად, მაგალითად, კოგნიტურ მეცნიერებასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ან კიდევ ფსიქოფიზიოლოგიური ასპექტების გაგებაში -ასეთი ფენომენების შემთხვევაში, როგორიცაა სტრესი, ფეტიში ან ინსომნია. ფსიქოლოგიის კლინიკური გამოყენების შესახებ ისედაც ცნობილია, მაგრამ ეს მისი მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა.

წიგნის მიზანი და სტრუქტურა

ჩვენი მიზანია ავხსნათ და ავსახოთ, რატომ არის ფსიქოლოგია საინტერესო, მნიშვნელოვანი და სასარგებლო დღეს და ამავდროულად , ყურადღება გავამახვილოთ თანამედროვე მასალაზე. ფსიქოლოგების უმეტესობა ადამიანებითაა დაინტერესებული, ასე ,რომ მაგალითების უმრავლესობა ადმიანის ფსიქოლოგიიდან მოვიყვანეთ. გარდა ამისა წიგნი იწყება იმ დაშვებით , რომ ორგანიზმი იმისთვის რომ ჰქონდეს ფსიქოლოგია, სულ მცირე ფსიქიკური კონტროლის სისტემას უნდა ფლობდეს (არაფორმალური ტერმინოლოგიით „გონებას“ ) რაც მას საშუალებას მისცემს იმოქმედოს სამყაროში და სამყაროზე .მას შემდეგ რაც ტვინი და ნერვული სისტემა ისე განვითარდება , რომ კონტროლის ცენტრად იქცევა , მან უნდა შეძლოს რამდენიმე რამ : შეაგროვოს ინფორმაცია გარემომცველი სამყაროს შესახებ , შეძლოს ამ ინფორმაციის დახარისხება და შენახვა მომავალში გამოსაყენებლად და თავისი მოქმედების სამართავად- ამ ინფორმაციის ისე გამოყენება, რომ მიიღოს უფრო მეტად ის, რაც მას სურ და უფრო ნაკლებად რაც არ სურს. სხვადასხვა ორგანიზმი ამას სხვადასხვაგავარად ახერხებს (მაგალითად მათ სხვადასახვა ტიპის გრძნობათა ორგანოები გააჩნიათ ) თუმცა ზოგი პროცესი სხვადასხვა სახეობას ერთნაირი აქვს (მაგალითად დასწავლის რაღაც ტიპები და ემოციების გამოხატვისა ). ერთ-ერთი დიდი პრობლემა ფსიქოლოგებისთვის არის იმის დადგენა , თუ როგორ ხდება ასე. ამიტომ წიგნის ნაწილები შეეხება ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას რომლებსაც ფსიქოლოგები სვამენ : რა მასალა შედის გონებაში? როგორ ვიყენებთ მას, რაც გონებაშია და რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ? წიგნის ეს ნაწილი მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, თუ როგორ იგებენ ფსიქოლოგები პროცესებს ,რომლებიც ჩართულია აღქმასა და ყურადღებაში (ნაწილი2 ), დასწავლასა და მეხსიერებაში (ნაწილი 3 ), აზროვნებაში მსჯელობასა და კომუნიკაციაში (ნაწილი 4 ) , მოტივაციასა და ემოციაში (ნაწილი 5 ), და ცდილობს ახსნას , როგორ მოქმედებენ ისინი ჩვენზე. ეს ნაწილები ზოგად რამეებს ეძღვნება -მსგავსებებს ადამიანებს შორის და მიზნად ისახავს ჩვენი ფსიქიკური პროცესების აღწერას ; მიმოხილვას რამდენიმე ჰიპოთეზას, რომლებიც ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს და რამდენიმე მოდელს , რომელიც შექმნეს მათი დაკვირვებების ასახსნელად .

ფსიქოლოგები დაინტერესებულნი არიან ადამიანთა შორის არსებული განსხვავებითაც და მათი აშკარა მრავალფერონების დეტერმინანტებით. თუ გვინდა უკეთ გაუგოთ ადამიანებს ,უნდა შეგვეძლოს , საერთო გავლენები განვასხვავოთ ინდივიდუალურისაგან. მხოლოდ საერთო მოდელები და წესები რომ არსებობდეს და ყველას ერთიდაიგივე ფსიქიკური პროცესი გვქონდეს, მაშინ ყველა იდენტური იქნებოდა ფსიქოლოგიურად.  რაც რა თქმა უნდა, ასე არ არის. ამიტომ , როგორ უნდა ავხსნათ ის , რომ ადამიანები სწორედ ისეთები არიან , როგორებიც არიან და როგორ უნდა გავიგოთ განსხვავებები მათ შორის, მათი სირთულეები და მათი ურთიერთქმედებები . ნაწილი 6 სვამს კითხვას : არსებობს თუ არა ადამიანის განვითარების დადგენილი მოდელი ;  ნაწილი 7 შეეხება ინდივიდუალურ განსხვავებებს და სვამს კითხვას : შეგვიძლია თუ არა ადამიანების კატეგორიებად დაყოფა? ;  ნაწილი 8 იკვლევს: რა ხდება მაშინ, როცა რაღაც ირევა და ფოკუსირებას ახდენს არანორმალურ ფსიქოლოგიაზე; ნაწილი 9 -ის კითხვა კი ასეთია: როგორ გავლენას ვახდენთ ერთმანეთზე ? და ის აღწერს სოციალურ ფსიქოლოგიას. და ბოლოს  მეათე ნაწილში ისმება კითხვა: „რისთვის გვჭირდება ფსიქოლოგია ? „ და იქ აღწერილია ფსიქოლოგიის პრაქტიკული სარგებელი და წამოყენებულია თეორიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ამ თვალსაზრისით მომავალში.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81