ფსიქოლოგები

ქალები რომლებმაც შეცვალეს ფსიქოლოგია

სცადეთ გაიხსენოთ და ჩამოთვალოთ ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფსიქოლოგიის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს სიაში აუცილებლად მოხვდებიან ზიგმუნდ ფროიდი, ერიხ ფრომი ან კარლ როჯერსი, მაგრამ ნაკლებია ალბათობა, იმისა რომ გონებაში მერი აინსვორტის ან კარენ ჰორნის სახელები ამოგიტივტივდეთ.

ფსიქოლოგიაში ყველაზე სახელგანთქმული მიმდინარეობები თუ შეხედულებები, ძირითად შემთხვევაში, დაკავშირებულია მამრობითი სქესის ავტორებთან, რაც აჩენს განცდას, რომ ფსიქოლოგიური სისტემების ჩამოყალიბება მხოლოდ მამაკაც მოაზროვნეებთანაა დაკავშირებული. აღნიშნული მიდგომა, ცხადია, სტერეოტიპული და არა ჯანსაღია. უტყუარი ფაქტები ცხადყოფს, რომ  დარგის განვითარების ადრეულ წლებში ფსიქოლოგიურ საქმიანობას უამრავი ქალი ეწეოდა, ამას ადასტურებს იმ ქალების ნაშრომები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფსიქოლოგიური აზროვნების ფორმირებაში. მიუხედავად ამისა, მათი სახელები ხშირად ჩრდილში მოქცეული ან სრულადა მიჩქმალულია. მამაკაცი ავტორების დომინირება ფსიქოლოგიურ ტექსტებსა თუ სტატიებში სტანდარტიზირებულ მოცემულობად იქცა, რასაც თავისი მიზეზი აქვს.

რატომაა ფსიქოლოგი ქალების დიდი ნაწილის ვინაობა უცნობი საზოგადოებისთვის?

ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსიქოლოგთა 12% ქალი იყო. მოღვაწეობის პერიოდში ისინი მნიშვნელოვანი სიძნელეების წინაშე აღმოჩდნენ. საკუთარი მოსაზრებებისა და  შეხედულებების გამო არაერთხელ ქცეულან დისკრიმინაციის ობიექტებად. ქალების დიდ ნაწილს ეკრძალებოდა მამაკაცებთან ერთად სწავლა და კანონიერად მოპოვებული განათლების ხარისხების მიღება. ფსიქოლოგიური ცოდნის მქონე ქალები არაერთ ბარიერს აწყდებოდნენ აკადემიური პოზიციების დაკავებისას, რაც მათ საშუალებას არ აძლევდა საქმიანობა საჯარო და ხელმისაწვდომი გაეხადათ. მიუხედავად ამისა, ბევრი მნიშვნელოვანი თეორია, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ფსიქოლოგიურ აზროვნებაში დაკავშირებულია ქალებთან. უამრავი აკრძალვისა და შეზღუდვის მიუხედავად, ისინი თავს არ ზოგავდნენ მოეპოვებინათ შესაძლებლობა თავი დაემკვიდრებინათ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი ავტორების გვერდით.

გთავაზობთ იმ ქალების არასრულ ჩამონათვალს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფსიქოლოგიის განვითარებაში:

  1. ანა ფროიდი

გვარის – ფროიდი ხსენებისას, ასოციაციურად გვახსენდება კლასიკური ფსიქოანალიზის ფუძემდებელი, ზიგმუნდ ფროიდი. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის ქალიშვილი, ანა ფროიდი ფსიქოანალიზის საკმაოდ გავლენიანი წარმომადგენელია. ანამ არა მხოლოდ განავრცო მამის იდეები, არამედ დიდი წვლილი შეიტანა ბავშვთა ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებაში. მისმა შეხედულებებმა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა ისეთი მოაზროვნის ნაშრომებზე, როგორიცაა ერიკ ერიქსონი.

  1. მერი უიტონ კალკინსი

მიუხედავად იმისა, რომ მერი უიტონ კალკინსი ჰარვარდში სწავლობდა,  ფაქტის ოფიციალურად დამადასტურებელი დოკუმენტი არასდროს მიუღია. მერის საშუალება ქონდა იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მოაზროვნეებთან ერთად მიეღო განათლება, რომელთა შორისაც იყვნენ უილიამ ჯეიმსი და ჰიუგო მუნსტერბერგი. კალკინსი ყველა პირობას აკმაყოფილებდა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, თუმცა ჰარვარდა მას უარი განუცხადა ხარისხის მინიჭებაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი იყო. უსამართლოდ უარყოფამ მერის თვითრეალიზების მოტივაცია მეტად გაუძლიერა, მან მოახერხა გამხდარიყო ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის პირველი ქალი პრეზიდენტი. კარიერის მანძილზე მერიმ ასამდე პროფესიონალური ნაშრომი შექმნა ფსიქოლოგიურ საკითხებზე, განავითარა დაწყვილებული ასოციაციების ტექნიკა და აღიარება მოიპოვა პიროვნების ფსიქოლოგიის ჭრილში განხორციელებული მნიშვნელოვანი კვლევებისთვის.

  1. მერი აინსვორტი

მერი აინსვორტის კვლევები მნიშვნელოვანი მონაპოვარია ბავშვობისდროინდელი ჯანსაღი მიჯაჭვულობის თეორიის განვითარებისთვის. იგი ასევე პირველია, ვინც მშობლისა და შვილის მიჯაჭვულობის კვლევისთვის ეფექტურად გამოიყენა ფსიქოლოგიური ტექნიკა, რომელიც ცნობილია სახელით – “უცნაური სიტუაცია’’.

ექსპერიმენტის ფარგლებში, დედასა და შვილს ათავსებენ მათთვის უცხო გარემოში, მკვლევარი აკვირდება ბავშვის ქცევას, რომელიც განსხვავებული სიტუაციების ვარიაციული მონაცვლეობის გავლენით იცვლება. მაგალითისთვის, ერთ-ერთ შემთხვევაში, ბავშვს მარტოს ტოვებენ უცხო გარემოში, რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახში შემოდის უცნობი, ამ დროს ყურადღება გამახვილებულია ბავშვის რეაქციასა და ქცევაზე, მცირე დროის გასვლის შემდეგ ოთახში ბრუნდება დედა. ექსპერიმენტი აღნიშნული ეტაპი ემსახურება იმის გარკვევას, რა სპეციფიკური სხვაობებია იმ ურთიერთობებს შორის რომელსაც ბავშვი დედასთან და ექსპერიმენტის განსაზღვრულ მონაწილესთან ამყარებს.  აინსვორტის კვლევამ საფუძველი ჩაუყარა მიჯაჭვულობის პროცესის დაყოფას სპეციფიკურ ტიპებად.

  1. ლეტა სტეტერ ჰოლინგვორთი

ამერიკელი ფსიქოლოგიის განვითარების ადრეულ ეტაპზე ლეტა სტეტერ ჰოლინგვორთი ერთ-ერთი აქტიური სახე იყო. ლეტა ედვარდ თორნდაიკთან ერთად სწავლობდა, მან სახელი გაითქვა ინტელექტზე ჩატარებული კვლევებითა და  ფსიქოლოგიაში „დაჯილდოვებული ბავშვის“ ცნების დამკვიდრებით. ლეტა განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ქალის ფსიქოლოგიის შესწავლით. იმ პერიოდში მიიჩნეოდა, რომ ქალი მამაკაცს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და შრომისუნარიანობით. ჰოლინგვორთის კვლევებმა ცხადყო ამ შეხედულებათა ცდომილება, მან დაამტკიცა, რომ ქალისა და მამაკაცის ინტელექტუალური მონაცემები თუ შრომისუნარიანობა თანაბარია.

  1. კარენ ჰორნი

კარენ ჰორნი ნეოფროიდისტული მიმდინარეობის გავლენიანი წარმომადგენელია, ის განსაკუთრებულად იყო კონცენტრირებული ქალის ფსიქოლოგიის შესწავლაზე. ჰორნი მკაფიოდ დაუპირისპირდა ფროიდის შეხედულებებს, რომელიც, ფაქტობრივად, ქადაგებდა, რომ ქალს გაუცნობიერებელი შურის განცდა უყალიბდება მამაკაცის მიმართ, რომელიც ანატომიურად სრულყოფილია, რაც სიმბოლიზებულად დაკავშირებულია მასკულინურობის დომინირებაზე. კარენ ჰორნიმ, საპასუხოდ, დაუშვა, რომ  მამაკაცი განიცდის ქალის მიმართ ფარულ შურს, ვინაიდან მას არ აქვს განაყოფიერების შესაძლებლობა, რაც შემდგომში ვლინდება გადაჭარბებული კომპენსაციური მექანიზმით. ჰორნის სწამდა, რომ ადამიანი მთავარ როლს ასრულებს საკუთარი მენტალური ჯანმრთელობის ფორმირებაში.

  1. მელანი კლეინი

თამაშის თერაპია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნიკაა, ბავშვებს საშუალებას აძლევს მათთვის ოპტიმალურ მდგომარეობაში გამოხატონ საკუთარი ემოციები და მისწრაფებები. აღნიშნული მეთოდის განვითარებასა და დამკვიდრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფსიქოანალიტიკოსმა მელანი კლეინმა. მელანიმ ბავშვების ქცევაზე დაკვირვებისას აღმოაჩინა, რომ ისინი თამაშს გაუცნობიერებლად იყენებენ კომუნიკაციის დამყარების ფორმად. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებთან მუშაობისას არა რეკომენდირებულია ისეთი ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა, მაგალითისთვის, ფროიდის თავისუფალი ასოციაციების მეთოდი, მელანიმ გადაწყვიტა თამაშის თერაპიის სახით ისეთი მოდელირებული ტექნიკა ჩამოეყალიბებინა, რომელიც საშუალებას მისცემდა გაეანალიზებინა ბავშვის გაუცნობიერებელი გრძნობები, შფოთვის აღმძვრელი მოტივები და გამოცდილება. თამაშის თერაპია, ფაქტობრივად, ფსიქოანალიტიკური მეთოდის ალტერნატივას წარმოადგენდა, იმ სხვაობით, რომ მორგებული იყო ბავშვებზე. მელანის შეხედულება აცდა ანა ფროიდის მოსაზრებას. ანა დაუშვებლად მიიჩნევდა რაიმე სახის ფსიქოანალიტიკური ტექნიკის ბავშვებთან გამოყენებას. ამის საპასუხოდ, კლეინი თვლიდა, რომ თამაშის დროს ბავშვის ქცევის ანალიზი თერაპევტს საშუალებას აძლევს ამოეხსნა, როგორ მოახდენს გავლენას შფოთვითი ზეგავლენები ეგოსა და სუპერ-ეგოს ფორმირებაზე.

  1. მამი ფეპს კლარკი

მამი ფეპს კლარკის სახელი ბევრისთვის უცნობია, მისი ნააზრევი კი საკმაოდ ზედაპირულადაა აღწერილი. მან არაერთი საინტერესო ფსიქოლოგიური ანალიზი  და მიდგომა შემოგვთავაზა მათ შორისაა – კლარკის თოჯინის ტესტი და საავტორო კვლევა რასაზე. კლარკი გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტის ხარისხი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ იგი საკუთარი სქესისა და წარმომავლობის გამო დისკრიმინაციას განიცდიდა ფსიქოლოგიურ საზოგადოებაში, მისმა კვლევებმა ეთნიკურ მიკუთვნებულობაზე და თვითპატივისცემის თეორიამ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მე-კონცეფქციის შესწავლაზე.

  1. ქრისტინ ლად-ფრანკლინი

ქრისტენ ლად-ფრანკლინის აქტიური ჩართულობა ფემინისტური ფსიქოლოგიის განვითარების პროცეში განპირობებული იყო ქრისტენის დედისა და დეიდის აქტიური ბრძოლით ქალთა უფლებებისთვის. ის ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული როგორც ფსიქოლოგიით, ასევე ლოგიკის, მათემატიკის, ფიზიკისა და ასტრონომიის შესწავლით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფერების ხედვის თეორიის განვითარებაში. ლად-ფრანკლინი სწავლობდა ჯონ ჰოპკინსის უნივესიტეტში. წინააღმდეგობების მიუხედავად,  ქრისტენმა სწავლის დასრულების შემდეგ დაიცვა დისერტაცია თემაზე – ლოგიკის ალგებრა. ამ პერიოდში ქალებს არ ჰქონდათ დოქტორის ხარისხის მოპოვების შესაძლებლობა. მოგვიანებით, ქრისტენმა გერმანიაში განაგრძო განათლების მიღება, მან სწორედ მაშინ აღმოაჩინა ცდომილება ჰელმოლცის ფერების ხედვის თეორიაში და შექმნა საავტორო, დახვეწილი ვერსია. საბოლოოდ, 1926 წელს, 44 წლის ასაკში მოიპოვა დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომისთვის.

 

  1. მარგარეტ ფლოი ვოშბარნი

მარგარეტი პირველი ქალია, რომელმაც მოიპოვა დოქტორის ხარისხით ფსიქოლოგიაში. ვოშბარნის მოღვაწეობა იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ქალისთვის აკადემიური პოზიციების დაკავება იშვიათობას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მარგარეტმა მოახერხა გამხდარიყო ავრორიტეტული მკვლევარი და პროფესორი.  მისი ინტერესები, ძირითადად, დაკავშირებული იყო ცხოველთა კოგნიციების შესწავლასა და ბაზისური ფსიქოლოგიური პროცეების კვლევასთან . მარგარეტმა განავითარა მოტორული კოგნიციების თეორია, რომლის მიხედვით, სხეულებრივი მოძრაობები გავლენას ახდენს და განაპირობებს აზრების აღმოცენებას.

  1. ელეონორ მაკოუბი

ელეონორ მაკოუბი ერთ-ერთი ავტორიტეტული წარმომადგენელია განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით. მან იკვლია სქესთაშორისი სხვაობების როლი სოციალიზაციის პროცესში, ამასთან გაანალიზა ბიოლოგიური მოცემულობების როლი სქესისა და გენდერის ფორმირების პროცესებში. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც სტენდფორტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის განყოფილებაში მოიპოვა გავლენიანი პოზიცია. ელეონორი არაერთი ჯილდოს მფლობელია. გაწეული ღვაწლისთვის, მის სახელს ატარებს მაკოუბის წიგნის დაჯილდოვება.

კვლევების თანახმად, 2017 წლიდან ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციაში, ქალთა ოდენობა ნახევარზე მეტს შეადგენს. კურსდამთავრებულ ფსიქოლოგთა დაახლოებით 75% კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია.

მოამზადა მაგდა ლომაიამ

წყარო

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81