ირმა კვაჭაძე კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და ოჯახის ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი, ნლპ და ენეაგრამა მასტერი.
სად გადის ზღვარი წყვილის ჯანსაღ და რაციონალურ და ემოციურ მიდგომას შორის?
ყველა ის კომუნიკაციის ფორმა, რომელიც ორი ადამიანისთვის მისაღებია – ნორმაა, იდეალური წყვილი კი სადისტი და მაზოხისტია. ნორმა პირობითი ცნებაა და უმრავლესობის შეხედულებისამებრ განისაზღვრება, შესაბამისად არამუდმივია. ვერ გამოვყოფ ცალსახად რაციონალური მიდგომის ან ემოციური მიდგომის პლუსს ან მინუსს. ზრდასრული, ჩამოყალიბებული, პასუხისმგებლიანი ადამიანის მთავარი მახასიათებელი – ბალანსია, შესაბამისად, როგორც ყველაფერში, პარტნიორულ თანაცხოვრებაშიც მთავარი მახასიათებელი ჩემი აზრით მიდგომების და ქმედებების ბალანსია.
როგორ ფიქრობთ წყვილის ურთიერთობაში რამდენად სწორია როგორც ემოციური ისე რაციონალური მიდგომა?
პრობლემების თავიდან აცილების გზა არა მიდგომა, არამედ ურთიერთპატივისცემაა ერთმანეთის ღირებულებათა სისტემის, მისწრაფებების, გაცნობა და გაცნობიერებაა. წყვილისთვის კონფლიქტის თავის აცილების გზა, ერთ ენაზე საუბარია.
როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი რაციონალურ და ემოციურ მიდგომას შორის?
მე ასე მესმის – რაციონალური პრაგმატული, ფაქტებზე დაყრდნობით, არგუმენტირებული მსჯელობაა, მასში დიდია კოგნიტური კომპონენტი და სუპერეგოსეული რეკომენდაციები, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია სტაბილური, მომავალზე ორიენტირებული, ნაკლებად მშფოთვარე ცხოვრებისთვის. ემოციური მიდგომა კი ალბათ შინაგანი ინფანტილიზმი, სიმსუბუქე, ბედნიერება და ხალისია, სადაც აქტიურია შინაგანი ბავშვი და შესაბამისად დიდია ცხოვრების ტკბობის ხარისხიც. აქ ნაკლები იქნება პრაგმატული ნაბიჯები და უფრო ჭარბად იქნება იმპულსური, დაუგეგმავი ქმედება – რაც ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაციაში. ამის გარეშე ნებისმიერი ურთიერთობა თითქოს ვალდებულებისა და რუტინის სახეს იღებს. როგორ დავაბალანსოთ? მარტივად ძალიან, ჩვენში სამი ასაკობრივი კატეგორია ცხოვრობს, შუქნიშანივით, შინაგანი ბავშვი, შინაგანი ზრდასრული, შინაგანი მშობელი. როგორც ვთქვით მშობელი – რაციონალურობისკენაა მიდრეკილია, შინაგანი ბავშვი კი ემოციებისკენ. სწორედ ჩვენ ზრდასრულ პოზიციას შეუძლია სიტუაციის შესაბამისად გააქტიუროს შინაგანი ბავშვი, ან მშობელი, რაციონალური ან ემოციური მხარე, უნდა ან მინდა და ა.შ.
რომელი მიდგომა უფრო დამანგრეველია ურთიერთობისათვის და რატომ?
დამანგრეველია ნებისმიერი კომუნიკაცია მაშინ თუ მასში მონაწილე ინდივიდები არ იცნობენ, საკუთარ თავს, სიტყვა “მე შენ მიყვარხარ” იწყება “მე” თუ და თუ ეს მე არ ვიცით ვინაა, არ ვაცნობიერებთ მის სურვილებს და მისწრაფებებს ყოველგვარ ჯანსაღ კომუნიკაციაზე ლაპარაკი ზედმეტია.
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით
ჯანსაღი კომუნიკაციაა, სადაც თითოეულს აქვს პირადი სივრცე და იმის გაცნობიერება, რომ მისი განვითარება, პიროვნული ზრდა და თუნდაც კარიერული წინსვლა ძალიან მისაღები და წახალისებული იქნება პარტნიორისგან. სადაც გავს შეგრძნება რომ ნებისმიერი თემის განხილვისთვის თქვენ ორ შორის მოიძებნება სივრცე და იქნება ნაპოვნი წერტილი, სადაც ჯერდება და იკვეთება თქვენი ხედვა, თუნდაც აბსულუტურად, რადიკალურად განსხვავებულ თემებთან მიმართებაში. ჯანსაღი კომუნიკაცია პატივისცემა და თავისუფლებაა.
მოამზადა ქეთევან კაცელაშვილმა