ქრისტინე კარანაია – ფსიქოლოგი, არტთერაპევტი
ნეიროგრაფიკა ეს არის ცნობიერების ტრანსფორმაციის გრაფიკული მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს პრობლემის არსის ჩამოყალიბებას და მისი გადაჭრის გზების პოვნას, ის საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ პოზიტიური ცვლილება საკუთარი ხელით!
ეს არის ჩვენი რეალობის მართვის შემოქმედებითი და ფაქიზი მეთოდი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნეიროგრააფიკა არის ნეიროლინგვისტური პროგრამირების და არტ-თერაპიის იდეალური სინთეზი, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი ნერვული კავშირები თავის ტვინში, შესაბამისად შეცვალოს აზროვნება და გამოიწვიოს ცხოვრებაში სწრაფი პოზიტიური ცვლილებები.
არაცნობიერისთვის ყველაზე გასაგები ენა – ფერების ენაა. ის, ჩვენს მიზნებს ყველაზე კარგად სურათ-ხატების საშუალებით აღიქვამს, ამიტომ ამ მეთოდის ხშირი გამოყენება გარდა იმისა, რომ გვანთავისუფლებს სტრესისგან, უამრავი ფსიქოლოგიური ბლოკისგან, შევყავართ რესურსულ მდგომარეობაში, ასევე გვეხმარება ჩვენი სურვილების ვიზუალიზაცია მოვახდინოთ.
ხატვისას, საშუალება გვეძლევა უკეთ დავაკვირდეთ და გავაცნობიეროთ საკუთარი ემოციები, მოვუსმინოთ სხეულის ხმას და გავიგოთ ამ ხაზების გავლისას რას მეუბნება სხეული, რა მინიშნებას მაძლევს, რას ვგრძნობ…
ზოგიერთ ჩვენგანს უჭირს საკუთარ ემოციებზე სახელის დარქმევა, მისი სიტყვებით გადმოცემა, ნეიროგრაფიკით მუშაობისას კი, საშულება გვაქვს ჩვენთვის საკვანძო საკითხებზე ვიმუშაოთ ისე, რომ პროცესის ვერბალიზაცია არ გვჭირდება. ის ,საშუალებას გვაძლევს ახალი, სასურველი რეალობის სიმულაცია მოვახდინოთ ჩვენი წარმოსახვისა და სენსორული აპარატის გამოყენებით. რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური ალგორითმის მიხედვით, ჩვენთვის სასურველი რეალობა ტვინში გადადის მხედველობის და სენსორული ფუნქციის გავლით. თვალები აღიქვამს ინფორმაციას, რომელიც ფურცელზე დავიტანეთ, ხელების მოძრაობა კი პოზიტიურ ცვლილებებს წერს ტვინში, ახალი ნერვული კავშირების შექმნის პროვოცირებას ახდენს. თავის ტვინის მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მედიტაციის ყველა პრაქტიკა, რომელიც ხელების ჩართულობას საჭიროებს, უფრო ეფექტურია, ვიდრე საკუთარ თავთან მუშაობის პასიური პრაქტიკა.
ნეიროგრაფიკაში გამოყენებული ფიგურები, რომელიც უმეტესწილად წრე და დაკლაკნილი ხაზებია, გვეხმარება ჩვენი ოცნებები და მიზნები გავხადოთ ობიექტური, ხელშესახები, მიმზიდველი, რაც მასთან დაახლოვების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.
წრე არის სრულყოფილების, ჰარმონიულობის ამსახველი ფიგურა, მკვეთრი კუთხეების გარეშე. მზე და დედამიწა ასოცირდება წრესთან, სხვადასხვა ხალხში წრე იგივდება ამულეტისა და დაცვის სიმბოლოსთან.
დაკლაკნილი ხაზები, კი რომლებსაც ვავლებთ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჩვენი ენერგიაა, ჩვენი ძალა და უნარები.
აუცილებელია, ნახატზე არსებული ყველა კუთხე მოვამრგვალოთ, რადგან კუთხეები ჩვენს შინაგან კონფლიქტებს და ბლოკებს ასახავენ, მომრგვალებით კი მათი ერთგვარი შერბილება ხდება.
ნეიროგრაფიკა, გარდა იმისა, რომ ჩვენი მიზნების ილუსტრირებაში გვეხმარება, დაძაბულობის და ბრაზის განეიტრალების საუკეთესო საშუალებაცაა.
გაგიზიარებთ ბრაზის დაძლევის მარტივ ინსტრუქციას, რომელიც დაგვეხმარება, საკუთარი ნეგატიური ემოციები შევარბილოთ და რესურსად ვაქციოთ.
დაგვჭირდება:
- ა4 ფორმატის ქაღალდი
- ნებისმიერი, თქვენთვის მიმზიდველი ფერის ფანქარი ან უბრალოდ კალამი.
დავალება:
დახუჭეთ თვალები, გაიხსენეთ სიტუაცია, რომელმაც გაგაბრაზათ, დაუკვირდით საკუთარ ემოციებს, რას გრძნობთ, როგორია თქვენი დისკომფორტი, ახლა აიღეთ თაბახის ფურცელი და ძლიერად დაკუჭეთ ის. შემდეგ გაშალეთ დაკუჭული ფურცელი და დაუკვირდით მას, ის ხაზები, რომელიც ქაღალდს გაუჩნდა, თქვენი ბრაზია, თქვენი მრისხანება. ახლა დაფიქრდით თქვენთვის სასურველ რეალობაზე, როგორია ის, რას გინდათ ამ ბრაზის ნაცვლად გრძნობდეთ, რა გინდათ მოხდეს და ეს სურვილი, თქვენთვის სასურველი ფერით, თქვენთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილას გამოსახეთ წრის სახით. ამის შემდეგ, შეარჩიეთ თქვენთვის მიმზიდველი ფერები და გააფერადეთ ფურცელზე გაჩენილი ბზარები, დახატეთ კლაკნილი ხაზები, რომლებიც გაივლის წრეს, შეეცადეთ სიმშვიდის წრეში დააბრუნოთ ბალანსის მდგომარეობა. სასურველი ფერების დამატებით თქვენ ყურადღების ცენტრში აქცევთ და კონცენტრირებას აკეთებთ თქვენთვის სასურველ რეალობაზე. ნახატი აფერადეთ მანამ, სანამ არ გახდება თქვენთვის ძალიან მიმზიდველი, სასიამოვნო, ხოლო როცა მას შეხედავთ, იგრძნობთ სიმშვიდეს, მოდუნებას.