ქართველი ფსიქოლოგები

თეონა ნაჭყებია – “საშინაო დავალება” I ნაწილი

თეონა ნაჭყებია – სუპერვიზირებული პრაქტიკოსი  გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ფსიქოკონსულტანტი, Mindfulness პრაქტიკოსი, სერტიფიცირებული TOT ტრენერიამ

სათაურის იდეა ერთ-ერთ ფილოსოფიურ გვერდზე დადებული სტატიების გაცნობის შედეგად გაჩნდა, სადაც ფილოსოფოსების აზრთა უნიჭო ინტერპრეტაციები ძველ, მოწყენილად მომზირალ ძირმოქცეულ, მოჯღანულ ფეხსაცმელებს მივამსგავსე. ტექსტების შინაარსებმა საშინაო დავალებების ფორმატი მომაგონა.

როდესაც სტატიის დაწერა შემომთავაზეს, კომპიუტერის ეკრანზე სხვა სათაურით, სხვა შინაარსის მქონე ტექსტი ავკრიფე. წერის პროცესში, რაღაც მომენტში, გაჩნდა კითხვა: სჭირდება ახლა, ამ მოცემულ სიტუაციაში ადამიანს ვრცელი ტექსტი, რომელიც ეხება ცოდნას, ფიქრს, არსებობის შესაძლებლობებს, ყოფიერ ცხოვრებას, შინაგან ეკოლოგიურობას, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიას? სოციალურ სივრცეში (ახლა განსაკუთრებით) თვალშისაცემია ისეთი სტატიების სიუხვე, რომელთა ავთენტურობა ადამიანში ეჭვსა და უნდობლობას, ხოლო ხარისხი, ერთგვარ ინფორმაციულ მოუნელობლობას იწვევს. ეს იმ ავტორთა შემოქმედებითი აქტივობის დამსახურებაა, რომელთა აზროვნებისა და ფიქრის კონსტრუქციებმა,  უაღრესად დაძაბული არსებული ველის გამო ამგვარად დაიწყო ფუნქციონირება. მართალია, ჯერ კიდევ შორია ჭეშმარიტი სიღრმის წვდომამდე, მაგრამ ფაქტია, რომ სიღრმისეული აზროვნების მოთხოვნილება გაჩნდა.

ახლა, საინტერესო პროცესის მომსწრე ვხდებით. საუბარია ფსევდო, ე.წ პოპ-ფილოსოფიისა და პოპ-ფსიქოლოგის სეგმენტის გააქტიურებაზე, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ზემოთნახსენებ მეცნიერებებთან. უფრო გასაგები რომ იყოს, ვსაუბრობ ცოტატებადქცეულ, კონტექსტ დაკარგულ, სრულიად გაპაპსებული ჰეგელის, კანტის, ფროიდის, ლაკანის, არისტოტელეს, მერაბ მამარდაშვილის აზრების წაღმა-უკუღმა ტრიალზე. ვიღაც, ბავშვური მიამიტობით იკითხავს: “ხომ შეიძლება ამგვარმა “მარკეტინგულმა” ხრიკმა, სერიოზული მეცნიერებების მიმართ ღრმა ინტერესი გამოიწვიოს?” დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს “ინტერესი” – ორიგინალი ტექსტის კითხვის პროცესი პირველ 10 და მომდევნო 3-4 გვერდს ვერ გაცდება.

დავუბრუნდები დასაწყისს.
ამ ეტაპზე, დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს სოციალურ სივრცეს, სადაც საუკეთესოდ ირეკლება ადამიანის შინაგანი, ფსიქო-ემოციური მდგომარეობები და მოთხოვნილებები. სოციალური ველი ის განზომილებაა, სადაც ადამიანის პროექციული შინაარსების მანიფესტირება ხდება. კომენტარების და პოსტების შინაარსებში საინტერესოდ ხორციელდება პროექციების ბუნების გახსნა. გასაგებად რომ ვთქვა, მე ვხედავ სარკეს, მასში არეკლილ ჩემსა და სხვა ადამიანის შინაგან პროცესებს, რომელებიც დეფიციტებს, ღელვასა და შფოთვას, სიხარულს, ბედნიერებას, აუხდენელ ოცნებებს, “ვინ მინდა ვიყო”-ს შინაარსებს გადმოსცემენ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამდენი რჩევა-დარიგების, შეგონებების, პოსტების, ლაივ ჩართვების შედეგად შფოთვისა და სტრესის “დაძლევის” მეთოდები დასწავლილია!! მაგრამ, საინტერესო არის არა ის კატეგორია, ვისთვისაც “სამაშველო ღონისძიება” კეთდება, არამედ “დამრიგებლის”, “მხსნელის” ფიგურა, რომელიც აღტკინებული შეუერთდა სხვისი “გადარჩენის” იდეით შეპყრობილ აღზნებულთა არმიას (რომელთა რიგები ნელ ნელა თხელდება და ამის მიზეზებზე, ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებ). აქ რეფლექსიის პრობლემასთან მოვდივართ შეხებაში, რაც პროფესიული თვალსაზრისით, აუცილებლად განსავითარებელი უნარია (ვგულისხმობ საკუთარი მოთხოვნილებებისა და სხვისი მოთხოვნილებების გამიჯვნის საკითხს). ახლა, გონებრივი სეპარაცია-ფილტრაცია (რა გავაზიარო და რა არა, რა მოვიმოქმედო და რა არა) მინიმუმამდეა დაყვანილი. შინაგანი ემოციური პასაჟები, რომლებიც პოსტებსა და კომენტარებში ირეკლება, უმეტესწილად ნატურალური, ჭეშმარიტი ბუნებისაა.
ყოველივე ეს, ვიღაცის შველას, დამოძღვრას, პოპ-ფილოსოფიას, პოპ-ფსიქოლოგიას, სამზარეულოში შექმნილ “შედევრებს” და წარსულში გადაღებული ფოტოების გაზიარებას უკავშირდება.
არ მინდა ისედაც დაღლილი მკითხველი კიდევ უფრო დავღალო და დასასრულს მინდა შევეხო დღევანდელ ადამიანში არსებულ შინაგან იმ დიდ სიცარიელეს, რომლის არსებობის ცნობიერი აღმოჩენა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, რადგან გაჩნდა ახალი ფასეულობებისა და ღირებულებების შექმნის შანსი ისეთი არსებობის შესახებ, რომელიც ჩვენივე არსების განმსაზღვრელია.
ეს იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, ადამიანი შეძლებს ფიქრს და გამოავლენს სიმამაცეს, რაც არჩევანის გაკეთებისთვის საიმედო საძირკველია.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81