სალომე გოგელია – ფსიქოლოგი, გეშტალტპრაქტიკოსი
ყველა ადამიანი თავის ისტორიას ჰქმნის, იმ სამყაროს, რომელიც უნიკალურია და არავისას ჰგავს.
ხშირად მიფიქრია, რას ვაკეთებ მე, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი…ჰოდა პირველი ფიქრი რაც მოვიდა სიყვარულია! ხო, ნამდვილად! სიყვარული, რადგან ადამიანი ამ გრძნობის გარეშე ღარიბია და საწყალი, კიდევ რწმენა, სიკეთის კეთების სურვილი.
ჩემთვის მთავარი ცხოვრებაში პიროვნული ღირსების შეგრძნებაა, თუ ადამიანს ღირსების გრძნობა არ გააჩნია და არაფრად აგდებს საკუთარ თავს, ხშირად არც არავინ სცემს მას პატივს.
როცა პიროვნებები არსებობენ საზოგადოება ღირსეულია. მე ასეთ ოჯახში დავიბადე, ბაბუაჩემის წყლისფერ თვალებში ბავშვობიდან სიკეთეს და სიყვარულს ვხედავდი. როცა ამას ვწერ, გული მადლიერებით მევსება.
სიყვარული ძალაა, რომ იცხოვრო. სიყვარული ბადებს ადამიანს, ის სულის სიმშვიდეა. როგორია გულწრფელი სიყვარული? მიზეზ გარეშე, თორემ ვაიდა ის მიზეზი გაქრა მერე სად მიდიხარ? არ ეცადო და არ შეცვალო, მაინც არ გამოგივა, შენი მოლოდინები კი იმედგაცრუებულს დაგტოვებენ. აქ მარტო ქალ-ვაჟურ სიყვარულზე არ ვლაპარაკობ. ხან მშობლებს უნდათ შვილების გადაკეთ-გადმოკეთება, ხან მეგობრებს ერთმანეთის, მათ, ვინც სხვის ცხოვრებაში პროფესორები არიან. ჰოდა, რა იქნება თვითრეფლექსიას მივმართოთ?!
ჩემი პროფესიის არჩევაც პირდაპირ კავშირშია ჩემს ღირებულებებთან. მე მიყვარს ადამიანები. შესაძლებელია ყველა გვიყვარდეს? რა თქმა უნდა არა! კარგი, მაგრამ ხომ შემიძლია მოვუსმინო და მივიღო უბრალოდ ისეთი, როგორიც არის… ჰო, ეს შესაძლებელი მეჩვენება. რა მოხდება თუ ცნობისმოყვარეობას გამოვიჩენთ განსჯის ნაცვლად?! რთულია მოუსმინო ადამიანს? თუ გაინტერესებს, აუცილებლად შეძლებ!
წარმოიდგინე, მე ჩემი სამყაროთი და შენ-შენით, ვქმნით ახალს. მე ჩემსას გიზიარებ, შენ კი- შენსას. ჩემი თვალები, ყურები გაფაციცებით აკვირდებიან და ისმენენ რა ხდება შენს სამყაროში. ვცდილობ წარმოვიდგინო, შევძლო შევიგრძნო რას განიცდი ნეტავ?! განა ჩემი თავი მავიწყდება?! გულმოდგინედ ვაკვირდები რა ხდება ჩემში, რომ შევძლო შენთან ერთად ყოფნა. შემდეგ აუცილებლად მადლობას გადაგიხდი ჩემი სამყაროს კიდევ უფრო გამდიდრებისთვის. და თუკი შევძელი შენი დახმარება, მაგასაც ვიგრძნობ, ჰოდა, რა შეედრება ნეტავ მაგ გრძნობას… ესეც სიკეთის კეთებაა, რომელსაც ყვირილი არ სჭირდება. ჭკუას არ გასწავლი, ჩემსას გიზიარებ. დარწმუნებული იყავი, აუცილებლად გეტყვიან ერთხელ ისე, როგორც მე მითხრეს- “დაწერე იმ გოგოზე, რომელზეც უამრავი ადამიანის წარმატება დგას”.
ამიტომ მიყვარს სიცოცხლე ასე ძალიან.