საბინა შპილრეინი – მივიწყებული ფსიქოანალიტიკოსი და კარლ იუნგის ფარული მუზა

0

საბინა შპილრეინის საიდუმლოებებით მოცული ისტორია დიდი ხანია იქცა ვნებათაღელვის საგნად. ის ერთ-ერთი პირველი ქალია, ვინც ფსიქოანალიტიკოსთა პატრიარქალურ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი კონცეფციების ავტორობით დაიმკვირდა სახელი. ფსიქოლოგიის შესწავლით დაინტერესებას წინ უძღვოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ფსიქოტური ისტერიის დიაგნოზით მოხვედრა და ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებლის, კარლ იუნგის გაცნობა. შპილრეინის კვლევებმა და იდეებმა უდიდესი გავლენა მოახდინა იუნგისა და ფროიდის თეორიულ სისტემებზე. საბინას ცხოვრება და მოღვაწეობა ბევრი სირთულით იყო სავსე –  დაწყებული ებრაული წარმოშობიდან, დამთავრებული აკრძალული სასიყვარულო ურთიერთობით კარლ იუნგთან. მკვლევარები თანხმდებიან, რომ საბინა შპილრეინის წვლილი ფსიქოანალიტიკური მიმდინარეობის ფორმირებაში ჯერ კიდევ არაა სათანადოდ შეფასებული.

მცირე ბიოგრაფიული მონაცემები:

საბინა შპილრეინი დაიბადა 1885 წლის 7 ნოემბერს, დონის როსტოვში, რუსეთში. იზრდებოდა მდიდარი ებრაელი ვაჭრის ოჯახში. საბინას მშობლები აღზრდისას მკაცრ დისციპლინას იცავდნენ. წყაროებში, შპილრეინების მამა მოხსენიებულია როგორიც ტირანი – რაც შეეხება დედას, იგი ხშირად სცემა და სასტიკად უსწორდებოდა შვილებს. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა განათლების საკითხს. საბინა პატარაობიდანვე გამართულად საუბრობდა რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.

იუნგის წერილები საბინაზე:

1904 წელს, 19 წლის საბინა შპილრეინი ციურიხის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება, ისტერიის დიაგნოზით. პათოლოგიური სინდრომი გაამწვავა საბინას 6 წლის დის ტიფით გარდაცვალების ფაქტმა. შპილრეინის მდგომარეობით ინტერესდება კარლ იუნგი. საბინას შემთხვევის საფუძვლიანად კვლევისას ის აღმოაჩენს, რომ საქმე აქვს სიმპტომთა მეტად სპეციფიკურ კომბინაციასთან. იუნგი პაციენტს ახასიათებს როგორც ძალიან მგრძნობიარეს, ემოციურად გაუწონასწორებელს – სტერეოტიპული მოტორული გამოვლინებებით.  შპილრეინის მკურნალობამ ერთ წელს გასტანა, მან კლინიკა 1905 წელს დატოვა.

აღსანიშნავია, რომ იუნგისა და ფროიდის ურთიერთობის დაწყების აქტუალური წინაპირობა სწორედ შპილრეინის შემთხვევის განსაკუთრებულობა აღმოჩნდა. კარლ იუნგი დიდი ხნის მანძილზე სწავლობდა ფროიდის მკურნალობის ტექნიკას და არ მალავდა აღტაცებას მისი იდეების მიმართ. ამას ადასტურებს ისიც, რომ მათ მიდგომებსა და შეხედულებებში ბევრი საერთო აქცენტი იკვეთება. 1906 წელს კარლ იუნგი წერილს უგზავნის გავლენიან ფსიქოანალიტიკოსს. ის აღწერს ერთი რუსი  ქალის განსაკუთრებულად უცნაურ შემთხვას და მოიხსენიებს, როგორც გამოწვევას. იუნგსა და ფროიდს შორის მიმოწერა რეგულარული ხასიათის ხდება, წერილების უმრავლესობაში ნახსენებია საბინა შპილრეინი. მათ კოლეგიალურ კეთილგანწყობას მალევე მოსდევს მეგობრული ურთიერთობა. ცნობილია, რომ იუნგი საკუთარ წერილებში თამამად საუბრობს საბინასთან დაკავშირებულ პირად საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც მას  შპილრეინთან ახლო ურთიერთობამ მოუტანა. იმ დროისათვის ის დაქორწინებულია ავტორიტეტულ შვეიცარიელ ანალიტიკოსზე, ემა იუნგზე, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მეუღლის იდეების პოპულარიზაციაზე ფსიქოანალიტიკოსთა საზოგადოებაში.

“შპილრეინია ის ადამიანი, ვისზეც გწერ ხოლმე. ის სისტემატურად ცდილობდა ჩემს ცდუნებას, რაც, ცხადია, სრულიად უადგილოდ მიმაჩნდა. ახლა ამის გამო უნდა სამაგიერო გადამიხადოს. ცოტა ხნის წინ ჭორების გავრცელება დაიწყო, თითქოს ვაპირებ ცოლს გავეყარო და ახალგაზრდა სტუდენტი შევირთო. ამან ჩემს კოლეგებს შორის მღელვარება გამოიწვია.’’ – ფრაგმენტი ფროიდისთვის მიწერილი წერილიდან, 1909 წლის 4 ივლისი.

 ფარული სასიყვარულო კავშირი

“ფერფლად ან ნახშირად ქცევაც კი ვერ შეედრება ფარული სიყვარულით წვის სიმხურვალეს, სიყვარულის – რომელზეც არავინ უნდა იცოდეს’’– საბინას პირადი დღიურიდან, 1912 წელი, 22 თებერვალი.

 შპილრეინი ხდება იუნგის ასისტენტი, ფსიქოანალიტიკოსის რეკომენდაციის ირიცხება მედიცინის ფაკულტეტზე, სადაც იწყებს ფსიქიატრიის შესწავლას. დღეს ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ შპილრეინისა და იუნგის პროფესიული თანამშრომლობის მიღმა ამაღელვებელი რომანტიკული ურთიერთობა იმალება. ამ ვარაუდის საფუძველს აჩენს ერთმანეთისთვის მიძღვნილი წერილების შინაარსი და თავად, საბინას მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები.

საბინა შპილრეინისა და კარლ იუნგის მიმოწერა ცხადად გამოხატავს ღრმა ემოციურ და ინტელექტუალურ კავშირს.’’

ისტორიკოსი და ფსიქოანალიტიკოსი პიტერ ლოუნბერგი აღნიშნავს, რომ იუნგის ინტიმური ურთიერთობა ყოფილ პაციენტთან და მოსწავლესთან ყოვლად სცდებოდა პროფესიული ეთიკის სტანდარტებს. მისივე რწმუნებით, სწორედ ამ სკანდალური შემთხვევის გასაჯაროების გამო გახდა იძულებული იუნგი – დაეტოვებინა ციურიხის კლინიკა.

1911 წელს, საბინა შპილრეინმა სწავლა დაასრულა მედიცინის ფაკულტეტზე და ინდივიდუალურ პრაქტიკას შეუდგა. ამ პერიოდში იგი სასიყვარულო ურთიერთობას აგრძელებს კარლ იუნგთან. ცნობილია, რომ მათმა ხანძლივმა კავშირმა რამდენიმე წელს გასტანა, იქამდე სანამ იუნგმა საბოლოოდ არ გადაწყვიტა შპილრეინისგან წასვლა, რათა საკუთარი პროფესიული რეპუტაცია გადაერჩინა. ამავე წელს საბინა ავსტრიაში მიემგაზვრება და ვენის ფსიქოანალიტიკოსთა ასოციაციას უერთდება. 1912 წელს იგი ქორწინდება რუს თერაპევტზე და მალევე ხდება ორი ქალიშვილის დედა. იმის მიუხედავად, რომ ქორწინების სიმტკიცე ქმრის ღალატმა შეარყია, შპილრეინმა ოჯახის შენარჩუნება გადაწყვიტა. გერმანიასა და შვეიცარიაში საფუძვლიანი მუშაობის შემდეგ, ბრუნდება სამშობლოში და გადამწყვეტ როლს ასრულებს რუსეთში ფსიქოანალიზის დამკვიდრების პროცესში. 30-იან წლებში საბინა ქვრივდება, მისი სამი ძმა კი სტალინის სისხლიანი რეპრესიების მსხვერპლი ხდება. 1942 წელს დონის როსტოვს გერმანელთა ჯარი იკავებს, ოკუპანტები ებრაელთა მასობრივ ხოცვას აწყობენ. ამავე წლის ზაფხულის მიწურულს საბინა, თავის ქალიშვილებთან ერთად, გერმანელთა სასტიკ მკვლელობათა სერიას ეწირება.

შპილრეინი და ფსიქოანალიზი

საბინას გავლენა უზარმაზარია იუნგის შეხედულებებისა და ანალიზური ტექნიკის ფორმირებაში, თუმცა ეს, მის მიერ ფსიქოანალიზის განვითარებაში შეტანილი წვლილის მხოლოდ მცირე ნაწილია. შპილრეინი პირველია, ვინც სიკვდილის ინსტინქტის იდეა დაამკვიდრა – კონცეფცია, რომელიც შემდგომში ფროიდის მიერ იქნა გამოყენებული. შპილრეინის წვლილი ფსიქოანალიტიკური სისტემების ფორმირებაში არ არის საკმარისად დაფასებული, მას 30-მდე საავტორო ნაშრომი აქვს შექმნილი ფრანგულ და გერმანულ ენებზე, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არაა ცნობილი საზოგადოებისთვის.

“ საბინა შპილრეინი ცხოვრების მანძილზე არაერთი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა, ერთი მხრივ ის იყო ქალი მამაკაცთა გარემოცვაში, მეორე მხრივ კი – ებრაელი, რომელიც ცხოვრობდა ეპოქაში, სადაც ძალადობრივი ანტისემიტიზმი ბატონობდა.’’ – წერს კარენ ჰოლი, Jewish Women’s Archive.

საბინა შპილრეინის ამაღელვებელი და ტრაგიკული ცხოვრება არაერთი მწერლისა და რეჟისორის შთაგონების წყაროდ იქცა:

წიგნი: საიდუმლო სიმეტირა – საბინა შპილრეინი ფროიდსა და იუნგს შორის, ავტორი: ალდო კარუტენუტო, 1982

წიგნი: ყველაზე სახიფათო მეთოდი, ავტორი: ჯონ ქერი, 1993

დოკუმენტური ფილმი: Ich hieß Sabina Spielrein /მე მერქვა საბინა შპილრეინი, 2002

პიესა: მოლაპარაკე წამალი, რეჟისორი: კრისტოფერ ჰამტონი, 2003

პუბლიცისტური ნაშრომი: საბინა შპილრეინი – ფსიქოანალიზის მივიწყებული პიონერი, 2003. გამოყენებულია მასალა საბინას დღიურიდან და იუნგისადმი მიძღვნილი წერილებიდან.

მხატვრული ფილმი: სახიფათო მეთოდი, რეჟისორი: დევიდ კრონენბერგი, 2011.

 

მოამზადა მაგდა ლომაიამ

 

 

 

 

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81