ეკა ნინოშვილი – დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო–საკონსულტაციო ცენტრის ტრენერი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი
ხშირად რთულია აგრესიის ფორმების და გამოვლენის მრავალფეროვნების გამო მისი ზუსტი დეფინიცია, ამიტომ, პირველ რიგში, საინტერესოა თქვენ როგორ განმარტავდით მას?
ემოციის ფსიქოლოგიაში აგრესიის სხვადასხვა განმარტება არსებობს. ძირითადად, მიიჩნევა, რომ აგრესია არის მიზანმიმართული ქმედება, ზიანი მოუტანოს სხვას ან საკუთარ თავს. თუმცა, მარტო ეს განმარტება აგრესიულ ქცევასთან მიმართებაში არ არის ამომწურავი, გამომდინარე იქიდან, რომ აგრესიულ ქცევას შეიძლება ჰქონდეს სხვა ფუნქციაც. მაგალითად, თვითგადარჩენის ან თავდაცვის ფუნქცია. ამ შემთხვევაში, სულაც არ არის აუცილებელი აგრესიული ქცევა, როგორც მიზანმიმართული ზიანის მომტანი ქმედება -ასე განვიხილოთ.
აგრესიულ ქცევაზე საუბრისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მის საფუძველს წარმოადგენს ბრაზის ემოცია, რომელიც ერთ-ერთი ბაზისური ემოციაა და აქედან გამომდინარე ადამიანი, რომელიც შეიძლება ამ ემოციას განიცდიდეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მდგომარეობის მქონე. თუმცა, როდესაც ემოციებზე ვსაუბრობთ არ შეიძლება უგულვებელვყოთ მათი ისეთი თვისებები, როგორიცაა ინტენსივობა, სიხშირე და ხანგრძლივობა.
როცა ემოცია არის ძალიან ინტენსიური, ვლინდება ზედმეტად ხშირად და ხანგრძლივად, ამ შემთხვევაში, ის შეიძლება გარემოსთან ურთიერთობაში ხელისშემშლელი გახდეს და განვიხილოთ, როგორც არასასურველი. ამ დროს საჭირო ხდება ვიმუშავოთ მის რეგულაციაზე. მაგრამ, თუ ემოცია ადეკვატურ სიტუაციაში ადეკვატური ფორმით ვლინდება, მაშინ შეიძლება მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი ემოცია, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ემოციური მდგომარეობები.
რა ასაკში ვლინდება აგრესია და რა შემთხვევაში უყალიბდება ბავშვს აგრესიის გამომხატველი ქცევა ჩვევად?
ბავშვების ემოციურ განვითარებზე დაკვირვების შედეგად ფსიქოლოგებმა ნახეს, რომ უკვე 2-3 თვის ასაკის ჩვილებში ვლინდება გარკვეული ემოციები, როგორიცაა მაგ: სიხარულის და წუხილის ემოცია. თავიდან ეს არის დიფუზიურად მოცემული, მაგრამ შემდეგ განვითარებასთან ერთად ხდება ამ ემოციების დიფერენცირება და სხვადასხვა კონკრეტულ ემოციებად ფორმირება. დაახლოებით ორი წლის ასაკის ბავშვებში უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი ემოციების სპექტრს ვხვდებით როგორიცაა სიხარული, ბრაზი, ეჭვიანობა, სირცხვილი და ა.შ. თუმცა, ბრაზის ემოცია განიხილება როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური ემოცია.
რა იწვევს ბავშვებში აგრესიულ ქცევას? და რა ფორმით ვლინდება ის?
ყველა ქცევას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი, როდესაც აგრესიულ ქცევაზე ვსაუბრობთ, მას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს ზრდასრულებმა უნდა ვიცოდეთ აგრესიული ქცევის გაგება და ახსნა. ძალიან მნიშვნელოვანია იმ სიტუაციაზე დაკვირვება, რა იწვევს აგრესიულ ქცევას ბავშვში. მიზეზი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, მე რამდენიმეს გავუსვამ ხაზს. ბავშვები აგრესიულ ქცევას მიმართავენ მაშინ, როდესაც ვერ მიიღეს რაღაც და სურთ რომ მიაღწიონ სასურველ შედეგს ან დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნილება. მას შეიძლება კომუნიკატორული ფუნქცია ჰქონდეს ანუ ამ ქცევით ბავშვი რაღაცას ეუბნებოდეს ზრდასრულს. ასევე ბავშვები აგრესიულ ქცევას მიმართავდნენ ყურადღების მიქცევის ან თვითდამკვიდრების მიზნით. მაგალითად , როცა სურთ საკუთარი უპირატესობა დაანახონ თანატოლებს. აგრესია შეიძლება გამოიწვიოს გადაღლამ და ა.შ.
აგრესიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზად შეიძლება დავასახელოთ აღზრდის სტილი. ავტორიტარული აღზრდის დროს, როდესაც ბავშვს მუდმივად მბრძანებლური ტონით მიმართავენ და ბავშვის ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებენ, ბავშვში ჩნდება აგრესია ,რომელიც პირდაპირი ფორმით შეიძლება ვერ გამოხატოს, მაგრამ ეს ენერგია წარმართოს ირიბად და გამოვლინდეს სხვა სიტუაციაში მაგ: თანატოლებთან. ან ლიბერალური აღზრდის დროს, როდესაც ბავშვი მიჩვეულია ყველაფრის უპირობოდ მიღებას, ახასიათებს იმპულსური ქცევები და განსხვავებულ სიტუაციაში, როდესაც მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას საფრთხე ექმნება და ფრუსტრირდება, შეიძლება გამოვლინდეს აგრესიული ქცევა.
რაც შეეხება გამოხატვის ფორმებს, ძალიან მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი და ირიბი, ფიზიკური ან ვერბალური აგრესია, საკუთარ თავზე მიმართული ანუ ავტოაგრესია და სხვა. გამოცდილებასა და განვითარებასთან ერთად ბავშვთან აგრესიის გამოხატვის ფორმები თანდათანობით იცვლება.
ბავშვის აგრესიის ჩასახშობად მშობლები ხშირად დასჯის მეთოდს მიმართავენ. რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ მიდგომამ?
პირველი, რასაც ვიტყოდი , როდესაც ბავშვი აგრესიულად იქცევა ზრდასრულების მხრიდან ერთ-ერთი არასწორი რეაგირების ფორმა მისი ჩახშობის მცდელობაა. შეიძლება გაუკვირდეთ, როგორ, აბა მივცე საშუალება რომ დაამტვრიოს, დაარტყას და ა.შ. რა თქმა უნდა არა. უფროსმა უნდა შექმნას უსაფრთხო გარემო, რომ ზიანი არ მიადგეს თვითონ ბავშვს ან გარშემომყოფებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ვაიძულოთ ბავშვი რომ გაჩუმდეს და დათრგუნოს საკუთარი ემოცია. ასევე არასწორი რეაგირების ფორმაა აგრესიით პასუხი.
ამ დროს მნიშვნელოვანია ზრდასრულმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და ბავშვსაც დაეხმაროს დამშვიდებაში, ემოციის გარეთ გამოტანაში. ბავშვთან უნდა მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება, მაგალითად გამოყენებულ იქნას ე.წ ყვირილის ყუთი, სადაც გაბრაზებული ბავშვი მთელი ძალით ჩაჰყვირებს, ბალიში ან ე.წ ,,მსხალი“(გრუშა),რომელზეც წავა და მუშტებს ურტყავს, შესაძლოა მშობელმა შესთავაზოს ხატვა მაგ: ბავშვმა შეარჩიოს ბრაზის ფერი და დახატოს ფურცელზე,( შეიძლება უბრალოდ ჯღაბვნაც), მთავარია ეს ემოცია ფანქრის მეშვეობით ფურცელზე გადმოიტანოს, არსებობს სუნთქვის რეგულაციის სავარჯოშოები და სხვა. ბავშვმა უნდა შეძლოს ენერგიის გარეთ გამოტანა, რადგან ჩახშობილი ენერგია, რომელიც იბლოკება, სადღაც, სხვა ფორმით აუცილებლად გამოვლინდება. ბავშვმა თუ ვერ შეძლო საკუთარი ბრაზის გამოხატვა, დროთა განმავლობაში ამ დაგროვილმა ენერგიამ შეიძლება სომატური ჩივილების სახით იჩინოს თავი.
რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მართონ ბავშვის აგრესიული ქცევა?
ამ დროს მშობლებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვა-როდესაც ვბრაზობ, მე რა ფორმით გამოვხატავ გაბრაზებას, რადგან ბავშვი ემოციების გამოხატვის ფორმებს იმ გარემოდან სწავლობს, რომელშიც ფორმირდება და ხშირად მშობლისგან გადააქვს ქცევები. ბავშვები ხომ მოდელირების გზით სწავლობენ. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებებიც.
მშობელი უნდა დააკვირდეს , როცა დიდი სიხშირით და ინტენსივობით ავლენს ბავშვი აგრესიულ ქცევას, ხელისშემშლელი ხდება ბავშვის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის , როცა საკუთარი ძალებით ვეღარ არეგულირებს მას, აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. სასურველია ქცევით თერაპევტს, რომელიც მშობლებთან ერთად ჩაერთვება პროცესში, სიტუაციურად შეისწავლის ქცევას და ინდივიდუალურად მისცემს საჭირო რჩევებს.
სასურველია მშობლებმა შვილებთან ისაუბრონ საკუთარი ემოციური მდგომარეობების შესახებ, რას განიცდიან, როგორ გრძნობენ თავს და სხვა. ამ გზით ბავშვები სწავლობენ საკუთარი ემოციების ვერბალურად გამოხატვას რაც თავისთავად ხელს უწყობს ადამიანებთან ეფექტიან ურთიერთობასა და ემოციების გაზიარებას.
აგრესიაზე საუბრისას ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთან ემპათიის (თანაგანცდის) და კომუნიკაციურ უნარებზე მუშაობა. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ემპათიასა და აგრესიას შორის პირდაპირი კორელაციური კავშირია. რაც უფრო კარგად შეუძლია ბავშვს სხვისი ემოციების გაგება, მიღება და საკუთარის სიტყვიერად გამოხატვა, მით უფრო ნაკლებად მიმართავს აგრესიულ ქცევებს.
მოამზადა მარიამ ბუჩუკურმა