„ადამიანი ჰგავს ყველა, ზოგიერთ და არცერთ ადამიანს.“
ამერიკელი ფსიქოლოგი ჰენრი მარეი ამ აბსოლუტურად გენიალური ფრაზით ახერხებს „გააშიშვლოს“ ადამიანის პიროვნების ჭეშმარიტი არსი. მართლაც, ჩვენ, როგორც ადამიანის სახეობის წევრები საერთო ნიშნებით ვგავართ ყველა სხვა წევრს. პიროვნების ფსიქოლოგიის ჭრილში კი ვგავართ მხოლოდ იმ ზოგიერთ ადამიანს, ვისთანაც საერთო ფსიქოტიპი გვაერთიანებს. ხოლო როგორც ინდივიდები, ჩვენი უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილებებითა და სამყაროს ხედვით, არ ვგავართ არცერთ სხვას. როგორც წესი, როცა ფსიქოთერაპევტს მივმართავთ ნებისმიერი ფსიქოლოგიური პრობლემით, იქნება ეს დეპრესია, შფოთვითი აშლილობა თუ ფობია, ფსიქოლოგი მიზეზს სწორედ იქ ეძებს, სადაც კლიენტი „არ ჰგავს არც ერთ სხვას“, ანუ სადაც ცხოვრობს ჩვენი უნიკალური ნაწილი. ყველა ტკივილი, სიხარული, სევდა თუ აღტაცება, რომელიც განვიცადეთ შეუძლებელია იდენტურად იყოს განცდილი სხვის მიერ, რადგან მისი აღქმა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენეულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ და ჩვენი პრობლემის გამომწვევ მიზეზებს ძალიან მნიშვნელოვანი რამ – უნიკალურობა, გვაერთიანებს, ეს კი განსაკუთრებით კარგად იციან პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდით მომუშავე პრაქტიკოსებმა.
პოზიტიური ფსიქოთერაპია (Positive Psychotherapy, PPT), რომლის ფუძემდებლადაც წარმოშობით ირანელი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ფიზიოლოგი ნოსსრატ პეზეშკიანი მიიჩნევა, ერთ-ერთი თანამედროვე ფსიქოთერაპიული მიდგომაა, რომელიც შეიძლება ითქვას, ჰუმანისტური და ფსიქოდინამიკური მიმდინარეობების ფესვებზე დგას.
ამ მიდგომის უნიკალურობას მისი ტრანსკულტურული ბუნება განსაზღვრავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი კულტურის წარმომადგენლისთვის PPT ეფექტურ ფსიქოთერაპიულ მიდგომას წარმოადგენს, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ყველა ადამიანი თავისი არსით არის კარგი და დაბადებიდანვე ატარებს უზარმაზარ პოტენციალს.
ყოველივე ზემოხსენებულიდან ნათელია, რომ PPT-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაეხმაროს კლიენტს იმ ფიზიკური, ემოციური, სულიერი თუ კოგნიტური რესურსების აღმოჩენასა და განვითარებაში, რომელიც გაცნობიერებული არ აქვს. ეს უკანასკნელი კი უტყუარი წინაპირობაა იმ შინაგანი ბალანსის მიღწევისა, რომელიც ამ მიდგომის ცენტრალურ ბირთვს წარმოადგენს.
პეზეშკიანის აზრით, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნისთვის აუცილებელია ჩვენი ცხოვრების 4 ძირითადი სფეროს ბალანსი:
- სხეული/ჯანმრთელობა
- ურთიერთობები/გარემო (ჩვენი ყოველდღიურობა)
- ფანტაზია/მომავალი (ჩვენი მიზნები, რამდენად ვიცით რა გვინდა?)
- მიღწევები/სამუშაო (უკვე რასაც მივაღწიეთ, რას წარმოვადგენთ აქ და ამჟამად)
თუ ამ 4 დან რომელიმეში თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ, ადგილი აქვს დისბალანსს, რომელიც ყველა ადამიანში სხვადასხვა გზით ვლინდება (შფოთვა, კვებითი აშლილობა, ნევროზი….)
სწორედ ეს 4 არე არის PPT მუშაობის პროცესში ცენტრალური. ამრიგად, მენტალური ჯანმრთელობის გასაღებს წარმოადგენს ზემოხსენებული არეების ბალანსი, რომელიც PPT-ს მიხედვით, საშუალოდ 15-20 სეანსში მიიღწევა. ამისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოიყენება სხვადასხვა ინტერდისციპლინარული ფსიქოთერაპიული მიდგომები, მათ შორის მულტიკულტურული ისტორიები, იგავები, მეტაფორები თუ სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოები, მისი ტექნიკები ასევე ორიენტირდება მადლიერების გრძნობის, ემპათიისა და პატიების უნარების განვითარებაზე.
თერაპიის პროცესში სპეციალისტი უბიძგებს ინდივიდს მოყოლილ ისტორიებში საკუთარი თავის აღმოჩენისკენ. ამ გზით კლიენტი აქტიურად ერთვება თერაპიულ პროცესში და შეიძლება ითქვას, საკუთარი თავის თერაპევტი ხდება. ამრიგად, პოზიტიური ფსიქოთერაპევტის დანიშნულება მხოლოდ ისაა, მისცეს ინდივიდს გამბედაობა თვალი გაუსწოროს რეალურ პრობლემას, გააცნობიეროს ის, კარგთან ერთად საკუთარ თავში ეს ცუდიც შეიყვაროს, აქციოს ის რესურსად და მთლიანად მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის.
კვლევები ასევე ადასტურებს, რომ PPT არის გასაოცრად ეფექტური ისეთი კონდიციების დროსაც კი, როგორიც არის ფსიქოტური აშლილობა, თვითმკვლელობის იდეები, დეპრესია და მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ამ მიდგომის თანახმად, ყველაზე ნეგატიური გამოცდილებაც კი პოტენციურად უდიდეს რესურსად შეიძლება ვაქციოთ იმ შემთხვევაში, თუ ვორიენტირდებით მის პოზიტიურ ასპექტებზე. ამ მიდგომის თანახმად, გარდაუვალი სიკვდილის შიშიც კი რაღაცის შექმნის რესურსია. სიკვდილის მეშინია იმიტომ, რომ არარსებობას ნიშნავს და თუ იმაში ვიცოცხლებ, რასაც მე შევქმნი, სიკვდილი უკვე რესურსად იქცევა.
წყარო: Elaine Mead, “What is positive psychology?”, 2020.
https://positivepsychology.com/positive-psychotherapy-research-effects-treatment/
მოამზადა სალომე კალანდარიშვილმა