ქართველი ფსიქოლოგები

ნონა ხიდეშელი – სტრესის შესახებ

ნონა ხიდეშელი – ფსიქოლოგი

რა არის სტრესი?

სტრესი ეს არის  ფსიქიკის  რეაქცია, რაღაც მოვლენებზე.  ადამიანი  ჰარმონიას, უსაფრთხოებასა და  გარკვეულობას  ესწრაფვის,  მაგრამ უამრავი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რაც არასასურველ კვალს ტოვებს ჩვენს ფსიქიკაზე და დიდი ხნის მანძილზე მოქმედებს. ამის შედეგად მოგვიანებით ჩვენც ვხვდებით  უფრო  მშფოთვარე, გვიჩნდება შიშები და ამას ვეძახით ე.წ სტრესს.

იმისთვის რომ პრობლემა აღმოიფხვრას,  სტრესი არ უნდა დავტოვოთ  ტერმინის დონეზე . ადამიანმა კარგად უნდა გაიაზროს სტრესის მნიშვნელობა, კერძოდ  რას მოიაზრებს  ამ ტერმინის  ქვეშ,  რას გრძნობს, რას  განიცდის, გააცნობიეროს საკუთარი    შიში და შფოთვები.

რა არის სტრესის გამომწვევი ფაქტორები?

თუკი შიში და შფოთვა სტრესთან მოიაზრება მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. ჩვენი  ფსიქიკა  ბავშვობიდან  ყალიბდება .

გარემო  სადაც  ვიზრდებით, სკოლა, ურთიერთობები,  ბულინგი,  წყვილთა შორის ურთიერთობა,  თვითდამკვიდრება  და ა.შ. დღეს არანაკლები  სტრესი  გამოიწვია  „კოვიდ 19-მა“,  ყოველივე ეს სტრესს ფაქტორებია.

ჩვენ თავს უნდა დავუსვათ კითხვა თუ საიდან მოდის შიშები? რამ შეცვალა ჩვენი ფსიქიკის  ჯანსაღი სტრუქტურა?   ეს კითხვები დაგვეხმარება პრობლემის გადაჭრაში.

 რა გავლენას ახდენს „კოვიდ 19“  სტრესზე?

„კოვიდ 19“   ერთი კოლექტიური შიში გააღვიძა. ეს არის შიში უცნობის წინაშე.  არავინ  იცოდა  რამდენად  ფატალური  იყო, მსოფლიო  სახლში  გამოკეტეს, არ ვიცოდით რა  გველოდა.

ახლა  კი  სხვა  ტიპის  შიშები  გაჩნდა. ხალხს მეორე ტალღის კი არ ეშინია არამედ მათ გაუჩნდათ შიში იმის, რომ არ ჩაიკეტონ და არ მოუწიოთ კვლავ კარანტინი. გაჩნდა  ეკონომიკური  საფრთხეები,  უამრავი  ადამიანი  უმუშევარი  დარჩა, როდესაც  ასეთი  საფრთხეები  ჩნდება,  წინა პლანზე იწევს აგრესია,  პროტესტი, რაც დღევანდელ საზოგადოებაში კარგად ჩანს.

 არის თუ არა სტრესი საწინდარი დეპრესიისა?

სტრესი ყველაფრის საწინდარია. მათ შორის უამრავი სომატური დაავადებების.

ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ ცნობიერებაზე. ერთიდაიგივე სიტუაციიდან  სხვადა  სხვა ადამიანი განსხვავებულად  გამოდის. ზოგი მარტივად, ზოგი რთულად. ეს დამოკიდებულია ადამიანის ფსიქიკაზე, რამდენად  მოწყვლადია  იგი. ამიტომ   როცა ადამიანი მეტ ნაკლებად  ნორმალურ  რეჟიმში   ცხოვრობს,   მუდმივად  თვითდაკვირვებასა  და  საკუთარი  თავის  შესწავლით  უნდა  იყოს  დაკავებული, არ უნდა მოვდუნდეთ და დავაკვირდეთ საკუთარ თავს, ემოციებს, რათა რთულ პერიოდში ემოციებმა არ ჩაყლაპოს ადამიანის გონება.  საკუთარ თავს   თუ  ვერ გავაკონტროლებთ  სტრესულ გარემოში მაშინ თავს იჩენს ნევროზი და დეპრესია.

ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს მხოლოდ გართობაზე,  სიამოვნებაზე, ფულზე  ან  ძალაუფლებაზე.  მან საკუთარ   ფსიქიკას   უნდა დაუთმოს დრო.  უნდა ვიკვლიოთ საკუთრი თავი,  ვიცხოვროთ  ცნობიერად, რეალობაში,  რათა უფრო ძლიერები ვიყოთ.

რამდენად ხშირია სტრესი საზოგადოებაში?

ჩვენი  ცხოვრებიდან გამომდინარე სტრესი ადამიანს მუდამ   თან სდევს და საკმაოდ მაშტაბურია.

როგორც ვთქვით გარე ფაქტორები ამძაფრებენ სტრესს. ბოლო  30  წელი  საკმაოდ  მძიმე  და სტრესული იყო.

ომი, ოკუპაცია, იძულებითი  ემიგრაცია, ხალხმა ყველაფერი  დაკარგა , სიღარიბე, უპერსპექტივობა,  ახალი  თაობები   ასეთ  სტრესულ გარემოში იბადებოდნენ და მათაც მსგავსად მშობლისა, გაუჩნდათ შიშები,  შფოთვები. დედის და მამის ნევროტული მდგომარეობა გადადის შვილზე. შესაბამისად  საქართველოში სტრესულია საზოგადოება. დღეს ეს  ვირუსიც არანაკლებ  მოქმედებს სტრესზე .

ყველა ადამიანს აწუხებს სტრესი, ცხოვრება  მუდმივი  გამოწვევაა, საჭიროა  ადაპტაცია,  სიახლის  მიღება,  საკუთარი  თავის  შექმნა, თვითდამკვიდრება . რაც უფრო დიდია გაურკვევლობა  და  ეკონომიკური  სიდუხჭირე,  მით უფრო მეტია სტრესიც .

როგორ ვებრძოლოთ სტრესს?

პირველ რიგში გვჭირდება უდიდესი მოთმინების უნარი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.  გავაცნობიეროთ  რა რეალობაში  გვიწევს  ცხოვრება  და  ჩვენ, საკუთარი  გონებით,  საკუთარი  უპასუხისმგებლობითა   და  ინფანტილიზმით ხომ არ  შევქმენით  ჩვენი  რეალობა?  ნუ გადავიტანთ  გარემოზე  პროექციას, განსაკუთრებით   ბავშვებზე,  რომ  ახალ თაობას  მაინც ჰქონდეს  შანსი, უკეთესი  საზოგადოება  შექმნას, ნუ  დავსტრესავთ  მათ.

გავთავისუფლდეთ სტერეოტიპებისგან ,   ვისწავლოთ  ემოციების  მართვა, მივიღოთ  სამყარო  ისეთი, როგორიცაა  და  დავინახოთ  სად  გვაქვს  სისუსტე,  რატომ ვართ  ასეთი  უმწეო  და  მოწყვლადები, რატომ  ვეძებთ  მუდამ  გარეთ  დახმარებას.  დავიცვათ  შვილები  სტრესისგან  და  გვახსოვდეს,   რომ შვილი ისეთი ვერ  იქნება, როგორც მშობელს სურს. ბავშვი უნდა მივიღოთ ისეთი ,როგორიც ის არის .

ბავშვი დამოუკიდებელი ერთეულია, ცალკე  სამყაროა  და არ შეიძლება მას მოსთხოვო ,   რომ გახდეს ისეთი, როგორის შენ  გსურს .

სკოლაც ერთ-ერთი სტრეს ფაქტორია ბავშვისთვის . ბავშვი ხედავს რომ იქ არ არის სამართლიანობა და უჩნდება უნდობლობა,  პროტესტი, რაც ცხადია  აისახება   მის ფსიქიკაზე საბოლოოდ.

ბავშვს არ უნდა მოვახვიოთ ჩვენი იდეები თავზე, მას ჭირდება ინდივიდუალური გზა, რათა განვითარდეს და  მისი  ფსიქიკა  სტრესთან  გამკლავებაში  ძლიერი  და  ნაკლებ სენსიტიური  იყოს.

სტრესი ბოლომდე არ აღმოიფხვრება, მაგრამ ბავშვის სწორი აღზრდა შეამცირებს სტრესს ფაქტორებს. ბავშვი სარკეა მშობლის ქცევისა.

ცვლის თუ არა სტრესი ხასიათს ?

ხასიათს აყალიბებს ბავშვობა ის გარემო სადაც ბავშვი იზრდება.

მშობლები  ხშირად  ვერ კი  ხვდებიან, თავისი  გაუაზრებელი  საქციელით, როგორ  ცვლიან ბავშვის ხასიათს,  მშობელი ავტორიტეტია და გონია, რომ ის მოდელია სწორი რასაც თავად სთავაზობს  ბავშვს .

გარდატეხის პერიოდზე მოქმედეს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა, რაც ნიშნავს იმას, რომ არასწორი აღზრდა იწვევს სტრესს.

 როგორ მოვიქცეთ რომ სტრესი ღრმა დეპრესიაში არ გადავიდეს ?

დეპრესიაში არასოდეს არაფერი არ გადავა თუ მუდმივად დავინახავთ რომ, რაც ხდება ჩვენს  თავს,  ჩვენ ვართ ამის მიზეზი .  უნდა  დავაკვირდეთ  საკუთარ  ფიქრებს,  ქცევებს,  რომ  შევძლოთ  მეტად  დავძლიოთ  სტრესი, გავუმკლავდეთ   გამოწვევებს,  უნდა  ვისწავლოთ  ურთიერთობები .

საკუთრ თავს თუ დავაკვირდებით,  გავიცნობთ  და  მუდამ  ცნობიერად  ვიცხოვრებთ,   სტრესი არასოდეს არ მიიღებს  რთულ  ფორმებს  და  მალე  დავუბრუნდებით  ნორმალურ  ცხოვრებას.

მოამზადა – სალომე ეფრემიძემ

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81