ნინო ამონაშვილი – მე და ჩემი ფიქრები

0

ნინო ამონაშვილი – ამონაშვილის აკადემიის დამფუძნებელი

თუ გინახავთ ფილმი “ინფიცირება”? ის 2011 წელს გამოვიდა და ასახავს მსოფლიოში მომაკვდინებელი ვირუსის შედეგად მიმდინარე მოვლენებს. ფილმი იმდენად ახლოს არის დღევანდელ დღესთან, რომ ყურების დროს ჟრუანტელიც კი დაგივლით. 2011 წელს ვიღაცამ იფიქრა და…

მოვიდა 2020 წელი და თან მოიტანა ბევრი სირთულე თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. მსოფლიოს მოედო კორონა ვირუსი, რომელმაც გამოგვკეტა სახლებში და მრავალი ცხოვრებისეული გართულება მოგვიტანა. რთულმა სიტუაციამ მოიტანა საჭიროება გამოსავლების ძებნის და ბევრმა ადამიანმა მიმართა ფსიქოლოგებს, დაიწყო მათი ონლაინ მოსმენა, სტატიებისა თუ წიგნების კითხვა. თითოეული რჩევა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, რა თქმა უნდა, კარგი და ძალიან საჭიროა, მაგრამ თემა თითქმის სულ ერთი და იგივეა – როგორ გავუმკლავდეთ სტრესულ სიტუაციას, როგორ ვმართოთ ემოციები, როგორ ვიურთიერთოთ ერთმანეთთან ახალ გარემოში… ამიტომ გადავწყვიტე ამ სტატიაში აღარ მესაუბრა იმ გათელილ თემებზე, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ისედაც უხვად ყველგან ვაწყდებით. ეს პატარა სტატია არის ჩემი მოკრძალებული ნააზრევი “ფიქრების” გარშემო. ადამიანები საუკუნეების წინ უკვე საუბრობდნენ აზრების ძალაზე და დადებით აზროვნებაზე. ჯერ კიდევ პლატონი ამბობდა: “მსგავსი მიილტვის მსგავსისკენო”. მას შემდეგ საუკუნეები გავიდა და ეს თეორია სულ უფრო პოპულარული გახდა. რამდენიმე წლის წინ წიგნი და შემდეგ ფილმიც კი გამოვიდა – “საიდუმლო”, სადაც საუბარია ე.წ. “მიზიდულობის კანონზე” – ჩვენ ვიზიდავთ იმას, რაზეც ვფიქრობთ, ანუ ჩვენი ფიქრები მატერიალიზდება, ანუ რეალობად გვექცევა ცხოვრებაში.

და მაინც რას ნიშნავს “მიზიდულობის კანონი” და როგორ მუშაობს ის?

განდი გვეუბნება:

“თქვენი რწმენები იქცევა თქვენს ფიქრებად,

თქვენი ფიქრები გარდაიქმნება სიტყვებად,

თქვენი სიტყვები განხორციელდება ქცევაში,

თქვენი ქცევა გახდება თქვენი ჩვევა,

თქვენი ჩვევები ჩამოაყალიბებენ თქვენს ღირებულებებს,

ხოლო ღირებულებები შექმნიან თქვენს ბედისწერას”.

გამოდის, რომ ყველაფერი იწყება ფიქრიდან და იმისათვის, რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, საჭიროა დავიწყოთ ჩვენი ფიქრების მილაგება და გაწმენდა. თუ გვინდა უკეთესი ურთიერთობები, დავიწყოთ ადამიანებისადმი დამოკიდებულებების შეცვლით; თუ გვინდა ბედნიერი და წარმატებული შვილები, პირველ რიგში ღრმად ვირწმუნოთ მათი შესაძლებლობების; თუ გვინდა კარგი კარიერა, აუცილებელია, რომ დავიჯეროთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და კარგად წარმოვიდგინოთ ის.

მაინც რას ნიშნავს მატერიალიზებული ფიქრები? ნუთუ ასეთი მარტივია, რომ გავიფიქროთ რაიმე და ის აუცილებლად ახდება? რა თქმა უნდა არა. ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად არის, მაგრამ შინაარსი ასეთია – საითკენაც მიმართულია ჩვენი ფიქრები, ისეთ ფაქტებს ვიზიდავთ ჩვენს ცხოვრებაში.

ამის ბევრი მეცნიერულად დამადასტურებელი კვლევა არსებობს. მაგალითად:

 

  1. “ვაშინგტონის 1993 წლის მედიტაციის პროექტი”, სადაც 1 თვის განმავლობაში 800-მდე ადამიანი ყოველ დღეს 2-4 საათი მედიტირებდა, შედეგად კი იმ თვეში ვაშინგტონის შტატში შემცირდა კრიმინალი 24%-ით.

 

  1. “საათის ისრის საწინააღმდეგო კვლევა”, რომლის დროსაც ხანში შესული ხალხი წაიყვანეს სასტუმროში, სადაც ყველაფერი მათი ახალგაზრდობის დროინდელი იყო – ავეჯი, ტანისამოსი, ახალი ამბები, გაზეთები, კედლებზე ფოტოები და ა.შ. ასე გაატარეს მოხუცებმა 2 კვირა – იქცეოდნენ ისე, თითქოს ახალგზარდები იყვნენ. შედეგი გამაოგნებელი იყო. აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეების ფიზიკური ჯანმრთელობა 2 კვირის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდა. გამოვიდა, რომ როდესაც მათ ფსიქოლოგიურად დაიჯერეს რომ ახალგაზრდები იყვნენ, სხეულმაც მსგავსად დაიწყო მუშაობა.

 

  1. მაგრამ ამათ შორის ჩემთვის ყველაზე საინტერესოა იაპონელი მკვლევარის მასარუ ემოტოს ექსპერიმენტები. მას მრავალი სხვადასხვა კვლევა აქვს ჩატარებული იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი დამოკიდებულება და აზროვნება ჩვენზე და ჩვენს გარშემო მყოფებზე. ერთ-ერთი პირველი და ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი არის წყლის ექსპერიმენტი. მან წყლით სავსე ბოთლებს დააწერა სხვადასხვა სიტყვები. ზოგს კარგი სიტყვები ეწერა, მაგალითად “შენ ლამაზი ხარ” ან “შენ კეთილი ხარ”, ზოგს კი პირიქით “შენ ბოროტი ხარ”, “მე შენ მეზიზღები”. შემდეგ ეს წყლები გაყინა და ჩაატარა ყინულების მიკროსკოპული კვლევა. აღმოჩნდა, რომ იმ წყლის ყინულის კრისტალები, რომლებსაც დადებითი მესიჯები ეწერა, იყო გაცილებით უფრო ლამაზი და სიმეტრიული, ვიდრე იმათი, რომელსაც ცუდი ტექსტები ეწერა. მასარუ ემოტომ ექსპერიმენტი კიდევ უფრო გააღრმავა და წყლებს ახლა ასმენინებდა სხვადასხვა მუსიკას, აწერდა არა მარტო წინადადებებს, არამედ მხოლოდ სიტყვებს. შედეგი კი, ყოველთვის ერთი და იგივე იყო – დადებითი მუსიკის, თუ სიტყვის, თუ წინადადების შედეგად იღებდა ლამაზ ყინულის კრისტალებს, ხოლო უარყოფითის შემდეგ არასიმეტრიულ და უშნო კრისტალებს.

ახლა ჩვენც დავფიქრდეთ, თუ წარწერა ასე მოქმედებს წყალზე, როგორ მოქმედებენ ჩვენი აზრები და სიტყვები ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე? რა შედეგს მივიღებთ, თუ სულ ვაკრიტიკებს შვილს და უარყოფითად ვაფასებთ მას? ეს უფრო წინ წაწევს მას, თუ პირიქით, დაუმდაბლდება თვითშეფასება, ნულამდე დაუვა მოტივაცია და საერთოდ, სურვილი გაუქრება ჩვენთან ურთიერთობის?

მსგავსი ექსპერიმენტები თუ კვლევები ბევრია, მაგრამ მთავარი დასკვნაა – ჩვენი ფიქრები ცალსახად მოქმედებენ ჩვენს ცხოვრებაზე. შეიძლება ამაში თქვენც დარწმუნებულხართ. განსაკუთრებით დედები დამეთანხმებიან – გაიფიქრებ რომ “ნეტავ ბავშვი ავად არ გახდეს”, ან “რამდენი ხანია ბავშვი ავად არ ყოფილა” და მაშინვე ავად არის! დედების ფიქრებს და აზრებს განსაკუთრებით დიდი ზემოქმედება აქვთ ბავშვებზე, ამიტომ როდესაც მშობელი რაიმე პრობლემით მოგვმართავს, პირველი რჩევა ყოველთვის ერთი და იგივეა – “დავიწყოთ საკუთარი თავის და აზრების შეცვლით”.

ბევრმა ადამიანმა კი იცის, რომ მისი ფიქრები დიდად მოქმედებს მის ცხოვრებაზე, მაგრამ არ იცის როგორ შეცვალოს – აზრები თავში ხშირად ჩვენს დაუკითხავად მოდიან. მინდა რამდენიმე მარტივი სავარჯიშო შემოგთავაზოთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულებები, დადებითით ჩავანაცვლოთ.

ტვინის გადაპროგრამირება. ამ სავარჯიშოსთვის დაგჭირდებათ ბლოკნოტი, წითელი კალმისტარი, ფანქარი და საშლელი. ბლოკნოტში ფანქრით ჩამოწერეთ ყველა ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომლისაგან გსურთ განთავისუფლება. მაგალითად: “ჩემი შვილი ძალიან ზარმაცი და უპასუხისმგებლობა”. თითოეული წინადადების ქვემოთ დატოვეთ ადგილი. ყველას რომ ჩამოწერთ, თითოეულს ქვემოთ ცარიელ ადგილას წითელი კალმისტრით მიაწერეთ მისი საპირისპირო წინადადება, ის ახალი დამოკიდებულება, რომლითაც გსურთ უარყოფითის ჩანაცვლება. მაგალითად, ჩვენი წინა უარყოფითი დამოკიდებულების საპირისპირო იქნება: “ჩემს შვილს ყველაფერი შეუძლია. ის ძალიან შრომისმოყვარეა და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს”. ასე თითოეულ დებულებაზე. ყოველ დღე, 21 დღის განმავლობაში ეს ჩვენი ჩანაწერები უნდა წავიკითხოთ. პირველი 3 დღე ორივე, დადებითიც და უარყოფითიც. 3 დღის შემდეგ ფანქრით დაწერილი უარყოფითი დამოკიდებულებები წავშალოთ და დაგვრჩება მხოლოდ დადებითები. დარჩენილი დღეები ვიკითხოთ მხოლოდ დადებითი, ამისთვის დღეში სადღაც 5 წუთი დაგვჭირდება. 21 დღე საკმარისია, რომ მოხდეს ტვინის ე.წ. გადაპროგრამირება. ტვინი ნელ-ნელა ფანქრით დაწერილს ისევე წაშლის, როგორც თქვენ ამას ბლოკნოტში გააკეთებთ და ტვინში წითელი კალმისტრით დაწერილი, დადებითი დამოკიდებულებები დაგრჩებათ.

კიდევ ერთი საინტერესო სავარჯიშო მომავლის დღიურის დაწერაა. კვლევები ადასტურებს,  რომ ადამიანები, ვისაც მომავლის დეტალური გეგმები აქვთ და თან ეს გეგმები დაწერილ ფორმატშია, უფრო დიდი შანსი აქვთ მათი მიღწევის, ვიდრე მათ, ვისაც გეგმა არ აქვს, ან აქვს, მაგრამ მხოლოდ ტვინში. ამ სავარჯიშოსთვისაც დაგჭირდებათ ბლოკნოტი, კალმისტარი და ფანტაზიის უნარი. დასხედით, კარგად წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება ერთი წლის შემდეგ და ბლოკნოტში წერილობით აღწერეთ როგორია თქვენი ერთი დღე ამ მომავალ, წარმოდგენილ ცხოვრებაში. აღწერეთ მაქსიმალურად დეტალურად – სად ცხოვრობთ, ვისთან ერთად, როგორია თქვენი ცხოვრება, როგორი ადამიანები გყავთ გარშემო, როგორი ხართ თქვენ და ა.შ. დაწერეთ დღიური “ჩემი დღე 1 წლის შემდეგ”. დაწერეთ და შემდეგ შეინახეთ. 1 წლის შემდეგ გახსენით და ნახეთ, რამდენი რამე ასრულდება თქვენი ნანატრიდან. მე, როგორც წესი, 80% მისრულდება ხოლმე.

ასეთი კიდევ მრავალი სავარჯიშო არსებობს. მათი ჩამოთვლით მე თავს აღარ მოგაწყენთ. მთავარი ამ ყველაფერში ერთია, ჩვენს ცხოვრებას ჩვენი ფიქრები ქმნიან, ანუ ჩვენ ვქმნით. ბიბლიაში წერია “დასაბამიდან იყო სიტყვა”… ყველაფერი სიტყვით, ანუ ფიქრით იწყება. მივხედოთ ჩვენს ფიქრებს, დამოკიდებულებებს ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან და ყველაფერი თავისით დალაგდება. ჩვენი ცხოვრება ხომ ჩვენს ხელშია.

იქნებ “კორონაც” ვიღაცის ფიქრებში იყო ოდესღაც… ვინ იცის…

ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81