ნლპქოუჩინგი

ნინო აბაშიძე – ცხოვრების მართვის პულტი

ნინო აბაშიძე – პიროვნული განვითარების და წარმატებული ცხოვრების ქოუჩი, ერიქსონის და ლონდონის ნლპ სკოლის პრაქტიკოსი

ადამიანი საოცარი ქმნილებაა, ჩვენს ქვეცნობიერში ინახება ულევი ინფორმაცია და სამყაროში ყველა კითხვაზე პასუხი, მაგრამ მასთან წვდომა თითქოს შეგვიზღუდეს და სხვადსხვა დაცვითი მექანიზმები დაგვიყენეს.

როდესაც სამყარო ადამიანს სიცოცხლეს ჩუქნის ამ სიცოცხლის სცენარი ხომ პირველ რიგში ამ კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის?! მაგრამ თითქოს ადამიანი ამას ვერ იაზრებს და სიცოცხლეს,  როგორც რაღაც კოლექტიურს ისე განიხილავს. იმ მომენტში, როდესაც ადამიანი გააცნობიერებს, რომ მისი სიცოცხლე სამყარომ მხოლოდ მას ჩააბარა და არა – დედას, მეუღლეს, შვილის, სახელმწიფოს – მიხვდება, რომ მხოლოდ ის არის თავისი ცხოვრების პატრონი და არის თავის-უფალი. ნიშნავს თუ არა ეს რომ ადამიანმა უნდა მარტო თავის თავზე იზრუნოს? – არა, მაგრამ თუ ადამიანი თვითონ ვერ განვითარდა და ვერ მიიღო ის ცხოვრება, როგორიც მას უნდა, მაშინ ის ვერც სხვას მისცემს ორიენტირს და ვერც სხვას დაეხმარება. ყველაზე მეტად მაშინ ვართ რესურსულები და გარემოსთვის სიკეთის მომტანი, როდესაც ჩვენი საკუთარი ქმედებებით და ცხოვრების გზით კმაყოფილების, ვიძლევით მაგალითს და ავტომატურად ვცლით ჩვენს გარშემო გარემოს უკეთესობისკენ.

პირველი რაც უნდა გავაცნობიეროთ არის, რომ ყველა ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეცდომა თუ წარმატება მხოლოდ ჩვენი ფიქრების და ქმედებების შედეგია და როდესაც ჩვენ ავიღებთ პასუხიმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე – ზუსტად ამ დროს მოდის თავისუფლება – კი რთული და ხშირად დამღლელი, მაგრამ მაინც თავისუფლება. იმის შეგრძნება, რომ შენ შეგიძლია შეცვალო და ახლიდან დაიწყო გაძლევს  უდიდეს ძალას და შინაგან თავდაჯერებულობას. მაგრამ ადამიანებს იმდენად უძნელდებათ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება, რომ ურჩევნიათ საკუთარი ცხოვრების მართვის პულტი სხვას გადასცენ და თვითონ მხოლოდ დამკვირვებლის როლი მოირგონ. ეს პულტები კი მრავალი გვაქვს და ხშირად სხვადასხვა ადამიანებს ვჩუქნით.

ყველას თავისი ცხოვრება აქვს. თუ თქვენ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობთ, ხოლო ის თავისი საკუთარი ცხოვრებით, მაშინ თქვენი ცხოვრებით ვინ ცხოვრობს?  როგორ შეიძლება ჩათვალო, რომ სხვამ შენი ცხოვრება შეიძლება უკეთ მართოს ვიდრე შენ თვითონ?

ხშირად სრულიად  გაუცნობიერებლად მივყვებით ცხოვრების დინებას და ვკმაყოფილდებით იმ შემთხვევითი ბონუსებით ან იმ უსიამოვნო წარუმატებლობებით, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში. მე დინებით სვლის წინააღმდეგი არ ვარ!  უბრალოდ მე ყოველთვის ვირჩევ რომელ დინებას გავყვე, როგორ ნავში ჩავჯდე და რა ხელსაწყოები მჭირდება იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილს მივაღწიო. დინებით სვლით, რომ სიამოვნება მიიღოთ კარგი მომზადება გჭირდებათ.

ბოლოს და ბოლოს თუ მოიპოვეთ თავის-უფლება, აიღეთ პასუხისმგებლობა და დაიწყეთ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება – გადავდივართ მეორე ეტაპზე და აქ ვაწყდებით იმ ფაქტს, რომ წლების განმავლობაში თუ ადამიანი სხვისი ცხოვრების რელსებზე დადიოდა, თავისი დაკარგული ჰგონია და შიში იპყრობს, დაბნეულია. მაგრამ ეს რელსები შეგვიძლია ვიპოვოთ და ისინი ზუსტად იქ მიგვიყვანს სადაც გვინდა. სწორედ აქ იწყება თვითგამორკვევის პროცესი. კი მაგრამ რა მინდა?

ბევრმა იცით რა გინდათ? რას ითხოვთ ცხოვრებისგან? თუ თქვენ არ იცით კონკრეტულად რა გინდათ, მაშინ სამყარომ როგორ უნდა იცოდეს რა მოგცეთ?

საკმაოდ რთულია მივხვდეთ გულწრფელად რა გვინდა, რადგან ძირითადად გვინდა საზოგადოების მიერ თავს მოხვეული ნივთები, ურთიერთობები და შეგრძნებები. მაგრამ ისინი ბედნიერების განცდას არ გვანიჭებენ. ის რასაც ამ დროს ვგრძნობთ არის აღელვება და დროებითი სახარულის განცდა და არა სიღრმისეული, ჯადოსნური ბედნიერების შეგრძნება, რომელიც გცვლის შიგნიდან და წინ გვიბიძგებს მომავალი ცხოვრებისკენ. იმის გაგებაში თუ გულწრფელად რა გვსურს ცხოვრებაში გვეხმარება – ქოუჩინგი.  ქოუჩინგი არის დაჩქარებული გზა სასურველი მიზნის მისაღწევად, მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მე უკიდეგანო რწმენა მაქვს თითოეული ადამიანის პოტენციალისა და ამოუწურავ შესაძლებლობებში და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერს საკუთარ თავთან დიალოგში და ანალიზშიც შეუძლია ყველა პასუხი მიიღოს, ქოუჩის დახმარების გარეშეც, მაგრამ სამწუხაროდ ეს გზა ბევრად მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

მესამე ეტაპი: თუ თქვენ ზუსტად იცით რა გინდათ ცხოვრებაში, მაშინ უნდა ისწავლოთ ამ სურვილების სწორად ფორმულირება. დიახ, ფიქრებსაც სჭირდება სწორი მიმართულება და  ფორმულირება. სურვილი უნდა დააფორმულიროთ რამოდენიმე წესის გათვალისწინებით, რომელსაც მე ვასწავლი ჩემს მარათონში და აქედან პირველ სამს გაგიზიარებთ:

  1. სურვილი უნდა იყოს მხოლოდ თქვენთვის და მხოლოდ თქვენზე. საკუთარი შეგრძნებებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვართ ის ერთადერთი ადამიანი ვის ცხოვრებაზეც ყველაზე მარტივად შეგვიძლია გავლენის მოხდენა. ჩავიფიქროთ, რომ ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელად, ბედნიერად, გვქონდეს კარგი შემოსავალი, ვიმოგზაუროთ, შევიძინოთ ახალი სახლი….. და არა მეუღლეს, დედას, შვილს ან მეზობელს. რადგან ეს პირდაპირი ჩარევაა სხვის ცხოვრებაში და მათი სურვილები თქვენსას შესაძლოა არც ემთხვეოდეს.
  2. სურვილი უნდა იყოს კონკრეტულად ჩამოყალიბებული და დროში გაწერილი: შემოსავალი- ციფრებში, სამსახურეობრივი დაწინაურება -ზუსტი თანამდებობის მითითებით, დაკლების სურვილი- ზუსტი წონის და მდგომარეობის მითითებით. თუ სურვილი არის ძალიან ზოგადი, შედეგიც იქნება ძალიან ბუნდოვანი და კიდევ შესაძლოა ისეთი თანხმლები მოვლენებით, რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვინდა. მაგალითად: „მინდა დავიკლო წონაში“ – წონაში დაკლება ძალიან ზოგადია და შეიძლება ადამიანმა ჯერ მოიმატოს 12 კილო და შემდეგ მართლაც დაიკლოს 6 კილო ან საერთოდ ავად გახდეს და ისე დაიკლოს წონა. ყოველთვის დააკონკრეტეთ რა გინდათ დეტალურად, როდისთვის და როგორი შედეგით.
  3. სურვილის ჩაფიქრებისას ორიენტირი უნდა იყოს საბოლოო შედეგზე. საწყისი ან შუალედური პროცესის ჩაფიქრება არ გვაძლევს გარანტიას რომ სასურველ შედეგს მივიღებთ. მაგალითად: მინდა დავიწყო მუშაობა ან დავიწყო რემონტი სახლში – შეიძლება დაიწყოთ, მაგრამ მოხდეს ისე რომ რემონტი გაიწელოს წლები და სამსახურში გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ გამოგიშვან. სწორია ფორმულირება – მინდა დასაქმებული ვიყო …. და მინდა გავარემონტო.

მეოთხე ეტაპი: მიზნებსა და სურვილებს სჭირდებათ ენერგია, რომელსაც მიმართავთ მისკენ. ზოგიერთის შემთხვევაში ეს მედიტაცია, პოზიტიური აზროვნება და ქვეცნობიერის გააქტიურებაა, ზოგის შემთხვევაში კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ყოველდღე მიყავხარ სასურველი შედეგისკენ. ზოგიერთისთვის ყველა ზომოთ ჩამოთვლილი მეთოდის სინთეზია. ეს საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზაა და ეს გზა თითოეულმა თვითონ უნდა აღმოაჩინოს და გაიაროს.

მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები – ყველა ზემოთჩამოთვლილ მეთოდებს კიდევ კვანტური ფიზიკის წესებსა და აღმოჩენებს რომ ვუკავშირე და მათ სინთეზს ვქმნი. მუდმივად ვეძებ და ამ ძიების პროცესში ვიღებ ცხოვრებისგან სიამოვნებას. პირდაპირ დიალოგში ვიმყოფები სამყაროსთან და მიხარია, როდესაც უკუკავშირს ვხედავ ჩემს ცხოვრებაში ჩემი წარმატებების სახით და რა თქმა უნდა წარუმატებლობებითაც, რომელიც ჩემი დაშვებული შეცდომების შედეგია. მაგრამ ზუსტად ჩემი შეცდომების უკუკავშირი მზრდის და მავითარებს ყველაზე მეტად და მათთვის უფრო მადლობელი ვარ ცხოვრების.

სწორედ ამიტომ, ჩემი ცხოვრების პულტი მხოლოდ ერთია, ძალიან ძლიერი და ის ყოველთვის  მე მიჭირავს.

კეთილი სურვილებით,

ნინო აბაშიძე

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81