ნატალი სოხაძე – მწვერვალები და ფსკერები

0

ნატალი სოხაძე – პიროვნული და პროფესიული განვითარების ტრენერი, თანამედროვე მართვის სპეციალისტი, ქოუჩი

ჩვენი ცხოვრება მწვერვალებისა და ფსკერებისგან შედგება. არის ხოლმე სტაბილური ეპიზოდებიც, თუმცა დროებით და საერთოდ ყველაფერი ამ სამყაროში ხომ დროებითი და ცვალებადია. რაც ცვალებადი არ არის – ის არ არსებობს! რაც ცვალებადია – ის ცოცხალია! ყველაფრის არა პერმანენტულობა სამყაროში ქმნის ცვალებადობას! ჩვენი ცხოვრება კი შემიძლია სერფინგს შევადარო – ყოველ დაბალ ტალღას მაღალი ტალღა მოყვება და ასე გამუდმებით… ტალღების ცვალებადობა ჩვენი კონტროლის ზონა არ არის! ყოველთვის ვეცადოთ შორიდან შევხედოთ იმ მოვლენას, იმ სიტუაციებს, რომლებშიც ვიმყოფებით და შედარებით ობიექტურად დავინახავთ რისი კონტროლი შეგვიძლია და რა არის ჩვენი კონტროლის მიღმა! უნდა გავაცნობიეროთ, რომ როგორი ტალღა წამოვა – ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. ხოლო თუ ჯერ არ შევსულვარ წყალში, მივიღო გადაწყვეტილება ღირს შესვლა თუ უმჯობესია მოვიცადო! იმ შემთხვევაში თუ ჩვენ უკვე წყალში ვართ – ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ტალღებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ საკუთარი სხეული, ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ წონასწორობა და ავირჩიოთ მიმართულება, გადახრის გრადუსი, რომელიც დიდი ტალღისგან გადაგვარჩენს! ვკონცენტრირდეთ იმაზე, რისი მართვაც შეგვიძლია და ნუ დავხარჯავთ რესურსს იმაზე, რაზეც კონტროლიც არ გაგვაჩნია!

როგორ ვიპოვოთ შინაგანი ძალა რომ ფსკერიდან ზევით სვლა დავიწყოთ? ან რა არის შინაგანი ძალა? – შინაგანი ძალა ეს არის შენი მოკავშირე, შენი მეგობარი, რომელთანაც სულ კავშირზე უნდა იყო. ეს არის შესაძლებლობები, ენერგიები, უნარები და იმის რწმენები შენში, რომ ეს გამოგივა! შინაგანი ძალა არის ის, რაც ჩვენშია, მაგრამ გააქტიურება ჭირდება, ის რაც უნდა ავამოქმედოთ! დიახ, ასე მარტივადაა ყველაფერი! დღეს მე ვიღვიძებ და ვიღებ გადაწყვეტილებას გავხდე იმაზე ძლიერი, ვიდრე ვიყავი გუშინ, გავაკეთო ის, რისიც მეშინოდა გუშინ, მივიღო ის, რისი მიღების იმედიც არ მქონდა წარსულში! ეს არის გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება თავად არის შინაგანი ძალა, რომელიც მეგონა, რომ სადღაც ჩემს გარეთ იყო!

როგორ ვიპოვო საკუთარ თავში ძალა მივიღო ის, რაც მინდა? მნიშვნელოვანი კითხვაა და თუ ადამიანი ამ კითხვას სვამს, ე.ი. მას მოცემულ მომენტში სჭირდება ეს ძალა და აქვს სურვილი მიაგნოს მას, ხოლო სადაც სურვილია და მოტივაცია – იქ ყველაფერი გამოდის! მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი არის განძთა სკივრი, სადაც უამრავი ძვირფასეულობა ინახება. უმეტესობამ ამის შესახებ არაფერი იცის, ზოგიერთ მათგანს კი საკუთარი ხელით აქვს ჩარაზული ეს სკივრი ბავშვობის ტრავმების და წარსული გამოცდილების გამო, მაგრამ როდესაც არსებობს თავისუფალი ნება ვიპოვო ძალა ჩემში და გავაგრძელო ან გავიუმჯობესო ცხოვრების ხარისხი და ამ ძალას გარეთ ვეძებ, შესაძლოა იმედგაცრუებული დავრჩე, რადგან ყველაფერი, რასაც გარეთ ვეძებთ – ჩვენშია! – ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს ასეა! სხვის დახმარებას ვითხოვთ, მაშინ, როდესაც სხვებს ვეხმარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენში არის ძალა დავეხმაროთ საკუთარ თავსაც! მაგალითისთვის, თუ ვინმე არ მეთანხმება, მე მაქვს რწმენა, რომ ხვალ, აუცილებლად იფიქრებს ამ სიტყვებზე და ის ნაწილობრივ მაინც მიხვდება, რას ვგულისხმობდი, ეს არის ჩემი შინაგანი რწმენა და ის მაძლევს ძალას ყოველთვის ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ! გამოდის, რომ ჩემი შინაგანი ძალა მაძლევს თავდაჯერებულობას, ასე მოვიქცე, ჩემი რწმენა, რომ ადამიანები ამაზე იფიქრებენ და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება ესაა ჩემი შინაგანი ძალა!

ბევრი გამოწვევა მქონია ცხოვრებაში და დღემდეც მაქვს და ეს მაგრძნობინებს რომ ცოცხალი ვარ! მე მინდა ეს გამოწვევები მქონდეს ყოველთვის, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარება! რომ არა ეს გამოწვევები მე ვერ ვიქნებოდი ნატალი სოხაძე, ამიტომ მადლიერი ვარ, რომ სამყაროსგან გამოგზავნილი გამოწვევები მაძლიერებს და ყოველი ხვალინდელი მე – უკეთესი ხდება, ვიდრე იყო გუშინ! ზოგჯერ მგონია, რომ ამ გამოწვევების დაძლევა და ამოცანების ამოხსნა ჩემი საყვარელი საქმიანობა გახდა. ეს მე მჭირდება, იმისათვის, რომ პერიოდულად დავუკავშირდი საკუთარ შინაგან ძალას, დავრწმუნდე რომ ის ადგილზეა, ხოლო ყოველი დაბრკოლების გადალახვა იყოს იმის მტკიცებულება, რომ მე ძლიერი ვარ, რომ მე გავიმარჯვე და მომეცეს მეტი რწმენა და თავდაჯერებულობა, რომელიც მჭირდება მომავალში ახალი გამოწვევების დასაძლევად! რაც უფრო მეტად დავემალები და გავექცევი გამოწვევებს, მით უფრო მეტად გართულდება მივაგნო ჩემს შინაგან ძალებს, რაც უფრო ხშირად შევეჭიდები სირთულეებს, რომლებსაც ხან დავძლევ და ხან ვერ, მით უფრო მეტად გავძლიერდები. თუ რამე არ გამომივა – ეს ვერ შემაჩერებს, პირიქით, უფრო დაჟინებული სურვილი გამიჩნდება გამომივიდეს!!! ვის არ შეშლია, ვინ არ წაქცეულა, ეს ძალიან ბუნებრივია მიზნების მიღწევის პროცესში და უკვე დიდი ხანია მარცხი აღარ მაშინებს, რადგან გავაცნობიერე, რომ მარცხი წინსვლის და გამარჯვების შემადგენელი ნაწილია და როცა რამე არ გამომდის მეღიმება, იმიტომ რომ ვიცი, ყოველ მარცხს გამარჯვება აუცილებლად მოყვება. ეს ის მომენტია, როცა ღრმად ვარ დარწმუნებული რომ შემდეგს, რასაც გარანტირებულად მივიღებ – წარმატებაა! წარმატების განცდა მაძლევს მოტივაციას წამოვდგე! ხშირად წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება მაშინ, როცა მიაღწევდით ჩანაფიქრებს, როცა გექნებოდათ ის, რაზეც ოცნებობთ!

მე მჯერა, რომ ყველაფრის გამომუშავება შეიძლება, ყველა ჩვევის და უნარის. მთავარია ერთ ადგილას არ გავჩერდეთ და ვისიამოვნოთ პროცესით, რადგან ჩვენ ყოველთვის ვართ მხოლოდ აწმყოში და აწმყოსგან უნდა მივიღოთ მაქსიმალური. ცხადია ჩვენს ტვინს შეუძლია დროში იმოგზაუროს, გადავიდეს წარსულში, წავიდეს მომავალში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცხოვრობთ აწმყოში, რომელიც ხვალ უკვე წარსული იქნება, ამიტომ ყველა მოცემულობაში, რომელშიც ვართ – ვიპოვოთ რაღაც დადებითი ჩვენთვის ან/და გარემოსთვის, რომელშიც ვცხოვრობთ. გჯეროდეს საკუთარი თავის, რადგან შენ უნიკალური ხარ! მიეცი საკუთარ თავს უფლება შეგეშალოს, ხოლო როცა გაიმარჯვებ – იზეიმე, მიულოცე საკუთარ თავს, შეაქე საკუთარი თავი და იცოდე, რომ ყველაფერი რაც შენ გაქვს შენი დამსახურებაა და რაც არ გაქვს – ისიც! არ უღალატო საკუთარ სურვილებს, მიზნებს და ყველაფერი გამოგივა, თუ არ ცდი – წინ ვერ წახვალ, სცადე და არ დაგავიწყდეს მაქსიმალურად ისიამოვნო პროცესით! თუკი არასოდეს გიფიქრია რისი შესაძლებლობები და უნარები გაქვს, გაიხსენე რა გამოგდის კარგად, რაში ხარ ძლიერი, რისი კეთება გსიამოვნებს, ან რა გამოგდიოდა კარგად და რაში მიგიღწევია წარმატებისთვის. ეს მოგცემს გამბედაობას კიდევ სცადო! ჩვენი ცხოვრება ელექტროკარდიოგრამის ფურცელს გავს. ფურცელზე კლაკნილი ხაზი ჩვენი გულისცემის სიხშირეებს აღნიშნავს, ხაზი ხან ზევით ადის, ხან ქვევით ჩამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ გული მუშაობს და ეს სიცოცხლის მანიშნებელია. სწორი ხაზი კი ნიშნავს, რომ გულისცემა შეწყდა. ცხოვრებაში ხან მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ვართ, ხან მწვერვალზე, ხან კი ვეცემით, რაღაც არ გამოგვდის ისე, როგორც გვინდოდა, (Ups & Downs) მანამ სანამ ვდგებით და ვაგრძელებთ ცხოვრებას – ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენი მწვერვალებით და ჩვენი ფსკერებით, ხოლო როდესაც ეს „მწვერვალები და ფსკერები“ აღარ იქნება – ჩვენი ხაზიც გასწორდება! თუ ჩვენ ცხოვრებაში მხოლოდ მწვერვალები იქნება, როგორ მივხვდები რომ ეს მწვერვალია, თუ არასოდეს ვყოფილვართ ფსკერზე?

ადამიანის ტვინი, ყველაზე საინტერესო და იდუმალი ორგანო ზოგჯერ ცდილობს გაართულოს ყველაფერი, ცოტა ფანტაზიაში, ირეალურ სამყაროში გადაგვიყვანოს და დაგვანახოს ის, რაც შესაძლოა არასოდეს მოხდეს, შეიძლება შეგვაშინოს და უარესი წარმოგვადგენინოს, შეიძლება პირიქით, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის მართვა! ჩვენს გონებას აქვს უამრავი ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოვიყენოთ, მთავარია რაზე გავასწორებთ ჩვენს ფოკუსს, რაზე გავამახვილებთ ყურადღებას და როგორი იქნება ჩვენი ფიქრები. ნეგატიური ფიქრების ჩანაცვლება პოზიტიური ფიქრებით არის ერთ-ერთი ტექნიკა დავთრგუნოთ ჩვენში შიში და გავათავისუფლოთ ჩვენი შინაგანი ძალა ბორკილებისგან! თუ შენ მოისურვე ველოსიპედის მართვა და ისწავლე, თუ შენ მანქანის მართვა ისწავლე, იმიტომ რომ ეს ძალიან გინდოდა, მაშინ შენ ისწავლი საკუთარი ფიქრების მართვასაც, თუ ამის სურვილი გაგიჩნდება!

გახსოვდეს, რომ შენი წარმატება – კაცობრიობის წარმატებაა და შენი მიღწევები სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის! სამყაროს ცვლილებები კი შენით იწყება, პატარა ნაბიჯებით, პატარა გამარჯვებებით საკუთარ თავზე!

 

სიყვარულით,

ნატალი სოხაძე

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81