ნატა თუმანიშვილი – ფსიქოთერაპევტი
მოდით ვისაუბროთ “ამაზე” კლიშეებისა და ფსევდო დიაგნოზების გარეშე. ხშირად წყვილებში ურთიერთ დადანაშაულების მიზეზი ზუსტად სექსუალური შეუთავსებლობა და სრულფასოვანი ინფორმაციის დეფიციტი ხდება მათი ინდივიდუალური სქესობრივი კონსტიტუციის შესახებ. მარტივად რომ აგიხსნათ ეს არის რეგულარული სექსუალური აქტივობა, რომელიც კულმინაციით სრულდება და ახლავს სტაბილური სქესობრივი ცხოვრება. ყოველი ადამიანი ხომ უნიკალურია, ისევე როგორც მისი სექსუალური შესაძლებლობები და უნარები.
სექსოლოგიაში გამოყოფენ 3 დონეს; დაბალი, საშუალო და მაღალი დონის სექსუალურ კონსტიტუციას, რომელიც განპირობებულია ჰორმონალური და გენეტიკური ფაქტორებით, ანუ ეს არის ჩვენი თანდაყოლილი ტემპერამენტი. როდესაც ეს კონსტიტუციური პარამეტრები არ ემთხვევა წყვილებში თავს იჩენს დისჰარმონიული პრობლემები, ასევე ერთმანეთის არასრულფასოვნებაში დადანაშაულება, რის შედეგაც იშლება უამრავი ოჯახი. ამიტომ პარტნიორის არჩევისას მნიშვნელოვანია ამ ფაქტორის გათვალისწინება. ნებისმიერი მაჩვენებელი ნორმაა, ისევე როგორც დაბალი სქესობრივი კონსტიტუცია და არ ნიშნავს ასექსუალობას ან ფრიგიდულობას , როგორც სჩვევიათ ხოლმე ამ იარლიყების მიკერება, რაც ქალს ძალიან თრგუნავს და კიდევ უფრო ბოჭავს. შესაბამისად ის თავს გრძნობს არა სარულფასოვნად და გაურბის ამ თემაზე ვინმესთან გულახდილ საუბარს. თუ ქალს უფრო მაღალი ტემპერამენტი აღენიშნება და მის პარტნიორს საშუალო ან დაბალი, შესაბამისად მისი სექსუალური მოთხოვნილებაც მეტია, მაგრამ პრეტენზიაც რომ გამოთქვას ალბათ ყველა მივხვდებით თუ რა სიტყვებით შეამკობენ ასეთ ადამიანს… ((. ვისაც ჰყოფნის გამბედაობა ის ვერ ეგუება და ეძებს პრობლემის მოგვარების გზებს ან პოულობს შესაფერის პარტნიორს, ვინც რჩება და თრგუნავს ამ სურვილს, ადრე თუ გვიან მოგვმართავს ნევროზით და სხვადასხვა სახის ფსიქოსომატური დაავადებებით, კვებითი დარღვევებით, როგორიცაა ბულემია და ანორექსია. ჩემი დაკვირვებით ასეთ პაციენტების ანამნეზში რეპროდუქციული ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების პათოლოგიები აღინიშნება, კლიმაქტერულ პერიოდში კი თავს იჩენს ჰიპერტენზია.
ხოლო რაც შეეხება დაბალი დონის ტემპერამენტს, ასეთ ქალებს რატომღაც ფრიგიდულებს უწოდებენ, თუმცა აქაც შეიძლება ვცდებოდეთ, ვინაიდან ფრიგიდულობა ნიშნავს სექსუალური ლტოლვის დაქვეითებას, ლიბიდოს არ ქონას, რომელიც განპირობებულია ფსიქოემოციური ან ფიზიოლოგიური დარღვევებით, ასევე სასქესო ორგანოების ანომალიებით, რომლის დიაგნოსტირებაში ექიმი გინეკოლოგი და შემდგომ სექსოპათოლოგი ერთვება. ფრიგიდულობის ერთ-ერთი სიმპტომი ანორგაზმიაა. ოღონდ არ აგვერიოს ფრიგიდულობა ანორგაზმიასთან, რომლის დროსაც ქალი ვერ განიცდის ორგაზმს, მაგრამ ინტიმური ცხოვრებით სიამოვნებას იღებს.
რა შეიძლება იყოს ანორგაზმიის მიზეზი? დავიწყებ ფსიქოლოგიური ასპექტით;
ესაა ჩამოუყალიბებელი სქესობრივი იდენტიფიკაცია, ანუ გენდერული იდენტობის პროცესი, შეგრძნება და გააზრება შენში ქალისა თუ მამაკაცის საწყისების – (ვინ ვარ?) ,
ფსიქოსექსუალური ორიენტაცია (ვინ მიზიდავს?) ელემენტალური სექსუალური განათლება და ჰიგიენა, შებოჭილობა, საკუთარი სხეულის მიუღებლობა, როგორიცა მაგალითად: ჭარბი წონა, ცელულილიტი, მკერდის ზომა და ა.შ
ასევე პურიტანული ოჯახის გავლენა, სიმკაცრე და დათრგუნულობა. როგორც წესი ასეთ მშობლებთან იყო ცივი და ნეიტრალური დამოკიდებულება, ემოციური გამომჟღავნებები ითრგუნებოდა, არ იყო საკმარისი ალერსი და სინაზე, ზედმეტი თავშეკავება და არანაირი სენტიმენტალურობა. ზოგადად ასეთი ქალები არა ექსპრესიულები არიან, უჭირთ ემოციების გამომჟღავნება, პატარ – პატარა სიხარულებითაც ვერ იღებენ სიამოვნებას და თუ იღებენ, მერე დანაშაულის გრძნობას განიცდიან.
ხაზგასმით მინდა ავღნიშნო ტრადიციული ან რელიგიური ასპექტების გავლენა, განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქალურ ქვეყანაში და ეს საკითხი ძალზედ აქტუალურად მიმაჩნია, ჯერ კიდევ სექსის სინონიმად – ცოდვა, სიბინძურე და გაუკუღმართება – მესმის პირად თერაპიებზე.
ხშირად ანორგაზმიიის მიზეზი შეიძლება გახდეს მზაობის არ ქონა ან ადრეული ასაკი, მტკივნეული და დისკომფორტული სქესობრივი აქტი, მშობიარობის შემდგომი ტრავმები, როგორიცაა , ჩახევები და ნაწიბურები, ასევე არასასურველი ორსულობა ან სგგი დაინფიცირების შიში. და რა თქმა უნდა მოუგვარებელი სოციალური ფაქტორი, როგორიცაა განმარტოვების პრობლემა და პირადი სივრცის არქონა.
ერთ – ერთ ყველაზე ძლიერ ფსიქოლოგიური ტრავმად, რაზეც ქალბატონებს უჭირთ საუბარი არის – ინცესტური ურთიერთობა ბავშვობაში, გაუპატიურება, უხეში დეფლორაცია – წარუმატებელი ან უხეში პირველი სექსუალური გამოცდილება.
ნუ დაგვავიწყდება ისიც რომ ზოგიერთი ქალისთვის სექსუალური ურთიერთობა ვალდებულებად რჩება და თავისი სურვილი წინააღმდეგ მიდის, ვინაიდან არსებობს ალერსის და ყურადღების დეფიციტი , ქალისთვის კი ინტიმური აქტი სიყვარულის და სიახლოვის კანონზომიერი გაგრძელებაა, ასე რომ ფრიგიდულობა არ არის არც განაჩენი და არც დიაგნოზი, შესაბამისად თერაპია აძლევს იმის საშუალებას რომ ქალმა გააცნობიეროს და დაძლიოს ის გამოუცხოვრებელი ნეგატიური ტრავმები, რომელიც ასე ღრმად ჩაიბეჭდა მის სხეულში თუ ფსიქიკაში, რომელიც ახშობს მის სექსუალურ იმპულსებს და უქვეითებს ცხოვრების ხარისხს.
დავასრულებ ცნობილი ფრანგული გამონათქვამით : რომ “არ არსებობენ ცივი ქალები, არიან მოუხერხებელი მამაკაცები”)) გიყვარდეთ ერთმანეთი!