„პრობლემა არასდროს არის მხოლოდ პრობლემა,
ის უფრო სიღრმისეული პრობლემის სიმპტომია“
ვირჯინია სატირი
თვითიზოლაციის ვალდებულება, რომელიც Covid 19 ის პანდემიის შემცირებას ემსახურება, კაცობრიობის გამოწვევად იქცა. ადამიანებს უმეტესი დროის გატარება სახლის სივრცეში უწევს. ის თუ, როგორ გავლენას მოახდენს ამგვარი ცვლილება თითოეულ ადამიანზე და მათ შორის ურთიერთობებზე, დამოკიდებულია მრავლობით ფაქტორზე: მათ ინდივიდუალურ ხასიათზე, ტემპერამენტზე, მოთხოვნილებათა სისტემაზე, მანამდე არსებულისა და ახლანდელი ცხოვრების სტილს შორის ცვალებადობასა და ზოგადად, ახალ გარემოებებთან ინდივიდის ადაპტაციის უნარზე. მაშასადამე, ცვლილებები ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს, თუმცა მას მეტ-ნაკლებად საზოგადოების ყველა წევრი განიცდის.
საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლის ვალდებულება უმეტეს შემთხვევაში დისკომფორტს წარმოქმნის, რომელიც პირველ რიგში გუნება-განწყობაზე აისახება. ეს შესაძლოა იყოს გაღიზიანებადობის მომატება, დაძაბულობა, უიმედობის განცდა, შფოთვა. დაძაბულობის ინტენსივობა და სიხშირე იზრდება იმის მიხედვით, თუ ახალი გარემოება რა საფრთხეს უქმნის და როგორ აზარალებს პიროვნებას. თავის მხრივ ყოველი განცდა გამოხატვას მოითხოვს. მისი რეალიზების არეალი, კი თვითიზოლაციის პერიოდში, ის სივრცე და ადამიანებია სადაც და რომელთანაც ვთანაცხოვრობთ.
დავუშვათ, X რესტორანში მომღერლად მუშაობდა. მას 2 მცირეწლოვანი შვილი , მეუღლე და ხანშიშესული დედა ჰყავს. ოჯახს ფინანსურად მხოლოდ ის უზრუნველყოფდა. პანდემიის შედეგად რესტორანი, სადაც X -მუშაობდა, დაიხურა და ახლა ის დროებით უმუშევარია. შესაბამისად, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რას განიცდის X ამ სიტუაციაში. ის ფიქრობს : „რა უნდა ვქნა თუ მთელს ჩვენს ფინანსურ მარაგს ამოვწურავ და რესტორანი ამ დროისთვის კვლავ დახურული იქნება ?!“ „ალბათ დახმარების სათხოვნელად ნათესავებს უნდა მივმართო, მაგრამ როგორ… ასეთ დროს ვის უნდა მივმართო?! ვინ დამეხმარება?! “ ამის ნიადაგზე X განიცდის შფოთვას და სავარაუდოდ ეს განცდა გამწვავდება ყოველი სიტუაციისას, რაც მის არასასურველ მომავალთან მიაახლოვებს. მაგალითად, დაუმთავრდათ შაქარი და მისი ყიდვის საჭიროება შეიქმნა. სავარაუდოდ, X დაიწყებს საკუთარი მოთხოვნილებების კონტროლს (ჩაიში სამი კოვზის ნაცვლად 1 კოვზ შაქარს ჩაყრის) და შეეცდება ოჯახის დანარჩენ წევრებსაც იგივე საქციელისკენ მოუწოდოს, რისადმი მორჩილებაც დანარჩენებს შესაძლოა გაუძნელდეთ, ამ უკანასკნელმა კი X გააღიზიანოს. X თავის სამომავლო შიშზე არ საუბრობს, ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იციან და ვერც იაზრებენ რატომ იქცევა ასე X, ამიტომ უპირისპირდებიან და აკრიტიკებენ. ეს არის ერთ-ერთი კონფლიქტის მაგალითი, რაც შესაძლოა თვითიზოლაციის პერიოდში ოჯახურ ურთიერთობებში წარმოიქმნას. იმისთვის, რომ კონფლიქტი თავიდან აირიდოს X-მა უნდა შეეცადოს თავის ოჯახის წევრებთან საკუთარ განცდებზე და სამომავლო შიშებზე ისაუბროს, რაც სავარაუდოდ ხელს შეუწყოს ოჯახის წევრების თანაგანცდის მოპოვებას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პრობლემის შექმნის მიზეზი სხვადასხვა შესაძლოა იყოს, თუმცა კონფლიქტის გამწვავების ხელშემწყობი ფაქტორები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მსგავსია. წარმოგიდგენთ მათგან ძირითადს:
- ერთმანეთში კომუნიკაციის შეზღუდვა– ოჯახის წევრები არ საუბრობენ ერთმანეთთან საკუთარ განცდებზე, არ უზიარებენ შთაბეჭდილებებსა და გამოწვევებს. ინტიმურობისა და ნდობის არეალი თანდათან ირღვევა. ჩნდება ე.წ „დახურული თემები“, რაც კონფლიქტების გაღრმავებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
- არასასიამოვნო განცდის გამომწვევი სტიმულის რეაგირების გარეშე დატოვება– ურთიერთობების დროს შესაძლოა ერთმა წევრმა ნებით თუ უნებლიედ მეორე არასასიამოვნო სიტუაციაში ჩააყენოს. ვთქვათ, აწყენინოს. თუ ეს განცდა მაშინვე არ დაფიქსირდა და არ გაჟღერდა, რომ მას ეს ეწყინა, შესაძლოა მისმა ქცევამ აგრესიული ელფერი შეიძინოს, რაც კონფლიქტის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი გახდება. ამგვარი სტიმულების ჭარბმა დაგროვებამ კი შესაძლოა ოჯახი განქორწინებამდეც კი მიიყვანოს. ამიტომ მნიშვნელოვანია არასასიამოვნო სტიმულებზე მაშინვე აქცენტის გაკეთება და „მე მესიჯებით“ საუბარი, რაც გულისხმობს საკუთარი განცდებსა და მდგომარეობებზე აქცენტირებას.
- საუბარში ხისტი ტონის გახშირება – ყოველ ადამიანს აქვს ალერსის მოთხოვნილება, რომელიც ტონსა და სიტყვებში იკვეთება. ალერსიანი ტონი ადამიანს შთააგონებს, რომ მისი არსებობა ძვირფასია, ეს კი თავს მნიშვნელოვნად და საჭიროდ აგრძნობინებს. ხისტად მიმართვა, კი დისკომფორტის არეალს ქმნის. ინდივიდს განრიდებისკენ უბიძგებს და შედეგად, ღია კომუნიკაციაც მცირდება. ეს კი კონფლიქტის გაღმავების ერთ-ერთი წინაპირობაა.
- პირადი სივრცის დაუცველობა– მიუხედავად იმისა, თუ რა მაშტაბის სივრცეში გვიწევს ცხოვრება, ყველას ცდილობს შეიქმნას პირადი სივრცე. იქნება ეს ოთახი, საწოლი, თარო თუ კარადა, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის და ის განკარგავს. პირადი სივრცე, ინდივიდს დაცულობის შეგრძნებას უქმნის, ეხმარება ემოციური სტაბილურობისა და სიმშვიდის მოპოვებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს სივრცე არსებობდეს და დაცული იყოს.
- ინდივიდუალური მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გაუთვალისწინებლობა– ყოველ ცალკეულ ადამიანს შესაძლოა თავის ინდივიდუალური მოთხოვნილება ან საჭიროება ჰქონდეს. მაგალითად, სჭირდებოდეს გარკვეული დრო განმარტოების და წიგნის კითხვისთვის, მეგობრებთან საუბრისთვისა, ფიქრისთვის და ა.შ. მნიშვნელოვანია ყოველი ოჯახის წევრის მხრიდან ამ საჭიროებების გათვალიწინება და ხელშეწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარემო კვლავ დისკომფორტის არეალად გარდაიქმნება, რაც ადამიანს ასევე განრიდებისკენ უბიძგებს და კონფლიქტის გამწვავებას ხელს უწყობს.
- ოჯახური როლების აღრევა– ოჯახი ერთგვარი სოციალური ჯგუფია, სადაც თითოეულ წევრს თავის როლი აკისრია. თუ რომელიმე წევრი საკუთარ თავზე უფრო მეტ ვალდებულებებს იღებს, ვიდრე დანარჩენი ამან შესაძლოა წარმოქმნას ფარული ან ღია პროტესტი, უთანხმოება და კონფლიქტი. ამ ყველაფრისგან თავდასაცავად სასარგებლო იქნება, თუ ოჯახის ვალდებულებები ყველა წევრზე გადანაწილდება და ყველა თავის წვლილს შეიტანს მის ფუნქციონირებაში.
- მცდელობა სხვა გახადო შენნაირი– ხშირ შემთხვევაში კონფლიქტს ამწვავებს ფაქტი, როდესაც მეორე ადამიანს მუდმივად ვუკრიტიკებთ ყოველ ნაბიჯს. მაგ. რატომ დალია წყალი ამ ჭიქით და არა მეორეთი. ან რატომ გამოიღო საჭმელად ეს თეფში და არა მეორე. საჭიროა, ოჯახის თითოეულმა წევრმა გაითავისოს, რომ ყველა ინდივიდუალურია და ამეს ქმნის მრავალფეროვნებას. ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არჩევანის თავისუფლების ქონა, რათა არ მოხდეს შინაგანი დაძაბულობის ფორმირება და კომფორტულობის განცდის ხარისხი გაიზარდოს.
ოჯახი არის გარემო, რომლის თითოეული წევრი ყოველდღიურად საკუთარი ინდივიდუალური გამოწვევების წინაშე დგას. დღევანდელმა პანდემიამ ეს გამოწვევები გაამძაფრა. შესაბამისად, ოჯახი ჰარმონიულ ფუნქციონირებას იმის მიხედვით გააგრძელებს, რამდენადაც მისი წევრები ხელს შეუწყობენ და დაეხმარებიან ერთმანეთს ამ გამოწვევების დაძლევაში. ამ შემხვევაში ოჯახი ერთ მთლიან ორგანიზმად წარმოგვიდგება და თავის მისიას წარმატებით შეასრულებს.