მარიამ ბასოშვილი- ფსიქოლოგი,ხელოვნების თერაპევტი, ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი.
შიში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ადამიანები ხშირად ცდილობენ დათრგუნონ, არ იფიქრონ, ყურადღება არ მიაქციონ ან მარტივად თქვან „მე არ მეშინია“, თუმცა ეს ასე არ არის. დაბადებიდან სიკვდილამდე ადამიანის შიშები იცვლიან ფორმას და ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გვხვდებიან. როდესაც ვამბობთ, რომ შიში აუცილებელი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას მუდმივად უნდა ვგრძნობდეთ ან განვიცდიდეთ. ის ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანს გაუცნობიერებლად, დამცავი სასიგნალო ფუნქცია ერთვება. ამ დროს ვცდილობთ გავექცეთ შიშს, თავი ავარიდოთ, თუმცა შიში ასე მხოლოდ ძლიერდება.
შიშს განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების პირობები, განწყობები და დამოკიდებულებები. მას აქვს თავისი ისტორია, განვითარება და ფუნქცია. სწორედ შიშის ისტორიაში (თუ საიდან მომდინარეობს) იმალება მისგან გათავისუფლების თუ შემსუბუქების გზები. შიშს შესაძლოა მივანიჭოთ ორი ფუნქცია – მას შეუძლია უფრო ქმედითი გაგვხადოს, ხოლო მეორე მხრივ უმოქმედო. მაგალითად, მოსალოდნელი საფრთხის დროს შიშის განცდა ადამიანისთვის გამაფრთხილებელია. ამ დროს შიში საფრთხის დაძლევის შესაბამის იმპულსებსაც იძლევა.
შიში გამოვლინდება ისეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანი არ ელოდება, ნებისმიერი სიახლე, რისკი, განვითარება, რომელიც ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს- იქმნება შიშის განცდა და შფოთვა. ადამიანი იმისათვის, რომ პიროვნულად გაიზარდოს, განვითარდეს და მომწიფდეს, შიშები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უნდა დაძლიოს და გადალახოს. შიშის დაძლევა „მე-ს გაძლიერებას“ ნიშნავს. მის ინტენსივობას, სიმძიმეს და ობიექტს ბავშვობისდროინდელი შიშები განსაზღვრავს. მას, ვისაც ე.წ. „ბედნიერი ბავშვობა“ ჰქონდა, მას უფრო მეტი რესურსი აქვს წნეხის ქვეშ არ მოექცეს და არ დაჯაბნოს შიშებმა.
ფ.რიმანი ძალიან საინტერესოდ აღწერს და გამოყოფს შიშის ოთხ ძირითად ფორმას, სადაც თითოეულს მიაკუთვნებს პიროვნების სახასიათო ტიპებს. მკითხველს შეუძლია დააკვირდეს საკუთარ ქცევებს და იდენტიფიცირება მოახდინოს თუ რომელ ტიპს მიეკუთვნება. რიმანის აზრით, ადამიანებს მართავს 4 ძრითადი შიში,ესენია:
1.ერთგულების შიში, როგორც საკუთარი „მე-ს“ დაკარგვის განცდა, რომელიც ახასიათებთ შიზოიდურ პიროვნებებს. როგორია შიზოიდური პიროვნება?! მას არ სურს ვალდებულებებს გრძნობდეს. ეს ის ფაქტორია, რომლის გამოც ცდილობს ყველასგან შორს დაიჭიროს თავი, არ აძლევს ადამიანებს მასთან მიახლოების საშუალებას. საზოგადოებაში ყოფნისას ის ყველაზე უკეთ გრძნობს თავს იქ, სადაც ვერ ამჩნევენ, მაგრამ იცის, რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მათი ნაწილია. შიზოიდური პიროვნებები ეჭვის თვალით უყურებენ გრძნობებსა და ემოციებს, ამიტომ პარტნიორული ურთიერთობები მათთვის მეორეხარისხოვანია. ხშირად შიზოიდური პიროვნებები ისეთ სექსუალურ ურთიერთობას ირჩევენ, რომელიც ადვილად მისაღწევია და პარტნიორი მხოლოდ „სექსის ობიექტია“. მას არ სჭირდება პასუხისმგებლობები, მოვალეობები, ემოციები, რადგან ეშინია საკუთარი თავის დაკარგვის. ამის გამო ის მუდმივად იცვლის პარტნიორს, რომ სიყვარულის საფრთხე აიცილოს თავიდან. ვინაიდან პარტნიორს „სექსის ობიექტად“ აღიქვამს, პარტნიორის სურვილები მას ნაკლებად აინტერესებს. მისთვის პრიორიტეტი საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. პარტნიორის მიმართ „სინაზეს“ უხეში ფორმებით გამოხატავს, შესაძლოა ფიზიკური ძალის გამოყენებითაც. გამოირჩევა ცინიზმით, რომ პარტნიორში ყველანაირი სასიყვარულო ემოცია ჩაახშოს. რა თქმა უნდა, პარტნიორი ამას თუ ეგუება და ბუნებრივად მიაჩნია, მასაც არაბუნებრივი სასიყვარულო მიდრეკილებები აქვს. შიზოიდური პიროვნება ფიქრობს, რომ ხანგრძლივი ურთიერთობების შემდეგ ღალატი გარდაუვალია, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად ესწრაფვის თავისუფლებას. შიზოიდური პიროვნების დადებითი მახასიათებლებია: დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, გაბედული ნაბიჯები მიზნისკენ, შეუძლია ობიექტურად დააკვირდეს ფაქტებს და კრიტიკულად, მიკერძოების გარეშე შეაფასოს. ასევე არ იზღუდავენ თავს ტრადიციებით და დოგმებით.
2.შიშის მეორე ფორმას წარმოადგეს „პიროვნებათ ჩამოყალიბების შიში“, როგორც დაუცველობის და სიმარტოვის განცდა, რომელსაც ვხვდებით დეპრესიული ტიპის პიროვნებებთან. ინდივიდად ჩამოყალიბების პროცესი უკავშირდება იმას, რომ ადამიანი გამოდის იმ კაფსულიდან, სადაც ყველა „მისნაირია“. ამ დროს არ ეშინია ადამიანს განსხვავებული შეხედულებების, გრძნობების თუ განცდების. დეპრესიულ პიროვნებებთან კი პირიქით, ეს ყველაფერი დაკარგვის შიშს აღძრავს. დეპრესიული ადამიანი საკუთარ უსაფრთხოებას ეძებს სხვებში. მისი პრობლემები გვერდით მყოფმა უნდა გადაჭრას, მასზეა მთლიანად დამოკიდებული, თუმცა ვერ ხვდება, რომ ამ დამოკიდებულებით მისი მდგომარეობა უარესდება. დეპრესიულ ადამიანს მეორე ადამიანი შეუძლია იმით დაიქვემდებაროს, რომ მას უსუსურ და უმწეო ადამიანად მოაჩვენოს თავი. სურს, რომ პარტნიორი მიჯაჭვული ჰყავდეს. რეალურად, დეპრესიულ ადამიანს ეშინია მარტო დარჩენის და მისთვის ურთიერთობა შიშის დაძლევასთან ასოცირდება (შიში კი რა თქმა უნდა ასე არ ქრება). რაც უფრო სუსტია დეპრესიული ადამიანი, მით უფრო მეტად დამოკიდებულია სხვაზე და რაც უფრო მეტად არის სხვაზე დამოკიდებული, მით მეტად იპყრობს დაკარგვის შიში. მას დაკარგული აქვს ზღვარი საკუთარ „მე“-სა და პარტნიორს შორის, სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად კრიზისი დეპრესიული პიროვნების ურთიერთობაში იჩენს თავს. იმის გამო, რომ პარტნიორი ხელიდან არ გაექცეს ხშირია ეჭვიანობები, პანიკა, შფოთვა, მუქარა და ა.შ.
დეპრესიული ტიპის ადამიანებში ასევე ხშირია უიღბლობის განცდა. მათი სურვილების შესრულების თუ შეუსრულებლობის შემთხვევაში იმედგაცრუებულები არიან, მუდმივად საკუთარ თავსა და ბედს ადანაშაულებენ.
3.ცვლილებების შიში, როგორც რწმენის უქონლობის განცდა – ობსესიური პიროვნებები. ადამიანი ამ დროს ცდილობს მარადიული განცდით იცხოვროს. სურს მუდმივად ერთი და იგივე საგნებთან, მოვლენებთან, გარემოსთან ჰქონდეს ურთიერთობა. სიახლე მისთვის შიშის შემცველია, რომ დაკარგავს ის სტაბილურობას, მუდმივობას. ობსესიური ადამიანი ამ დროს წინ აღუდგება ყველანაირ ცვლილებას, სიახლეს და თუ საჭიროა ებრძვის კიდეც. ობსესიური პიროვნება არ აძლევს თავს საშუალებას მოდუნდეს და თავისუფლად იფიქროს. მუდმივად სურს ერთი და იგივე განწყობებით, ჩვევებით იმოქმედოს, თუ მაინც და მაინც უწევს სიახლის მიღება ის ისე იზამს, რომ ძველს დაუკავშიროს. ობსესიურ ადამიანებს ახასიათებთ: სიფრთხილე, წინდახედულობა, გრძელვადიანი გეგმები. ისინი ფაქტიურად გონებით ფიქრობენ და ემოციებით არ მოქმედებენ.
აკვიატებული აზრები მუდმივობასთან დაკავშირებით სხვა და სხვა ქმედებებში გამოიხატება. მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც ახალი ბევრი ტანსაცმელი აქვთ, ამის მიუხედავად ერთი და იგივე ძველი ტანსაცმლით დადიან. ახალს არ ჩაიცვამენ, ან თუ ჩაიცვეს წუწუნით, რომ ის ისეთი აღარ იქნება, როგორც ადრე. ზოგიერთი ადამიანი მუდმივობის შენარჩუნებას ცდილობს სხვადასხვა გამოგონებებით, როგორ არ დაბერდნენ, იპოვნონ მუდმივი სილამაზის წამალი და ა.შ. ობსესიურ ადამიანს სურს, რომ ყველაფერი მის ნება-სურვილზე წარიმართოს. მას სჯერა, რომ ყველაფრის გათვლა და განსაზღვრაა შესაძლებელი. ობსესიური ადამიანი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას ქორწინებასთან დაკავშირებით, რაც არ უნდა მძიმე იყოს თანაცხოვრება, არ განქორწინდება. მას ამაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი პასუხი აქვს- „მე უკვე დავქორწინდი“. აქვთ საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ლტოლვა ან ემოცია ურთიერთობაში მათთვის წამყვანი არ არის. არის ტრადიციული და ზედმიწევნით იცავს წესებს. ობსესიური პიროვნებისთვის წარმოუდგენელია „უხამსი“ სექსუალური ურთიერთობა, რადგან „საყვარელ ქალს ამას ვერ აკადრებს“. ისინი სხვადასხვა სექსუალურ მოთხოვნილებებს მეძავებთან იკმაყოფილებენ.
ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც ობსესიური ნიშნები აქვს, გამოირჩევა სტაბილურობით, ამტანობით, მოვალეობის გრძნობითა და მიზანდასახულობით.
4.გარდაუვალობის შიში, როგორც დასასრულისა და შებოჭილობის განცდა – ისტერიული პიროვნებები. ეს შიში საპირისპიროა ობსესიური პიროვნების შიშისა. ისტერიული ადამიანისთვის აუცილებელია თავისუფლების შეგრძნება. მას აშინებს შეზღუდვები, ტრადიციები, დადგენილი წესები. ისინი არაფრის წინაშე არ იღებენ პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას. მის ქცევას წარმართავს იმპულსები ან სურვილები. ისტერიულმა პიროვნებამ ნებისმიერი სურვილი სწრაფად უნდა დაიკმაყოფილოს, მისთვის ლოდინი აუტანელია. შეუძლია ამბების საკუთარი სურვილისამებრ გადასხვაფერება ან გაყალბება. უმტკივნეულოდ ივიწყებს არასასიამოვნო ამბებს, არ აწუხებს დანაშაულის გრძნობა, თავს არიდებს იმას, სადაც მას უწევს უარის თქმა, ლოდინი ან საკუთარი თავის გამართლება. ის უდარდელი ბავშვივით იქცევა. ისტერიული ადამიანისთვის პასუხისმგებლობა უსიამოვნო ცნებაა, ის ვერ შეეგუება სიბერეს ასეთები არ ამხელენ ასაკს. ყველა საშუალებით ცდილობს ვიზუალურად შთაბეჭდილება მოახდინოს. იქმნის ახალგაზრდულად ყოფნის ილუზიას, თუ ასაკიანია იცვამს ახალგაზრდულად, იყენებს გადაჭარბებულად კოსმეტიკურ საშუალებას. ისტერიული ადამიანები ვერ შეიგრძნობენ საკუთარ შიშს, მაგრამ ამ დროს მათ ეშინიათ მოედნებზე და ქუჩაში გადაადგილების, დახურული სივრცის, ასევე ცხოველების. ამ შემთხვევაში ხდება კონკრეტული შიშის მეორეხარისხოვან შიშზე გადატანა. ისტერიული ადამიანებისთვის დაშვებული შეცდომების გამართლება ყოველთვის შესაძლებელია. არიან მოქნილები, ცხოვრობენ დღევანდელი მდგომარეობების და სურვილების გათვალისწინებით და წარსულს არ აქცევენ ყურადღებას, თითქოს წარსული არც არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში. ისინი მუდმივად რაღაც როლს თამაშობენ, რომელიც საჭიროებებზეა გათვლილი. ისტერიული ადამიანისთვის ძლიერი შეგრძნებები, ექსტაზი, ვნებათაღელვა, სიყვარული ბედნიერებას განაცდევინებს. მას იზიდავს ზღვარგადასული გრძნობები და განცდები. ისტერიული ადამიანი ცდილობს პარტნიორად ნარცისული ბუნების ადამიანი აირჩიოს, იმ მიზეზით, რომ იგი პარტნიორში საკუთარი თავის მსგავს თვისებებს ეძებს. მისთვის სიყვარულის მოპოვება თამაშია, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს.
თუ მკითხველმა მკვეთრად ვერ გამოარჩია საკუთარი თავი ამ ოთხი პიროვნების და შიშების დახასიათებისას, გამოდის რომ მას არც თუ ისე მძიმე ბავშვობა ჰქონია, ხოლო თუ მკვეთრად არის გამოხატული რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, მას აუცილებლად სამუშაო აქვს საკუთარ შიშებთან , ვინაიდან ხელი არ შეუშალოს შიშებმა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიზნების მიღწევასა თუ ურთიერთობებში. შიშთან ერთად უნდა ისწავლოს ადამიანმა ცხოვრება და მასთან ერთად ბრძოლა , იმისათვის რომ ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობა შეინარჩუნოს.