ქართველი ფსიქოლოგები

მაკო გაგნიძე – აუტიზმის სპექტრის აშლილობა და იზოლაცია

მაკო გაგნიძე – პრაქტიკოსი ქცევითი თერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი

აპრილი, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების თვეა. 2 აპრილს კი მსოფლიოში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 2007 წლის 18 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა, საქართველოში კი 2011 წელს პირველად აღინიშნა. ასამბლეის ინიციატივა, განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით. (ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) 2020 წლის მარტის მონაცემებით უკვე 1:54-ზე) აუტიზმი, ნეიროგანვითარებითი დარღვევების ჯგუფს მიეკუთვნება და წარმოადგენს ქრონიკულ მდგომარეობას, რომელიც აერთიანებს სიმპტომებს 3 ძირითად სფეროს თვალსაზრისით, ესენია: კომუნიკაციური სფერო, სოციალური ინტერაქციის სფერო, შეზღუდული, გაღარიბებული ინტერესთა სფერო.

2 აპრილს გაეროს რეზოლუციის საფუძველზე, პლანეტის ცნობილი შენობები და მონუმენტები საგანგებოდ ამ მდგომარეობისთვის, შერჩეულ ლურჯ ფერად ნათდება, აუტიზმის ფერი ლურჯია, სიმბოლო კი ფაზლის ნაწილები, თუმცა 2020 წლის 2 აპრილს, არც შენობები განათებულა და არც ფაზლის ნაწილების, სიმბოლიკა ყოფილა აქტუალური, რადგან წელს, სამყარო სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება, დღეს კორონა ვირუსს ებრძვის, დიახ კორონავირუსი სამყაროს გამოწვევაა, რომელიც გარემოსთან მორგების ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ჩამოყალიბებას საჭიროებს. დაიკეტა ცენტრები სადაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები, იღებდნენ ქცევით და სხვადასხვა თერაპიულ მომსახურებას. იზოლაციაში მყოფთ შეეცვალათ დღის რუტინა, აღნიშნული კი შესაძლოა უარყოფითად აისახოს მათ ქცევაზე და მშობლებს, გაუჭირდეთ მათი ქცევის მართვა. პირველი და უდიდესი როლი აქვს ამ დროს ბავშვების წინაშე, გულწრფელობას, მათ სწორ ინფორმირებულობას, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ვატყუებთ, არ ვიგონებთ რაიმე მიზეზს აღნიშნული მდგომარეობის გასამართლებლად, ვაწვდით ინფორმაციას იმ სირთულით რა დონეზეც ბავშვი შეძლებს მის გაგებას და გააზრებას. (იქნება ეს ვერბალური, ვიზუალური თუ ორივე ერთად, დღევანდელი მდგომარეობის აღწერილობა) აღსანიშნავია, არა მხოლოდ სიტყვიერი დამშვიდება, გამხნევება, დაიმედება, არამედ საკუთარი ქცევის მოდელით, მაგალითის მიცემა. მნიშვნელოვანია, მშობლის მიერ საკუთარი ემოციის კონტროლი, ემოციური რეგულაციის სტრატეგიების გამოყენებით, რომლებიც უმრავლესობას, ცნობიერ თუ არაცნობიერ დონეზე შემუშავებული აქვს. მაგალითად, ბევრი ადამიანი დამშვიდების, განტვირთვის მიზნით, ვარჯიშობს, უსმენს მუსიკას, ცეკვავს, ხატავს, ამზადებს საკვებს და ა.შ აღნიშნულ აქტივობვებში ჩართეთ ბავშვებიც, ივარჯიშეთ, მოუსმინეთ მუსიკას, იცეკვეთ, მოამზადეთ სადილი მათთან ერთად გახსოვდეთ, რომ ბავშვი ყველაზე კარგად ხვდება და გრძნობს თუ როდის, რაზე და როგორ, რეაგირებს მშობელი. შეახსენეთ თქვენს თავს რამდენად მნიშვნელოვანია ახლა მშვიდად ყოფნა, იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ შეძლოთ სიმშვიდის შენარჩუნება, გაუფრთხილდით საკუთარ ნერვულ სისტემას, ეცადეთ, მედია საშუალებებს დრო დაუთმოთ დღეში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ. ზედმეტ ინფორმაციას მოარიდეთ ბვავშვებიც. მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, დღის რუტინის გაწერა (დაგეგმვა) როგორც ბავშვებისთვის ასევე მშობლებისთვის, აკონტროლეთ გაღვიძების, დაძინების ერთი და იგივე დრო, დაგეგმეთ დღე, ჩამოწერეთ გეგმა რას გააკეთებთ დღის განმავლობაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ეცადეთ, რომ ბავშვები მაქსიმალურად ჩართოთ ყოველდღიურ აქტივობებში და დაასწავლოთ ის ქცევები ( თუ არ აქვს ჩამოყალიბებული, ან თუ აქვს, გააუმჯობესეთ დამოუკიდებლობის ხარისხი) რომლებიც ფუნქციურია, როგორებიცაა მაგალითად, ტუალეტის ჩვევა, ჩაცმა-გახდა, დილის რუტინა, კბილების გამოხეხვა, პირის, ხელების დაბანა, მიმართულ მეტყველების სირთულეების შემთხვევაში უპრიანი და ეფექტურია ვიზუალური აღწერილობის გამოყენება, იქნება ეს ამობეჭდილი ფოტო, თქვენს მიერ დახატული ნახატი თუ გაჯეტებით ნაჩვენები, განსახორციელებელი აქტივობის აღწერილობა. დღეში ერთხელ, გამოყავით ფიზიკური აქტივობის საათი, რომელიც თავის თავში ფუნქციურ აქტივობას გულისხმობს, მაგალითად დაიხმარეთ ბავშვი სახლის დალაგებაში, სადილის მომზადებაში, სუფრის გაშლაში, ალაგებაში, ჭურჭლის დარეცხვაში, ჩართეთ ნებისმიერ ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო, შინ განსახორციელებელ აქტივობაში. ასევე მიეცით არჩევანის გაკეთების საშუალება აქტივობებს შორის, მაგ. ,,აალაგებ თუ ჩურჭელს დარეცხავ?“ ,,ტანსაცმელს დაკეცავ თუ სადილის მომზადებაში დამეხმარები?“ გამოყავით დრო მეცადინეობისა თუ პროგრამის აქტივობისთვის (რომლითაც ხელმძღვანელობდა თერაპევტი, ქცევითი თერაპიის დროს) მინიმუმ 30 წუთი. დაუკავშირდით თერაპევტს, სუპერვაიზერს სთხოვეთ მოგაწოდოთ პროგრამა, მოგცეთ რეკომენდაცია (იმ შემთხვევაში თუ უკვე არ იღებთ ონლაინ მომსახურებას). შეძლებისდაგვარად დაარეგულირეთ ტექნიკის მოხმარების დრო, თვალყური ადევნეთ ვიდეოებს თამაშებს რასაც ბავშვი ადევნებს თვალს ან თამაშობს. ყურადღება გაამახვილეთ და წაუხალისეთ სასურველი ქცევა. არ დაგავიწყდეთ დასვენების დროის გამოყოფა. მიეცით საშუალება გამოხატოს საკუთარი ემოციები აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაუზიარეთ ასევე თქვენიც. გახსოვდეთ ბავშვის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და მისი მხარდაჭერა. და ბოლოს სიმშვიდე შინაგანი ძალის საიდუმლოა, ყველაფერი კი დამოკიდებულია თქვენს ინდივიდუალურ ძალისხმევასა და მონდომებაზე. სიმშვიდეს და ჯანმრთელობას გისურვებთ!

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81