ტყუილის ფსიქოლოგია

0

ტყუილი ძალიან საინტერესო ფენომენია და არაერთი ფსიქოლოგის მსჯელობის საგანი გამხდარა. გვინდა თუ არ გვინდა, ხშირად გაუაზრებლად ვცრუობთ, ან გააზრებულად ვიტყუებით, რამდენადაც აწყობს სიტუაციას და გარემოს, ტყუილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მეორე საკითხია, როგორ ამოვიცნოთ ტყუილი, ან როგორ მოვიტყუოთ დამაჯერებლად. ამიტომ, საინტერესოა ფსიქოლოგების მოსაზრებები, რომლებიც მეტ-ნაკლებად გვეხმარება ამოვიცნოთ სხეულის ენის საშუალებით მოსალოდნელი ტყუილი.
”სიცრუის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ქვეცნობიერება ავტომატურად მუშაობს ჩვენგან დამოუკიდებლად, ამიტომაა რომ სხეულის ენა გაგვცემს ხოლმე”(ალან პიზი)

სიცრუის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვანაირია, ზოგი ტყუილი მისაღებია და პოზიტიურად არის მიჩნეული, ზოგი უარყოფითად. ხანდახან ვიტყუებით იმის გამო, რომ ადამიანს გული არ ვატკინოთ (არ ვუთხრათ, რომ მის მიერ მომზადებული საჭმელი უგემურია), ამ დროს შეიძლება ტყუილი არ ვთქვათ, მაგრამ არც სიმართლე, ანუ უმოქმედოდ ვიყოთ, ფსიქოლოგ პოლ ეკმანის აზრით ესაც სიცრუის ერთ-ერთი ფორმაა. მეორე ვარიანტია, დავმალეთ სიმართლე, რის გამოც სამსახურში დავაგვიანეთ, სამსახურიდან გათავისუფლების შიშით, ე.ი. გამოვიგონოთ სხვა სიმართლე, რომელშიც უფროსს დავარწმუნებთ. მაგალითად, დავალების გაკეთება ვერ მოვასწარით და დამატებით დროს ვითხოვთ, ამისთვის კი ტყუილ მიზეზს ვამბობთ, რათა არ მივიღოთ საყვედური. პოლ ეკმანის თეორიის მიხედვით, ეს ტყუილის მეორე ფორმაა, ანუ იმ რეალური ფაქტის შეცვლა, რაც არსებობს.
შესაბამისად, ტყუილი ცხოვრების თანმდევია და ზოგჯერ ისიც ტყუილია, რასაც ამ სტატუსს არ ვანიჭებთ და უბრალოდ ყოველდღიურ რუტინაში გვაქვს შეტანილი. ჩვენ ვიკეთებთ მაკიაჟს, ვიცვამთ ლამაზ ტანსაცმელს, ანუ საკუთარ თავს უფრო უკეთესად წარმოვაჩენთ, ესეც ტყუილია გარკვეულწილად, თუმცა მისაღებია საზოგადოებაში.
ლოგიკურია, სიცრუე ყოველთვის ვერ იქნება სიკეთის მომტანი და ის ურთიერთობების, საქმის გაფუჭების საშინელ მიზეზად იქცევა ხოლმე.
”შესაძლებელია თუ არა გააყალბო საკუთარი სხეულის ენა? ჩვეულებრივად პასუხი იქნება უარყოფითი, მაგ: გაშლილი ხელის გულები ასოცირდება სიპატიოსნესთან, მაგრამ როდესაც მატყუარა გიშლით ხელებს და გიღიმით ამავე დროს ის ცრუობს, მისი სხეულის მიკროსიგნალები გასცემენ დაფარულ აზრებს.”(ალან პიზი)

სიცრუის ამოცნობის ინდიკატორები

ტყუილის ამოსაცნობად არც ისეთი სანდოა სიტყვები, რადგან ობიექტი მახერხებს მათ გაკონტროლებას. თუმცა შეიძლება მოუმზადებელი ტყუილის დროს დაუფიქრებლად წამოვისროლოთ რაიმე, დავიბნეთ და გამოგვიჭირონ ტყუილში.
ტყუილის დროს იცვლება ხმის ტემბრი, ვიწყებთ სწრაფად საუბარს ან ზედმეტად დიდ ინტერვალებს ვაკეთებთ.

თუ არ ჩავთვლით დახელოვნებულ მატყუარებს, ჩვეულებრივ ხშირია სიცრუის დროს გაწითლება, თვალის სწრაფი ხამხამი, გუგების გაფართოება, ხელოვნური ღიმილი.

ტყუილის თქმის წინ შესაძლოა ადამიანმა პირზე ინსტიქტურად აიფაროს ხელი, მოსალოდნელი სიტყვების შეკავების მიზნით. თუ გისმენთ და პირზე იფარებს ხელს, დიდი შანსია თავადაც არ სჯეროდეს ნათქვამის.
მაშინ, როცა ზემოთხსენებული ჟესტის დამალვას ცდილობს, შეიძლება ცხვირზე მოისვას ხელი. ბუნებრივი მოქავება სრულიად განსხვავდება დაფარული ჟესტისაგან და ამის გარჩევა მარტივია.

ზოგჯერ ტყუილი იწვევს კისრის და სახის კუნთების შესიებას და ამიტომ შესაძლოა მატყუარამ მოიქავოს კისრის მიდამო და დაჭიმოს პერანგის საყელო.
პოლიტიკოსები საუბრის დროს ხშირად იყენებენ თითს, რომელიც საკმაოდ აგრესიულია და ამით გვარწმუნებენ. თუმცა თუ მათი თვალები სხვაგან არის მიმართული და სხეულის ენა სხვაგან შესაძლოა სიმართლეს არ გვესაუბრებოდნენ.

როგორ ვიგრძნოთ, რომ გვატყუებენ, თუ დამაჯერებელი მატყუარაა ჩვენს წინ? ალან პიზი, თავის წიგნში ”სხეულის ენა”, ამ საკითხზე საუბრობს და გვეუბნება, რომ შესაძლოა ადამიანმა გააკონტროლოს ჟესტიკულაცია, რომელიც გასცემს მათ, თუმცა ეს საკმაოდ რთულია და მხოლოდ იმ ადამიანებს გამოსდით, რომლებიც დიდი ხნის დახელოვნებულები არიან ამ საქმეში, მაგალითად, პოლიტიკოსები, ადვოკატები, მსახიობები. თუმცა პიზი ასევე აღნიშნავს, რომ მაშინაც კი როდესაც ვცდილობთ ჟესტები არ გამოვიყენოთ საუბრისას, ჩვენი ორგანიზმი მიკროსიგნალებს გამოსცემს. თუმცა ამის შემჩნევა ძნელდება, რადგან წამიერად ხდება.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81