ექსზისტენციალიზმიირვინ იალომიჰუმანისტური ფსიქოლოგია

ირვინ იალომის ციტატები

ირვინ იალომი – სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი,  ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფსიქოთერაპიის „მესამე ტალღის“ წარმომადგენელი და მრავალი მხატვრული და სამეცნიერო წიგნის ავტორი, რომელიც ბესტსელერებად იქცა. წარმოგიდგენთ ციტატებს იალომის წიგნიდან „სიყვარულის ჯალათი და სხვა ფსიქოთერაპიული ნოველები“. წიგნში ავტორი გვიზიარებს თავის მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას  და განიხილავს საკუთარი პაციენტების საინტერესო შემთხვევებს. წერის დახვეწილი სტილი, გულწრფელობა, გამბედაობა და პირადი სისუსტეების აღიარება წიგნში მოთხრობილ ყოველ ამბავს  შთამბეჭდავს და საინტერესოს ხდის არა მხოლოდ სპეციალისტებისთვის, არამედ მკითხველთა ფართო წრისთვის.  პრობლემური საკითხები, რომლებსაც ავტორი განიხილავს, აქტუალურია არა მხოლოდ მისი პაციენტებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის – დანაკარგი, ტკივილი, სიბერისა და სიკვდილის გარდაუვალობა, უარყოფილი სიყვარულის სიმწარე, თავისუფლების შიში და სხვა.

Psychologist.ge წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩეულ ციტატას:

 

  1. ნუ შემოხსნით პაციენტს ილუზიის საფარველს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რეალობის სიცივეს გაუძლებს.

 

  1. უფრთხილდით უკონტროლო და დაუფიქრებელ ვნებას, ძლიერ მიჯაჭვულობას. ის სულაც არ გახლავთ სიყვარულის აბსოლუტი, როგორც ეს შეიძლება მოგეჩვენოთ. საკუთარ თავში ჩაკეტილი და საკუთარი თავითვე გამოკვებილი სიყვარული განწირულია თვითგანადგურებისთვის. სიყვარული მხოლოდ მწველი ვნება არ არის. ჭეშმარიტი სიყვარული ამისგან ძალიან შორსაა.. სიყვარული არსებობის ფორმაა –  არა გატაცება, არამედ თავის მიძღვნა,  თვითგაცემა როგორც ერთი ადამიანისადმი, ისე  სამყაროსადმი მთლიანობაში.

 

  1. “მე არ ვმუშაობ შეყვარებულ ადამიანებთან. შესაძლოა შურის გამო – მეც ვოცნებობ, რომ სიყვარულისგან თავის დაკარგვა გამოვცადო. კარგი თერაპევტი იბრძვის სიბნელის წინააღმდეგ და სურს ყველაფერს ნათელი მოჰფინოს, მაშინ, როდესაც რომანტიული სიყვარული სწორედ ჩრდილში ყვავის, ხოლო სინათლის და  დაჟინებული მზერის ქვეშ ჭკნება. ჩემთვის აუტანელია სიყვარულის ჯალათად ყოფნა.“

 

  1. “მთელი ხნის განმავლობაში რაც გიცნობთ, მომენტები, როდესაც ყველაზე მეტად ხართ დათრგუნული, ის პერიოდებია, როდესაც გარშემომყოფებთან ურთიერთობას წყვეტთ და ჭეშმარიტად მარტოსული ხდებით. ეს მნიშვნელოვანი მინიშნებაა – საჭიროა თქვენს ცხოვრებაში სხვა ადამიანებთან კავშირი შეინარჩუნოთ.“

 

  1. „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის, თუ როგორ ეგებება ადამიანი სიკვდილს, დამოკიდებულია იმაზე, სიკვდილის როგორი მოდელი ჩაუნერგეს მას მშობლებმა. საკუთარი სიკვდილის მიმღებლობა – ეს ერთ-ერთი ბოლო საჩუქარია, რომელიც მშობლებს შეუძლიათ შვილებს უძღვნან“

 

  1. „მე ვიღებდი ბევრ ინფორმაციას, მაგრამ კონტაქტი ჩვენს შორის არ იყო“

 

  1. მართალია მუდამ მივისწრაფით, რომ ცხოვრება ვინმესთან ერთად განვლიოთ, წყვილში ან კოლექტივში, მაგრამ დგება დრო, როგორც წესი სიკვდილის მოახლოების წინ, როდესაც მარტივ ჭეშმერიტებას აღმოვაჩენთ: ჩვენ ვიბადებით და ვკვდებით მარტონი“

 

  1. ჩვენი თავისუფლება ისევე ვლინდება, როგორც ნება – მოქმედების წყარო. მე ნების გამოხატვის ორ სტადიას გამოვყოფ: დასაწყისია ადამიანის სურვილი, შემდეგ კი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას მოქმედების შესახებ.

 

  1. განცდა იმისა, რომ რაღაც უფრო მეტს უნდა აკეთებდე, ვიდრე რეალურად აკეთებ, ფარული მისწრაფებაა გააკონტროლო გაუკონტროლებელი. ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ ხელოვნურად შექმნილი ილუზია გვაიძულებს ნახევარი ცხოვრება მიღწევების უსასრულო სპირალზე ასვლის მცდელობაში გავლიოთ და გვეგონოს, რომ ყველაფერი ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული.

 

  1. ერთ-ერთ სეანსზე მან მომაწოდა იდეა, თუ როგორ უნდა მემუშავა ადამიანებთან, ვინც დანაკარგი გამოცადეს და გლოვობენ: მანამ, სანამ გარდაცვლილთაც ერთად „თანაარსებობას“ ვისწავლით, უნდა ვისწავლოთ ცოცხალ ადამიანებთან ცხოვრება“

 

  1. აკვიატება ენერგიას ართმევს ადამიანის არსებობის სხვა სფეროებს. ეჭვი მეპარებოდა, რომ შევძლებდი პაციენტი აკვიატებისგან გამეთავისუფლებინა მანამ, სანამ მისი ცხოვრების სხვა ასპექტებს არ გავამდიდრებდი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, არის თუ არა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში სითბო და ახლო ურთიერთობები. პაციენტის მონათხრობიდან გამომდინარე, ქმართან არც ისე ახლო ურთიერთობა ჰქონდა. შესაძლოა აკვიატების როლი სწორედ ის იყო, რომ ინტიმურობის დეფიციტის კომპენსირება მოეხდინა: აკვიატების მეშვეობით პაციენტმა სხვა ადამიანთან  დაამყარა კავშირი – ოღონდ რეალურის ნაცვლად, წარმოსახვითთან.

 

  1. ყველაფერი რაც ხდება – მასალაა თერაპიული სამუშაოსთვის

 

  1. შეყვარებული ადამიანი, რომელიც ნეტარია და სხვა ადამიანთან ერთიანობაშია შერწყმული კარგავს რეფლექსიის უნარს. მისი ცალკეული „მე“ იზოლაციის შიშის გამო იკარგება „ჩვენში“. ამგვარად ადამიანი შფოთვისგან თავისუფლდება, მაგრამ ამავდროულად კარგავს საკუთარ თავს.

 

  1. „გაყინული“ ზუსტი ეპითეტია მგლოვიარე ადამიანის აღსაწერად – სხეული შეშდება, სახე კარგავს გამომსახველობას, გონება კი ცივი და მომაბეზრებელი ფიქრებითაა გადავსებული.

 

  1. ჩვენი არსებობის სასჯელია სიკვდილი, რომლის დაჯერებაც არ გვსურს, სიყვარული – რომელსაც ვკარგავთ , თავისუფლება – რომლისაც გვეშინია და გამოცდილება, რომელიც გვანგრევს.

 

  1. ბევრი ქორწინება და მეგობრობა ინგრევა იმის გამო, რომ პარტნიორები ერთმანეთზე ზრუნვის ნაცვლად ერთმანეთს იყენებენ, როგორც მარტოობასთან ბრძოლის საშუალებას.

 

  1. ცხოვრება უნდა იცხოვრო აქ და ამჟამად, არ შეიძლება მისი დაუსრულებლად გადადება

 

  1. იცით, არავინ დარჩა ცოცხალი მათგან, ვინც ჩემს ბავშვობას შესწრებია. ასე რომ, როგორც ბავშვი, მე მკვდარი ვარ. როდესმე, ერთი ორმოცი წლის შემდეგ, აღარავინ იქნება ცოცხალი იმათგან, ვინც საერთოდ ცხოვრებაში შემხვედრია. და მაშინ მე ნამდვილად მოვკვდები – შევწყვეტ არსებობას ყველას მეხსიერებაში. ხშირად მიფიქრია, რომ რომელიმე მოხუცებული ადამიანი წარმოადგენს ბოლო ცოცხალ არსებას, რომელსაც ვინმე ერთის ან მთლიანი სანაცნობოს სიცოცხლე ახსოვს.  როდესაც ეს მოხუცებული კვდება, მასთან ერთად ის გარდაცვლილებიც წყვეტენ არსებობას. თავს ვეკითხები ხოლმე, ვინ იქნება ის ბოლო ადამიანი, რომლის სიკვდილიც მეც საბოლოოდ მკვდრად მაქცევს?

 

  1. კოშმარი – ეს წარუმატებელი სიზმარია, სიზმარი, რომელიც ვერ მოერია შფოთვას და ვერ შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია – მძინარე ადამიანის დაცვა

 

  1. მართალია, სიტყვა “პასუხისმგებლობა” შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობით იქნას გამოყენებული, მე უპირატესობას სარტრის განმარტებას ვანიჭებ: პასუხისმგებლობა ნიშნავს “იყო ავტორი”- თითოეული ჩვენგანი საკუთარი ცხოვრების ავტორია.

თარგმანი –  ნონა შიუკაშვილმა

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81