ქართველი ფსიქოლოგები

ლალი ბადრიძე – ვიდრე შიში შფოთვად იქცევა

ლალი ბადრიძე – პოზოტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენლობისა და პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის, IDC ხელმძღვანელი.ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ICF საქართველოს წევრი

კრიზისის დროს, ზოგჯერ ჩვენი აზრები და ქცევები თავადვე გვაოცებს. გარშემომყოფთა  მოქმედებებიც ხშირად არ ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს. ვიღაცას ძალიან ეშინია, ვიღაც ნიჰილიზმში ვარდება და ვერანაირ საშიშროებას ვეღარ ამჩნევს. მათგან განსხვავებით არსებობენ ადეკვატური ადამიანებიც, რომლებიც საღად აანალიზებენ მოვლენებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ.

მომხდარის მიმართ სხვადასხვაგვარი განწყობები და დამოკიდებულებები  ბუნებრივია, რადგან ყველა პირადი ფსიქოლოგიური თავისებურებიდან გამოდის. საკუთარი სტრესის დონიდან გამომდინარე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღელავენ, რომლებიც არ ღელავენ, რომლებიც უარყოფენ რეალობას, რომლებიც პანიკით მოცულნი არიან, რომლებსაც ეშინიათ და რომლებსაც ძალიან ეშინიათ.

შიში და შფოთვა

შიში არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს რეალური ან მოსალოდნელი უბედურება, რომელსაც ნასაზრდოებია იმ კონკრეტული მუქარით, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას ემუქრება.

დღეს, როცა ვლაპარაკობთ შფოთვაზე, ვგულისხმობთ რაღაც გაურკვევლ, უმიზეზო  ეჭვსა და ფორიაქს.

სწორედ ამაშია შფოთვასა და შიშს შორის პრინციპული განსხვავება. შფოთვა არის მოსალოდნელი, გაუგებარი საშიშროების ემოციურად გამძაფრებული შეგრძნება. მოლოდინი, რაღაც მოვლენისა, რომლის პროგნოზირებაც წარმოუდგენელია. ის არის ფიქრი მოვლენაზე, რომელმაც შეიძლება მძიმე შედეგები მოიტანოს ან არ მოიტანოს. შიშის დროს გვაშინებს რაღაც კონკრეტული. მაგ. „მეათე საფეხურიდან რომ გადმოვხტე, შეიძლება რამე დავიზიანო“, რადგან „მეშინია, ამას არ ვაკეთებ“. ეს ადეკვატური შიშია და ის მე დაზიანებისგან მიცავს. თუმცა როდესაც მე ვშფოთავ, მაშინაც მეშინია, მაგრამ ზუსტად რის, გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არც ის ვიცი, როგორ დავიცვა თავი და როგორ მოვიქცე.

შიში საჭირო ემოციაა და მისგან განთავისუფლება არ არის საჭირო. ის, ჩვენი ისტორიული წინაპრებისგან მემკვიდრეობით გვერგო საიმისოდ, რათა რეაგირება მოვახდინოთ ამა თუ იმ საშიშროებაზე. შიშის შენარჩუნება აუცილებელია, ვინაიდან მას ბევრი სხვადასხვა ფუნქცია გააჩნია. მას აქვს გამაფრთხილებელი ფუნქცია, რომელიც გვატყობინებს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, დამცავი ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ვახდენთ ადაპტირებას გარემომცველ სამყაროსთან. შიშს შეუძლია ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა, მაგ. იმის გამო, რომ მოწამვლის მეშინია „არ დავკრეფ და არ მივირთმევ სოკოს, თუ მისი ცნობა არ ვიცი“.

სხვა საქმეა შფოთვა. მის დროს არ არსებობს შიშის რეალური საფუძველი. აუცილებელია შფოთვისგან განთავისუფლება ან მისი შემცირება მაინც. ის ანგრევს ჩვენს ნერვულ სისტემას,  ართმევს ჩვენს ცხოვრებას ხალისსა და ფერებს. გვიწამლავს სიცოცხლეს. მისი ოდნავ შემცირებაც კი, ხელს უწყობს რეალური აზროვნების დაბრუნებას.

დღეს, ბევრი ფიქრობს, რომ ,,COVID-19” შფოთვის ძირითად საფუძველს წარმოადგენს. კორონავირუსს, როგორც დაავადებას აქვს შიშის საფუძველი, მაგრამ შფოთვის? თუ მოვინდომებთ შიშის მიზეზის დადგენას კორონავირუსზე შფოთის დროს, აღმოვაჩენთ, რომ  უმეტესად ეს შეიძლება იყოს ახლობლების დაკარგვის შიში, ზოგ  შემთხვევაში კი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მიზეზი ხვალინდელი ცვლილების შიშია, რადგან მიჩვეულები ვართ ამ ცხოვრებას, ამ რიტმს და გვაშფოთებს ის, რომ ამის შეცვლა მოგვიწევს და შესაბამისად მოგვიწევს ჩვევების შეცვლაც.

რა გამოდის? გამოდის, რომ სინამდვილეში ვშფოთავთ იმ კომფორტის ზონის დატოვების გამო, რომელშიც ვიყავით. თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ თუ რაიმე მნიშვნელოვანს ჩვენს ჩვეულ ცხოვრებაშიც შევცვლიდით, ღელვა იმ შემთხვევაშიც მოგვიწევდა. მაგ. სხვა ქვეყანაში გადასვლა, ახალი სამსახური ან მოახლოებული არჩევნები. ეს, სხვა რამეა და არა რეალური საშიშროება, ის დაკავშირებულია რაღაც უსიამოვნებასთან და არ ემუქრება ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

სულ სხვა საქმეა, შფოთვა ახლობლების სიცოცხლეზე დღევანდელ სიტუაციაში. მაგრამ, რამდენად არის ეს შფოთვა საფუძვლიანი, რამდენად ემუქრებათ მათ სიკვდილის საშიშროება. კორონავირუსით სიკვდილის დონე 3,5 % -ია, რაც ბევრად ნაკლებია გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობაზე. გამოდის, რომ ადამიანებს კორონავირუსის შიში  კი არ აქვთ, არამედ  შფოთვა აქვთ იმ მოულოდნელი შედეგების მიმართ, რომელიც შეიძლება მოყვეს პანდემიას ან არც მოყვეს.

ზოგიერთი ახლა საოცრად დიდი რაოდენობით იმარაგებს სანოვაგეს, მიუხედავად იმისა, რომ სანოვაგის მარაგი არანაირად არ მოქმედებს ვირუსით დაავადების ალბათობაზე. როცა დაავადების გეშინია, გასაგებია ყველა არსებული მოთხოვნის დაცვა. მაგრამ, როცა ეს ყველაფერი სცილდება აღნიშნულ საზღვრებს, ეს არაფერ შუაშია კორონავირუსთან. ამაზე ინტერნეტში გავრცელდა სახალისო ამბავი კაცისა, რომელიც მოკვდა კორონავირუსით. მას თავზე დაემხო სანოვაგით დატვირთული თაროები.

ახლა უკვე დადგა დრო, როცა უნდა შევეგუოთ იმას, რომ სამყარო თვალსა და ხელს შუა იცვლება. უფრო სწორად უკვე შეიცვალა. ასე რომ, ახლა იმაზე ფიქრია საჭირო, ,,როგორ შევეყრები მე ჩემს ახალ სამყაროს და როგორ შემეყრება იგი მე?’’

ვეცადოთ მზად დავხვდეთ ყოველგვარ სიახლეს. ხოლო, თუ ასეთ დროს  მოწყენილობას, დარდს, დაბნეულობას, შიშსა და ბრაზს ვიგრძნობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს კრიზისის დროს ნორმალურია.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ქმედებას, რომელიც შესაძლოა  ასეთ დროს დაგეხმაროთ:

  • ელაპარაკეთ მეგობრებს, ნათესავებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით. ეს ძალიან დაგეხმარებათ.
  • იკვებეთ ჯანსაღად, დაკავდით სპორტით.
  • იყავით ახლობლებთან კავშირში ტელეფონით ან ინტერნეტის მეშვეობით.
  • თუ სტრესულ სიტუაციას ვერ უმკლავდებით მარტო, მიმართეთ ფსიქოთერაპევეტს.
  • დაუჯერეთ ფაქტებს.
  • დაიცავით ინფორმაციული დიეტა.
  • გაიხსენეთ ის საშუალებები, რომლებიც გეხმარებოდათ წარსულში რთული სიტუაციების დროს.
  • სცადეთ თქვენს ირგვლივ პოზიტიური გარემოსა და განწყობის შექმნა.

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81