კატეგორიის გარეშე

თამარ ყაჭაშვილი – კრეატიულობა ქოუჩინგის რაკურსით

თამარ ყაჭაშვილი, ბიზნეს და კარიერული განვითარების ქოუჩი. Ph.D can, ბიზნესის მფლობელი და მენეჯერი.

დღეს, პანდემის პირობებში თუ საოცრად დინამიურ გარემოში, კრეატიულობა განსაკუთრებული ყურადღების საგანი ხდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ინოვაციები, განათლება, ბიზნესი და სხვა. მიჩნეულია, რომ მუდმივი ცვლილებებით გაჯერებულ და სიურპრიზებით სავსე სამყაროში ერთადერთი ,,ხსნა“ მდგომარეობს იმ უნარის ფლობაში, რომელსაც შემოქმედებითობა, კრეატიულობა ჰქვია. შესაბამისად, კრეატიულობა და კრეატიული აზროვნება აღიარებულია როგორც 21-ე საუკუნის კომპეტენცია, რაც ასევე მნიშვნელოვნად განაპირობებს შრომით ბაზარზე წარმატებულ საქმიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნება საკმაოდ ნაცნობია საზოგადოებისთვის, მაინც ხშირად ისმის კითხვები: რა არის კრეატიულობა? ვინ არიან კრეატიული ადამიანები, სად არიან და როგორ ხდება ამ უნარის განვითარება? …

ალბათ, გიფიქრიათ იმ ადამიანებზე, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში განსხვავებული შეუქმნიათ, სრულიად ახალი იდეები და მიდგომები დაუმკვიდრებიათ. საინტერესოა, რა აზრები დატრიალებულა თქვენს გონებაში, დარწმუნებული ვარ შემდეგი: რა მაგარი ვინმეა! როგორი კრეატიულია! ასეთი ადამიანი რომ მეტი იყოს… და ა.შ. …  დიახ, ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია რომ კრეატიულობა და შემოქმედებითობა ერთეულების ხვედრია. უფრო მეტიც, ზოგჯერ შემოქმედებითობა  ასოცირდება მხოლოდ ხელოვნების ისეთ დარგებთან, როგორებიცაა: მხატვრობა, მუსიკა,  მწერლობა. ცხადია, ადამიანები არცკი უშვებენ იმ აზრს, რომ თვითონაც შესაძლოა იყვნენ კრეატიულები. დიდი ხანია რაც მეცნიერულად დადასტურდა, რომ ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს კრეატიულობა და სინამდვილეში აქვს უზარმაზარი გამოუყენებელი შემოქმედებითი პოტენციალი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მცენარის თესლის მსგავსად, თითოეული ადამიანის უნიკალური ნიჭი უნდა იყოს კულტივირებული, წახალისებული და, საბოლოო ჯამში, ‘ნაყოფის’ მომცემი.

ზოგადად, შემოქმედებითობისა და კრეატიულობის ხარისხი ან/და ამ უნარის ქონა/არქონა განპირობებულია აღზრდითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით. ჩვენს უშუალო გარემოს ძლიერი გავლენა აქვს იმაზე, თუ რამდენად თავისუფლად გამოვხატავთ საკუთარ თავს, რა დოზით ან ფორმით და საერთოდ, გამოვხატავთ თუ არა. ამ ყველაფერს კი ჩვენს ფსიქოლოგიამდე მივყავართ.

პიკასოს ცნობილი გამონათქვამია: ,,ყოველი ბავშვი არის მხატვარი, მაგრამ მთავარია, რომ დარჩეს როგორც მხატვარი, როცა გაიზრდება“. ადამიანი ცხოვრობს გარემოში, რომელიც უმეტესწილად ხელს უშლის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ანუ ვიბადებით როგორც კრეატიულები და ვიზრდებით როგორც არაკრეატიულები. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებიდან და ჩარჩოებიდან გამომდინარე ჩვენ გვასწავლიან, თუ როგორ ვიყოთ კარგი პროფესიონალები, როგორ შევასრულოთ დავალებები დროულად, ვიყოთ კეთილები და ა.შ. მაგრამ არავინ გვასწავლის ჩვენს შინაგან სამყაროსთან ურთიერთობას. თუმცა, დროთა განმავლობაში, ზოგიერთი ჩვენგანი  ახერხებს ამ ჩარჩოების მიღმა ფიქრს, რაც არც თუ ისე მარტივია, მაგრამ, რასაკვირველია, შესაძლებელია.

კრეატიულობა არის უნარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს და ეს არის პროცესი, რომლიც მართვადია. თუ ადამიანებს დაბადებიდანვე არ შეეზღუდებათ ასპარეზი და მიეცემათ მეტი საშუალება კავშირი დაამყარონ შინაგან ,,შემოქმედთან“, შემდეგ ის საკუთარ პოტენციალს, როგორც უნიკალურ პროდუქტს, საკუთარ თავსა და სამყაროს უშურველად გაუზიარებს. მიჩნეულია, რომ შემოქმედებითობა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის მენტალურ, ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, რაც შემდეგ პირდაპირ ასახვას პოვებს მისი ბედნიერების ხარისხზე.

სამეცნიერო წრეებში კრეატიულობის კონცეფციის ახსნა მუდმივად იცვლებოდა სხვადასხვა მიდგომიდან გამომდინარე. მათ შორის აღსანიშნავია ინდივიდუალური, კოგნიტური, სოციოკულტურული და ა.შ.. მიიჩნევა, რომ კრეატიულ ადამიანებს გააჩნიათ ისეთი საერთო მახასიათებლები, როგორებიცაა:

  • ორიგინალურობა, რაც ნიშნავს აზროვნების უნარს აწარმოოს უჩვეულო იდეები. ასეთი უნარის ადამიანები ცნობილნი არიან თავისუფალი აზროვნებით. სწორედ მათ შეუძლიათ აბსოლუტურად ახალი, უნიკალური ან ექსკლუზიურად განსხვავებული იდეების შექმნა;
  • მოქნილობა, რაც გულისხმობს იდეის სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვასა და კონკრეტული პრობლემის ირგვლივ განსხვავებული გადაწყვეტის გზების პოვნას;
  • წარმოსახვა, ეს არის ოცნების შექმნის – ვხედავ და მესმის, უნარი. აინშტაინი ამბობდა: ,,წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი მთელი სამყაროა“.

დღეს ბიზნეს და კორპორაციულ სამყაროში კრეატიულობა განიხილება  კონკურენტული უპირატესობის მთავარ ფაქტორად. იყო კრეატიული კომპანია და გქონდეს გამორჩეული პროდუქტი თუ მომსახურება და შეინარჩუნო მიმზიდველი კონკურენტული პოზიცია, აუცილებელია გადარჩენისთვის.

ამრიგად, გადარჩენის მიზნით ორგანიზაციებს სჭირდებათ ინოვაცია, ახალი ბაზრების განვითარება, ახალი გადაწყვეტილებების პოვნა და ახალი იდეები. თუმცა, ნუ იფიქრებთ, რომ კომპანიების შიგნით კრეატიულობა ვინმე ერთის ხვედრია.  მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ეძებენ კრეატიულ კადრებს, მათი მთავარი ამოცანა ასევე უნდა იყოს შემოქმედებითი გარემოს შექმნა მთელი გუნდისთვის და თითოეული თანამშრომლის სტიმულირება, იყოს ჩართული კრეატიულ პროცესში. უფრო მეტიც, შემოქმედებითობა წარმატებაზე ორიენტირებული კომპანიების ორგანიზაცული კულტურის ნაწილი ხდება და ამ პროცესში მეტად ეფექტურად გამოიყენება ქოუჩინგი, რაც ეხმარება ადამიანებს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გაცნობიერებაში და ეფექტიანად რეალიზებაში. ამ შესანიშნავი ინსტრუმენტის გამოყენება ასევე გვეხმარება, გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების პოვნაში, რადგან მნიშვნელოვანია სტაგნაციის თავიდან აცილება და საკითხის ახალი პერსპექტივიდან დანახვა. კრეატიულობაც ხომ ამას გულისხმობს – შეგეძლოს რისკის აღქმა, აღმოაჩინო პრობლემაში უნიკალური შესაძლებლობა, დაამსხვრიო შაბლონები და შექმნა განსხვავებული და ღირებული. ეს არის ის, რასაც მოაქვს სიახლე!

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81