კინესთეტიკური შიმშილი – სანამ პანდემია გადაივლის

0

ბოლოს როდის იცინეთ გულიანად? როდის აკეთეთ დიდი ენთუზიაზმით საკუთარი საქმე? როდის ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს და იგრძენით მათი სუნი? როდის მიხვდით რომ უთქვენოდ აყვავდა თბილისში აკაციები, და საერთოდ, ჩუმად გაიარა გაზაფხულმა თავისი ფერებით და არომატებით?

მე მგონი, თვალსაჩინო ცვლილებების გარდა, პანდემიამ შეგრძნებების დეფიციტი და ემოციების გაღარიბება დაგვიტოვა, ისე ნელ-ნელა მოხდა ეს პროცესი, ვერც მივხვდით ალბათ. ვინც მოახერხა და ქალაქგარეთ გავიდა, ან ვინც ისედაც ცხოვრობს სოფლად სიმწვანეში, ვერ იგრძნობდნენ იმ დეფიციტს, რაც ქალაქში დარჩენილებს, აგურებსა და ბლოკებში გამოკეტილებს დაგვემართა. პანდემიამ შეხების უფლება წაგვართვა.

ჩვენ, კინესთეტიკები, სხვა ადამიანებისგან (ვიზუალებისა და აუდიალებისგან) განსხვავებით,  უფრო ხშირად ვითხოვთ ტაქტილურ ურთიერთობას, უფრო ადვილად ვითვისებთ გარემოდან მოსულ ინფორმაციას ხელის შეხებით – სამყაროსთან ურთიერთობა ასე უფრო გვიადვილდება; კარგად ვართ, სადაც კომფორტია, სადაც სითბოა და გემრიელი არომატები ტრიალებს; გვსიამოვნებს ადამიანთან პირისპირ ურთიერთობა, მისგან წამოსულ ენერგეტიკას ვგრძნობთ და არ გვყოფნის ონლაინ-რეჟიმი; ემოციურად დაღლილები მაღაზიებში გავრბივართ რომ სხვადასხვა ტანსაცმელი მოვიზომოთ და ხასიათზე მოვიდეთ – ვერ ვხვდებით, კომპიუტერის ეკრანზე არჩეულმა ნივთმა, სანამ ჩვენამდე არ მოვა, სიამოვნება როგორ უნდა მოგვანიჭოს. იზოლაციის პერიოდში კი ეს ყველაფერი გვაკლია.

ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტაქტილური კონტაქტი, უკვე მოზრდილ ასაკში მეორე ადამიანთან შეხება პირადი საზღვრების დარღვევას ჰგავს და ადამიანები ერიდებიან. თუმცა ზრდასრულებისათვისაც  დიდი ხნით სხეულებრივი კონტაქტის არქონა სტრესულია  და შფოთვას იწვევს. როცა გარემოდან წამოსული სტიმულები არასაკმარისია, ადამიანი სენსორულ „შიმშილს“ გრძნობს. მრავალფეროვანი გარემოდან  სენსორული სტიმულების მიღება ორგანიზმის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა. მათი სიმცირისას, ან უეცარი შეწყვეტისას იცვლება ემოციების გამომჟღავნების და განცდების ხარისხიც – ადამიანები მოვლენებზე უფრო მკვეთრად რეაგირებენ, ვიდრე მანამდე.

ფსიქოლოგები ვიყენებთ ასეთ ტერმინს – „სენსორული დეპრივაცია“ – ეს არის მდგომარეობა, როდესაც სენსორული ინფორმაცია ძალიან მცირეა, ან ფაქტიურად არ არის (ექსპერიმენტის ფარგლებში, მაგალითად).  ასეთ დროს შესაძლებელია დროებით ფსიქიკურმა დარღვევებმაც იჩინოს თავი. პანდემიის დროს, იზოლაციის პერიოდში, რა თქმა უნდა, ასეთი უკიდურესი შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა კინესთეტიკურ  „შიმშილს“ მაინც განვიცდით.

როდესაც სენსორული დეპრივაციის შესასწავლად კვლევები ტარდებოდა, მეცნიერებმა შეამჩნიეს რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ხანმოკლე შეზღუდვების პერიოდში საკუთარ თავს უღრმავდება – საკუთარი შეგრძნებების უკეთ გარკვევას იწყებს და, ამდენად, ხანმოკლე იზოლაცია სარგებლობის მომტანიცაა. თანამედროვე სამყაროს რითმი და ტემპი სხვა დროს  ხომ ამის ფუფუნებას არ გვაძლევს.

სხვათაშორის, სენსორული სტიმულების ნაკლებობა ძალიან გავს ჩვეულებრივ, საკვების ნაკლებობით გამოწვეულ შიმშილს. ჭარბი კვებაც ძალიან ჰგავს სენსორული სტიმულების სიჭარბეს. ორივე ერთნაირად შემაწუხებელი და დამთრგუნველია.

ძირითადი თემიდან ძალიან თუ არ გადავუხვევ, მინდა ერთ საინტერესო შეხედულებას შევეხო: ერიკ ბერნს ( ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქიატრია) თავისი თეორია აქვს სენსორული შიმშილის შესახებ. ბერნი ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ფსიქოლოგია. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში მისი წიგნები ითარგმნა და  უკვე ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია.

ბერნი ეთანხმება მოსაზრებას,  რომ ბავშვის განვითარებითვის ფიზიკური კონტაქტი აუცილებელია. ისიც ხაზს უსვამს სენსორული და კვებითი შიმშილის ანალოგიას. ჩვილობისას, ნორმის ფარგლებში,  ბავშვის ტაქტილური კონტაქტის მოთხოვნილება დედასთან დაკმაყოფილებულია. მაგრამ რა ხდება იმ დროს, როცა ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად ფიზიკურად დისტანცირდება დედისგან?  მას მერე, რაც დედასთან დაშორება დასრულებულია, ინდივიდი მთელი დარჩენილი ცხოვრება არჩევანის წინაშე დგას, რომელიც მთელ მის ბედს განსაზღვრავს. ერთის მხრივ, ის სულ ცდილობს სიახლოვის აღდგენას, რომელიც ჩვილობის ასაკში ჰქონდა და, მეორეს მხრივ, სოციუმი მუდმივად უწესებს აკრძალვებს და იძულებულია მოთხოვნილებები შეიკავოს და გააკონტროლოს. ხშირ შემთხვევაში მას კომპრომისზე წასვლა უწევს  – სწავლობს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ფიზიკური სიახლოვის სიმბოლური ფორმებით. ბერნი ამბობს, რომ ოდესღაც გაჩენილი სენსორული შიმშილი კმაყოფილდება სხვა ადამიანებისგან წამოსული აღიარებით. თუ ზრდასრულ ასაკში სოციუმისგან აღიარება არ მოდის, ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.  ინგლისურად ეს ტერმინი ასე ჟღერს: „recognition-hunger“ – იგივე აღიარების შიმშილი. მოკლედ, ბერნისთვის სენსორული შიმშილი, კვებითი შიმშილი და აღიარების შიმშილი პარალელური ტერმინებია. ადამიანები იბრძვიან აღიარებისთვის, ზოგს კარგად გამოსდის, ზოგს–არა. აღიარების მოთხოვნილება კი ოდესღაც გაჩენილი სენსორული შიმშილის შედეგია.

ძალიან თუ არ დაგაბნიეთ, დავუბრუნდეთ ძირითად თემას:

ნებისმიერი ურთიერთობა (მის არარსებობასთან შედარებით) სასარგებლო და მომგებიანია ადამიანებისთვის. ეს ფაქტი ვირთხებზე ჩატარებულ ცდებშიც გამოჩნდა: ექსპერიმენტმა აჩვენა რომ ფიზიკური კონტაქტი კარგად მოქმედებს არა მხოლოდ ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე, არამედ ტვინის ბიოქიმიაზეც. თავის დროზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ისიც, რომ სენსორული დეპრივაციისგან განსხვავებით, მზრუნველი დამოკიდებულება და ელექტროშოკი ერთნაირად ეფექტური აღმოჩნდა ვირთხების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

როგორ მოვიქცეთ, თუ შევამჩნიეთ რომ იზოლაციის პერიოდში სენსორული სტიმულები დაგვაკლდა?

ადამიანები ბუნებრივადაც ეძებენ გამოსავალს – თუ გვერდით ჰყავთ ახლობელი და საყვარელი ოჯახის წევრები ან პარტნიორები, სავარაუდოდ, დეფიციტსაც ნაკლებად გრძნობენ;  თუ არადა, მოჰყავთ შინაური ცხოველები  – მათთან ემოციური კავშირი და ფიზიკური შეხება მნიშვნელოვნად ეხმარებათ; სოციალურ ქსელში თუ თვალყურს ადევნებთ მეგობრების საქმიანობას, შეამჩნევდით რომ  ვიღაცამ ხატვა დაიწყო, ვიღაცამ ქსოვა და კერვა; ვიღაცამ სამზარეულოში გადაინაცვლა და არომატებით, გემოებით და ვიზუალური ეფექტებით დაიკმაყოფილა კინესთეტიკური შიმშილი; ვიღაცამ კი ერთ ძალიან საინტერესო გამოსავალს მიაგნო, რომლის გარეშეც არ მინდოდა ეს სტატია დამეტოვებინა.

უცნაური ტერმინით მოიხსენიება ეს ფენომენი – ავტონომიური სენსორული მერიდიონალური რეაქცია (Autonomous sensory meridian response – АSMR). ძალიან რომ არ შეგაწყინოთ თავი, მარტივად გეტყვით: ამ ბოლო დროს გავრცელდა ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა მოქმედებები მონოტონურ რეჟიმში, რომელიც ზუსტად კინესთეტიკურ დეფიციტს ეხმაურება – ეს შეიძლება იყოს რბილი, ჟელესებური მასის ხელით ზელვა, თმის ვარცხნის სცენა, ჭამის პროცესი (დეტალურად და ახლო კადრით), რაიმე მასალის დამუშავება, კერვა,  ქსოვა…  ვიდეოში თვითონ მოქმედებაა  მნიშვნელოვანი და არა შედეგი. გამოკვეთილი აუდიალებისთვისაც სასიამოვნოა ამგვარი ვიდეოები – როგორც წესი ხმა ძალიან მკაფიოდ ისმის და პროცესს ცოცხლად აღიქვამ. ეს ფენომენი ძალიან გავს შეხებით ან სმენით კინესთეზიას – როცა ერთი სენსორული ან კოგნიტური სისტემის გაღიზიანება ავტომატურად იწვევს სხვა სისტემის გაღიზიანებას, მაგ. სიამოვნების მიღებას. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, მსგავსი ვიდეოების ყურებისას, ისე იღებ სიამოვნებას, თითქოს შენ თვითონ აკეთებ იგივეს ან სხვა გეხება. მოკლედ, აქცენტი კინესთეტიკურ შეგრძნებებზეა გადატანილი. მთავარი ისაა, რომ АSMR ვიდეოები საოცრად პოპულარული გახდა და ის თავის ფუნქციას ასრულებს. ერთგვარი თერაპიაა.

არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი იზოლაცია. ერთი, რაც ნამდვილად ვიცით, ოდესმე ყველაფერი დასრულდება, ესეც გაივლის.

მანამდე კი, თუ თქვენც იგივე შეგრძნებები გიჩნდებათ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, თქვენთვის კომფორტული გამოსავალი მოძებნეთ: ხშირად ჩაეხუტეთ ადამიანებს, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობთ, მოეფერეთ შინაურ ცხოველებს, გამონახეთ საინტერესო და საყვარელი საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას განიჭებთ და შეეცადეთ გაამდიდროთ გარემო, საიდანაც უამრავი ფერის, სუნის და გემოს მიღება შეგვიძლია.

 

ირინე ტაბუციძე

ფსიქოლოგი

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81