ქეთი მესხიშვილი – გეშტალტთერაპევტი
თავის დროზე, როცა პროფესიას ვირჩევდი რეალურ მოტივებს ვერ ვაცნობიერებდი. უბრალოდ იმპულსს და ინტუიციას მივყვებოდი. ვიცოდი, რომ ფსიქოლოგი მინდოდა ვყოფილიყავი და ამ მიმართულებით მინდოდა განმევითარებინა საკუთარი თავი. უკვე ამ გადმოსახედიდან, მას შედეგ, რაც საკმაოდ კარგად გავიცანი და შევისწავლე საკუთარი თავი ვაცნობიერებ, რომ სხვების დახმარებით საკუთარ თავს მინდოდა დავხმარებოდი.
გზა, გრძელია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი ბაკალავრის საფეხურზე და გამოყენებითი ფსიქოლოგია დავამთავრე. შემდეგ იყო იმავე წელს გაგრძელებული მაგისტრატურა – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – განწყობის ფსიქოლოგია კვლევა და კონსულტირება. ამ სწავლებების პარალელურად იყო პრაქტიკები, სტაჟირებები. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მივეცი თავს უფლება მემუშავა უშუალოდ ადამიანებთან, კლიენტებთან. ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ვეკიდებოდი ჩემს პროფესიას და მიმაჩნია, განათლება და კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და არც-ერთმა სპეციალისტმა მისთვის შეუსაბამო პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს. მითუმეტეს როდესაც საქმე ადამიანებს და მათ ჯანმრთელობას ეხება.
რამდენიმეწლიანი პრაქტიკული, ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი მუშაობის შემდეგ, ნელ-ნელა ვგრძნობდი რომ ისევ მიჩნდებოდა სურვილი და საჭიროება სწავლის გაგრძელებისა. შემდეგი არჩევანი შევაჩერე ,,კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტზე“. აქ ვისწავლე ფსიქოთერაპია, კონკრეტულად კი გეშტალტთერაპია. აქ სწავლამ ჩემს კარიერაში და ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა. უდიდესი სიძლიერით გამოვცადე საკუთარ თავზე ყველაფერი ის, რასაც მასწავლიდნენ. ამით მე კიდევ უფრო უკეთ გავიცანი საკუთარი თავი და მეტად ეფექტური გავხდი, როგორც გეშტალტთერაპევტი.
ამის პარალელურად 2017 წელს დავაფუძნე ფსიქოტერაპიისა და კონსულტაციის სახლი ,,დიალოგი“ სადაც განვაგრძობ პრაქტიკული საქმიანობა.
ეს გზა დღესაც გრძელდება და ვფიქრობ, სულ გაგრძელდება. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და მე მას ცალკეულად ვერც კი აღვიქვამ. მე თავად მყავს ჩემი ფსიქოტერაპევტი, ასევე სუპერვიზორი, მუდმივად ვესწრები სხვადასხვა ტრენინგებს და ფსიქოთერაპიულ ჯგუფებს; სწორედ საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა მეხმარება ამ გზის გაყოლაში.
პირადად ჩემთვის, ფსიქოტერაპია არის კლიენტის და თერაპევტის შეხვედრის ადგილი, სადაც ორივე ერთ სიმაღლეზეა. ესაა სივრცე, სადაც თერაპევტს აქვს პასუხისმგებლობა იყოს კლიენტის მეგზური ბნელ გვირაბში ანთებული ლამპრით. მიჰყვებოდეს მას იმ ტემპით რა ტემპითაც კლიენტს შეუძლია; არც აჩქარებდეს და არც ანელებდეს.
ფსიქოტერაპია ესაა საკუთარ თავთან შეხვედრის ადგილი და ამისთვის თერაპევტმა კლიენტს უნდა შეუქმნას უსაფრთხო, სანდო ფსიქო-ემოციური გარემო. უმნიშვნელოვანესია კონფიდენციალურობა და გულწრფელობა თერაპევტის მხრიდან.
როგორც წესი თერაპიაში ადამიანები არსებული კონკრეტული პრობლემით მოდიან. თერაპიული მუშაობა ამ პრობლემის ორიენტირებული თავისთავად. პარალელურად აღმოჩნდება ხოლმე რომ თერაპიაში ადამიანები ახლიდან იცნობენ საკუთარ თავს. პოულობენ რესურსებს, ძალას, რწმენას. ფსიქოთერაპია იდეალური საშუალებაა ცხოვრებისეული კრიზისების დასაძლევად, პიროვნული ზრდისთვის, თავდაჯერებულობისა და თვითრწმენის გასაძლიერებლად. ნებისმიერ სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად; უბრალოდ მოსადუნებლად და დასასვენებლად. არ არის აუცილებელი მწვავე პრობლემის არსებობას დაელოდოს პიროვნება. ფსიქოთერაპია კარგია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე!
ჩემი აზრით, ფსიქოთერაპევტს უნდა უყვარდეს ადამიანები და აუცილებლად საკუთარი თავი! არ უნდა ეზარებოდეს სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა. თერაპევტმა უნდა მიიღოს ჯერ საკუთარი თავი, ისეთი როგორიც არის, იმისათვის რომ შემდეგ კლიენტის მიღებაც შეძლოს თავისი განსხვავებულობით. უნდა შეეძლოს მოსმენა, შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი, მაგრამ არ უნდა განსაჯოს. ძალიან მნივშვნელოვანია ფსიქოტერაპევტმა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ის მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, სწავლობდეს საკუთარ თავს. ჰყავდეს თავისი პირადი ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი. შეეძლოს ეთიკის პრინციპებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. პასუხისმგებლობის გრძნობაა საჭირო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიის სიყვარული!
ჩემთვის ყველა გამორჩეულ ფსიქოტერაპევტს აქვს საერთო თვისებები: ისინი არიან ძალიან გაცნობიერებულები, კარგად იყენებენ საკუთარ თავს, როგორც ინსტრუმენტს მუშაობის დროს, არიან ძალიან ჰუმანურები და პატივს სცემენ საზღვრებს.
ჩემი მოტივაციაა პირველ რიგში ადამიანებისთვის და სამყაროსთვის სარგებლის მოტანა. ძალიან დიდი მოტივაციას მაძლევს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ შრომა უკვალოდ არ იკარგება. ჩემი პროფესია ჩემი ყოველდღიური ცხოვრების სტილია და ძალიან დიდი მოტივაციას მაძლევს ის ცვლილებები რომლებსაც არა მხოლოდ კლიენტების, არამედ საკუთარ ცხოვრებაში ვხედავ. ესაა მიმართულება, ნაკადი, რომელიც ბევრს მამოგზაურებს და ყოველთვის იქ მივყავარ, სადაც საჭიროა. აქ მე ვგრძნობ რომ არა მხოლოდ ცოცხალი ვარ, არამედ ვცხოვრობ. უდიდესი მოტივაციაა ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანთან ურთიერთობა, რომლებიც მე ჩემს პრაქტიკაში გავიცანი. ისინი მე თავად ძალიან ბევრს მაძლევენ უკვე იმ ფაქტით რომ ამირჩიეს და მოვიდნენ. მე მადლიერი ვარ ამ ადამიანების, ეს შეგრძნება ყოველდღიურად მაქვს და ვფიქრობ ამ ყველაფერში დიდი სამოტივაციო რესურსის აღება შეიძლება. მოტივაციასთან ერთად პასუხისმგებლობაც დიდია და მე ამას ვაცნობიერებ.
მომავალ ფსიქოთერაპევტებს, დასაწყისშივე უნდა სჯეროდეთ რომ სწორი არჩევანი გააკეთეს. რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად არასოდეს ეჭვქვეშ არ დამიყენებია რომ ამ დარგში განვითარებას შევძლებდი. გჯეროდეთ იმ არჩევანის, რაც გააკეთეთ! გიყვარდეთ ადამიანები, არ დაგეზაროთ შრომა და ის აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას!