ნინო კერესელიძე – ფსიქოლოგი, გეშტალტფსიქოთერაპეპტი, არტ თერაპიის სპეციალისტი, საბაუნის ლექტორი, ტრენერი.
როგორ “ვეძებოთ” ბედნიერება და შევძლოთ მოპოვებულის დიდხანს შენარჩუნება?
ამ გადარეულ და ასწრაფებულ ეპოქაში ხშირად ისე გავრბივართ, გაჩერება და ბედნიერების განცდა გვავიწყდება. ის შეიძლება ვეძებოთ მთელი ცხოვრება, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შევიგრძნოთ. მთავარი ბედნიერებაში ხომ მისი განცდაა და ამ განცდით ცხოვრება. საკმაოდ ხშირად მოდიან ჩემთან ამ კითხვით, „ ყველაფერი მაქვს და მაინც რატომ არ ვარ ბედნიერი?!“ მთავარი კი რა არის, რეალურად, დანახვა და მიღება იმისი, რაც გაქვს. სწორედ ამ მიზეზით ხშირად გვისხლტება ხელიდან ბედნიერება და ბედნიერი წუთები. უფრო დიდი ბედნიერების მოლოდინში ხშირად იმ პატარ-პატარა სიხარულებსაც ვუშვებთ ხელიდან , რაც რეალურად, ჩვენს ბედნიერ ცხოვრებას ქმნის. “ბედნიერება დეტალებშიაო” და დიახ, ნამდვილად ასეა. მთავარია, საკუთარ თავს მივცეთ უფლება მივიღოთ ის. შენარჩუნებისთვის კი მისი გაზიარებაა საუკეთესო გზა. როდესაც შენ ბედნიერი ხარ და შეგიძლია გარშემო თუნდაც ერთი ადამიანის დღე შეცვალო და მისცე მას თავისი წილი ბედნიერება, ეს ქმნის ბედნიერ საზოგადოებას და სამყაროს. გვერდში დგომა და გულწრფელი გაზიარება. ჩემთვის ბედნიერება ფინჯანი შავი ყავაც არის და მეგობრების და ახლობლების კარგად ყოფნაც.
რა გავლენას ახდენს ბედნიერების განცდა, როგორც პირად, ასევე კარიერულ ცხოვრებაზე?
როდესაც ადამიანი ბედნიერია, მასში მოტივაციაც იზრდება და უჩნდება სურვილი თითოეული დაწყებული საქმე ფინალში გაიყვანოს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც გახარებულია და არ ენანება ამ გულწრფელი ემოციის გაზიარება. როგორ გარემოს შეიძლება ქმნიდეს სამუშაო სივრცეში, მასთან ერთად მომუშავე ადამიანებისთვის, ეს ნამდვილად ცალკე ენერგიის წყაროა. საერთოდ, ბედნიერება ხომ მდგომარეობაა და არა შედეგი. სწორედ ამიტომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი იყვნენ ბედნიერები, მაშინ ხვდებიან მას და იწყებენ მასთან ერთად ცხოვრებას. რაც ცალსახად დადებითი გავლენის მქონეა როგორც პირად ცხოვრებაზე , ასევე კარიერაზე. ბედნიერი ადამიანები თავიანთ ველში იზიდავენ განსაკუთრებულ ბედნიერ ადამიანებს. ისეთებს , რომლებიც შინაგანად ანათებენ. ეს კი მათ თვალებში ყველაზე ნათლად ჩანს.
ფრუსტრაციის შემდეგ როგორ მოვახერხოთ რესურსების მოძიება და ბედნიერების ხელახლა განცდა?
ფრუსტრაცია ხშირად ძალიან საჭიროა მხოლოდ იმისთვის მაინც, რომ გაგვაჩეროს და დაგვანახოს, რომ რაღაც ისე ვერ არის , როგორც უნდა იყოს. პირველი და მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც არის, გავაცნობიეროთ რა ხდება ჩვენს გარშემო, რა არის ჩემი პასუხისმგებლობა, რა შემიძლია შევცვალო, ან ვის შემიძლია ამ დროს ვთხოვო დახმარება და რა არის ის , რაც მჭირდება სამყაროსგან. თითოეული რესურსი, რომელიც ადამიანს სჭირდება თავად მასშია, ამიტომ პროცესზე მინდობა ყველაზე შემოქმედებითი ნაბიჯია ასეთ დროს. შესაძლებელია ეს იყოს თუნდაც ახალი ინტერესების სფეროს ნახვა, ახალი ჰობის შეძენა, საკუთარ თავზე ზრუნვა. ბედნიერების ხელახლა განცდას , რაც შეეხება, აუცილებლად დაბრუნდება მაშინ , როდესაც მზად ვიქნებით , და რაც მთავარია, საკუთარ თავს მივცემთ ამის უფლებას.
რა გავლენას ახდენს ბედნიერება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?
ბედნიერება პირდაპირ არის დაკავშირებული ფიზიკურ ჯანმრთელობასთან, ვინაიდან , ძალიან ბევრი ფსიქოსომატური დაავადება ემართება ადამიანს სწორედ მაშინ, როდესაც ვერ განიცდის ბედნიერებას, ან საკუთარ სამყაროში ვერ ხედავს მიზეზებს, რისთვისაც შეიძლება იყოს ბედნიერი. ფიზიკური კარგად ყოფნა შესაბამისად მოდის კორელაციაში ემოციურ კარგად ყოფნასთანაც.
როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ ბედნიერება არ არსებობს და მისი მხოლოდ წამიერი განცდაა შესაძლებელი?
დიახ, არ არსებობს ბედნიერება და მისი წამიერი განცდაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ყოველი წამი ძვირფასია და ყოველი წამი მნიშვნელოვანია ვაქციოთ ბედნიერ წამებად, წუთებად და საათებად. ადამიანი თავად ირჩევს იმ ბედნიერების ხარისხს, რა ხარისხითაც არის ბედნიერი, სწორედ ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვკითხო გულწრფელად რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის , დანარჩენი კი მხოლოდ და მხოლოდ პროცესის ნაწილია.
და ბოლოს, ბედნიერება არის ის, რასაც ვერასდროს ვერანაირ თანხად ვერ შეიძენ. ბედნიერება ხშირად ისეთ ადგილზე და დეტალებში იმალება, სადაც არ ველოდებით. ზოგისთვის მდიდრულ ატრიბუტიკაში , ზოგისთვის კი – ზღვის სანაპიროს ნიჟარებში ან კენჭებში , რომლითაც ხშირად სანაპიროზე ვთამაშობთ.
მოამზადა სალომე სისაურმა