ციცინო ბზიშვილი – ფსიქოლოგი
Do nothing against they will, not contrary to the community,
nor without due examination, nor with reluctancy.
(Marcus Aurelius, Meditations)
ადამიანი სოციალური არსებაა, მისი ერთ – ერთი საბაზისო მოთხოვნილება კი – მიკუთვნებულობის მოთხოვნილება. ჩვენ გვჭირდე ვიყოთ გარკვეული ჯგუფის წევრი, სადაც მიგვიღებენ და ჩვენ სოციალურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებენ. რას იძლევა ჯგუფი? ის იძლევა უსაფრთხოების, სტაბილურობის, დაცულობის განცდას და ასევე იმის ილუზიას, რომ ჩვენ არ ვართ მარტო ამ სამყაროში. ჯგუფში ყოფნის მოთხოვნილება ევოლუციურად გვაქვს ჩამოყალიბებული – შორეულ წარსულში, მის გარეშე ადამიანი განწირული იყო სიკვდილისთვის.
შევხედოთ ახლა მედლის მეორე მხარეს – რა ფასს ვიხდით იმ უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, რომელსაც ჯგუფი უზრუნველყოფს.
ფროიდის მიხედვით, როგორც კი ჩამოყალიბდება ჯგუფი, იგი იწყებს სხვა ჯგუფებზე ზემოდან ყურებას, რაც შემდგომში „კოლექტიური ნარცისიზმის“ ტერმინით გახდა ცნობილი.
„კოლექტიური ნარცისიზმი“ გულისხმობს ჯგუფის პოზიტიური იმიჯის და მნიშვნელობის გადამეტების ტენდენციას, რაც ასოცირდება ჯგუფთაშორის მტრულ დამოკიდებულებასთან.
სოციალური ფსიქოლოგია გამოყოფს რამოდენიმე ასპექტს, რომელიც ახასიათებს ჯგუფში მიმდინარე პროცესებს. ესენია: სტერეოტიპიზაცია, კონფორმიზმი, კოგნიტური მიკერძოება (Irvin L. Janis, Groupthink), მარტივად რომ ვთქვათ – ჯგუფის წევრები სწავლობენ ერთნაირად აზროვნებას, ჯგუფის ძირითადი იდეის მიმართ ერთგულებას და ყურადღებას აქცევენ მხოლოდ იმ ფაქტებს ან მოსაზრებებს, რომელიც მათ ძირითად იდეას/განწყობას/დამოკიდებულებას გაამყარებს. დროთა განმავლობაში ჯგუფი კარგავს საღი აზრის გამოყენების უნარს, აღარ „მეგობრობს“ რეალობასთან და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჯგუფებს ახასიათებთ მაღალი ემოციური მუხტი, ჩვენ ვიღებთ მასას, რომელიც მზად არის მანიპულირებისთვის.
არსებობს ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი ჯგუფის დინამიკის თემაზე, მათ შორის ყველაზე ცნობილი: ფ.ზიმბარდოს სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი, სოლომონ აშის და სტენლი მილგრამის ექსპერიმენტები ჯგუფის კონფორმულობაზე და მორჩილებაზე. ყველა ნახსენები ექსპერიმენტი აჩვენებს როგორ „ზავდება“ ადამიანი ჯგუფში და კარგავს ინდივიდუალურობას, ახდენს რა სრულ იდენტიფიცირებას ჯგუფთან.
ზეგავლენის ქვეშ მოხვედრა – ადამიანის ბუნებაში დევს. ჩვენ გაგვაჩნია ნეიროპლასტიურობა, რაც გულისხმობს ტვინის შესაძლებლობას ცვლილებები შეიტანოს საკუთარ სტრუქტურაში და ფუნქციონირებაში, აქედან არის ჩვენი უნარი მოვერგოთ, ვადაპტირდეთ, შევიცვალოთ და ასევე ზეგავლენის ქვეშ მოვექცეთ.. ერთადერთი დეტალია აქ, რომელიც სრულიად ცვლის სურათს – ცნობიერად მიმდინარეაობს ეს პროცესები თუ გაუცნობიერებლად?
როგორც ძველი ბერძნები გვასწავლიან – კარგია თუ დრო და დრო დავუსვათ საკუთარ თავს მნიშვნელოვან შეკითხვებს, მაგალითად: სად ვარ? როგორ ვარ? რა მინდა? როგორ ვგრძნობ თავს, როდესაც განსხვავებულ აზრს ვისმენ? ვცნობ თუ არა საკუთარ ხმას? დასაწყისისთვის ეს შეკითხვებიც საკმარისია.