ურთიერთობის ფსიქოლოგია

ეჭვიანობის სახეები და მათი გავლენა ურთიერთობებზე

ქალები და მამაკაცები განსხვავებულად ეჭვიანობენ. ქალებს უფრო ხშირად ემოციური ერთგულება აღელვებთ, მაშინ როცა მამაკაცებს, მეორე ნახევრის შესაძლო სექსუალური ღალატი. ამასთან, მამაკაცებს ყველაზე ხშირად ლამაზი და ახალგაზრდა ცოლის ღალატი აშინებთ. ქალები კი წარმატებულ, საზოგადოებაში მყარი პოზიციით მყოფ მამაკაცებს ენდობიან ნაკლებად.
ფსიქოლოგები 4 სახის ეჭვიანობას გამოყოფენ: ზოგი მათგანი ანგრევს ურთიერთობას, ზოგი კი ხელს უწყობს მათ გაძლიერებას.

პრევენციული
ტირანისა და მსხვერპლის კლასიკური ურთიერთობის ფორმაა. ეჭვიანი ადამიანი ცდილობს აღკვეთოს შესაძლო სასიყვარულო კავშირები და ხელოვნურ შეზღუდვებს უწესებს მეორე ნახევარს. მაგალითისთვის: მამაკაცი მეუღლეს საღამოებზე წასვლას უკრძალავს იმ მიზეზით, რომ სხვა მამაკაცების გარემოცვაში აღმოჩნდება. ქალი კი, მკაცრად აკონტროლებს ქმრის სახლში დაბრუნებას, რათა უკანასკნელმა ახალი ურთიერთობის დამყარება ვერ შეძლოს. სინამდვილეში შეზღუდვას არანაირი შედეგი არ მოაქვს, პირიქით მეტად აღძრავს ინტერესს „აკრძალული ხილის“ მიმართ. შედეგად კი მოსალოდნელი ეჭვი მართლდება.

რეაქციული
ეჭვიანობის ყველაზე უბრალო და გასაგები სახეა. დაოჯახებული ადამიანი შეხვედრაზე სასიყვარულო ხასიათის ურთიერთობას აბამს, ღალატის გამჟღავნება, რა თქმა უნდა მეორე ნახევრისთვის განრისხების და უარყოფითი ემოციების მომტანია. რეაქციული ეჭვიანობა რეალურად მომხდარი ქმედების გამოძახილია. ჩვეულებრივ ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად უფრთხილდებიან ურთიერთობებს და რჩეულის დაკარგვას გაურბიან.

რეტროაქტიური
ეჭვიანობის ეს სახე პარტნიორის წარსულით არაჯანსაღ დაინტერესებას გულისხმობს. რეტროაქტიური ეჭვიანობა მსუბუქი ფორმით ყველა ჩვენთაგანს განუცდია. ხდება მაშინ, როცა ჩვენი რჩეულის ყოფილი თაყვანისმცემლების გახსენებისას, მცირედ გაღიზიანებას და უკმაყოფილებას ვგრძნობთ. მაგრამ, როცა ეჭვიანობის გრძნობა ძლიერია, მაშინ საკმაოდ მტკივნეულად ვლინდება: ადამიანი თავის მეგობარს ხშირად ეკითხება წარსულზე, სოციალურ ქსელებში ათვალიერებს მის ძველ გვერდებს, თავს იტანჯავს მათზე მუდმივი ფიქრით. რეტროაქტიური ეჭვიანობის საფუძველი ჩვენივე კომპლექსებია. მასთან ბრძოლის წესი ერთია_ავიმაღლოთ თვითშეფასება.

შფოთვითი
შფოთვითი ეჭვიანობა ადამიანს აიძულებს მუდმივ დაძაბულობაში იყოს. ყოველდღიური უბრალო ურთიერთობები ეჭვიანობის მიზეზი ხდება. მეორე მხარის შემთხვევით ღიმილს საწინააღმდეგო სქესის მისამართით, უკვე შეუძლია ეჭვის გამოწვევა. მომავლის უსაფუძვლო შიში შფოთვითი ეჭვიანობის თანმდევია. იგი თავისი არსით ნერვული აშლილობაა და დაკავშირებულია შინაგან მღელვარებასთან, თავდაუჯერებლობასთან, ურთიერთობების მუდმივ წყურვილთან.

ეჭვიანობის რომელი ფორმაა სასარგებლო წყვილისთვის?
ტრადიციულად ითვლება რომ ეს ფეთქებადი გრძნობა ვნებს ურთიერთობებს. თუმცა მეცნიერებმა 144 წყვილი გამოიკვლიეს და დაადგინეს რომ:
• შფოთვითი სახის ეჭვიანობა, შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს ურთიერთობებისთვის, რადგან, როგორც წესი ეს უკანასკნელნი, ცდილობენ მეტად მიიპყრონ მეორე ნახევრის ყურადღება და გაითვალისწინონ მათი შეხედულებები.
• ადამიანები რეაქციული ეჭვიანობით, რომლებიც მრისხანებას განიცდიან მოღალატე მიმართ, ხშირად ამჟღავნებენ შფოთვითი ფორმის ეჭვიანობასაც. ისინი ცდილობენ მეტად საინტერესო და სასურველნი გახდნენ საყვარელი ადამიანისთვის, რაც ხშირად თვითგანვითარების საფუძველია. მამაკაცები იშვიათად ირჩევენ მსგავსს გზას, მათმა უნდობლობამ შესაძლოა სამუდამოდ დაანგრიოს ურთიერთობა.
• რეაქციული ეჭვიანობა ორივე მხარისთვის სასარგებლოა, რამდენადაც გამართლებულია და გამოხატავს სიყვარულს რჩეულის მიმართ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოღალატე მეორე მხარის მიმართ გულწრფელ განწყობას და სიტუაციის შეცვლის სურვილს ქცევით დაადასტურებს.

ადამიანებისთვის, რომელთაც ეჭვიანობის სხვა ფორმა აწუხებთ, მნიშვნელოვანია გაარკვიონ თუ რითაა გამოწვეული მათი განცდა: პარტნიორის მიმართ უნდობლობით, კომპლექსებით, შიშებით თუ მისაკუთრების სურვილით. ხშირად ეჭვიანობა ნამდვილ გრძნობას ფარავს. როდესაც მივხვდებით, რომ პრობლემა ჩვენშია და არა ჩვენს ახლობელ ადამიანში, შევძლებთ მას გავუმკლავდეთ.

მოამზადა ანა გლუნჩაძემ

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81