კატეგორიის გარეშე

იურიდიული ფსიქოლოგია – ფსიქოლოგიური მეცნიერების გამოყენებითი დარგი

ნონა ახალაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი

იურიდიული ფსიქოლოგია მოიცავს მეცნიერული ცოდნის სხვადასხვა სფეროს, არის გამოყენებითი დისციპლინა და ერთნაირად მიეკუთვნება, როგორც ფსიქოლოგიას, ასევე იურისპრუდენციას. სამართლის ნორმებით რეგულირებად საზოგადოებრივ ურთიერთობების სფეროში, ადამიანთა ფსიქიკური საქმიანობა თავისებურ ელფერს იძენს, რაც გაპირობებულია პიროვნების საქმიანობის სპეციფიკით ამ სფეროში განსახორციელებელი ამოცანების მიზნიდან გამომდინარე.
სამართალი ყოველთვის უკავშირდება ადამიანთა ნორმატიულ ქცევას. ადამიანი, როგორც საზოგადოების აქტიური წევრი, ჩადის რაღაც საქციელს, ახორციელებს მოქმედებებს, რომლებიც განსაზღვრულ წესებს ექვემდებარება. წესები, რომლებიც აუცილებელია ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისთვის, ერთობისთვის, წოდებულია ქცევის ნორმებად და მათ თვით ადამიანები ადგენენ. ქცევის ასეთი ნორმები ან მთელი საზოგადოების, ან ცალკეული ჯგუფისა და კლასის ინტერესს წარმოადგენენ.
ქცევის ნორმები იყოფა ტექნიკურად და სოციალურად. პირველი, არეგულირებს ადამიანის საქმიანობას რესურსების (ელექტროენერგია, წყალი, გაზი და ა.შ.) მოხმარებასთან დაკავშირებით. სოციალური ნორმები არეგულირებენ ადამიანთაშორის ურთიერთობებს. სოციალურ ნორმებში შედის ადათ-წესები, მორალი და სამართალი. ნებისმიერი სოციალური ნორმა, გამომდინარე საზოგადოებაში აღიარებული შეფასებიდან, ითხოვს განსაზღვრული საქციელისგან თავის შეკავებას, ან რაღაც აქტიური მოქმედებების შესრულებას.
სამართალდამრღვევის, დაზარალებულის, მოწმის და ა.შ. ფსიქიკური მდგომარეობები ვითარდება და მიმდინარეობს ზოგად სოციალურ-ფსიქოლოგიური და ზოგად-ფიზიოლოგიური კანონების დაქვემდებარებაში. იურიდიული ფსიქოლოგიის საგნის სპეციფიკა გამოიხატება ამ მდგომარეობების თავისებურებების დანახვაში, რაც სამართალდამცველებს ხელს შეუწყობს ჭეშმარიტების დადგენასა და სამართლებრივი ნორმების დარღვევის პრევენციაში.
ზუსტი წარმოდგენა იმაზე, თუ რატომ ვიქცევით ასე და არა სხვაგვარად, გვაძლევს საკუთარი ცხოვრების უკეთ გაგების და მიზანმიმართულად/ცნობიერად წარმართვის შესაძლებლობას. მოსამართლეს და გამომძიებელს, პროკურორსა და დამცველს, ადმინისტრატორსა თუ გამოსასწორებელი დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეთ ფსიქოლოგიური ცოდნა, რაც მათ მისცემს რთულ და კონფლიქტურ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.
უდავოა, რომ ფსიქოლოგიის ცოდნა აუცილებელია ნებისმიერისათვის, ვისაც ურთიერთობა აქვს ადამიანებთან, ვინც მათზე ზემოქმედებას ახდენს, აღმზრდელობით მუშაობას ეწევა და ა.შ. მეცნიერებას, ადამიანის ფსიქიკური ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, რომელიც შეისწავლის ისეთ პროცესებს, როგორიცაა შეგრძნება და აღქმა, მეხსიერება და აზროვნება, გრძნობები და ნებისყოფა, პიროვნების ინდივიდუალური თვისებები (ტემპერამენტი, ხასიათი, ასაკი, მიდრეკილებები), პირდაპირი კავშირი აქვს დანაშაულებათა გამოძიებასა და გახსნასთან, სასამართლოში საქმეების განხილვასთან.
სასამართლოსა და საგამოძიებო აპარატის თანამშრომლები ყოველდღიურად აწყდებიან დაზარალებულის, მოწმის, ბრალდებულისა თუ ეჭვმიტანილის ფსიქიკის სხვადასხვანაირ გამოვლინებას და ცდილობენ მათი სულიერი სამყაროს სირთულეებში გარკვევას. ეს აუცილებელია ამ ადამიანთა სწორად გაგებისა და შესატყვისად შეფასებისათვის. გამომძიებლის, პროკურორისა და მოსამართლის პროფესიები თანდათანობით აყალიბებს განსაზღვრულ წარმოდგენებს ადამიანის ფსიქიკაზე, მათ აიძულებს პრაქტიკული ფსიქოლოგიის დებულებებით ოპერირებას და ამ სფეროში რაღაც დოზით გათვითცნობიერებას. მაგრამ, ამგვარი ცოდნის, უპირატესად ინტუიციურის, მოცულობა და ხარისხი არ სცილდება პროკურორის, მოსამართლის ან გამომძიებლის ინდივიდუალური გამოცდილებისა და პიროვნული თვისებების ჩარჩოებს. ამასთან, ადამიანის სულიერი სამყაროს შესახებ სხვადასხვა შემთხვევის საფუძველზე მიღებული ემპირიული ცოდნა, არასისტემურია და არ შეიძლება აკმაყოფილებდეს მზარდ ცხოვრებისეულ და პროფესიულ მოთხოვნებს. მრავალი საკითხის ობიექტურად და კვალიფიციურად გადაჭრა, რაც მუდმივად დგას სამძებრო-სასამართლო ორგანოების მუშაკების წინაშე, მათი იურიდიული განათლებისა და ზოგადი ერუდიციის გარდა, მოითხოვს ფსიქოლოგიური ცოდნის დაუფლებასაც.
იურისტის ფსიქოლოგიური კულტურა წარმოადგენს ფსიქოლოგიური ცოდნის კომპლექსს, რომელიც მოიცავს პიროვნების, იურიდიული საქმიანობისა და ცალკეული იურიდიული პროფესიის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, ამ ცოდნის გამოყენების უნარ-ჩვევებს პროფესიულ სიტუაციებში. იურიდიული ფსიქოლოგია სამეცნიერო – პრაქტიკული დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის სისტემის – „ადამიანი-სამართალი“ – ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს და შეიმუშავებს ამ სისტემის ეფექტიანობის ამაღლებაზე მიმართულ რეკომენდაციებს.
იურიდიული ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიურ საფუძველს შეადგენს საქმიანობის პროცესის სისტემურ-სტრუქტურული ანალიზი, რომელიც განიხილება პიროვნების სტრუქტურისა და სამართლებრივი ნორმების სისტემასთან ურთიერთკავშირში. ამდენად, იურიდიული ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოქცეულია ადამიანისა და სამართლის, როგორც ერთიანი სისტემის ელემენტების შეთანაწყობის ფსიქოლოგიური პრობლემები.
იურიდიული ფსიქოლოგია ადამიანს მთელი სისრულით შეისწავლის; შეიმუშავებს ფსიქოლოგიურ საფუძველს ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა:
1. სამართალმორჩილი/კანონმორჩილი ქცევა (მართლცნობიერება, მორალი, საზოგადოებრივი აზრი, სოციალური სტერეოტიპები და სხვა);
2. დანაშაულებრივი ქცევა (დამნაშავის პიროვნების სტრუქტურა, დანაშაულებრივი სტერეოტიპები, დანაშაულებრივი ჯგუფის სტრუქტურა, კრიმინოგენური სიტუაცია, დაზარალებულის პიროვნება და ა.შ.);
3. სამართალდამცავი საქმიანობა (საგამოძიებო ფსიქოლოგია, სასამართლო პროცესის ფსიქოლოგია, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ა.შ.);
4. სამართალდამრღვევთა რესოციალიზაცია;
5. არასრულწლოვანთა ქცევა;
6. ფსიქოლოგის გამოყენება კონსულტანტის, სპეციალისტისა და ექსპერტის რანგში წინასწარი და სასამართლო გამოძიების პროცესში.
გამომდინარე აქედან, იურიდიულ ფსიქოლოგიაში გამოყოფილია განსხვავებული სფეროები, კერძოდ: სამართლის ფსიქოლოგია, კრიმინალური ფსიქოლოგია, წინასწარი გამოძიების ფსიქოლოგია, სასამართლო პროცესის ფსიქოლოგია, არასრულწლოვანის ფსიქოლოგია და ა.შ.
 იურიდიული ფსიქოლოგია წარმოადგენს ფსიქოლოგიის გამოყენებით დარგს, რომელიც შეისწავლის სამართლებრივ ურთიერთობებში ჩართულ პირთა/ადამიანთა ფსიქიკურ აქტიურობას
სამართლისმცოდნეობაში ფსიქოლოგიური ცოდნისადმი ინტერესი გაჩნდა დიდი ხნით ადრე, მანამდე სანამ ფსიქოლოგია დამოუკიდებელი მეცნიერება გახდებოდა.
ფსიქოლოგია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, არსებობს 1879 წლიდან, როდესაც გერმანელმა ფსიქოლოგმა ვილჰელმ ვუნდტმა (1832-1920) ლაიფციგის უნივერსიტეტში გახსნა პირველი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტული ლაბორატორია. თუმცა, 1792 წელს გერმანელმა ბუნებისმეტყველმა და მკვლევარმა კ. ეკკარტსჰაუზენმა (1752-1803) დაწერა წიგნი – „დანაშაულებათა განხილვისას ფსიქოლოგიური შემეცნების აუცილებლობის შესახებ“. ამავე პერიოდში გამოვიდა ი. შაუმანის (1768-1821) – „აზრები კრიმინალურ ფსიქოლოგიაზე“, სადაც ავტორმა გააანალიზა ცალკეული სისხლის სამართლებრივი ცნება. ამგვარად, XVIII-XIX სს-ში, ახალი სამართლებრივი იდეოლოგიის საფუძველზე ჩაისახა ფსიქოლოგიურ-იურიდიული ცოდნის სპეციალური განხრა – კრიმინალური, შემდგომში კი – სასამართლო ფსიქოლოგია. კრიმინალური ფსიქოლოგიის ჩარჩოებში ხორციელდებოდა დანაშაულებრივი ქცევის ფსიქოლოგიასა და დამნაშავის პიროვნების ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული ფაქტების ემპირიული სინთეზი; იწყება გაცნობიერება იმისა, რომ ფსიქოლოგიური ცოდნა აუცილებელია სამართალწარმოებასა და სამართლებრივი რეგულაციის მთელ სისტემაში. XIX ს-ის მეორე ნახევარში აღმოცენდა სამართლის ანთროპოლოგიური სკოლა; გაძლიერდა იურისტების ინტერესი „ადამიანური ფაქტორისადმი“.
XIX ს-ის დასასრულს, კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ჩამოყალიბებასთან ერთად ინტენსიურ ფორმირებას განიცდის სასამართლო, შემდგომ კი – იურიდიული ფსიქოლოგია. ე. კლაპარედმა, რომელიც ჟენევის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს სასამართლო ფსიქოლოგიაში, მნიშვნელოვნად გააფართოვა სასამართლო-ფსიქოლოგიური პრობლემების სფერო და შემოიტანა ტერმინი – „იურიდიული ფსიქოლოგია“.
კრიმინალისტიკის ფუძემდებელმა ჰანს გროსმა შექმნა ფუნდამენტური ნაშრომი „კრიმინალური ფსიქოლოგია“, სადაც სასამართლო ფსიქოლოგიას განიხილავდა, როგორც ზოგადი ფსიქოლოგიის გამოყენებით დარგს. გროსმა იურისტებს გააცნო მისი თანამედროვე მიღწევები ექსპერიმენტულ ფსიქოფიზიოლოგიაში (გუსტავ ფეხნერის სწავლება შეგრძნებათა კანონზომიერებების შესახებ), ადამიანის ფსიქომოტორული რეაქციების თავისებურებები, მეხსიერების, აზროვნების, კანონზომიერებები და ა.შ. ამ პერიოდში ვითარდება ასევე ჩვენებების ფორმირებისა და მიცემის ფსიქოლოგია (მარბე, შტერნი, ვერთჰაიმერი). ალბერტ ჰელვინგმა შეიმუშავა დამკითხავისა (პოლიციელის, ექსპერტის, მოსამართლის) და დასაკითხის (ბრალდებულის, მოწმის) ფსიქოლოგია, აგრეთვე დაკითხვის ფსიქოლოგიური ტექნიკა.
სწრაფი განვითარების მიუხედავად, სასამართლო ფსიქოლოგია XX ს-ის პირველ ნახევრამდე ანუ სიღრმის ფსიქოლოგიის აღმოცენებამდე, ძირითადად აღწერით მეცნიერებად რჩებოდა. დამნაშავე პიროვნება, მისი მოტივაციური სფერო, აღიწერებოდა ისეთი ცნებებით, როგორიცაა აგრესიულობა, შურისძიება, ანგარება, სადიზმისადმი მიდრეკილება, სისასტიკე, უპატიოსნება და ა.შ. სოციალურ-ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს ყურადღება არ ექცეოდა და დანაშაულებათა მიზეზების მასობრივ გამოკვლევებში, ძირითადად, თვით დამნაშავეთა შეხედულებებს ითვალისწინებდნენ. ამ დროს თავს იჩენს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დამნაშავის პიროვნების ფსიქოდიაგნოსტიკა და იმ პირთა ფსიქოლოგიური ანალიზი, რომელთაც ერთნაირი (ერთი სახის) დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამ საკითხების გადასაჭრელად საჭირო გახდა რიგი სპეციალური გამოკვლევების ჩატარება; მაგალითად, ა. ბიერემ დიდი ემპირიული მასალის საფუძველზე (სტოკჰოლმის ცენტრალური ციხის პატიმრებზე) ჩაატარა კვლევა – „მკვლელობის ფსიქოლოგია“. მან გააანალიზა ამ კატეგორიის დამნაშავეთა ფსიქიკური „სისუსტეები“, მათი სოციალური დეზადაპტაციისა და სოციალური გაუცხოების თავისებურებები.
ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორიის ზეგავლენით, სასამართლო ფსიქოლოგებმა დაიწყეს დამნაშავეთა ქვეცნობიერში შეღწევის მცდელობები, სიღრმისეული პიროვნული წარმონაქმნების გახსნა (ფრანც ალექსანდერი, ალფრედ ადლერი, ვალტერ ბრომბერგი და სხვა). პატიმრებს იკვლევდნენ ფსიქოდიაგნოსტიკური და სხვა ფსიქოანალიტიკური მეთოდების დახმარებით.
ფსიქოლოგები და კრიმინოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დამნაშავეთა უმრავლესობას არ ჰქონდა განვითარებული პიროვნების ისეთი ფსიქიკური სფერო, რომელსაც ზ. ფროიდმა სუპერ-ეგო (ზე-მე) უწოდა. ასევე, დარღვეული ჰქონდათ სოციალური თვითკონტროლის სტრუქტურაც და აშკარად შეიმჩნეოდა დისბალანსი დამამუხრუჭებელ და აგზნებად პროცესებში. ზემოხსენებულ ავტორთა აზრით, დანაშაულებრივი მიდრეკილებები ყალიბდება საკუთარი მე-ს (ეგო-ს) სტაბილიზაციაში წარუმატებლობის შედეგად, რაც მოჰყვება ადრეულ ბავშვობაში ფსიქიკურ ტრავმატიზაციას.
XX ს-ის პირველ ნახევარში სასამართლო (სისხლის სამართლის) ფსიქოლოგია განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებოდა გერმანიაში. გერმანელმა კრიმინოლოგებმა, თავიანთ კვლევებში, სიმძიმის ცენტრი დამნაშავის პიროვნებისა და მისი ყოფითი გარემოს შესწავლაზე გადაიტანეს. დამნაშავის პიროვნებისადმი ყურადღება, განსაკუთრებით გაიზარდა 1903 წელს გუსტავ აშაფენბურგის წიგნის – „დანაშაული და მასთან ბრძოლა“- გამოქვეყნების შემდეგ. 1904 წელს გ. აშაფენბურგმა დააარსა „სასამართლო ფსიქოლოგიისა და სისხლის სამართლის რეფორმის პრობლემათა ყოველთვიური ჟურნალი“. გ. აშაფენბურგი დანაშაულს ხსნიდა დამნაშავეთა სოციალური გამოუსადეგარობის სხვადასხვა ინდივიდუალური გამოვლინებით.
გერმანულ სასამართლო ფსიქოლოგიასა და კრიმინოლოგიაში დამკვიდრდა/განმტკიცდა ფსიქოპათოლოგიური და ბიოლოგიური მიმართულებები. დანაშაულთა ძირითადი მიზეზების განხილვისას დაიწყეს ისეთი ფსიქოლოგიური და ფსიქოპათიური ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა ნებისყოფისა და აზროვნების ანომალიები, გუნება-განწყობილების ცვალებადობა და ა.შ. დანაშაულებათა გამოძიებაში ფსიქოლოგიის მონაცემების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ გერმანელ მეცნიერებს ი. გოფბაუერს ნაშრომში – „ფსიქოლოგია სასამართლო ცხოვრების ძირითად გამოყენებებში“ (1808) და ი. ფრიდრიხს ნაშრომში – „სისტემატური სახელმძღვანელო სასამართლო ფსიქოლოგიაში“ (1835).
ერნსტ ზეელინგმა და კარლ ვაინდლერმა გააკეთეს დამნაშავეთა ტიპების ერთ-ერთი პირველი კლასიფიკაცია. ისინი თვლიდნენ, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა დანაშაულის ჭეშმარიტი მიზეზების გარკვევა. მათ გამოყვეს დამნაშავეთა 8 ტიპი, ესენია: პროფესიული, მატერიალური, სექსუალური, შემთხვევითი, პრიმიტიულად რეაგირების მქონე, მტრული (თავდაჯერებული), მოხულიგნო და მერვე ჯგუფში გააერთიანეს პირები, რომელთაც არ სურდათ მუშაობა/შრომა. მკვლევართა აზრით, ამ დამნაშავეთა პიროვნული თავისებურებების შესწავლა უნდა მომხდარიყო კომპლექსურად ისეთი მეცნიერებების გამოყენებით, როგორიცაა ბიოლოგია, ფსიქოლოგია და ფსიქიატრია.
მოწმის ჩვენებების ფსიქოლოგიური საკითხებით დაინტერესებული იყო ფრანგი მეცნიერი – მათემატიკოსი პ. ლაპლასი. 1814 წელს საფრანგეთში გამოქვეყნებულ ლაპლასის შრომაში – „ალბათობის თეორიის ფილოსოფიის ცდები“ – გადმოცემულია სასამართლო გადაწყვეტილებების სანდოობის საკითხის მათემატიკური ინტერპრეტაცია. იგი თვლიდა, რომ ალბათობა იმისა, რომ მოცემული ჩვენება შეესატყვისება სინამდვილეს, იქმნება:
 თვით იმ მოვლენის ალბათობისგან, რომლის შესახებაც მოგვითხრობს/გვატყობინებს მოწმე, და
 დასაკითხ/გამოსაკითხ პირთან მიმართებაში ოთხი ჰიპოთეზის ალბათობისგან:
ა/ მოწმე არ ცდება და არ ტყუის;
2/ მოწმე არ ტყუის, მაგრამ ცდება;
3/ მოწმე არ ცდება. მაგრამ ტყუის;
4/ მოწმე ტყუის და ცდება.
ლაპლასს ესმოდა, თუ რამდენად ძნელი იყო მოწმეთა ჩვენებების სიმართლის ან მცდარობის შეფასება თანმდევი ურიცხვი სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ თვლიდა, რომ სასამართლო, თავის მსჯელობებსა და დასკვნებში, ეყრდნობა არა მათემატიკურ ჭეშმარიტებას, არამედ მხოლოდ ალბათობას. ლაპლასის სქემა დღემდე არ არის ინტერესს მოკლებული, რამდენადაც მასში მოწმეთა ჩვენებების შეფასების მეცნიერული მეთოდიკის პირველი მცდელობაა წარმოდგენილი. სასამართლო ფსიქოლოგიის პრობლემების შესწავლა, დიდი ხნის მანძილზე, ამ მცდელობებზე წინ არ წასულა. თუმცა, XIX ს-ის მეორე ნახევარში, არამხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწრაფმა განვითარებამ, არამედ, წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში დანაშაულის ზრდამ ბიძგი მისცა სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევების შემდგომ გაფართოებას.
XIX ს-ის დასასრული და XX ს-ის დასაწყისი უკავშირდება ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიისა და რიგი იურიდიული დისციპლინების განვითარებას. ამ პერიოდში გაჩაღდა ბრძოლა სისხლის სამართლის ანთროპოლოგიურ და სოციოლოგიურ სკოლებს შორის. ანთროპოლოგიური სკოლის სულისჩამდგმელია ჩეზარე ლომბროზო, „თანშობილი დამნაშავის“ თეორიის შემქმნელი, რომელიც თვლიდა, რომ დამნაშავე, თავისი გენეტიკური/თანდაყოლილი თავისებურებებიდან გამომდინარე, არ შეიძლება გამოსწორდეს.
სოციოლოგიური სკოლის წარმომადგენლები იყენებდნენ უტოპიური სოციალიზმის იდეებს და დანაშაულებათა მიზეზების ახსნაში გადამწყვეტ მნიშვნელობას სოციალურ ფაქტორებს ანიჭებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლის იდეები, ანთროპოლოგიურისგან განსხვავებით, იმ დროისთვის, პროგრესულ ელემენტებს შეიცავდა.
დანაშაულის გამოძიების ფსიქოლოგიის შესწავლაში სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენება. ამ მეთოდის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ფრანგმა ფსიქოლოგმა ალფრედ ბინემ, პირველმა დაიწყო ბავშვთა ჩვენებებზე შთაგონების ზეგავლენის საკითხის ექსპერიმენტული კვლევა. 1900 წელს, მან გამოაქვეყნა წიგნი სათაურით – „შთაგონებადობა“, სადაც სპეციალური თავი მიუძღვნა ბავშვების მიერ მიცემულ ჩვენებებზე შთაგონების ზემოქმედების საკითხებს. ბინემ გააკეთა საინტერესო დასკვნები, რაც შემდეგში მდგომარეობს:
1. შეკითხვებზე გაცემული პასუხები ყოველთვის შეიცავს შეცდომებს;
2. სასამართლო სხდომათა პროტოკოლებში, მოწმეთა ჩვენებების სწორად შეფასების მიზნით, საჭიროა დეტალურად ჩამოყალიბდეს შეკითხვებიც და პასუხებიც.
1902 წელს, მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობის ანუ უტყუარობის ხარისხის განსაზღვრის მიზნით, ექსპერიმენტების ჩატარებას იწყებს გერმანელი ფსიქოლოგი ვ. შტერნი. საკუთარი კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, ვ. შტერნი ასაბუთებდა, რომ მოწმეების ჩვენებები პრინციპულად მცდარი და დამახინჯებულია, რამდენადაც „დავიწყება არის წესი, მოგონება/გახსენება კი – განსაკუთრებულობა“. კვლევის შედეგები, შტერნმა, წარადგინა ბერლინის ფსიქოლოგიური საზოგადოების სხდომაზე, რის შემდეგაც ევროპაში მათდამი დიდი ინტერესი, განსაკუთრებით იურიდიულ წრეებში შეიმჩნეოდა. მოგვიანებით, ვ. შტერნმა შექმნა მეხსიერების პერსონალური კონცეფცია, რომლის თანახმადაც, ადამიანის მეხსიერება არ წარმოადგენს ობიექტური რეალობის ასახვას, არამედ გამოდის, როგორც მისი დამახინჯება პიროვნების ეგოისტური ინტერესებიდან, ინდივიდუალური განზრახვებიდან, სიამაყიდან, პატივმოყვარეობიდან და ა.შ. გამომდინარე.
იურიდიული ფსიქოლოგია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტრადიციულად მჭიდროდ უკავშირდება კრიმინალისტიკას. კვლევები ამ სფეროში თავმოყრილია უნივერსიტეტებში, მაგრამ საერთო ხელმძღვანელობა ხორციელდება იუსტიციის ფედერალური სამინისტროს მიერ.
იტალიაში სასამართლო ფსიქოლოგია ორიენტირებულია კლინიკურ მიმართულებაზე, ხოლო საფრანგეთში – სოციალურ-ფსიქოლოგიურსა და სოციოლოგიურზე. ბელგიასა და საფრანგეთში ფუნქციონირებს მოზარდობის დანაშაულების შემსწავლელი ცენტრები. იაპონიაში დანაშაულის/დამნაშავეობის კვლევა ძირითადად ფსიქიატრიის მონაცემთა საფუძველზე ხორციელდება.
დანაშაულებათა გამომწვევ სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების თანამედროვე კვლევებში გამოყოფილია სოციალური კონტროლის დეფექტები, სოციალური კავშირების დარღვევა, კრიმინალური ქცევის დასწავლის ხელშემწყობი პირობები, დეფექტები სოციალიზაციაში და ა.შ.
დევიანტური ქცევის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად აღიარებულია სოციალურ-კონფორმული ქცევის მიზანმიმართული და სისტემატური სწავლების არარსებობა (კონტროლის თეორიის ჩარჩოებში ეს პრობლემა შეიმუშავეს ალბერტ რაისმა, აივენ ნაემ, მარტინ გოულდმა). ამ თეორიის წარმომადგენლები თვლიან, რომ ვულგარული აზროვნება და დაქვეითებული თვითშეფასებაც კი შეიძლება გადაიქცეს კრიმინოგენურ ფაქტორებად.
სტიგმატიზაციის თეორიის წარმომადგენლები თვლიან, რომ პიროვნების დევიანტურობა ძლიერდება, თუკი ინდივიდისთვის გარეგნულად „მიკრული“ იარლიყი შეესატყვისება მის პიროვნულ თვითშეფასებას.
მკვლევართა უმრავლესობა ერთხმად აღნიშნავს, რომ მითითებული თეორიები ფრაგმენტულია, მოკლებულია აუცილებელ სისტემატურობასა და ადამიანის ქცევის ანალიზისადმი კომპლექსურ მიდგომას.
იურიდიული ფსიქოლოგიის სფეროში შექმნილი მნიშვნელოვანი ნაშრომების ავტორები არიან მ. ლიპმანი („ფსიქოლოგიის საფუძვლები იურისტებისათვის“, ლაიფციგი, 1914), ბელგიელი კრიმინალისტი და ფსიქიატრი რ. ლუვაჟი („ფსიქოლოგია და დამნაშავეობა“, ჰამბურგი, 1956), გ. ტოხი („სამართლებრივი და კრიმინალური ფსიქოლოგია“, ნიუ-იორკი, 1961), დ. აბრაჰამსენი („კრიმინალური ფსიქოლოგია“, ნიუ-იორკი, 1967), ნ. ჯონსტონი („დასჯისა და გამოსწორების ფსიქოლოგია“, ლონდონი, 1970), გ. ტოსბი („დამნაშავეობისა და სისხლის სამართლის ფსიქოლოგია“, ნიუ-იორკი, 1979) და ა.შ. ამ შრომებში ფართოდ გამოიყენება ფრანგი სოციოლოგების გაბრიელ თარდისა (1843-1904) და ემილ დიურკჰეიმის (1858-1917) სოციალურ-ფსიქოლოგიური და კრიმინოლოგიასთან დაკავშირებული იდეები.
თანამედროვე იურიდიული ფსიქოლოგიის განვითარებას ხელს უწყობს ფსიქოლოგიური ორიენტაციის კრიმოლოგიური კვლევები. მათ შორის აუცილებელია გამოვყოთ ისეთი ნაშრომები, როგორიცაა ვ. ფოქსის „შესავალი კრიმინოლოგიაში“, კ. უედის „დამნაშავეობა და კრიმინოლოგია თანამედროვე იაპონიაში“, ბ. ხოლისტის „კრიმინოლოგია. თანამედროვე პრობლემები“, გ. კაიზერის „კრიმინოლოგია. შესავალი საფუძვლებში“, გ. შნაიდერის „კრიმინოლოგია“ და სხვა.
იურიდიული ფსიქოლოგიისა და კრიმინოლოგიის მოსაზღვრე კარდინალურ პრობლემას წარმოადგენს კრიმინალური წარმონაქმნების სოციალური და სოციალურ-ფსიქოლოგიური განპირობებულობა. ეს პრობლემა წინა პლანზეა წამოწეული მსოფლიოს ბევრ წამყვან უნივერსიტეტში, როგორიცაა კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებული კრიმინოლოგიის ინსტიტუტი და მონრეალის უნივერსიტეტის შედარებითი კრიმინოლოგიის პრობლემების კანადის საერთაშორისო ცენტრი. სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს პიროვნების სამართლებრივი სოციალიზაციისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები. საზოგადოების სოციალურ რეფორმაციასთან დაკავშირებით აღმოცენდება ახალი სოციო-ფსიქოტიპების ფორმირების, დემოკრატიული (სა)მართალცნობიერების მექანიზმების ჩამოყალიბების, აგრეთვე თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში კრიმინოგენური ფაქტორების შესწავლის/კვლევის მოთხოვნები.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81