ირვინ იალომიურთიერთობის ფსიქოლოგია

ირვინ და მერილინ იალომები სიყვარულის შესახებ

სიყვარული ხშირად ერევათ ვნებაში ან აკვიატებაში. ეს სხვადასხვა გრძნობებია, და საჭიროა მათი განსხვავება. ამის შესახებ ვწერდი წიგნში „წამალი სიყვარულისთვის“. შეპყრობილი ადამიანი თავის წინაშე ხედავს არა რეალურ პიროვნებას, არამედ ობიექტს, რომელიც მის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. მაგალითად შიშისგან იხსნის და დაეხმარება მარტოობის დაძლევაში. ასეთი სახის გატაცება შესაძლოა მართლა ძლიერი იყოს, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანს, ის ჩაკეტილია საკუთარ ნაჭუჭში და იკვებება საკუთარი თავით, შესაბამისად განწირულია თვითგანადგურებისთვის.
სიყვარული – ეს განსაკუთრებული დამოკიდებულებაა ადამიანებს შორის, მასში იძულება კი არა, ბევრი სითბოა და ზრუნვა, სურვილი, რომ სხვა გააბედნიერო.

მსურს მოგიყვეთ ჩემი და მერილინის ქორწინებაზე. ახლახან აღვნიშნეთ თანაცხოვრების 60 წლის იუბილე. სიყვარულზე ფიქრისას, ყოველთვის საკუთარ მეუღლეზე ვფიქრობ. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით როდესაც მერილინი 14 წლის იყო, მე კი 15ის. ორივეს გვიყვარდა კითხვა და ერთმანეთისთვის საინტერესო თანამოსაუბრებად ვიქეცით. ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობა წაკითხული წიგნების შესახებ მსჯელობის ფორმით დაიწყო. სიყვარული – ეს დახვეწილი ემპათიაა, როდესაც ამბობ რაიმეს და თან ფიქრობ, როგორ იგრძნობს და მიიღებს სხვა შენს სიტყვებს. და კიდევ, სიყვარული – ნიშნავს გიყვარდეს სხვა ადამიანის არსებობა და ის, თუ როგორ იცვლება და ვითარდება. ჩემმა მეუღლემ მიიღო დოქტორის ხარისხი მაშინ, როდესაც ეს დიდ იშვიათობას წარმოადგენდა ქალისთვის. ამის გამო მე მას ვაფასებდი და პატივს ვცემდი. მახსოვს, როგორ გამოდიოდა სიტყვით სკოლის წინ – ამერიკაში არის ასეთი ცერემონია, როდესაც საუკეთესო მოსწავლე მიმართავს დანარჩენებს სიტყვით… როდესაც ჩემს ზრდასრულ შვილებს სთხოვეს მოეყოლათ თავიანთ ბავშვობაზე, მათ თქვეს, რომ ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებად არ გრძნობდნენ თავს, და ეს მართალია: რა ძლიერადაც არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი შვილები, ჩემთვის და მერლინისთვის მთავარი ყოველთვის ჩვენს შორის ურთიერთობა იყო.
მერილინ იალომი:
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში პრიორიტეტები მუდამ იცვლებოდა, ეს ბუნებრივია, რადგან უკვე 60 წელზე მეტია ერთად ვართ, საკმაოდ დიდი დროა, დამეთანხმებით. იყო დრო, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი ირვინის კარიერა იყო. ჩვენს ახალგაზრდობაში ასე იყო მიღებული, რომ პირველ ადგილზე აუცილებლად ქმრის კარიერა უნდა ყოფილიყო. ასე რომ, ჩემი კარიერული მიღწევები მეორე ადგილას იდგა. და მე სულაც არ ვჩივი ამის გამო, უბრალოდ არ მსურს ჩემი წვლილი და ძალისხმევა დაუფასებელი დარჩეს.
რაც შეეხება სიყვარულს – ის, სხვადასხვაგვარი არსებობს. რომანტიული, ეროტიული, დედა-შვილური.. ყველას ვერ განვიხილავ. რაც შეეხება სიყვარულს ქალსა და მამაკაცს შორის ის ჩემთვის უპირველესყოვლისა ცვალებადია და არასოდეს ჩერდება ერთ ადგილას. ჩვენ ხომ თავადაც ვიცვლებით და ისეთები აღარ ვართ, როგორც პირველი შეხვედრისას. ურთიერთობაში შემოდის ახალი ფერები და გრძნობების გამოხატვის ახლებური საშუალებები- ეს ნიშნავს რომ ის ცოცხალია, ყველაფერი ცოცხალი კი ცვალებადია.
თუმცა, სიყვარული თავისთვის დამოუკიდებლად კი არ არსებობს – მას ადამიანები ასაზრდოებენ. გიყვარდეს სხვა, ნიშნავს უსმენდე მას, დაინტერესებული იყო მისით, ზრუნავდე მასზე და არ იყო გულგრილი იმის მიმართ, თუ როგორ გრძნობს თავს. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ირვინი მხარს მიჭერს და მისთვის სულერთი არაა ჩემი ინტერესები და სამუშაო. იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენს შვილებზეც. ხშირად გვეკითხებიან, როგორაა შესაძლებელი სიყვარულის შენარჩუნება 10,20,60 წლის მანძილზე. ვეცდები ჩემი პასუხი გაგიზიაროთ. თუ გსურთ სიყვარულის ხანგრძლივად შენარჩუნება, ერთმანეთს ინტერესით და პატივისცემით უნდა მოეპყრათ. დასაწყისისთვის კი ისეთი ადამიანი იპოვოთ, ვისაც სიყვარულის უნარი აქვს. მე ძალიან გამიმართლა და სწორედ ასეთ ადამიანს შევხვდი.

მოამზადა ნონა შიუკაშვილმა
წყარო

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81