რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა?
როგორ მუშაობს?
როგორია პროცესი და
რა პრობლემებს აგვარებს?
სწორედ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, გუშინ, 144 Stairs Cafe -ში საინტერესო ადამიანს, ლევან რამიშვილს შევხვდი და ბევრისთვის სასურველი ინფორმაცია დეტალურად მოვიპოვე. ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ კი უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ტრენინგს აუცილებლად დავესწრებოდი.
ალბათ, ბევრმა თქვენგანმა ნახა სოციალურ ქსელში დაანონსებული ჰოლოტროპული სუნთქვის ტრენინგი, რომელსაც უახლოეს დღეებში, სწორედ ლევანი ჩაატარებს. გაიგო ისიც, რომ ფსიქოლოგიის ეს მეთოდი არაცნობიერის სიღრმეებში გვამოგზაურებს და ბევრ პრობლემას გვიხსნის …
თუმცა, როგორც „ჟოლოს“ პირად მიმოწერაში, ასევე ჩემთან საუბარშიც ჰოლოტროპული სუნთქვით დაინტერესებული პირები ბევრად უფრო დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ.
ლევან რამიშვილი: ჰოლოს — ნიშნავს მთლიანობას, ტროპოს- ეს არის სვლა, სიარული, გზა… ეს კომპოზიტი შექმნა ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის, სტანისლავ გროფმა.
ფსიქოლოგიაში სულ რამდენიმე დიდი სკოლაა. ფსიქოანალიზი, გეშტალტთერაპია, ბიჰევიორისტიკა, ჰუმანისტური ფსიქოლოგია და ყველაზე თანამერდროვე –ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია, რომელსაც სხვა ფსიქოლოგიურ სკოლებთან შედარებით დიდი უპირატესობები აქვს.
— რით განსხვავდება ტრანპერსონალური ფსიქოლოგია სხვა ფსიქოლოგიური სკოლებისგან?
— ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიაში ფსიქოთერაპევტი არ წყვეტს, თუ რა პრობლემაზე უნდა იმუშაოს ადამიანმა. ჰოლოტროპული სუნთქვის მეშვეობით ჩვენ შევდივართ მდგომარეობაში, რომელშიც იხსნება გონების ის ფილტრები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანს, კავშირი დაამყაროს თავის შინაგან სამყაროსთან — ქვეცნობიერთან.
სტანისლავ გროფი ჰოლოტროპულ სუნთქვებს უკვე 40 წელია ატარებს. ეს პროცესი ათობით ათასსმა ადამიანმა გაიარა და აღმოჩნდა, რომ ჰოლოტროპული სუნთქვის დროს ადამიანი შედის სპეციფიკურ მდგომარეობაში, რომელშიც იღვიძებს არაცნობიერის ის ფუნქცია, რომელსაც გროფმა „შინაგანი მკურნალი“ უწოდა.
— ანუ „შინაგანი მკურნალი“ ფსიქოთერაპევტის როლს ასრულებს?
— სწორედ ასეა. შინაგანი მკურნალი ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ნებისმიერი ფსიქოთერაპევტი. რაც არ უნდა გენიალური იყოს ფსიქოთერაპევტი, ერთი ადამიანის გონებისთვის მაინც ძალიან ძნელია ჩაწვდეს მეორე ადამინის ქვეცნობიერ პროცესებს და სწორი დასკვნები გამოიტანოს. ჩვენ ფსიქოთეტარაპევტს ვუყვებით ჩვენი პრობლემების შესახებ, შემდეგ კი ის წყვეტს, რომელი პრობლემით დაიწყოს, როგორ წაიყვანოს პროცესი… კარგ ფსიქოთარაპევტს რაღაც შედეგები ყოველთვის ექნება, თუმცა ეს შედეგები მიზერულია იმასთან შედარებით, რასაც ადამიანი ჰოლოტროპული სუნთქვისგან იღებს.
— როგორც გავიგე, ამ ტექნიკის საშუალებით, ქვეცნობიერში დალექილი პრობლემების მოგვარება ფსიქოთერაპევტისგან დამოუკიდებლად ხდება, სწორად მიგიხვდით?
— ჩვენ რომ გავიაზროთ, თუ რამდენად რთულია ადამიანის ქვეცნობიერი პროცესები, მაშინ მივხვდებით, თუ რამდენად დაბალია იმის პროცენტი, რომ ფსიქოთერაპევტმა მიაგნოს ზუსტად იმ პრობლემას, რომელზეც არის საჭირო მუშაობა კონკრეტულ მომენტში და რამდენად დაბალია იმის ალბათობაც, რომ იგი იმუშავებს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა.
შინაგანმა მკურნალმა კი ზუსტად იცის, რომელ პრობლემაზე მუშაობისთვის არის ადამიანი მზად მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად. თანაც პრობლემა ისეთი უნდა იყოს, რომ ადამიანს ქონდეს მისი დაძლევის რესურსი. ჰოლოტროპული სუნთქვის დროს შეიძლება ისე მოხდეს, რომ რამდენიმე პრობლემა ერთდროულად დამუშავდეს.
— როგორია ჰოლოტროპული სუნთქვის პროცესი?
— ჰოლოტროპული სუნთქვის დროს ჩვენ არ ვართ იძულებულნი და ვალდებულნი, ვინმეს რამე მოვუყვეთ. უბრალოდ, სპეციალისტის დაკვირვებით ვიწყებთ ისეთ სუნთქვას, როგორსაც დამოუკიდებლად ვერ მოვახერხებთ. სუნთქვის გარდა, ამ პროცესის ეფექტურად განვითარებას ხელს უწყობს მუსიკაც. სუნთქვის და მუსიკის მეშვეობით ადამიანი გადადის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იღვიძებს შინაგანი მკურნალი. ერთადერთი მეთოდი, რომელიც ახერხებს არაცნობიერის ყველაზე ღრმა შრეებში ჩასვლას, ეს არის ჰოლოტროპული სუნთქვა. თანაც, ეს ერთადერთი უსაფრთხო მეთოდია ჩემთვის ცნობილ ძლიერმოქმედ მეთოდებს შორის. მისი უსაფრთხოების გარანტი ისევ და ისევ შინაგანი მკურნალია.
სტანისლავ გროფმა, ამ მეთოდის შემქმნელმა, ზუსტად ჰოლოტროპული სუნთქვის მეშვეობით აღმოაჩინა, რომ არსებობს დაბადების ოთხი ტრავმა. ეს ტრავმები დაკავშირებულია მუცლადყოფნის პერიოდთან და მშობიარობის სტადიებთან.
ერთ-ერთი ტრავმა არის, მაგალითად, როდესაც მშობიარობის პროცესი დაწყებულია, ნაყოფს უნდა, რომ გამოვიდეს, მაგრამ საშვილოსნო ჯერ კიდევ ჩაკეტილია. ამის გამო ნაყოფი ხვდება ჩაკეტილ სივრცეში, რომელიც აღარ არის კომფორტული, რადგან გამოსვლის პროცესი დაწყებულია, მაგრამ გამოსვლა ვერ ხერხდება. ეს ძალიან არასასიამოივნო შეგრძნებაა და ქვეცნობიერში ილექება, როგორც ჩაკეტილი სივრცის შიში.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო პატარაა ასაკით ადამიანი, მით უფრო დიდია მისი შთაბეჭდილებები. ანუ 7 წლის ასაკის ბავშვის შთაბეჭდილებები უფრო ღრმაა, ვიდრე 9 წლის ასაკის ბავშვის, 3 წლის ასაკის ბავშვის შთაბეჭდილებები უფრო ღრმაა, ვიდრე 7 წლის ასაკის ბავშვის, ერთი წლის ასაკის ბავშვის შთაბეჭდილებები უფრო ღრმაა, ვიდრე 3 წლის ასაკის ბავშვის და ა.შ. დაბადების 4 ტრავმა იმდენად ღრმაა, რომ ეს ტრავმები გადადის ქვეცნობიერის იმ შრეებში, რომლებთან წვდომაც ფაქტობრივად არ არსებობს.
დაბადების 4 ტრავმა აქვს აბსოლუტურად ყველა ადამიანს და მათგან გათავისუფლება შესაძლებელია ჰოლოტროპული სუნთქვის მეშვეობით. ჩემთვის ცნობილი მეთოდებიდან ვერცერთი ვერ უზრუნველყოფს ასეთ სიღრმეზე უსაფრთხოდ ჩასვლას.
— მსმენია, რომ ჰოლოტროპული სუნთქვის დროს ადამიანები ისეთ ისტორიებსაც იხსენებენ, რომლებიც თავს არ გადახდენიათ. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
— ადამიანები იხსენებენ ეპიზოდებს თავიანთი მშობლების, ბებიების, ბაბუების, დიდი ბებიების და ბაბუების ცხოვრებიდან… თუ წავიკითავთ გროფის წიგნებს – „ცხოვრება ტვინის მიღმა“ და მის სხვა ფუნდამენტალურ ნამუშევრებს, დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი რეალობაა, და დაფუძნებულია პრაქტიკაზე და არა ვიღაცის წარმოსახვაზე. სტანისლავ გროფმა 40 წლის პრაქტიკის მეშვეობით, ათობით ათასი ადამიანის მაგალითზე დადასტურა, რომ ეს არ არის მისტიკა, რომ ეს მეცნიერება.
ერთ–ერთ წიგნში გროფს ასეთი მაგალითი მოჰყავს: უკრაინაში, ჰოლოტროპული სუნთქვის სეანსის დროს ადამინმა ნახა, რომ ის მეშახტეებთან ერთად დახვრიტეს, რამაც ძალიან გააკვირვა. როდესაც სახლში დაბრუნდა, ოჯახის წევრისგან შეიტყო, რომ მისი ბაბუის მამა, 30-იან წლებში მეშახტეებთან ერთად დახვრიტეს. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი წინაპრების გამოცდილება ჩვენში ილექება. ეს ეხმნიანება იმ რელიგიურ წარმოდგენებს, რომ ცოდვები გადადის თაობიდან თაობაზე. მე რელიგიურად არ ვუყურებ ამას, უბრალოდ დასტურდება, რომ რაღაც ინფორმაცია მართლაც გადადის თაობიდან თაობაზე…
გერმანელი ფსიქოლოგის, ბერტ ჰელინგერის მეთოდის, „ოჯახური განლაგებების“ სეანსებზეც დასტურდება, რომ ჩვენი წინაპრების ისტორიები ჩვენზე მოქმედებს …
ჰოლოტროპული სუნთქვის დროს ადამიანები ხედავენ ისეთ ამბებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში არ მომხდარა და არც ტელევიზორში უნახავთ. რაც მთავარია, ყოველი ისტორია მათი სულიერი ცხოვრებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ისტორიაა. ეს ისტორიები ყოველთვის დაკავშირებულია მათ რეალურ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან.
— რა დატვირთვა აქვს ამ ხედვის განვითარებას და არაცნობიერის სიღრმეებიდან ამ ისტორიების ამოტანას ?
— თვითონ ის ფაქტი, რომ ასეთი სიღრმის შრეებში ჩავდივართ და რომ იქედან ინფორმაცია ამოდის, უკვე გვაძლევს თერაპიული ეფექტს, ეს უკვე ნიშნავს მათგან გათავისუფლებას. შეიძლება უხეში მაგალითია, მაგრამ ეს დაახლოებით იმას გავს, ლეიბი რომ დაფერთხო და მტვერი გაუვიდეს, აი ასეთი პროცესია…
მაგრამ ჰოლოტროპული სუნთქვის სეანსი ამით არ ამოიწურება. სუნთქვის შემდეგ ვხატავთ. ჯგუფის ყოველი წევრი ხატავს განცდილს და ამ ნახატებს ჯგუფში ვარჩევთ. ამ პროცესის მეშვეობით ხდება ყოველივე იმის გაცნობიერება, რაც ჰოლოტროპული სუნთქვისას მოხდა. როდესაც ცნობიერ დონეზე აფიქსირებ, თუ რა მოხდა იმ პროცესში, ეს ორმაგად მუშაობს, ხდება სუნთქვისას მიღებული შედეგის გამყარება.
საოცარი ამბები ხდება ჰოლოტროპული სუნთქვის დროსაც და ხატვის დროსაც. ადამიანები საოცარ აღმოჩენებს აკეთებენ და სულიერად იზრდებიან. ჰოლოტროპული სინთქვის დროს შეილება აღმოვაჩინოთ პრობლემები, რომლებსაც ვერც კი ვამჩნევდით, ან ვამჩნევდით და ვერ ვაცნობიერებდით, ვერ ვხვდებოდით, რაში იყო სინამდვილეში საქმე… ეს მეთოდი ისეთი სიმძიმეებისგან გვათავისუფლებს, და ისე გვანვითარებს, რომ ძალიან უჭკუო უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს არ უნდოდეს.
ჰოლოტროპული სუნთქვა არა მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემებისგან გვათავისუფლებს, არამედ ახალ გამოცდილებასაც გვძენს. ადამიანი ხდება უფრო გამოცდილი, უფრო დაკვირვებული, უფრო ფაქიზი აღქმის მქონე, უფრო სულიერი… ეს გამოცდილება მას, როგორც პიროვნებას მეტ სიღრმეს სძენს. ჰოლოტროპული სუნთქვა განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ავტორი: დეა თავბერიძე
წყარო