გარდატეხის ასაკი – მოზარდის საჭიროებები და გამოწვევები

0

მაგდა მაჭავარიანი – სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის მაგისტრანტი, EAGT/გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი. მშობელთა მხარდაჭერის ჯგუფის დამფუძნებელი და ტრენერი

რა ცვლილებები ხდება მოზარდის ფსიქიკაში გარდატეხის ასაკში, ანუ ბავშობიდან ზრდასრულობაში გადასვლის პროცესში?

მოზარდის განვითარების გეშტალტ მოდელის მიხედვით, მოზარდის ფსიქიკაში მიმდინარე ცვლილებები 3 ეტაპად იყოფა:

I ეტაპზე მოზარდი ახდენს გარშემომყოფებთან ურთიერთობების რეორგანიზაციას – იგი დისტანცირდება ბავშვობის ოჯახის ველისგან, რომელშიც მანამდე სრულად იყო ჩაფლული, და მჭიდრო კავშირს ამყარებს თანატოლებთან; აინტერესებს ექსპერიმენტების ჩატარება, ახალი გამოცდილების მიღება; ზრდასრულის მიერ მისი ქცევის კრიტიკა იწვევს ბრაზს.

II ეტაპზე მოზარდი იწყებს შინაგან განცდებზე ფოკუსირებას და გარემოს რეალისტურად აღქმას; უმძაფრდება რომანტიკული ინტერესები. მისთვის სენსიტიური თემაა პატივისცემა, სერიოზულად მიღება. ზრდასრულის მიერ მისი ქცევის მხილება იწვევს შინაგან ტკივილს, სირცხვილს. ახასიათებს გაუცხოვება, მარტოობა, სასოწარკვეთილება, ასევე მგრძნობიარეა სხვების სიყალბის მიმართ, რაც მიანიშნებს აუთენტურობისთვის მის შინაგანი ბრძოლაზე.

III ეტაპზე აქტუალურია მოზარდის პიროვნული ინტეგრაციის პროცესი – ის სხვებთან (მათ შორის მშობლებთან) თანასწორობის პრინციპით იწყებს ურთიერთობას, სამყაროს აღიქვამს შესაძლებლობებით სავსედ.

რა მნიშვნელოვანი განსხვავებებით გადიან გარდატეხის ასაკს ვაჟები და გოგონები?

გენდერული განსხვავები ყველაზე მკვეთრად ჩანს მოზარდის განვითარების პირველ ეტაპზე. ბიჭები ხშირად კმაყოფილები არიან ცვლილებებით, ექსპერიმენტირების პროცესით, რის შესახებაც მშობლებს არაფერს უზიარებენ; ხოლო გოგონები უფრო ხშირად უზიარებენ მშობლებს საკუთარი გამოცდილებებს და ცდილობენ მათი თანხმობისა და მათგან აღიარების მოპოვებას. თუმცა ორივე სქესის მოზარდების განვითარების პროცესი და ძირითადი მოთხოვნილებები მსგავსია.

რა ძირითადი მოთხოვნილებები აქვთ მოზარდებს?

სავსებით ვიზიარებ მოზარდებთან გეშტალტთერაპიული მუშაობის თანამედროვე ვარსკვლავის, ბრონა სტარსის აზრს, რომ ყველა მოზარდს აქვს 3 ძირითადი მოთხოვნილება: ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები (ჯანმრთელი, ძლიერი, უსაფრთხო სხეულის ქონის სურვილი), ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები (მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან მიკუთვნებულობის განცდა, რომლებიც ზრუნავენ მასზე და აღიარებენ მას) და ინტერპერსონალური მოთხოვნილებები (საკუთარი თავისა და საკუთარი გარემოცვის კეთილშობილების განცდა).

რაზეა დამოკიდებული მოზარდის ამ ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და რა სჭირდება მოზარდს ადეკვატური თვითშეფასების ფორმირებისთვის?

ადეკვატური თვითშეფასების მქონე სრულფასოვან ზრდასრულად ჩამოყალიბებისთვის, მოზარდს სჭირდება ადეკვატური გამოწვევების შემცველი სივრცე, რომელსაც თან ახლავს ადეკვატური მხარდამჭერი პირობები და იძლევა მისი ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას.

თუ მოზარდის ცხოვრების სივრცე მიმღებელი და მხარდამჭერია, მოზარდს აქვს კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და კომფორტის განცდა და უვითარდება საკუთარი თავის და გარშემო მყოფთ რწმენა. ხოლო თუ მოზარდის ცხოვრების სივრცე არა მიმღებელი, მტრული და არა მხარდამჭერია, მოზარდს უჩნდება დაუცველობისა და უნდობლობის გრძნობები, მარტოსულობისა და სირცხვილის განცდა, უქვეითდება თვითშეფასება. სწორედ მხარდაჭერის ნაკლებობის შედეგია, რომ დღეს მოზარდებში დეპრესია და სუიციდი მწვავე პრობლემად იქცა მთელ მსოფლიოში და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

სოციალურ სივრცეს რა ზოგად რეკომენდაციას მისცემდით მოზარდებთან ურთიერთობის დროს?

ბავშვებთან და მოზარდებთან თერაპიული მუშაობის პროცესში დავრწმუნდი, რომ მათი პრობლემების უმეტესობა სწორედ მხარდამჭერი ზრდასრულების ნაკლებობის შედეგია. ასევე სამწუხარო რეალობაა, რომ არა მხარდამჭერი მშობლები ხშირად აბრკოლებენ მოზარდის თერაპიული მხარდაჭერის პროცესს.

მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მშობელი, რომელიც თავად გაიზარდა ჰიპერმზუნველ, ავტორიტარულ ანდა ლიბერალურ გარემოში და საკუთარი მშობლებისგან მხარდაჭერის გამოცდილება არ აქვს (რაც გამოცდილებაში არ აქვს ადამიანს, იმას ვერც თავად გააკეთებს)და გაუცნობიერებლად ისე ურთიერთობს შვილებთან, როგორც მისი მშობლები – წარსულში მასთან.

ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია, რომ მშობელმა გააცნობიეროს თავისი კონტაქტის სტილი და ისწავლოს, როგორ შეიძლება, რომ იყოს საკუთარი შვილის მხარდამჭერი.

თითოეული მშობელი კარგი განზრახვით აკეთებს ყველაფერს, თუმცა მხარდამჭერი მშობლობისთვის არ კმარა შვილის სიყვარული – ამ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმისთვის ისევე არსებითად მნიშვნელოვანია მომზადება, როგორც ნებისმიერი პროფესიისთვის; პროფესიისთვის ხომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვსწავლობთ და ვემზადებით.

მხარდაჭერის გამოხატვის უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და მხარდამჭერი მშობლობის ახალი გამოცდილების მიღების პროცესში თავად მშობელს სჭირდება პროფესიონალების მხარდაჭერა. სწორედ ამ საჭიროებამ შთამაგონა მშობელთა მხარდაჭერის ჯგუფის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მშობლებს ვთავაზობ ბავშვებთან და მოზარდებთან ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგებს.

მშობელთა უკუკავშირმა აჩვენა, რომ როცა მშობელი გააცნობიერებს საკუთარ არა მხარდამჭერი ურთიერთობის სტილს, სწავლობს მოზარდის პერსპექტივიდან შეხედოს სამყაროს და გამოიმუშავებს მხარდამჭერი კომუნიკაციის უნარებს, მას აღარ აშინებს შვილის გარდატეხის ასაკი და შეუძლია, აქტიურად მოუსმინოს, გაუგოს და საჭირო დროს საჭირო მხარდაჭერა აღმოუჩიონოს მას და გულისტკენის შემთხვევაში ბოდიშიც მოუხადოს შვილს. მხარდამჭერი მშობლების შვილებს ნაკლებად სჭირდებათ თერაპევტის დახმარება.

გაუზიარეთ გარდატეხის ასაკში მყოფ ახალგაზრდებს თქვენი მოზარდობის პერიოდის რამე პოზიტიური გამოცდილება.

ჩემი მოზარდობის ყველაზე პოზიტიური გამოცდილებად სწორედ მხარდამჭერ ზრდასრულებთან კონტაქტის გამოცდილება მიმაჩნია. ეს მმატებდა თავდაჯერებას და მაძლევდა განვითარების სტიმულს. ამ გამოცდილების წყალობით შევინარჩუნე ბავშვური ცნობისმოყვარეობა და შევიძინე ექსპერიმენტირების გამბედაობა, რაც ახლა ძალიან მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში და კლიენტებთან, განსაკუთრებით მოზარდებთან, თერაპიული მუშაობის პროცესში.

შესაძლებელია თუ არა, რომ მოზარდმა, რომელსაც არა მხარდამჭერ გარემოში უწევს ცხოვრება, საკუთარ თავზე იმუშავოს და შეძლოს ობიექტური თვითშეფასების ფორმირება?

სავსებით ვიზიარებ ბ. სტარსის აზრს, რომ „არ არსებობს თვითგანვითარება – არსებობს მხოლოდ მოზარდის ცხოვრების სივრცის ფარგლებში და მასთან ერთად განვითარება“. მოზარდს ადეკვატური თვითშეფასება უყალიბდება მხარდამჭერ გარშემომყოფებთან კონტაქტის პროცესში, როცა მოზარდს სიყვარულით, პატივისცემითა და მზრუნველობით ექცევიან. შესაბამისად, ერთადერთი რამ, რაც არა მხარდამჭერ გარემოში მყოფ მოზარდს შეუძლია გააკეთოს საკუთარი თავისთვის არის თუნდაც ერთი მხარდამჭერი ზრდასრულის გამონახვა, რომელიც მას ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლის ამ რთულ, მაგრამ საინტერესო გზაზე მეგზურობას გაუწევს და საკუთარი თავის რწმენას შემატებს.

 

მოამზადა ქეთი კაცელაშვილმა

 

✔ "ფსიქოლოგიის სახლი" - თანადამფუძნებელი და თავჯდომარე