ურთიერთობის ფსიქოლოგია

ოთხი ყურის მოდელი

რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის?

მიზეზი უამრავია, თუმცა ახლა თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ოთხი ყურის მოდელზე.

ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰამბურგის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი და ახლა საკუთარი კომუნიკაციების ინსტიტუტის შემქმნელი ფრიდემან შულც ფონ თუნი საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთთან უკეთესი კომუნიკაცია იქონიონ.

თავისი კომუნიკაციის ფსიქოლოგიის შემუშავებით, იგი დაეყრდნო კარლ ბაჰლერის, პოლ ვენსლასის, კარლ როჯერსის და ალფრედ ადლერის იდეებს, მაგრამ მისი მთავარი მნიშვნელობა პრაქტიკული გამოყენებისკენ არის მიმართული. 1981 წელს გამოიცა წიგნი ”საუბარი ერთმანეთთან” (”Miteinander reden”), რომელშიც აღწერილი იყო კომუნიკაციური ფსიქოლოგიის პირველი ძირითადი მოდელი, ”კომუნიკაციური კვადრატი” ან, როგორც მას უწოდებენ, ”ოთხი ყური”.

რა არის ოთხი ყური?

მაშინ, როდესაც ადამიანი-(შეტყობინების გამგზავნი) რაღაცას ამბობს, ამ დროს მიმღები აღიქვამს შესაბამისი ყურით. ესენია:

1. .საინფორმაციო ყური – ადამიანი მოწოდებას აღიქვამს, როგორც ფაქტს;

2. მიმართების ყური -ადამიანი ნათქვამს აღიქვამს, როგორც მეორე ადამიანის მხრივ მის მიმართ მოწოდებას;

3.შინაარსის ყური -ადამიანი აღიქვამს ნათქვამს, როგორც ურთიერთობას მოსაუბრესთან;

4.სააპელაციო ყური -ადამიანი ნათქვამს აღიქვამს როგორც მოსაუბრის თვითგაცხადებას.

სტატისტიკის მიხედვით, მიმართების ყური განვითარებული აქვთ ბავშვებს და ზოგადად ქართველებს.

ადრესატზე გავლენა ხდება მოწოდების დონეზე. ჩვეულებრივ, თუ ადამიანი რამეს ამბობს, მას ამით რაღაცის მიღწევა სურს. იგი გამოხატავს თავის სურვილებს, მოწოდებებს, რჩევას ან მოქმედების მოტივებს – მიმართულებებს. სიგნალები იგზავნება ან ღიად, ან ფარულად. მიმღები, შეტყობინების მიღების შემდეგ, შესაბამის „ყურის“ დონეზე თავს უსვამს კითხვას: რა უნდა გავაკეთო (არ გავაკეთო) ახლა . რაზე ვიფიქრო? რას ვგრძნობ? როგორი ადამიანია ეს? როგორია მისი განწყობა? რა მოუვიდა მას? რა უნდა ჩემგან? და ა.შ.

მოვიყვან მარტივ მაგალითს: ოთახში ვხსედვართ ოთხნი. მე ვამბობ რომ ნაყინი მინდა.

ერთი ამას იგებს პირდაპირი მნიშვნელობით „ნანას ნაყინი უნდა“;

მეორე ფიქრობს – ოჰ, ნაყინი ნდომებია ამას. უნდა და უნდოდეს“

მესამე – „ ამან რადგან თქვა, გამოდის რომ ჩემს გასაგონად თქვა. უნდა წავიდე და ნაყინი ვუყიდო“;

მეოთხე – ისმენს შინაარსს და ნაყინზე სიგრილის, სიტკბოს, რძის, შოკოლადის ასოციაციები უჩნდება.

გამოდის, რომ ვიღაც შინაარსს ისმენს, ვიღაც მიმართებას იგებს, ვიღაცას თვითგაცხადების ყური აქვს – ამას თავის თავის გამოჩენა უნდაო და ვიღაცა კი აპელაციას იჭერს – რა უნდა რომ გამაკეთებინოსო.

გამოდის, რომ ჩემი ნათქვამი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ადამიანს მხოლოდ „ერთი ყურით“ მოსმენა შეუძლია.

ამიტომაა, როდესაც კრიმინალს იძიებენ, გამომძიებლები ეყრდობიან რამოდენიმე და არა ერთი მოწმის ჩვენებას.

გამოდის, რომ ჩვენ შეგვიძლია ნათქვამი გავიგოთ ობიექტურ (ფუნქციურ) დონეზე, ემოციურ დონეზე (როდესაც გვესმის, თუ როგორ იქცევა ადამიანი ჩვენთან), ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ სიტყვები, როგორც რაიმე მოქმედებისკენ მოწოდება, ან შევეცადოთ გავაანალიზოთ, რას ამბობს თანამოსაუბრე საკუთარ თავზე.

“ყურები” განსხვავებულად მუშაობენ და ეს დამოკიდებულია სიტუაციებზე. ადამიანს განსაკუთრებით აქვს განვითარებული აქვს ერთი ყური, თუმცა დანარჩენი სამიც სხვადასხვა სიტუაციაში თავისებურად რეაგირებს.

მაგალითად, როდესაც მეუბნებიან რომ ტექსტში მაქვს შეცდომა, მე ამას ვღებულობ როგორც ფაქტს და ვიწყებ მის შესწორებას. მე არ მექმნება შთაბეჭდილება, რომ მოსაუბრეს სურს საკუთარი თავის წარმოჩენა, ცოდნის დემონსტრირება და ამით ჩემი დაკნინება. ამ დროს ჩემში ორი ყური იწყებს მუშაობას. მოწოდების (შევასწორო ტექსტი) და საინფორმაციო (შეცდომის არსებობა).

მაგრამ თუ ჩემთან მოდის მეზობელი და მეუბნება რომ, ჩემგან ხმამაღალი მუსიკის ხმა გადის, ამას ემოციურად აღვიქვამ (მეზობლის მხრიდან თვითგაცხადება და მოწოდება).

შულც ფონ ტუნის მეთოდი ასევე კარგად მუშაობს კოლექტივში, რადგან თუკი ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რა ტალღაზე გვაწვდის ინფორმაციას თანამოსაუბრე, ჩვენ იოლად გავიგებთ თუ რისი თქმა სურს მას. ანუ რა სურს მას ჩვენგან და როგორ უნდა გავიგოთ მისი ნათქვამი.

შევეცადე მოკლედ განმემარტა თუ რა არის ოთხი ყურის მოდელი და როგორ მუშაობს ის. ეს არ არის აქსიომა, თუმცა ეს მოდელი იძლევა საშუალებას, უფრო მეტი ვიცოდეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე.

ავტორი: ნანა აბესაძე

წყარო 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81