ქართველი ფსიქოლოგები

ეთერ ფილიპოვიჩი – ცვლილებების დროა

ეთერ ფილიპოვიჩი – მედიცინის დოქტორი, ევროპის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი,  სერტიფიცირებული არტთერაპევტი, ტრენერი, არტქოუჩი, ნლპ პრაქტიკოსი,  ფსიქოთერაპევტთა პროფესიული ლიგის (PPL) ნამდვილი წევრი, ქართული მეტაფორული ბარათების კრებულების ავტორი.

სამყარო იცვლება.

ძალიან სწრაფად იცვლება.

ის, რაც გუშინ ფანტასმაგორიულად ჟღერდა, დღეს რეალობაა.

დაუნდობელი, ხანდახან ფატალურიც.

რეალობა, რომელიც არად დაგიდევს  შენს გეგმებს, მოლოდინებს, ოცნებებს…

ადამიანიც სამყაროს ნაწილია, ამიტომ ისიც იცვლება, თუ გულწრფელად მიყვება ცხოვრებას.

ან არ იცვლება – მანამ, სანამ არჩევანს ხდავს.

თუმცა, საბოლოოოდ, მაინც უწევს შეცვლა, უკვე არჩევანის გარეშე.

 

სულ რაღაც ერთი თვის წინ  სხვები ვიყავით.

სხვას ვფიქრობდით.

სხვას ვგეგმავდით.

სხვას ველოდით.

დღეს მდგომარეობა  შეიცვალა და, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი ხვდება,  რომ ის თითქმის უხილავი ჭანჭიკია სამყაროს ნებასთან შედარებით.

ჭანჭიკი, რომელიც საკუთარ ამპარტავნობაზე და უძლეველობის მითზე იდგა.

ბატონებო,  ჩვენ იმაზე ბევრად ნაკლები გოლიათები ვართ, ვიდრე ვფიქრობთ.

სულ პატარა, ჭიანჭველასოდენაც კი არა.

ჩვენი ცხოვრება სამყაროსთვის ერთი თვალის დახამხამებაც კი არ არის.

ცვლილებების დროა.

დროა, გადავხედოთ ჩვენს წარმოდგენებს, დამოკიდებულებებს  და ფასეულობებს.

დროა, ვისწავლოთ საკუთარი თავის მოსმენა, მიყურადება, გაზიარება და მიღება.

დროა, გადავხედოთ ჩვენს უთიერთობებს, მათ შორის საკუთარ თავთან.

დროა, დავფიქრდეთ, რა არის ჩვენთვის პატივისცემა, მეგობრობა, სიყვარული…

დროა, ვისწავლოთ ის, რაზეც წლებია ვოცნებობთ.

დროა, დაველაპარაკოთ ადამიანს, რომელთან ურთიერთობასაც ვერ ბედავდით.

დროა, გავუღიმოთ ჩვენს წყენებს,  გულისტკივილებს, ძველ დარდებს.

რადგან გვესმის, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ხდებოდა.

და დღეს ისინი მხოლოდ ჩვენი გამოცდილების ოქროს სკივრის ექსპონატებია.

დროა.

 

სამყარომ თითქოს განზრახ გააჩერა დრო, რომ მოვასწროთ.

იმისათვის, რომ სამყაროსთან შესატყვისობაში ვიყოთ.

რომ გადავრჩეთ.

როგორც ჩანს, მაინც ძვირფასები ვართ მისთვის.

ყველაფრის მიუხედავად.

ალბათ ხვდებით, არჩევანიც რომ არ გვაქვს.

 

კიდევ რა?  – იკითხავთ თქვენ.

აიღეთ სუფთა ფურცელი, კალამი და მიწერეთ წერილი საკუთარ თავს.

მიწერეთ დღეს, როდესაც მყარად დგეხართ ფეხზე.

ყველაფრის მიუხედავად.

მიწერეთ იმ დროსთვის, როდესაც შეიძლება გაგიჭირდეთ.

რადგან ძალა გამოგეცლებათ და მოთმინებასაც დაკარგავთ.

მიწერეთ.

გაახსენეთ, რომ ყველაფერი მხოლოდ დროებითი გამოწვევაა.

და, საბოლოოოდ, ყველაფერი კარგად იქნება.

რადგან თქვენ ადრეც გქონიათ  სხვა არა ერთი განსაცდელი, საიდანაც გამარჯვებული გამოსულხართ.

თქვენი პიროვნული თვისებების გამო.

თქვენი ახლობლებისა და მეგობრების გამო.

მიწერეთ.

გაახსენეთ თქვენი ცხოვრების ის წუთები, როდესაც დამსახურებულად ამაყობდით საკუთარი თავით.

იქნებ რაიმე სასიკეთო რჩევაც მისცეთ საკუთარ თავს.

იქ, როდესაც განსაცდელია და აღელვებული აზრებს თავს ვერ უყრის.

გაამხნევეთ.

დაასრულეთ?

დაკეცეთ და შეინახეთ.

იმ დრომდე, როდესაც იგრძნობთ, რომ მხარდაჭერა გჭირდებათ.

მხარდაჭერა იმ ენაზე, რომელიც მხოლოდ თქვენ გესმით.

იმ სიტყვებით, რომელსაც მხოლოდ თქვენ იცნობთ.

გახსენით და წაიკითხეთ.

იმედისთვის.

 

იმედი.

ნათელი, წრფელი.

გვათბობს, გვამხნევებს, გვაპურებს.

მარადიული საზრდოა.

დაუშრეტელი.

 

03.04.20

 

 

 

 

 

 

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

✔ მედიცინის დოქტორი ✔ევროპის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი ✔ სერტიფიცირებული არტთერაპევტი, ✔ ფსიქოთერაპევტთა პროფესიული ლიგის (PPL) ნამდვილი წევრი ? 599 471 477