ქართველი ფსიქოლოგები

7 მითი არტთერაპიაზე ანუ ცხოვრება მშვენიერია

ეთერ ფილიპოვიჩი – ფსიქოთერაპევტი, მედიცინის დოქტორი, ევროპის ინტეგრირებული ფსიქთერაპიის ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი (EAIP), სერტიცირებული არტთერაპევტი, ტრენერი, არტთერაპიის სასწავლო ტრენინგების წამყვანი, არტქოუჩი, ნლპ პრაქტიკოსი, ქართული მეტაფორული ბარათების კრებულების ავტორი, ფსიქოთერაპევტთა პროფესიული ლიგის (PPL) ნამდვილი წევრი.

არტთერაპია, პირდაპირი მნიშვნელობით, არის ხელოვნებით განკურნება – ნებისმიერი სახის ხელოვნებით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი შემოქმედება არ არის არტთერაპია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შემოქმედებითი პროცესი სასიამოვნო და რესურსულია.

არტთერაპიულ პროცესში ადამიანი ქმნის, ცვლის, ამდიდრებს, ავითარებს, აყალიბებს, ადარებს გარკვეულ შემოქმედებით ნამუშევრებს. ამავდროულად, სწორედ ასე, ის ეცნობა, ავითარებს, ცვლის, ემშვიდობება, იღებს, იაზრებს ცოდნასა და გამოცდილებას – პირველ რიგში, საკუთარ თავზე.

ადამიანი, გარკვეული მასალები და არტთერაპევტი ქმნიან „ჯადოსნურ“ არტთერაპიულ სივრცეს, სადაც ყველა სირთულის გადაჭრაა შესაძლებელი – ფიზიკური დაავადებიდან ღრმა ფსიქოლოგიურ პრობლემამდე – რბილად, სწორედ იმ სახით, იმ სიჩქარით და სიღრმით, როგორიც მისაღებია თვით არტთერაპიულ პროცესში მონაწილე ადამიანისთვის.

არტთერაპია წარმატებით გამოიყენება  ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ფსიქოლოგია/ფსიქოთერაპიაში, კლინიკურ მედიცინაში, განათლების სისტემაში, სოციალურ სამსახურებში, ორგანიზაციებისა და პერსონალის ეფექტურ მენეჯმენტში.

არტთერაპია გამორჩეულია მისი რიგი უპირატესობების გამო – მას პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენებები (გამონაკლისია გონებრივი განვითარების ღრმა დეფიციტი, თავის ტვინის ორგანული დაზიანებები და გამოხატული ქცევითი აშლილობები), ეფექტურია ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარების ნებისმიერ ეტაპზე, მშვენივრად ერწყმის ფსიქოლოგა/ფსიქოთერაპის სხვა მიმართულებებს, ძალიან ეკოლოგიურია, რადგან იყენებს ყველაზე უსაფრთხო, დამზოგავ და შემოქმედებით მიდგომებს, რომლებიც, ამასთანავე, ძალიან საინტერესოა და სასიამოვნო.

არტთერაპია უნიკალური შესაძლებლობაა, არაცნობიერის ფარული გზავნილების გააზრებისთვის, ადამიანის ბაზისური საჭიროებების გამოვლენისთვის, შემაფერხებელი რწმუნებულებების კორექციისთვის, ნეგატიური ემოციების ნეიტრალიზაციისთვის, ადამიანის ტრავმულ გამოცდილებასთან ყველაზე უსაფრთხო, საინტერესო და შემოქმედებითი მუშაობისთვის.

ეს რეალობაა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო.

ახლა კი შეგახსენებთ 7 ყველაზე გავრცელებულ მითს არტთერაპიის შესახებ:

  1. „არტთერაპიის შესასწავლად აუცილებლად ფსიქოლოგი უნდა იყო“.

არტთერაპიის ერთერთი ყველზე მნიშვნელოვანი თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი შესწავლა და გამოყენება შეუძლია ნებისმიერი განათლებისა და პროფესიის ადამიანს , პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების გააზრებისთვის და საჭირო რესურსების მოძიებისთვის.

  1. „არტთერაპია ნიშნავს ნახატებზე/ნახატებით მუშაობას“.

არტთერაპია მართლაც ნახატებზე მუშაობით დაიწყო, თუმცა დღეს უკვე არსებობს 20-ზე მეტი არტთერაპიული მიმართულება, რომლებიც წარმატებით გამოიყენება ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის: ხატვითი თერაპია,   ძერწვითი თერაპია, მანდალათერაპია, ბიბლიოთერაპია, კინოთერაპია, ფოტოთერაპია, ფოლგაზე მუშაობა, კოლაჟირება, მონოტიპია, არტქოუჩინგი, ქსოვილოვანი თერაპია, მატყლით თერაპია, ცვილით თერაპია, მუსიკალური თერაპია, ლანდშაფტური არტთერაპია, ინტერმოდალური არტთერაპია, იკიგაი არტი,  არტკომიქსები, ზღაპართერაპია, მეტაფორული ბარათები, ქვიშათერაპია და სხვა. ყველა ეს მიმართულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში სხვა არტთერაპიულ თუ ნებისმიერ ფსიქოლოგიურ მიმართულებასთან, ქმნის უნივერსალურ „ჯადოსნურ“ გარემოს, სადაც ყველაფერი შესაძლებელია.

  1. „უნდა შემეძლოს ხატვა, რომ არტთერაპია გამოვიყენო“.

არტთერაპიული აქტივობა არ მოიაზრებს ხატვის თუ სხვა შემოქმედებით პროფესიულ   ჩვევებს. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ, რაც უფრო  „მოუმზადებელია“ ადამიანი, მით უფრო გულწრფელია მისი ნამუშევარი, ქმნის არა ისე, როგორც ლამაზია, არამედ ისე, როგორც გრძნობს, შესაბამისად, ასეთი სამუშაო უფრო ფასეულია, როგორც პრობლემის გააზრების, ასევე მისი დაძლევის შესაძლებლობის კუთხით.

  1. „არტთერაპია ეფექტურია მხოლოდ ბავშვებში“.

არტთერაპია ერთნაირად ეფექტურია, როგორც ბავშვებთან და მოზარდებთან, ასევე მოზრდილებთან მუშაობისას. მთავარია, შერჩეული იყოს ის მიდგომა და მიმართულება, რომელიც ყველაზე ეფეტური და კომფოტული იქნება თავად  ადამიანისთვის.

    5.“ნახატის მიხედვით სპეციალისტი მომიყვება ჩემს შესახებ“.

ეს ყველაზე პოპულარული მითია – ადამიანებს სურთ, მეტი შეიტყონ საკუთარ თავზე, ოღონდ გვერდიდან, სხვა თვალით დანახული. მნიშვნელოვანია, სპეციალისტი არ აყვეს მათ ამ სურვილში, რადგან თანამედროვე არტთერაპია, პირველ რიგში, მოიაზრებს, საკუთრივ,  ადამიანის დახმარებას მისი ნამუშევრის გააზრებაში, იმისთვის, რომ მან თავად გაიზროს, რა დახატა, რატომ და რისთვის. ჩვენ ამისთვის  „ჯადოსნურ“ არტთერაპიულ კითხვებს ვიყენებთ, რომლებიც ბევრად ეფექტურად ეხმარებიან ადამიანს, ვიდრე საეჭვო ვარაუდებითა და უფრო მეტად საეჭვო ინტერპრეტაციებით მოყოლილი ისტორიები სხვა ადამიანის, თუნდაც სპეციალისტის მიერ. ზოგადად, არტთერაპიაში არასოდეს ვიყენებთ ე.წ. პროექციულ ხატვით ტესტებს, რადგან მათ არაფერი აქვთ საერთო  არტთერაპიასთან. ნებისმიერი ხატვა არ არის არტთერაპია, ისევე როგორც ადამიანის მიერ შესრულებული ნამუშევრის ნებისმიერი გარე ინტერპრეტაცია, თუნდაც სპეციალისტის მიერ,  არ წარმოადგენს  რეალურ სურათს ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების, შესაძლებლობების, სირთულეებისა თუ მათი დაძლევის გზების გააზრებისთვის.

  1. „ადამიანის მიერ გამოყენებული ფერების მიხედვით შეიძლება ვისაუბროთ მის პიროვნებაზე“.

თანამედროვე არტთერაპია ეყრდნობა მხოლოდ ადამიანის პირად, ინდივიდუალურ ფერთა სიმბოლიკას – ყოველ ფერს აქვს მხოლოდ ის მნიშვნელობა, რომელსაც მას თავად ნამუშევრის ავტორი ანიჭებს.  არ ვიყენებთ არანაირ შაბლონებს და წინასწარ შექმნილ განწყობებს – მნიშვნელოვანია მხოლოდ ნამუშევრის ავტორი და  მისი აღმა. სხვასთან ერთად, სწორედ ეს დამოკიდებულება გამოხატავს ყველაზე მკაფიოდ  თანამედროვე არტთერაპიის ჰუმანისტურ მიმართულებას – „ჩვენ  –  ადამიანისთვის“ და არა „ადამიანი – შაბლონებისთვის“.

  1. ის, ვინც შეისწავლის არტთერაპიას, “თერაპევტიხდება“.

როგორც უკვე ავრნიშნეთ, არტთერაპიის შესწავლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რადგან ის ყველასათვის გასაგებია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის, ვინც არტთერაპია შეისწავლა, ავტომატურად „თერაპევტი“ ხდება. არა, რა თქმა უნდა. არტთერაპია მშვენივრად ლაგდება იმ ბაზაზე, რომელიც ადამიანს მანამდე ქონდა, მაგალითად, პედაგოგი, მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე,  სოციალური სფეროს მუშაკი, გამოიყენებს არტმეთოდს მის ყოველდღიურ საგანმანათლებლო აქტივობებში, სასწალო პროცესის საუკეთესო შეფუთვისთვის, შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის, ადამიანების მხარდაჭერისთვის და  ახალი შესაძლებლობების აღმოჩენებისთვის, ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი კი, გარდა ამისა, შეიძენს ახალ, უნიკალურ და ეფექტურ ინსრტრუმენტს პროფესიული საქმიანობისთვის. თუმცა, ყველა აქ ჩამოთვლილი ადამიანების კატეგორია, არტთერაპიის შესწავლით, პირველ რიგში,  იღებს საკუთარ თავს – განახლებულს, უფრო ძლიერს, უფრო გაცნობიერებულს, უფრო მოტივირებულს, უფრო წარმატებულს და უფრო ბედნიერს. დამეთანხმებით, არტთერაპიის შესწავლა ყველაფერ ამად ღირს.

ჩვენს ბაზაზე რეგულარულად იმართება სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის არტთერაპიის სასწავლო- თერაპიული კურსები, „ცოცხალ“ და ონლაინ ფორმატში, რომლებიც ყველა მსურველს სთავაზობენ დაუვიწყარ მოგზაურობას არტთერაპიის ჯადოსნურ სამყაროში, ახალი შესაძლებლობებისთვის  და აღმოჩენებისთვის – პირველ რიგში, საკუთარ თავში.

უახლოესი კურსი დაიწყება 9 მაისს, ონლაინ ფორმატში   რაც ნიშნავს, რომ მასში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მსურველს, სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდა და შემოქმედებითი განვითარება.

ბოლოს კი პატარა საჩუქარი: ისტორია თქვენთვის ანუ თქვენი პირადი ისტორია.     თუ გიყვართ სხვადასხვა ისტორიების შეთხზვა და მოყოლა, მაშინ ეს საჩუქარი თქვენთვისაა.  მაშ ასე: გთავაზობთ დაუსრულებელ ტექტს, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ დაწეროთ მოკლე ისტორია, რომელიც მხოლოდ თქვენთვის იქნება და თქვენზე – უბრალოდ შეავსეთ გამოტოვებული ადგილები, ისე, როგორც გსურთ:

„მე მიყვარს, ჩემი ცხოვრება, რადგან…………………………………………………………………… .

ხანდახან …………………………………………………………………………………………………………….,

მაგრამ მე მაინც ვიცი, რომ………………………………………………………………………………………… .

რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის მემახსოვრება, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია……………………………………………………………………………. .

დღეს, შემიძლია დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მე ……………………………………………………………………………………………………………………………,

რადგან ზუსტად ვიცი, ……………………………………………………………………………………… .“

ახლა შეგიძლიათ ამ ტექსტს სახელი დაარქვათ და დაამაგროთ ისეთ ადგილას, სადაც ხშირად მოგხვდებათ თვალში – შთაგონებისთვის და მხარდაჭერისთვის.

გისურვებთ წარმატებებს და ახალ შემოქმედებით აღმოჩენებს!

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

✔ მედიცინის დოქტორი ✔ევროპის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი ✔ სერტიფიცირებული არტთერაპევტი, ✔ ფსიქოთერაპევტთა პროფესიული ლიგის (PPL) ნამდვილი წევრი ? 599 471 477