ქართველი ფსიქოლოგები

ნატა თუმანიშვილი – ემოციური ძალადობა ყოველდღიურ ცხოვრებაში

ნატა თუმანიშვილიკარაფს მედლაინის ფსიქოლოგი,  “GGRC”  ქართულგერმანული რეპროდუქციული კლინიკის ფსიქოთერაპევტი 

ფსიქლოგიურ ძალადობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით,შესაძლოა შეურაცყოფის, კრიტიკის, უსამართლო ბრალდებების, დაცინვის მსხვერპლი გავხდეთ ისე, რომ არც კი ველოდით ამას.  როგორ შეიძლება მოვახდინოთ ასეთ ფაქტზე რეაგირება და როგორ დავიცვათ ემოციური სტაბილურობა?

_ემოციური ძალადობის ერთ-ერთ ფორმას „გაზლაიტინგს“ ეძახიან, ეს სახელწოდება ცნობილი ფილმიდან დამკვიდრდა. ხშირად გამოიყენება ისეთი მდგომარეობის აღსაწერად, სადაც მოძალადე ცდილობს გადაგარწმუნოს და უარყოს თავისი ბრალეულობა ყველაზე ბინძური და ამორალური მეთოდებით, როგორიცაა ფაქტების გაუკუღმართება, გადაბრალება, მუქარა, შანტაჟი, ფსიქოლოგიური აბიუზი, მაგ: შენ ეს მოგეჩვენა, ან შენ ხომ არ გაგიჟდი, ნუ იგონებ რაღაცეებს და ა.შ. ასეთი ზეწოლით აგრესორი ცდილობს საკუთარ არა ადეკვატურობაში შეგატანინოს ეჭვი და ჭკუიდან გადაგიყვანოს. მსხვერპლი ამ დროს იმდენად დიზორიენტირებულია და ფრუსტრირებულია, რომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს მოძალადეს, რათა არ გამოიწვიოს ვითარების დაძაბვა და კომფლიქტის ესკალაცია.

ეხლა ორიოდე სიტყვით აღვწერ თუ ვისთან გვაქვს საქმე და რატომ არის ასეთი ურთიერთობა დამანგრეველი და უპერსპექტივო.  თუ თქვენ გრძნობთ, რომ ხდებით ამ ტოქსიკური ურთიერთობის თანამონაწილე სასწრაფოდ უნდა გახვიდეთ ამ თამაშიდან, რომელიც არცერთ ზნეობრივ  წესს არ ექვემდებარება. ძირითადად ფსიქოლოგიურ აბიუზერებად ხდებიან ანტისოციალური პიროვნული აშლილობის  მქონე ადამიანები, როგორებიც არიან სოციოპატები და ფსიქოპატები, რასაც ახლავს პარანოიდალური ან ნარცისული ქცევა. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ ქცევითი დარღვევები, ისინი აიგნორებენ სოციალურ ნორმებს და წესებს, არ ითვალისწინებენ სხვის სურვილებს და გრძნობებს, გამოხატავენ აგრესიას, არ გააჩნიათ ემპათია (თანაგრნობა), ურთიერთობებში არიან ზედაპირულნი და არა სტაბილურნი. არ ესმით როგორც სხვისი გრძნობების, ასევე თავისი. ახასიათებთ დაუსჯელობის და უდანაშაულობის სინდრომი…  იმისთვის რომ არ გახდეს „გაზლაიტერების“ მანიპულაციის მსხვერპლი, უპირველეს ყოვლისა გადადეთ გვერდზე ვარდისფერი სათვალე და დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: რატომ ვირჩევ მე ამას და რის ხარჯზე მიწევს ამის ატანა? რას მახსენებს წარსულიდან ? ეს იქნება ამ ურთიერთობიდან დასახსნელი თქვენი პირველი ნაბიჯები ….

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს გარშემომყოფებზე თუნდაც, უნებურად არ მოვახდინოთ ფსიქოლოგიური ზეწოლა?

აქაც მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რომელი გამაღიზიანებელი ფაქტორი ხდება ტრიგერი, რომელიც  რთავს ჩვენში კრიტიკოს და მოძალადეს, რა გრძნობა გვინდა აღვუძრათ ოპონენტს? შიში, სირცხვილი თუ დანაშაულის გრძნობა? ეს დაუსრულებელი გეშტალტი საიდანღაც იღებს სათავეს და ყოველ ჯერზე მეორდება, სადაც ორივე მხარე აგებს და კონსესუს ვერასდროს ვერ აღწევს. კონსტრუქციული კომუნიკაციის ოქროს წესად ითვლება, როდესაც ჩვენ ადამიანს ყურადღებით ვუსმენთ და ვაცდით მას აზრის გამოთქმას, საუბრისას ვუყურებთ თვალებში და მივმართავთ სახელით. თუ არ იზიარებთ მის ფასეულობებს და მოსაზრებებს, უბრალოდ დააფიქსირეთ თქვენი განსხვავებული აზრი. ადამიანებს არ უყვართ კრიტიკა, ეს ყოველთვის ულახავს მათ თავმოყვარეობას. კომფლიქტისას გაანალიზეთ კონკრეტული ვითარება,  არასოდეს არ გადახვიდეთ პიროვნულ შეფასებაზე, ეს მხოლოდ აგრესიას  და კონტაქტის წყვეტას გამოიწვევს. შეურაცყოფილი ადამიანი თავდასხმაზე გადადის! სიტუაციის შეფასებისას ისაუბრეთ მხოლოდ საკუთარ გრძნობებზე! დაბოლოს თუ არ გეკითხებიან, ნუ იძლევით რჩევებს!

რა ფაქტორები განაპირობებს ემოციური ძალადობის სიმძიმეს?

ემოციურ ძალადობას განაპირობებს ისეთი ფაქტორები როგორიცაა:  კულტურისა და განათლების დაბალი დონე, სიდუხჭირე და უმუშევრობა, დისფუნქციური ოჯახები, სადაც ადგილი აქვს დაუსრულებელ კომფლიქტებს, ალკოჰოლიზმს, ნარკომანიას, სხვადასხვა სახის კანონდარღვევებს და ფსიქიკურ დაავადებებს .

ადრეულ ასაკში  მიღებული ემოციური ძალადობა შესაძლებელია თუ არა გაყვეს მას ცხოვრების ბოლომდე და რამდენად მოქმედებს ის ფსიქიკაზე?

რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი პრობლემები და წარუმატებლობები ასე თუ ისე განპირობებულია ბავშვობაში მიყენებული ტრავმებით, შეიძლება სრულიად უმნიშვნელო შემთხვევამაც კი იქონია ჩვენს ფსიქიკაზე ზეგავლენადა და მოახდინა ნეგატიური ფიქსაცია და ნუ დავიწყებთ დამნაშავეების ძიებას მშობლების თუ აღმზრდელების სახით, იმიტომ რომ მათ უმეტესობას ეს არ ჩაუდენია შეგნებულად. იმ დროს მათ ასე სწამდათ და მიაჩნდათ სწორად, სხვანაირად არ იცოდნენ, რამეთუ ჩვენს მშობლებს ტრადიციულად გადაეცათ აღზრდის გარკვეული მოდელი თავიანთი მშობლებისაგან და თუ არის ისეთი რამ, რაც დღეს ძლიერ პროტესტს იწვევს, ამაზე ღირს დაფიქრება და გამოსწორება, რომ ეს ესტაფეტა ჩვენს შვილებს არ გადავცეთ.

ითვლება, რომ  ადრეულ ბავშვობაში მიღებული ტრავმები უფრო ძლიერია და რთულად ექვემდებარება კორექციას, ჩვენ შეიძლება არც კი გვახსოვდეს და ისინი არაცნობიერად მართავდნენ ჩვენს ცხოვრებას და ქცევას. ამიტომ არის საჭირო დროული ფსიქოთერაპია.

მაშინ, როდესაც  ვერ ვამჩნევთ, რომ მსხვერპლი ვართ ფსიქოლოგიური ძალადობის და საშინელ ბრალეულობას განვიცდით, რა ტიპის გარდატეხა უნდა მოხდეს ჩვენში, რომ შევძლოთ  რეალობის ობიექტურად აღქმა?

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ადამიანი მართლაც ვერ ხვდება რომ ტოქსიკური ურთიერთობების მატარებელია და მსხვერპლად ყოფნა ერთგვარი სიმპტომია, ვინაიდან მას არ უჩნდება არანაირი პროტესტი და დისკომფორტი ამის მიმართ. მისთვის ეს მშობლიური განცდაა და ეს ფორმატი ნორმად მიაჩნია, თითქოს ეს ნაცნობი ჭაობია… ბრალეულობის გრძნობაზე მანიპულირება კი „აბუიზერების „ მთავარი იარაღია და მას წარმატებით იყენებენ. „აბიუზის“ მიზეზი ისევ წარსულში იმალება, დღევანდელი ვითარება მსხვერპლმა თავად შექმნა, მან მოიზიდა მოძალადე და ახლა იგივე სცენარს ათამაშებს, რაც ორივესათვის ნაცნობია. გაგიკვირდებათ და ყველას თავისი მეორადი სარგებელი აქვს და ეს ნათლად ჩანს თერაპიაზე.

რეალობის ობიექტურად აღქმის შემდეგი ეტაპი – გარდატეხაა, იგი ყოველთვის კრიზისის სახით მოდის, როდესაც ასეთი ყოფა გაუსაძლისი ხდება და რაღაც უნდა შეიცვალოს. ჯერ არის დისკომფორტი, მერე პროტესტი, შემდეგ ბრძოლა თავისუფლებისათვის, აი თავისუფლების გემოს რომ გაიგებ, უნდა მიიღო გადაწყვეტილება აიღებ თუ არა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას და “როდესაც მთელი გულით გსურს რამე, მთელი სამყარო ხელს გიწყობს ამის მიღწევაში ” – პაულო კოელიო

რა რეკომენდაციებს მოგვცემთ იმისთვის, რომ არ გავხდეთ ემოციური ძალადობის მსხვერპლნი ?

ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი ვერ გახდება ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, მას არ ახასიათებს ის მაზოხისტური კომპონენტი, რაც მსხვერპლს გააჩნია, ამიტომ იგრძნობს თუ არა მსგავს ქცევას, სიტუაციას მალევე დააღწევს თავს.  როგორც წესი  ასეთ ადამინებს უყვართ საკუთარი თავი და ირჩევენ თავისუფლებას!

 

მოამზადა ეკა მიქაშავიძემ