ეკა ბაბუნაშვილი – ქოუჩი, ბიზნეს ტრენერი, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი
რას მოიცავს ემოციური ჰიგიენის კონცეფცია?
ემოციური ჰიგიენის კონცეფცია გონების განტვირთვასა და ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, რაც ადამიანს ეხმარება შეინარჩუნოს პოზიტიური თვითაღქმა, ემოციური ბალანსი და, შესაბამისად, იყოს მდგრადი ცვალებადი გარემო პირობების მიმართ.
როგორ იჭრება გარემო ჩვენს ცხოვრებაში და რა გავლენას ახდენს ნეგატიური ემოციები ორგანიზმზე?
დღეს ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც ემოციური ფონი საკმაოდ დაძაბულია: არის ბევრი ღელვა, შფოთი და შიში. ასეთ ემოციურ მდგომარეობაში კი ადამიანების წარმოსახვა მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარებს ხატავს, რაც სტრესის დონეს კიდევ უფრო ამაღლებს. ტვინის ფიზიოლოგია ისეა მოწყობილი, რომ იგი ვერ არჩევს წარმოსახვითსა და რეალობას შორის განსხვავებას. შესაბამისად, ტვინს “ჰგონია”, რომ ის, რასაც ადამიანი ფიქრობს მისთვის მისაღებია, მით უფრო, თუკი, ეს სცენარები დღიდან დღემდე მეორდება. არსებობს ასეთი მონაცემი, რომ ადამიანი დღეში დაახლოებით 70 000 ფიქრს ფიქრობს. აქედან უმეტესობა ნეგატიურადაა ფორმულირებული. შესაბამისად, განმეორებითი სცენარები ჩვენს რეალობას განსაზღვრავს და იმ კალაპოტს ქმნის რაშიც ჩვენი ცხოვრება მიედინება. აზრები ავტომატურ ემოციურ რეაქციებს განაპირობებს და შესაბამის ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში, რომელიც ჩვენი ენერგიის დონეზე, ცხოვრების ხარისხზე და კეთილდღეობაზე ახდენს ზეგავლენას. ემოციური რეაქცია ადამიანის სხეულის ენაზეც აისახება და, ბუნებრივია, რომ ადამიანს ემჩნევა რას გრძნობს, თუნდაც არ თქვას. განწყობას კი აქვს ერთი მნიშვნელოვანი თვისება – იგი გადამდებია. ამიტომაც, ჩვენი შინაგანი კლიმატი გარშემო ადამიანებზე ზემოქმედებს.
რა ტექნიკებით ვახერხებთ თავის დაცვას სტრესისგან?
თითოეულ ადამიანს გამომუშავებული აქვს სტრესთან გამკლავების სტრატეგიები, რომელთაგან ზოგი ეფექტურია, ზოგი კი პირიქით.
მაშინ, როდესაც სტრესის პირველ იმპულსები მოდის, პირველი გაუცნობიერებელი რეაქცია ხშირად განრიდებაა. ამ დროს თავდაცვის ინსტინქტი ავტომატურად ირთვება და გონება უარყოფს სტრესორის არსებობას. აღნიშნული კი, მოცემულ სიტუაციაში, შესაძლოა გამოიხატებოდეს იმით, რომ ადამიანები აგრძელებდნენ ჩვეული ცხოვრების რეჟიმს, სანამ არ გაიაზრებენ, რომ საჭიროა ადაპტაცია ახალ მოცემულობასთან. ვინაიდან ახალი გამოწვევები კომფორტის ზონის გაფართოვებას გვკარნახობს, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ მოტივაცია და პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს ქმედებებზე. მოტივაციას კი ემოციები გვკარნახობს. შესაბამისად, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული ემოციის გააზრებაა, მეორე კი ფოკუსის დადებითისკენ გადატანა. ამის შემდგომ ადამიანს შეუძლია ის ქმედებები დაგეგმოს, რაც ხელს შეუწყობს მეტად ნაყოფიერად გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები.
მარტივი საშუალება იმისა, რომ გავითავისუფლოთ გონება ჭარბი უარყოფითი ფიქრებისგან, მათი ამოწერაა. ამისათვის საჭიროა 3 წუთის დანიშვნა და თითოეული ფიქრის ფურცელზე დატანა რაც გონებაში გაიელვებს. როდესაც მათ ფურცელზე დავინახავთ, შევამჩნევთ, რომ გონება დაიცალა, ზოგი ფიქრი კი სულაც ღიმილს იწვევს ან გამკლავების მოტივაციას გვიკარგავს მოცემულ სიტუაციაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შევცვალოთ ჩვენი აღქმა.
“ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ის რაც არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია მოვახდინოთ ზემოქმედება იმაზე, რაც გავიაზრეთ” ამბობდა სერ ჯონ უიტმორი, ბიზნეს ქოუჩინგის მიმართულების შემქმნელი.
ფიქრებისა და ემოციების გააზრების შემდგომ მნიშვნელოვანია პროაქტიური პოზიცია დავიკავოთ და მათი გარდაქმნა მოვახდინოთ. რა მომეხმარება არსებულ სიტუაციაში? რა შემიძლია გავაკეთო, რომ ნაყოფიერად გამოვიყენო გამოთავისუფლებული დრო? რა შესაძლებლობები არსებობს? – ის მარტივი კითხვებია, რომელზე პასუხის გაცემაც საშუალებას იძლევა ქმედითი ნაბიჯები დავგეგმოთ და ფოკუსი დადებით მხარეებზე გადავიტანოთ. დაგეგმილი ნაბიჯების განხორციელება კი აუცილებლად მოიტანს მეტ კმაყოფილებას, რომელიც გარშემომყოფებზეც დადებითად აისახება. საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმა ადამიანს ეხმარება გაიაზროს გარემოსგან მიღებული სტიმულები, შეცვალოს აღქმა და საუკეთესო არჩევანი გააკეთოს.
როგორ ახერხებენ ადამიანები ემოციური ჰიგიენის დაცვას?
ემოციური ჰიგიენის დაცვა, როგორც ვახსენეთ, მოჭარბებული არასაჭირო ფიქრებისგან გათავისუფლებით და სიტუაციის დადებით ასპექტებზე ფოკუსირებით ხორციელდება . სტრესის დროს, როდესაც თვითრწმენა იკლებს და ფრუსტრაცია მატულობს, არსებით როლს მადლიერების პრაქტიკა თამაშობს.
კვლევები აჩვენებს, რომ მადლიერება განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. იგი ამაღლებს ადამიანის ემოციურ მდგრადობას და ზოგიერთი კვლევის მიხედვით, სიცოცხლესაც კი ახანგრძლივებს. თუკი ამ ინფორმაციამ დაგაინტერესათ, შეგიძლიათ ახლავე მოიმარჯვოთ საწერი კალამი და დაწეროთ მადლიერება იმ ერთი ან ორი ადამიანის მიმართ, რომლებმაც განსაკუთრებული, დადებითი როლი შეასრულეს თქვენს ცხოვრებაში. მეორე მადლიერება, აუცილებლად, საკუთარ თავს დაუწერეთ. გახსენება იმისა თუ რა გამოგდით კარგად, რას მიაღწიეთ, ვის გაუწოდეთ დახმარების ხელი, თქვენი საუკეთესო თვისებების გააზრებას და თვითრწმენას შეუწყობს ხელს. როდესაც კალამს დადებთ, აუცილებლად შეამჩნევთ სიმშვიდეს და ამაღლებულ განწყობას. აღნიშული კი მოგეხმარებათ მომატებული თვითრწმენით გაუყვეთ ცხოვრების აღმართებს.
ადამიანი სოციალური არსებაა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ძვირფას ადამიანებთან ერთად ხარისხიანი დროის გატარებაა. მშობლებთან ერთად სადილი, სამაგიდო თამაშები შვილებთან, გამოცანების ამოხსნა და ხუთ თითზე რიგ-რიგობით მადლიერების ჩამოთვლა ის შესაძლებლობებია, რომლის მუხტიც დიდხანს გაგყვებათ.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!