ქართველი ფსიქოლოგები

ნინო მინდორაშვილი – ეგოიზმი წყვილის ურთიერთობაში

ნინო მინდორაშვილი – დავითიანის ფსიქოლოგიურ ცენტრში გეშტალტთერაპევტი

როგორც ვიცით ეგოიზმი არის თვისება, როდესაც ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და სხვების მიმართ გულგრილია, როდესაც ასეთი თვისების მქონეა ერთერთი წყვილში, რა პრობლემებს შეიძლება წააწყდნენ?

ეგოიზმი არის თვისება,  რომელიც მიმართულია მხოლოდ საკუთარ თავზე „მე“-ზე და ის სხვა ადამიანის მოთხოვნილებებს იგნორს უკეთებს. ეგოიზმი უარყოფითი თვისებაა, რომელიც ჰარმონიულ ურთიერთობას ხელს უშლის. ეგოიზმი სიყვარულის მტერია, მისი პირდაპირი მოწინააღმდეგე. ეგოიზმი საშიშია ურთიერთობაში, რადგან ადამიანი აკეთებს იმას,  სადაც ორი ადამიანის ურთიერთობას არ ითვალისწინებს. ეგოისტ ადამიანებს უნდათ შეცვალონ საყვარელი ადამიანი ან აუკრძალონ მას რამე. მაგრამ ასეთი მიდგომა ხომ არასაიმედოა,  ის ურთიერთობებს დისჰარმონიულს ხდის. წყვილი ერთი ადამიანისგან არ შედგება. როცა წვილში ვართ, უნდა ვითვალისწინებდეთ როგორც ჩვენ მოთხოვნილებებს, შეხედულებებსა და ცხოვრების სტილს, ასევე მეწყვილის. ისე უნდა გადავწიოთ ჩვენი საზღვრები, რომ არც ჩვენი თავი დავივიწყოთ და ასევე სხვაც გავითვალისწინოთ. გავითვალისწინოთ რა ჩვენი ნაბიჯები თუ მოქმედებები, რომ სხვისთვისაც მნიშვნელოვანია. ეგოისტი ადამიანი პარტნიორს აგრძნობინებს, რომ ვალდებულია, დამნაშავეა და მანიპულაციის გზით იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს. ეგოისტი ადამიანი ასეთ ურთიერთობებში კომფორტულადაა. სხვისი იგნორის, დამცირების, ტკივილის ხარჯზე იღებს იმას, რაც მას მოესურვება, იმის მაგივრად შეთანხმებით და დამსახურებით, სხვისი გათვალისწინებით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები. .

ეგოიზმი ხშირად ხდება კონფლიქტის მიზეზი წყვილის ურთიერთობაში. რა რჩევას მისცემდით ასეთ წყვილებს, რომელთა შორის ერთ-ერთის თვისებაა ეგოიზმი?

ამ შემთხვევაში კონფლიქტი ნიშნავს, რომ მე ვაცნობიერებ, რომ იგნორირებული ვარ. კონფლიქტი არის წინააღმდეგობა, რასაც არ იღებ და ეწინააღმდეგები. რა აზრი აქვს ისეთ თქმას და ისეთ მიდგომას, რომელსაც შედეგი არ მოაქვს. დაე ისე ვუთხრათ, რომ ეს გაიგონ. ხელოვნება ორი ადამიანისა, რომ გადახედო, ის არის როგორც საფასური ურთიერთობაში. ზოგჯერ ფასი არის წახვიდე კომპრომისზე, ზოგჯერ არ დაეთანხმო. თითოეულმა წყვილში ისე უნდა იცხოვროს, რომ მონახოს კომფორტულობა – ეს ნიშნავს იყო კრეატიული, ღია, ცვლილებების მქონე. ინდივიდი თუ თავის გადაწყვეტილებებს გამოხატავს ხაზგასმით, მაშინ მისი საზღვრები სხვებსაც ეცოდინებათ და აი, ამ საზღვრების დაყენებაა მნიშვნელოვანი. პასუხისმგებლობა იმისა, რომ გავხადოთ ჩვენი ცხოვრება ისეთად, როგორიც გვსურს, გააზრება იმისა, რომ თავად ხარ საკუთარი ცხოვრების ავტორი და მმართველი, თითქოს ძნელია, თუმცა ამის შესაძლებლობა ყოველ ადამიანშია. ის კი არაა მთავარი, რა სიურპრიზს გვთავაზობს ცხოვრება,  არამედ ის,  თუ როგორია ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი პოზიცია, ჩვენი ქმედება იმ რეალობის მიმართ, რომელიც ჩვენთვის არაკომფორტულია, ტკივილსაც კი რომ გვაყენებს. ნებისმიერი პრობლემა იქამდეა პრობლემა, ვიდრე ამას გამოწვევას არ დავარქმევთ, სანამ ადამიანს მიაჩნია, რომ პრობლემა მხოლოდ გარე ფაქტორებიდან არ გამოწვეული, მაშინ სხვაზე პასუხისმგებლობის დაკისრებით, ჩვენ ვერ ავიღებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული კონკრეტულ სიტუაციაში. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით იწყება ადამიანური სიცოცხლე.

ეთანხმებით თუ არა, რომ ეგოიზმი საჭიროა ურთიერთობაში გარკვეული პერიოდით და არა მთელი ცხოვრება.

წყვილთა ურთიერთობის დასაწყისში ხშირად ხდება პარტნიორების მხრიდან ეგოიზმის გამოვლენა, საკუთარი საზღვრების თუ პოზიციების დასადგენად. ორი ინდივიდი, რომლებიც გაზრდილია სხვადასხვა გარემოში, აქვთ სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილება, აქვთ თავიანთი შეხედულებები და რწმუნებულებები. მოლოდინში აქვთ, რომ მასთან მცხოვრები ინდივიდი ისევე უნდა ფიქრობდეს, როგორც თვითონ, ისეთივე ინტერესები, სურვილები უნდა ქონდეს, როგორც თვითონ გააჩნიათ. მათთვის დისკომფორტულია სხვანაირ ინდივიდთან ცხოვრება და ცდილობენ ერთმანეთი გადააკეთონ. ეს კი იწვევს ეგოიზმის გამოვლენას. თუ ეს პრობლემები არ იქნება თავიდანვე დაძლეული „მე“ არ გახდა „ჩვენ“, სადაც ორი ინდივიდი იგულისხმება, ან კრახს განიცდის მათი ურთიერთობა, ან კონფლიქტური ურთიერთობა ექნებათ. გადაუჭრელი საკითხები ხშირად დაბრუნდებიან მათთან. ოპტიმალურია წყვილმა გაიაზროს, რომ ურთიერთობა ორი სხვადასხვა ინდივიდისგან შედგება და საკუთარი საზღვრების გადაწევა მოუწევთ და სხვისი გათვალისწინება, სხვისი საზღვრების, სხვისი თავისუფლების, სხვისი ინტერესების. წინააღმდეგ შემთხვევაში განწირულია ასეთი ურთიერთობა. კარგი იქნება თითოეული ადამიანი იაზრებდეს და აცნობიერებდეს, სანამ სხვასთან ერთად დაიწყებს ცხოვრებას, აცნობიერებდეს რა თავის მზაობას სხვა ადამიანთან ცხოვრებისეულ ასპექტებში.

ეგოისტები ხშირად იყენებენ ნაცვალსახელებს „მე“ და „ჩემი“. უყვართ, როცა რაღაცეებს ისაკუთრებენ. რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს ასეთ თვისებებს.

ეგოიზმის გარეშე არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს, მაგრამ არსებობს განსხვავება ჯანსაღ ეგოიზმსა და პათოლოგიურ ეგოიზმს შორის. ეგოიზმის გარეშე ჩვენ ცხოვრებას ვერ გავხდით უკეთესს. მამაკაცური და ქალური ეგოიზმი ნორმალური დოზით შეიძლება მივიჩნიოთ მამოძრავებლად ცხოვრებაში. საკუთარი „მე“-ს გამოვლინება და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საკუთარი ეგოსთვის ნორმალურია, სხვების გათვალისწინებით, ხშირ შემთხვევაში სხვების სასარგებლოდაც კი. მაგრამ იქ, სადაც მხოლოდ „მე“ და „ჩემი“ სარგებელია, სხვების იგნორის, დამცირების, სხვების გაუფასურების, იძულების ხარჯზე, აქ ურთიერთობაში და ცხოვრებისეულ ვერანაირ ვითარებაში სიკეთეს ვერ მოუტანს ეგოისტი ადამიანი ვერც თავის თავს და ვერც გარემოს. „მე“ და „ჩემი“ – საკუთარი თავის დაფიქსირების, გამოვლენის გამომხატველი სიტყვებია, მაგრამ საინტერესოა, ვინ როგორ იყენებს. გადაჭარბებული „მე“ და „ჩემი“ მიგვანიშნებს ეგოიზმის თვისებისკენ. ეგოისტი ადამიანი არ აღიარებს „ჩვენ“ მიმართებას, რადგან საკუთარ თავზეა კონცენტრირებული. ეგოისტი ადამიანი მარტოობისთვის არის განწირული. ჯანსაღი ეგოიზმი ეხმარება ადამიანს იმოძრაოს თავისი ინტერესებისთვის და მიაღწიოს შედეგებს, მაგრამ ისე, რომ არ არღვევდეს სხვის საზღვრებს და არ აყენებდეს სხვას ტკივილს. არაჯანსაღი ეგოიზმი კი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ეგოცენტრული, არასასიამოვნოა. ადამიანი მოძრაობს მხოლოდ თავისი ხედვით, არ უფრთხილდება საკუთარ ახლობლებსაც კი. ჯანსაღ ეგოიზმში ადამიანს უყვარს თავისი თავი და სამყარო. ის ადეკვატურია. მას არც გადაჭარბებული თვითშეფასება აქვს და არც დაბალი თვითშეფასება. მან იცის თავის ღირსებებიც და ნაკლოვანებებიც. მას არ სჭირდება სხვისი შექება და არ ელის სხვების აღიარებას თავის მიღწევების. არაჯანსაღი ეგოიზმი კი პირიქით – ადამიანს უბიძგებს ცუდი საქციელებისკენ. ის მოითხოვს ყოველთვის დააფასო, დაემორჩილო, ის ამცირებს სხვებს, რომ სხვის ფონზე უკეთესი გამოჩნდეს. იმისთვის, რომ სხვების თვალში იდეალური გამოჩნდეს, ეგოცენტრიკი ყველაფერზე წავა. ნორმალურია, როდესაც პარტნიორები ერთნაირ პიროვნულ დონემდე აფასებენ ერთმანეთს და ბედნიერები არიან. როდესაც ერთმანეთს უსმენენ, ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ ისე, რომ საკუთარ თავს არ ივიწყებენ. არაჯანსაღი ეგოიზმი ასეთ ურთიერთობებს ვერ შექმნის. მისი თვისებებიდან გამომდინარე ის მუდმივ მანიპულაციებშია, დამცირებაში, შანტაჟში.

როგორ მოვიშოროთ ეს თვისება?

თუ ადამიანი თვითონ ვერ მიხვდება, თუ რას აკეთებს, ის ვერ განიკურნება ეგოიზმისგან. მთავარია მივხვდეს ეგოისტი ადამიანი, თუ როგორ მოქმედებს მისი ეგოისტური ქცევა პარტნიორზე და გარემოცვაზე. მან კარგად უნდა განსაზღვროს ის მომენტები, რომელსაც ავლენს ის სხვების მიმართ. ეგოისტობამ შეიძლება ურთიერთობა გაფუჭებამდე მიიყვანოს, დაკარგოს ახლობელი ადამიანი, შეექმნას პრობლემა სამსახურში და სხვადასხვა გარემოში. დასაფიქრებელია, რა ფასს იხდის ეგოისტი ამ თვისების გამო, საბოლოოდ რამდენი რამ შეიძლება დაკარგოს ცხოვრებაში და გააფუჭოს. ეგოისტმა ადამიანმა უნდა ისწავლოს სხვა ადამიანების მოსმენა, გათვალისწინება, ფიქრი არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვის ემოციებზეც. მათ უნდა ისწავლონ სხვა ადამიანებზე ზრუნვა.

თქვენი აზრით, ეგოისტი ადამიანი ელის თუ არა სარგებელს თავის პარტნიორისგან და უყურებს თუ არა ურთიერთობებს, როგორც მომგებიან საქმეს?

ეგოისტი ადამიანი მუდმივად თავის სარგებელზეა მიმართული და თუ შევხედავთ ისე, რომ ის სხვა პიროვნებას იგნორს უკეთებს, რა თქმა უნდა, ის სულ მიმართულია თავის სასარგებლოდ, როგორც მომგებიანი საქმე – მიიღოს სარგებელი ამ ურთიერთობიდან.  .ძალიან ხშირად მიზიდულობის საიდუმლოში დევს წარსული მოთხოვნილებები, რომელიც ახლა აქტუალური არც არის. მთელი რესურსების მოძრაობა ერთ მხარეს მიდის. ეგოისტ ადამიანთან  ურთიერთობისას, ადრე თუ გვიან, ეს ოჯახური თუ წყვილის სისტემა დაინგრევა, დესტრუქციული გახდება. ეგოისტ ადამიანებს ხვდებათ ხშირად „დიდი ბავშვები“ მეწყვილედ, რომლებიც ბევრს პატიობენ, მათ შორის ეგოიზმს. ეს შემთხვევით არ ხდება და ასეთი ადამიანები იზიდავენ ერთმანეთს.

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ თემასთან დაკავშირებით?

ჩემი გზა ამ თემასთან მიმართებაში დიდი და მრავალფეროვანია. მეც ვყოფილვარ ეგოისტურ მდგომარეობაში და ეგოისტური ურთიერთობის მსხვერპლიც ვყოფილვარ, იქამდე, სანამ ბევრმა დისკომფორტმა არ დამაფიქრა, თუ რა უნდა შემეცვალა და რა იყო ჩემზე დამოკიდებული. გავიზარდე ისეთ პერიოდში, სადაც ნაკლებად ეკითხებოდნენ პატარებს – შენ რა გინდა?!… მხოლოდ არსებობდა – როგორ უნდა!… შესაბამისად დამჯერი და მორჩილი ადამიანი ყოველთვის სხვის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და სხვის ფასეულობებს ითვალისწინებს, სადაც მე პირადად საკუთარი „მე“ ნაკლებად მყავდა წამოწეული. ამ გზის გავლამ და უკმაყოფილების შეგრძნებამ, მომცა ბიძგი და საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე. როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა: „გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი, მეორედ და ნამდვილად“. ზუსტად მეორედ დაბადების პროცესი, ცხოვრების სიმკაცრესთან შეჯახებით მიღწეული შიშის დაძლევა, პასუხისმგებლობა იმისა, რომ შენი ცხოვრება გახადო ისეთად, როგორც გვსურს. აი ასეც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. საკუთარ თავის გააზრებით, გაცნობიერებით, პასუხისმგებლობის აღებით ურთიერთობაში, ოჯახში, სამყაროსთან მიმართებაში გავიაზრე საკუთარი მე. იმის ცხადგრძნობამ, თუ მე  რა მინდა, რა მსიამოვნებს და რა არ მსიამოვნებს, საკუთარი ცხოვრების წერა დავიწყე და საკუთარი საზღვრების დადგენა. საკუთარი თავის დანახვამ ისეთი როგორიც ვარ, დაფასებამ, საკუთარი თავის სიყვარულმა და გაფრთხილებამ კი მომცა საშუალება, რომ სხვებიც უნიკალურად დამენახა, თითოეული ინდივიდი დამენახა ისეთები, როგორებიც არიან, მიმეღო და დამეფასებინა.

მოამზადა ქეთევან კაცელაშვილმა

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81