ქართველი ფსიქოლოგები

ნინო ყვირილიანი – ძალადობის შესახებ

ნინო ყვირილიანი – ფსიქოლოგი

რა უბიძგებს მოზარდს ძალადობისკენ? ამას სხვა და სხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის არის ავტორიტარულ რეჯიმში აღზრდა და ოჯახში ძალადობის გამოცდილებაც, ასევე, განათლების დაბალი დონე და სასკოლო აღზრდის დეფექტები. ასეთ დროს მოზარდები გამოირჩევიან ან გადამეტებული მორჩილებით, ან აგრესიულობით. აღზრდის მეთოდი უნდა იყოს არა ავტორიტარული, არც ზედმეტად ლიბერალური და არც ინდეფერენტული, სრულიად გულგრილი. ერთადერთი დემოკრატიული მიდგომა იძლევა დადებით შედეგს, რაც გულისხმობს ბავშვებთან მეგობრობას, მათ მოსმენას, თანადგომას და გაგებას. თუ ბავშვზე ძალადობთ, ის სადღაც რაიმე ფორმით ავლენს ძალადობას სხვაზე. თუ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქცევდნენ ყურადღებას, როდესაც ის არასწორად იქცეოდა, მას შესაძლოა, აღნიშნული ქცევა განუმტკიცდეს. ბავშვი თუ გრძნობს, რომ მის მიმართ მტრულად არიან განწყობილი და აღმზრდელების მიზანია – ,,გაზარდე შვილი მტრულადა…,, სადაც არ არის ურთიერთგაგება და სიყვარული, ის იკეტება, შემდეგ შინაგანი კონფლიქტები და კომპლექსები პროექციის სახით გარეთ გადმოდის და პათოლოგიური ხდება. ასევე, ჰიპერმზრუნველობა ხელს უშლის განვითარებას და შეიძლება ჩამოყალიბდეს არაადეკვატური თვითშეფასება, სადაც უპირატესობის კომპლექსები ვლინდება, რომლის უკანაც არასრულფასოვნების კომპლექსი იმალება.

ადამიანს სურს იცოდეს, რომ იგი მნიშვნელოვანია და მას უსმენენ. უმნიშვნელობის განცდა მოზარდში შეიძლება დევიანტურ ქცევაში გამოიხატოს და მისთვის მისაბაძი მაგალითი სწორედ ისეთი დევიანტები გახდნენ, როგორებიც კრიმინალები არიან.

კრიმინალისკენ მიდრეკილებას, ხშირად, უპერსპექტივობის შეგრძნებაც აჩენს, როცა მოზარდი საკუთარ თავს სხვაგან ვერ ხედავს, სკოლის შემდეგ ვერ აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, არ აქვს ჰობი, ან არ აქვს სამსახური და ა.შ.

უფროსები აუცილებელია დააკვირდნენ ფსიქომატრავმირებელ გამოთქმებს, ეს უკვალოდ არ ქრება და სამწუხაროდ, არაჯანსაღ მიმართვებს, ხშირად, არა მარტო მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, ქორეოგრაფებისგან, მწვრთნელებისგან, ექიმებისგანაც ვისმენთ …  დააკვირდით, როგორ მიმართავენ მშობლები ბავშვებს : ,, ჩვენი იმედები და მოლოდინები გაგემართლებინოს,, ,, სასახელო გაზრდილიყო ,, ,, შეხედე შენს მეგობარს, რა კარგად იქცევა, შენ სულ ყველაფერს აფუჭებ,, …  რა იგულისხმება იმედების გამართლებაში რეალურად? შენ გაჩნდი იმისთვის, რომ სხვის მოლოდინებს ამართლებდე? და სასახელო იყო რაში ? ქართველობის იდენტობაზე ჩაიციკლო და ადამიანთა დაყოფა და დახარისხება დაიწყო, განსხვავებული ორიენტაციის, ეროვნების, სარწმუნოების ადამიანებთან გაიჯგიმო და მზად იყო თავიც გაუჩეჩქვო ვინმეს ? –  ეს რეალობაა და სწორედ მსგავს აზროვნებას მოაქვს ომი. როცა უკვე ტრაგედია დაგვატყდება თავს და ემოციურ აფეთქებას ვაწყობთ, როცა ბავშვები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ ან თვითმკვლელობამდე მიდიან, უნდა გვესმოდეს, რომ ამ შედეგებამდე მთელი რიგი არაჯანსაღი პროცესები მიდის და ყველა ტრაგედიას ფსიქიკური მიზეზობრიობა აქვს ? ახლა ბევრს გაუჩნდება აზრი, სიმკაცრეა საჭირო და თუ საჭიროა ყურიც უნდა აუწიოო… ეს არის ძალიან ვიწრო ხედვები, რომელიც გულისხმობ აკრძალვებს და განცდების რეპრესიას, ანუ განდევნას, რომელიც მოგცემთ ან დეპრესიულ და ვერ რეალიზებულ ადამიანს მომავალში, ან აგრესიულს, რადგან ყოველი რეპრესირებული სურვილი, არაცნობიერში აგრძელებს არსებობას, არსადაც არ გამქრალა და როდესმე ამოხეთქავს დამახინჯებული ფორმით. აკრძალვა არ იძლევა დადებით შედეგს, აუცილებელია პრევენცია.

პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მუშაობა მშობლებთან და მასწავლებლებთანაც. მოზარდები უნდა ვეცადოთ ჩავრთოთ სპორტის წრეებში და იქ გამოათავისუფლონ ენერგია …

აუცილებელია, სახელმწიფო არ იყოს მიკერძოებული და დამნაშავე მოარიდოს საზოგადოებას. დაუსჯელობის სინდრომის  პრობლემაც დგას, მაგრამ როცა დამნაშავეზე საუბრობ, მის სასიკვდილო განაჩენს კი არ უნდა ითხოვდე, ციხეში მასაც ფსიქოლოგის დახმარებას უნდა სთავაზობდე. უნდა ახსოვდეს ადამიანს, რომ მსხვერპლი და მოძალადე, ორივე ტრავმირებულია. ის, სხვას მოსაკლავად იმეტებს, საზოგადოების ხელით კლავს. საზოგადოების გავლენის ქვეშ არის. არის თუ არა ქუჩური  გარჩევები  მახინჯი მენტალიტეტიდან  წამოსული ? მამიკოების დიდი ნაწილი ქუჩური მენტალიტეტის რომანტიზებას ახდენს, თუმცა, პარალელურად შეიძლება ბავშვს სწავლისკენ და სიყვარულისკენ მოუწოდებდეს, ასეთი მშობლები თვითონაც ფსიქოლოგიურად მოუმწიფებელი არიან.

თუ ადამიანები ხშირად არიან ძალადობის შემსწრენი და ამგვარი ქცევა წახალისებულია სოციუმში ან განხორციელებულია ავტორიტეტული პირის მიერ, მაშინ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს აგრესიული ქცევის დასწავლას. ეს ავტორიტეტული პირი შეიძლება იყოს პოლიტიკოსიც, სასულიერო პირიც, მასწავლებელიც, ცნობილი სპორტსმენიც…  ჩვენ ვხედავთ რა ხდება ტელევიზიებში, ნაცვლად იმისა, რომ გადაცემები ეძღვნებოდეს ცნობიერების დონის ამაღლებას და ასაუბრებდნენ კომპეტენტურ პირებს, დილეტანტები და საბჭოთა ცნობიერების ადამიანები გვესაუბრებიან მენტორის ტონით, ასევე, რამდენჯერ მოგვისმენია ირიბ პროვოკაციული და ძალადობის წამახალისებელი ტექსტები ზოგი სასულიერო პირისგან. მოზარდებს ვაყურებინებთ, თუ როგორი აგრესიოლობითა და შეურაცხყოფით გამოირჩევიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტენ. არის შემთხვევები, როცა მედია ხელს უწყობს გარკვეული სტერეოტიპების დამკვიდრებას და ხშირად არის დარღვეული გაშუქების ეთიკა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თემა ანტისოციალურ ქცევას ეხება.

დასასრულისთვის გავიმეორებ, ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ქცევის ფსიქიკური მიზეზობრიობა და გვახსოვდეს, განათლება და ცნობიერების დონის ამაღლება უმთავრესია ადამიანის განვითარებისთვის.

 

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81