ანალიზული ფსიქოლოგიაკარლ გუსტავ იუნგი

კარლ გუსტავ იუნგი – დიქტატორთა ანალიზი II

(პირველი ნაწილის გაგრძელება)

იუნგს ნიკერბოკერი კიუსნახტში ეწვია 1938 წელს. ეს გახლავთ იუნგის მიერ მიცემული ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ინტერვიუ, რომელიც 1949 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში “Hearst’s International Cosmopolitan”.

ნიკერბოკერი: მაგრამ არა ჰიტლერი. ის ყოველთვის თავისებურად იმოსება, და ვერავინ დასდებს ბრალს, თითქოს ტანსაცმელს Savile Row-ზე [ქუჩა ლონდონში – მთარგმნ.] იძენდეს.

იუნგისრული სიმართლეა. ამიტომაც ეუბნება ის გერმანელებს: „ახლა კი, Gott, თქვენ ჭეშმარიტ გერმანელებად უნდა იქცეთ!“

გერმანელები უაღრესად აღქმადნი არიან ახალი იდეებისადმი და როდესაც ისეთს ეცნობიან, რომელიც მათში გამოძახილს პოულობს, შესწევთ უნარი კრიტიკის გარეშე, ბრმად მიიღონ იგი და მთლიანად მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ, მაგრამ შემდეგ, გარკვეული დროის გასვლისას, ზუსტად ასევე მოისროლონ იგი და ახალი იდეა შეითვისონ, შესაძლოა სრულიად საწინააღმდეგოც კი ამ პირველისა. ამგვარად მართავენ ისინი საკუთარ პოლიტიკურ ცხოვრებას.

იტალიელები მეტად გაწონასწორებულები არიან. მათი აზრები არ განიცდის მერყეობასა და რხევას, არ დახტის და არ განიცდის წყვეტას უზომო აღფრთოვანების შედეგად, რაც გერმანული გონების ყოველდღიურ გამოვლინებას წარმოადგენს. ამიტომაც ხვდებით თქვენ იტალიაში გაწონასწორებულ სულს, რომელსაც ასე მოისაკლისებს გერმანია. როდესაც იტალიის ხელისუფლებაში ფაშისტები მოვიდნენ, მუსოლინიმ მეფეც კი არ გადააყენა. მუსოლინი არა სულის ექსტაზის გავლით მოქმედებს, არამედ თითქოს ურო უპყრია ხელთ და ასე ცდილობს იტალიის ჩაწნეხვას სასურველ ფორმაში, მამამისის მსგავსად, ვინც მჭედელი იყო და ნალებს ამზადებდა.

ტემპერამენტის ეს იტალიურ-მუსოლინური გაწონასწორებულობა დასტურდება ფაშისტების დამოკიდებულებით ებრაელთა მიმართ. თავდაპირველად ისინი საერთოდ არ დევნიდნენ ებრაელებს, და ახლაც კი, როდესაც სხვადასხვა მიზეზებით ანტისემიტური კამპანია დაწყებულია, საწყისი დამოკიდებულება გარკვეულწილად შენარჩუნებულიც კია. ჩემის აზრით მუსოლინი ანტისემიტიზმის გზაზე იმიტომ შედგა, რომ დარწმუნდა, მსოფლიო ებრაელობა უკიდურესად ნეგატიურად იყო განწყობილი ფაშიზმის მიმართ (საკმარისია ლეონ ბლიუმის სახელი გავიხსენოთ საფრანგეთში), და კიდევ იმ მიზეზით, რომ ჰიტლერთან კავშირის გამყარებას ცდილობდა.

ჰიტლერი – შამანია, ღვთიური ჭურჭელი, ნახევრადღმერთი, მეტიც, ის მითია, როდესაც მუსოლინი ადამიანია და ამდენად ფაშისტურ იტალიაში ყველაფერი მეტად ჰუმანურ ფორმას იღებს, ვიდრე ნაცისტურ გერმანიაში, სადაც მოვლენათა მსვლელობას უმეტესწილად ზეშთაგონება განსაზღვრავს. ჰიტლერი, როგორც ადამიანი, თითქმის არ არსებობს. უკიდურეს შემთხვევაში, ის საკუთარ როლს უკან იმალება. მუსოლინი, პირიქით, არასოდეს იჩრდილება როლით. მისი როლი თავად მისი ფიგურის უკან ქრება.

მე დუჩე და ფიურერი ერთად მყავს ნანახი მუსოლინის ოფიციალური ვიზიტის დროს ბერლინში. გამიმართლა და რამდენიმე იარდში აღმოვჩნდი მუსოლინისგან, როდესაც ჯარმა სააღლუმე ნაბიჯით ჩაიარა. მისი რეაქცია რომ არ მეხილა, მეც იმ გავრცელებულ ცთომილებას გავიზიარებდი, რომ მუსოლინიმ შემოიღო იტალიურ ჯარში გერმანული სააღლუმე სვლა, რადგან ჰიტლერს ბაძავდა. ეს ჩემს იმედგაცრუებას გამოიწვევდა, რადგან მის ქცევაში მე ცხადი სტილი შევნიშნე, ცხადი გამოხატულება თვითმყოფი ადამიანისა, ვისაც გარკვეული საკითხები სათანადოდ ესმის.

მაგალითად, ეს იმაში გამოვლინდა, რომ მან მეფე შეინარჩუნა. ტიტულის შერჩევაც – „დუჩე“ არ არის დოჟი, როგორც ძველ იტალიაში და არც დუკა, არამედ დუჩე, უბრალო იტალიური განსაზღვრება ბელადისა, იყო თვითმყოფი და გემოვნებიანიც.

ამგვარად, რადგან მე მუსოლინის ვაკვირდებოდი, არ შეიძლებოდა არ შემემჩნია, რომ ის საუკეთესო სააღლუმო სვლას უმზერდა, რაც კი ოდესმე ენახა, უმზერდა ცირკში მოხვედრილი ბიჭუნას ინტერესითა და კმაყოფილებით. კიდევ უფრო მეტად გამხიარულდა, როდესაც კავალერია გამოჩნდა, ამხედრებულმა მედოლემ კი ცხენი ოთხით მიუშვა, რათა საკუთარი ადგილი დაეკავებინა ქუჩის ერთ მხარეს, მაშინ, როდესაც რაზმი მეორე მხარეს უნდა განლაგებულიყო. ამისათვის მედოლემ ოთხით შემოუარა რაზმს და მისკენ სახით შებრუნდა. ამას ისე აკეთებდა, რომ აღვირისთვის ხელი არ უხლია, ცხენს მუხლებით მართავდა, ხელები კი დოლის ჯოხებით იყო დაკავებული.

ეს ყოველივე ისეთი მომხიბვლელობით იყო შესრულებული და იმდენად მოეწონა მუსოლინის, რომ მან გაიცინა და ტაში შემოჰკრა. დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომში იტალიის ჯარში სააღლუმო სვლის შემოღება მხოლოდ პირადი ესთეტური სიამოვნებისთვის იქნა განხორციელებული. ეს მართლაც ყველაზე შთამბეჭდავი ნაბიჯია.

მუსოლინისთან შედარებით ჰიტლერმა ჩემზე ერთგვარი ხის კარკასის შთაბეჭდილება მოახდინა, რომელიც კაბაშია ჩაცმული, მექანიზმისა, რობოტს რომ ჰგავს ან რობოტის ნიღაბი უკეთია. მთელი ცერემონიის განმავლობისას მას ერთხელაც არ გაუღიმია, თითქოს გაბრაზებული ან ცუდ ხასიათზე იყო.

არც ერთი ადამიანური ნიშანი არ ეტყობოდა. სახეზე მიზნით განუხრელი პყრობა აქვს აღბეჭდილი, იუმორის ნატამალის გარეშე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ის რეალური ადამიანის დუბლიორი იყო და რომ ჰიტლერი-ადამიანი მის შიგნით იმალებოდა, თანაც განზრახ, რათა მექანიზმი არ დაეზიანებინა.

რაოდენ გასაოცარია სხვაობა მუსოლინისა და ჰიტლერს შორის! შეუძლებელი იყო, კეთილგანწყობა არ განმეცადა მუსოლინისადმი. მისი ცხოვრებისეული ენერგია და პლასტიურობა თბილი, ადამიანური, გადამდები იყო. თქვენ სიმყუდროვეს გრძნობთ მუსოლინის, როგორც ადამიანისგან. ჰიტლერი გაფრთხობთ. თქვენ ხვდებით, რომ ვერასოდეს შეძლებთ ამ ადამიანთან საუბარს, რადგან ეს არავინაა, ეს არ არის ადამიანი, ეს კოლექტივია. ის არ არის პიროვნება, ეს მთელი ერია.

ვთვლი, უპირობოდ კანონზომიერია, რომ მას პირადი მეგობარი არ ჰყავს. როგორ შეიძლება ერთან ინტიმური საუბრის წარმოება? პირადი დაახლოვებისას თქვენ ჰიტლერის განმარტებას მეტად ვერ შეძლებთ, ვიდრე ხელოვნების ცნობილი ნაწარმოებისა – მხატვრის პიროვნების შესწავლით. ხელოვნების დიადი ნაწარმოები წარმოადგენს დროის, მთლიანად სამყაროს პროდუქტს, რომელშიც ხელოვანი არსებობს, წარმოადგენს შედეგს მილიონობით ადამიანის ურთიერთქმედებისა, რომლებიც მას გარს ახვევია, აზრებისა და ენერგიის უთვალავი ნაკადებისა, რომლებიც მის გარშემო მიედინება.

ამგვარად, მუსოლინი, ვინც ადამიანს წარმოადგენს, უფრო მარტივად შეძლებს მემკვიდრის მოძიებას, ვიდრე ჰიტლერი. საბედნიეროდ, მუსოლინისგან განსხვავებით, მე ვერ ვხედავ ასეთ შესაძლებლობას ჰიტლერისთვის.

ნიკერბოკერი: რა მოხდება, თუკი ჰიტლერი დაქორწინდება?

იუნგიის არ დაქორწინდება. შეუძლებელია დაქორწინებული ჰიტლერის არსებობა. თუ ის დაქორწინდება, ის აღარ იქნება ჰიტლერი. მაგრამ წარმოუდგენელია, რომ მან ეს ნაბიჯი როდესმე გადადგას. მე სრულებით არ გამიკვირდება, თუ ცნობილი გახდება, რომ საკუთარი სექსუალური ცხოვრება მან საქმის ინტერესებს შესწირა.

ეს არცთუ იშვიათი მოვლენაა შამანის ტიპის ადამიანებისთვის, თუმცა ნაკლებად დამახასიათებელი – ბელადებისთვის. მუსოლინი და სტალინი, სავარაუდოდ, სავსებით ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევიან. ჰიტლერის ჭეშმარიტ ვნებას, რასაკვირველია, გერმანია წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ის ან ქალის ძალაუფლების ქვეშ იქნება, ან საქმის. იდეა ყოველთვის ქალურია. გონება ქალურია, რადგან თავი, ტვინი წარმოადგენს შემოქმედს, შესაბამისად, ქალის, საშოს მსგავსია. არაცნობიერი – მამაკაცში ყოველთვის ქალის სახითაა წარმოდგენილი, და პირიქით, არაცნობიერს ქალში ყოველთვის მამაკაცის სახე აქვს.

ნიკერბოკერი: რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს პატივმოყვარეობა სამი დიქტატორის ხასიათის ფორმირებაში?

იუნგივიტყოდი, რომ ჰიტლერის შემთხვევაში იგი ფრიად უმნიშვნელო ფუნქციას ასრულებს. არა მგონია, ის ჩვეულებრივ ადამიანზე მეტად პატივმოყვარე იყოს. მუსოლინის პატივმოყვარეობა აჭარბებს ჩვეულებრივი ადამიანისას, მაგრამ ეს საკმარისია მისი ძალის ასახსნელად. იგი იმასაც აცნობიერებს, რომ ეროვნულ საჭიროებასთან შესაბამისობაშია. ჰიტლერი არ მართავს გერმანიას, ის მხოლოდ მოვლენათა ზოგად მიმართულებას განმარტავს. ეს მას იდუმალებით მოცულად და საინტერესოდ აქცევს. მუსოლინი გარკვეული გაგებით მართავს იტალიას, მაგრამ დანარჩენში იტალიელების იარაღს წარმოადგენს.

სულ სხვა საქმეა სტალინი. მის ხასიათში ჩანს გადაულახავი პირადი პატივმოყვარეობა. იგი არ აიგივებს საკუთარ თავს რუსეთთან. იგი რუსეთს მეფის მსგავსად მართავს. არ დაგვავიწყდეს, რომ რაც არ უნდა იყოს, ის ქართველია.

ნიკერბოკერი: როგორ უნდა ავხსნათ სტალინის მიერ არჩეული კურსი? ჩემის აზრით, სტალინი სრულებით არ არის ინტერესს მოკლებული და ამდენადვეა მოცული იდუმალებით. საკუთარი ცხოვრების უდიდესი ნაწილის განმავლობაში ის რევოლუციონერი-ბოლშევიკი იყო. მეწაღე მამამ და ღვთისმოსავმა დედამ იგი საღვთისმეტყველო სკოლაში მიაბარეს. ახალგაზრდობისას ის რევოლუციონერად ყალიბდება და შემდეგი ოცდახუთი წლის მანძილზე არაფერს აკეთებს, გარდა მეფესა და მეფის პოლიციასთან ბრძოლისა. ათზე მეტ ციხეში იჯდა და ყველადან გაიპარა. რით ახსნით იმას, რომ ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება მეფის ტირანიას ებრძოდა, მოულოდნელად თავს მეფესთან აიგივებს?

იუნგიამაში არაფერია გასაკვირი, რადგან თქვენ იმად იქცევით, რასაც გამუდმებით ებრძვით. რამ დაასუსტა რომის სამხედრო ძლიერება? ქრისტიანობამ. დაიპყრეს რა ახლო აღმოსავლეთი, ისინი თავად აღმოჩნდნენ რელიგიის მიერ დაპყრობილებად.

თქვენ იძულების გზით ერთიანდებით იმასთან, რასაც ებრძვით, და შესაძლოა, რომ ამით დასნებოვნდეთ კიდეც. ზედმიწევნით უნდა იცნობდეთ ცარიზმს, რათა იგი დაამარცხოთ. და როდესაც თქვენ მეფეს აშორებთ, თავად იქცევით მეფედ, მსგავსად იმისა, როგორც გარეულ ცხოველზე მონადირე შეიძლება დაემსგავსოს მხეცს.

ერთ ადამიანს ვიცნობ, რომელიც დიდ მხეცზე მრავალწლიანი ნადირობის შემდეგ, ტყვიამფრქვევით ხელში დააკავეს, რომელსაც ცხოველებს ესროდა. ადამიანი სისხლის მოყვარულად იქცა, როგორც ლომი და აფთარი, რომლებსაც ის ხოცავდა.

იგივე ეხება სტალინის ბრძოლას მეფის სისხლიანი ჩაგვრის წინააღდეგ. და ახლა ის იმავე მეფესავით მოქმედებს. ჩემი აზრით სტალინი ახლა სრულებით არ განსხვავდება ივანე მრისხანესგან.

ნიკერბოკერი: იმაზე რას იტყვით, რომ ცხოვრების დონე საბჭოთა კავშირში გაიზარდა და განუხრელად იზრდება 1933 წლის შიმშილის შემდეგ, რის შესახებ მრავალი გვამცნობდა და თავად მეც შევნიშნავდი?

იუნგიეს ასეა. იმასთან ერთად, რომ მეფეა, სტალინი კარგი ადმინისტრატორიც არის. საკვირველი იქნებოდა, თუ ვინმე შეძლებდა და რუსეთის მსგავს ბუნებრივად მდიდარ ქვეყანას სიღატაკემდე მიიყვანდა. სტალინი სრულებით არ არის ორიგინალური, მას ბიწიერი მიდრეკილება აქვს, ყველას წინაშე უხეშად და ცინიკურად გაუტოლოს თავი მეფეს, საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებათა საპირისპიროდ! ის ჭეშმარიტი პროლეტარია.

ნიკერბოკერი: თქვენ ჯერ კიდევ არ განმარტეთ, როგორ იქცა კომუნისტური პარტიის ლოიალური წევრი, ვინც იატაკქვეშა რევოლუციონერის სახით იბრძოდა საზოგადო იდეალებისთვის – უზურპატორად?

იუნგიჩემის აზრით, სტალინის ფერიცვალება 1918 წლის რევოლუციის მსვლელობისას მოხდა. შესაძლოა მანამდე ის უანგაროდ ემსახურებოდა საქმეს და, სავარაუდოდ, არასოდეს დაფიქრებულა პირადი ძალაუფლების შესახებ იმ იღბლიანი შემთხვევითობიდან გამომდინარე, რომ გარკვეულ დრომდე მას მინიშნებაც არ მიუღია ძალაუფლების მიმსგავსებულისკენ მისწრაფების შესაძლებლობის შესახებ. მის წინაშე არ მდგარა პრობლემა. მაგრამ რევოლუციის მიმდინარეობისას სტალინმა იხილა, როგორ ხდება ძალაუფლების ხელში ჩაგდება. დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავს ეტყოდა განცვიფრებული: „ნუთუ ეს ასე ადვილია!“ მას თვალყური უნდა ედევნებინა, როგორ მოიპოვეს სრული ძალაუფლება ლენინმა და სხვებმა და საკუთარი თავისთვის ეთქვა: „აი, თურმე, როგორ კეთდება ეს! მე შევძლებ ვაჯობო მათ, აუცილებელია მხოლოდ, ისინი მოვიშორო, ვინც ჩემს წინაა“.

ის უდაოდ მოსპობდა ლენინს, ეს უკანასკნელი რომ ცოცხალი დარჩენილიყო. ვერაფერი შეაჩერებდა მას, ისევე, როგორც ვერაფერი აჩერებს მას ახლა. ბუნებრივია, ის დაინტერესებულია, რომ მისი ქვეყანა ყვაოდეს. რაც უფრო მდიდარი და ძლიერია მისი ქვეყანა, მით უფრო ძლევამოსილია ის თავად. მიუხედავად ამისა, ის ვერ შეძლებს მთელი ძალისხმევა ქვეყნის კეთილდღეობის ზრდისკენ მიმართოს, სანამ ძალაუფლების პირად წყურვილს არ დაიკმაყოფილებს.

ნიკერბოკერი:  ის ხომ ახლა სრულად ფლობს ძალაუფლებას?

იუნგიდიახ, მაგრამ მან ის უნდა შეინარჩუნოს. მას გარს მგლების ხროვა ახვევია. ის იძულებულია, გამუდმებით ფრთხილად იყოს. მე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ, ჩემი აზრით, მას მადლობა უნდა გადავუხადოთ!

ნიკერბოკერი: რისთვის?

იუნგიმთელი სამყაროსთვის იმ ცხადი ჭეშმარიტების დემონსტრირებისათვის, რომ კომუნიზმს აუცილებლად მივყავართ დიქტატურამდე.

მაგრამ მოდით ეს ყველაფერი გვერდით გადავდოთ და ნება მიბოძეთ განვმარტო, რაში მდგომარეობს მკურნალობის ჩემეული კურსი. როგორც ექიმი, მე ვალდებული ვარ, არა მხოლოდ ანალიზი ჩავატარო და დიაგნოზი დავსვა, არამედ მკურნალობის კურსიც განვსაზღვრო.

ჩვენი საუბარი ძირითადად ჰიტლერსა და გერმანელებს ეხებოდა, როგორც დიქტატურის უფრო მნიშვნელოვან გამოვლენას. ნათქვამიდან გამომდინარე, მე მკურნალობა უნდა დავნიშნო. მსგავს მოვლენასთან ბრძოლა უკიდურესად რთულია. ეს ასევე უკიდურესად სახიფათოა. მე ის მდგომარეობა მაქვს მხედველობაში, როდესაც ადამიანი იძულების ქვეშ მოქმედებს.

შემდეგ: როდესაც ჩემი პაციენტი უზენაესი ძალის გავლენით მოქმედებს, რომელიც მასშივე არსებობს, როგორც ეს ჰიტლერის ხმის შემთხვევაშია, მე ვერც ბრძანების მიცემას გავრისკავ მისთვის და ვერც საკუთარი ხმისადმი მორჩილების შეთავაზებას. თუ გავრისკავ და ვუბრძანებ, ის არ მომისმენს. პირიქით, მეტი შეუპოვრობითაც იმოქმედებს.

ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, ის არის, რომ ვცადო მისი ხმის ინტერპრეტირების გზით ვაიძულო ადამიანი მისთვის და საზოგადოებისთვის ნაკლები ხიფათით იმოქმედოს, ვიდრე შემთხვევაში, თუკი ხმას ის უშუალოდ, ინტერპრეტირების გარეშე დაემორჩილებოდა.

ამიტომ მე მიმაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში დასავლური დემოკრატიის – დასავლეთის ქვეშ მე ამერიკასაც ვგულისხმობ – ხსნის ერთადერთი გზაა, არ ვცადოთ ჰიტლერის შეჩერება. შესაძლებელია ვცადოთ მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, მაგრამ ყველასთვის დიდი კატასტროფის გარეშე მისი შეჩერება შეუძლებელია. მისი ხმა უბრძანებს მას ყველა გერმანელის გაერთიანებასა და უკეთესი მომავლისკენ გაძღოლას, უკეთესი ადგილისკენ მზის ქვეშ, სიმდიდრისა და აყვავებისკენ. შეუძლებელია მისი შეჩერება ამ განზრახვის განხორციელებისგან. იმედად მისი ექსპანსიის მიმართულებაზე გავლენის მოხდენაღა გვრჩება.

მე გთავაზობთ იგი აღმოსავლეთისკენ მივმართოთ, გადავატანინოთ ყურადღება დასავლეთიდან და მეტიც, ხელიც შევუწყოთ ამაში. რუსეთში გავგზავნოთ. ეს ჰიტლერის მკურნალობის ლოგიკური კურსი იქნება.

არ მგონია, რომ გერმანია აფრიკის დიდი ან პატარა ნაწილით დაკმაყოფილდეს. გერმანია ბრიტანეთსა და საფრანგეთს უმზერს მათი მაცთუნებელი კოლონიალური სამფლობელოებით, და იტალიასაც, მისი ეთიოპიითა და ლიბიით, ამასთან, საკუთარ მასშტაბზეც ფიქრობს, ადარებს რა სამოცდათვრამეტ მილიონ გერმანელს, ორმოცდახუთ მილიონ ბრიტანელს ბრიტანეთის კუნძულებზე, ორმოცდაორ მილიონ ფრანგსა და და ორმოცდაორ მილიონ იტალიელს, და მზადაა ჩათვალოს, რომ მსოფლიოში უნდა ეკავოს ადგილი არა თუ სამიდან ერთ-ერთი ზესახელმწიფოს მიერ დაკავებულზე უბრალოდ მეტი, არამედ გაცილებით მეტი. როგორ მიაღწევს იგი ამას დასავლეთში ერთი ან მეტი ერის განადგურების გარეშე, რომლებიც დასავლეთში არიან დასახლებული? ერთადერთი სივრცე მისი პარპაშისთვის – რუსეთია.

ნიკერბოკერი: რა მოხდება, თუ გერმანია რუსეთთან ანგარიშის გასწორებას გადაწვყვეტს?

იუნგიო, ეს მისი პირადი საქმეა. ჩვენთვის ისაა მნიშვნელოვანი, რომ ეს დასავლეთს გადაარჩენს. რუსეთზე თავდამსხმელთაგან უსიამოვნებებს ვერავინ აარიდა თავი. არცთუ მარგებელი საკვებია. შესაძლოა ასი წელი გახდეს საჭირო გერმანელების მიერ მისი მონელებისთვის. იმავდროულად, ჩვენ გადავრჩებით, ვგულისმოხბ მთელ დასავლურ ვიცილიზაციას.

ინსტინქტმა უნდა უკარნახოს დასავლეთის პოლიტიკურ ლიდერებს, არ შეეხონ გერმანიას მის დღევანდელ მდგომარეობაში. ის უკიდურესად საშიშია. ინსტინქტს არ უღალატია სტალინისთვის, ხელი არ შეეშალა ომისათვის, რომელშიც დასავლეთის ქვეყნები ერთმანეთს ჟუჟავენ, თავად კი დაელოდება დროს, ძვლების შემოღრღნას რომ შეძლებს. ეს იხსნიდა საბჭოთა კავშირს. არ მჯერა, რომ ის ომში ჩაებმება, თუნდაც ჩეხეთის ან საფრანგეთის მხარეს. შესაძლოა ეს მოხდეს სულ ბოლოს, რათა ორივე მხარის დაძაბუნებული მდგომარეობა გამოიყენოს.

ამგვარად, თუკი ჰიტლერს პაციენტად განვიხილავთ, ხოლო ევროპას – პაციენტის ოჯახად და მის უახლოეს მეზობლებად, მე რუსეთში მის გადამისამართებას შემოგთავაზებდით. ეს დიდი მიწაა, დედამიწის ხმელეთის ერთი მეექვსედი. დიდი დანაკლისი არ იქნება რუსეთისთვის, თუ ვინმე მის ნაწილს დაიპყრობს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ წამოწყებაში ჯერ არავინ ყოფილა წარმატებული.

როგორ ვისხნათ თქვენი დემოკრატიული აშშ? რასაკვირველია, ის უნდა გადარჩეს, თუნდაც ჩვენ ყველანი დავიღუპოთ. თქვენ უნდა უფრთხოდეთ არეულობას, რათა გადამდები სენი არ შეგეყაროთ. იყოლიეთ მრავალრიცხოვანი ჯარი და ფლოტი, მაგრამ გაუფრთხილდით მათ. თუ ომი დაიწყება, მომლოდინეს პოზიციაში ჩადექით. ამერიკას შთამბეჭდავი სამხედრო ძალა უნდა გააჩნდეს, რათა მშვიდობა შეინარჩუნოს სამყაროში ან ომის ბედი გადაწყვიტოს, თუკი იგი დაიწყება. თქვენ დემოკრატიის უკანასკნელი ნავსაყუდელი ხართ.

ნიკერბოკერი: ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მოხდეს დასავლეთ ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ გერმანიას ნებას დავრთავთ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, „აღმოსავლეთით წაიწიოს“, მას შემდეგ, რაც საფრანგეთი და ბრიტანეთი ახალი სახელმწიფოს – ჩეხოსლოვაკიის საზღვრების გარანტებად იქცნენ? ხომ არ დაიწყება ომი იქ, თუ გერმანია გადაწყვეტს ეს სახელმწიფო თავის სისტემას მიუერთოს?

იუნგიინგლისი და საფრანგეთი თავის ახალ გარანტიებს ჩეხოსლოვაკიის მიმართ იმაზე მეტად არ შეასრულებენ, ვიდრე საფრანგეთმა შეასრულა თავისი წინამორბედი თავდებობა. არც ერთი ერი არ იცავს საკუთარ სიტყვას. ერი – დიდი და უაზრო ჭიაა, რომელსაც სდევნის, იცით რა? რასაკვირველია, ბედისწერა. შეუძლებელია, რომ ერს ღირსება გააჩნდეს; მას არ შეუძლია სიტყვის დაცვა. ამ მიზეზით ამჯობინებდნენ ძველ დროს მეფის ყოლას, ვისაც პირადი ღირსება და სიტყვა გააჩნდა.

გესმით თუ არა, რომ დედამიწის ასი ყველაზე ინტელიგენტი ადამიანი ერთად უგნურ ბრბოს წარმოადგენს? ათიათას ასეთ ადამიანს ნიანგის კოლექტიური ინტელექტი გააჩნია. თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სუფრის ირგვლივ მიმდინარე საუბარი მით უფრო მწირი და უმნიშვნელოა, რაც მეტია სტუმართა რაოდენობა? ბრბოში ის თვისებები, რომლებსაც რომელიმე წევრი ფლობს, მრავლდება, გროვდება და დომინირებადად იქცევა მთელი ბრბოსათვის.

ყველა არ ფლობს ღირსებას, მაგრამ ყველა ატარებს უმდაბლეს ცხოველურ ინსტინქტებს, ფლობს გამოქვაბულის ადამიანის ჩაგონებადობას, ეჭვიანობასა და ღვარძლიანობას. აღნიშნულის გამოისობით მრავალმილიონიანი ერი რაღაც არაადამიანურსაც კი წარმოადგენს. ეს ხვლიკია, ან ნიანგი, ან მგელი. მის სახელმწიფო მოღვაწეთა ზნეობა არ აჭარბებს მასების ცხოველურთან გატოლებული ზნეობის დონეს, თუმცა დემოკრატიული სახელმწიფოს ცაკლეულ მოღვაწეებს ძალუძთ საერთო დონეს აცდნენ.

თავს ვერ დავდებთ, რომ ჰიტლერი, გაცილებით მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო მოღვაწე დღეს, შეასრულებს საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს გერმანიის სახელით, თუკი ეს ამ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო იქნება, რადგან ჰიტლერი თავად არის ერი. ამით აიხსნება აგრეთვე ის, თუ რატომ არის ჰიტლერი იძულებული ესოდენ ხმამაღლა ისაუბროს, კერძო შეხვედრის დროსაც კი, რადგან იგი სამოცდათვრამეტი მილიონი ხმით საუბრობს.

ერი – ეს არის მონსტრი. ყველა უნდა უფრთხოდეს ერს. ეს რაღაც საშინელებაა. როგორ შეიძლება მას ღირსება ან სიტყვა გააჩნდეს? ამიტომ ვუჭერ მე მხარს პატარა ერებს. პატარა ერები პატარა კატასტროფებს გულისხმობენ. დიდი ერები დიდი კატასტროფების მომასწავებელია.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81