ჰუბერტ ნიკერბოკერი ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ჟურნალისტი გახლდათ (პულიტცერის პრემიის ლაურეატი), ვინც საბჭოთა კავშირის, იტალია-ეთიოპიის ომის, ესპანეთის სამოქალაქო ომის, ბრიტანეთისათვის ბრძოლის და სხვა საინტერესო მოვლენების შესახებ წერდა. დაიღუპა ავიაკატასტროფაში 1949 წელს, ბომბეიში.
იუნგს ნიკერბოკერი კიუსნახტში ეწვია 1938 წელს. ეს გახლავთ იუნგის მიერ მიცემული ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ინტერვიუ, რომელიც 1949 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში “Hearst’s International Cosmopolitan”.
ნიკერბოკერი: რა მოხდება, თუ ჰიტლერს, მუსოლინის და სტალინს ოთახში ჩავკეტავთ ერთი კვირით, მივცემთ მხოლოდ ერთ პურსა და ერთ დოქ წყალს? ყველაფერს ერთ-ერთი მიიღებს თუ ისინი შეძლებენ წყლისა და პურის განაწილებას?
იუნგი: ვეჭვობ, რომ განაწილება შეძლონ. ჰიტლერი, როგორც შამანი, ალბათ გვერდზე გადგება და კამათში არ ჩაერევა.
მუსოლინი და სტალინი, ბელადის ან ძლიერის უფლებით აღჭურვილნი, სავარაუდოდ შეეცდებიან დაისაკუთრონ წყალი და პური, თუმცა ალბათ სტალინი, როგორც ყველაზე უხეში და სასტიკი, ყველაფერს დაეუფლება.
პრიმიტიულ საზოგადოებაში ძლიერი ადამიანის ორი ტიპი არსებობდა. ერთი მათგანია ბელადი – ფიზიკურად უფრო ძლიერი, ვიდრე მისი მეტოქეები; მეორეა შამანი, ძლიერი არა თავისთავად, არამედ ხალხის მიერ მისთვის მინიჭებული ძალაუფლების წყალობით. ამგვარად, ესაა იმპერატორი და რელიგიური თემის მეთაური. იმპერატორი, როგორც ბელადი, ფიზიკურ ძალაუფლებას ფლობდა ჯარისკაცებზე; წინასწარმეტყველის ძალაუფლებას კი, როგორსაც შამანი წარმოადგენდა, – ესაა მისი არა ფიზიკური, არამედ რეალური ძალაუფლება, რომელსაც იგი იმის შედეგად ფლობდა, რომ ადამიანები მას ზებუნებრივ უნარებს მიაწერდნენ, – დროდადრო შესაძლოა იმპერატორის ძალაუფლებისთვის გადაეჭარბებინა. მაგალითად, მას შეეძლო დახმარება ან პირიქით, დაბრკოლებების აღმართვა სიკვდილის შემდეგ ბედნიერი ცხოვრების გზაზე, შეეძლო კანონგარეთ გამოეცხადებინა ადამიანი, თემი ან მთელი ერი, ხოლო რელიგიური ცხოვრებიდან განკვეთით ტანჯვისა და უბედურებისათვის გაეწირა.
მუსოლინი ფიზიკური ძალის ადამიანია. შეხედავთ თუ არა, ამას აცნობიერებთ. მისი სხეული კუნთების აგებულების შესახებ გვაფიქრებს. ის ლიდერია, რადგან ინდივიდუალურად ყველა მეტოქეზე ძლიერია. მართლაც, მისი გონებრივი აგებულება შეესაბამება მის კლასიფიკაციას, მას ბელადის ტვინი აქვს.
სტალინიც იმავე კატეგორიას ეკუთვნის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ის შემოქმედი არ არის. მან იმის მიტაცება შეძლო, რაც ლენინმა შექმნა, ჩაასო კბილები და ძიძგნის. ნგრევითაც არაშემომქედებითად ანგრევს. ლენინმა ფეოდალური და ბურჟუაზიული საზოგადოების მთელი სტრუქტურა გაანადგურა რუსეთში და საკუთარი ქმნილებით ჩაანაცვლა. სტალინი ამას ანადგურებს.
გონებრივი თვალსაზრისით სტალინი იმდენად საინტერესო არ არის, როგორც მუსოლინი, რომელსაც იგი პიროვნების ძირითადი ტიპის მიხედვით ჰგავს, და არაფერი აქვს საერთო ისეთ საინტერესო სახეობასთან, როგორსაც ჰიტლერი ეკუთვნის, – შამანის, ადამიან-მითის სახეობასთან.
ნიკერბოკერი: ის, ვინც ძალაუფლება ასსამოცდაათ მილიონ ადამიანზე მოიპოვა, ისე, როგორც ეს სტალინმა გააკეთა, არ შეიძლება საინტერესო არ იყოს, მიუხედავად იმისა, მოგწონთ ეს თუ არა თქვენ.
იუნგი: არა, სტალინი ზუსტადაც რომ მხეცია – ცბიერი და ღვარძლიანი გლეხი, გაუცნობიერებელი ნადირი, და ამ გაგებით უდაოდ ყველაზე ძლიერი – სამყაროს დიქტატორებს შორის. თავისი ძლიერი კისრით, გადაპრეხილი ულვაშით, კატისებრი ღიმილით, რომელიც ნაღებს ლოკავს, იგი ციმბირულ ვეფხვს ჰგავს. გავაკეთებ დაშვებას, რომ წარსულ ცხოვრებაში სტალინი შესაძლოა ჩინგიზ ყაენი ყოფილიყო. არ გამიკვირდება, თუკი ის თავს მეფედ გამოაცხადებს.
ჰიტლერი სრულიად განსხვავებულია. მისი სხეული ძალის შესახებ წარმოდგენას არ გვიღვიძებს. მის შეხედულებაში უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იპყრობს ზმანებებით აღსავსე, აჩრდილისებრი მზერა. განსაკუთრებით განმაცვიფრა მისი პორტრეტის ჩანახატებმა, რომლებიც ჩეხეთის კრიზისის დროს იყო გაკეთებული. მისი თვალებით ნათელმხილველი გიმზერთ.
ასე თუ ისე, ეჭვი არ ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჰიტლერი მისტიურ შამანთა კატეგორიას ეკუთვნის. სამყაროს მსგავსი არაფერი უნახავს მუჰამედის დროიდან – ასე შეაფასა ვიღაცამ იგი პარტიის უკანასკნელ ყრილობაზე, რომელიც ნიურნბერგში გაიმართა.
იმაში, რომ ჰიტლერი, ჩემი აზრით, აუხსნელი, უცნაური, ალოგიკური და არაცნობიერი გზით მიდის, წარმოჩნდება მისი აშკარად მისტიური თავისებურება. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ნაცისტთა ნომენკლატურა ცხადად მისტიურია. თუნდაც ნაცისტური სახელმწიფოს სახელწოდება ავიღოთ, ისინი მას მესამე რაიხს უწოდებენ. რატომ?
ნიკერბოკერი: იმიტომ, რომ პირველი რაიხი იყო რომის წმინდა იმპერია, მეორე დააფუძნა ბისმარკმა, მესამე კი ჰიტლერმა შექმნა.
იუნგი: ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ აქ უფრო ღრმა აზრია ჩადებული. არავის დაურქმევია კარლოს დიდის ან ვილჰელმის სამფლობელოსთვის პირველი და მეორე რაიხი. მხოლოდ ნაცისტებმა უწოდეს საკუთარ თავს მესამე რაიხი, რადგან ამას ღრმა მისტიური მნიშვნელობა აქვს: გამოთქმა „მესამე რაიხი“ თითოეული გერმანელის არაცნობიერში ბიბლიურ ასოციაციებს იწვევს.
ამგვარად, ჰიტლერი, ვინც არაერთხელ გვიჩვენა, რომ აცნობიერებს თავის მისტიურ მოწოდებას, მესამე რაიხის ფანატიკოსებისთვის უფრო მეტს წარმოადგენს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი.
ახლა კი ვოტანის კულტის ფართოდ გავრცელებულ აღორძინებას მივმართოთ. ვინ იყო ვოტანი? ქარის ღმერთი. განვიხილოთ სახელწოდება Sturmahteilung – მოიერიშე ჯარები. Sturm, როგორც ხვდებით, ეს ქარია. ასევე სვასტიკაც, მბრუნავი ფიგურა, რომელიც გრიგალს წარმოშობს და ყოველთვის მარცხნივ არის მიმართული, ბუდისტურ სიმბოლიზმში დამღუპველ, არაკეთილგანწყობილს, არაცნობიერისკენ მიმართულს გულისხმობს.
და ყველა ერთად, მესამე რაიხის ეს სიმბოლოები, მათი წინასწარმეტყველის კვალდაკვალ, ქარისა და გრიგალის ნიშნებით აღჭურვილები, დაუოკებელ ემოციათა ქარიშხლით მიუძღვიან გერმანელებს სულ უფრო შორს ბედისწერისკენ, რომლის წინასწართქმა არც თავად მას – წინასწარმეტყველს, ნათელმხილველს, ფიურერს არ ძალუძს.
ნიკერბოკერი: მაგრამ რატომაა, რომ ჰიტლერი, ვინც მის გარემოცვაში მყოფ პრაქტიკულად ყველა გერმანელს უნებურად აიძულებს, პირქვე დაემხოს და თაყვანის სცეს მას, თითქმის ვერანაირ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს უცხოელებზე?
იუნგი: სრული სიმართლეა. საერთოდ, მრავალის რეაქცია იყო ისეთი, როგორც თითოეული გერმანელისა გერმანიაში. ეს იმ მიზეზით ხდება, რომ ყოველი გერმანელისთვის ჰიტლერი მისი არაცნობიერის სარკეს წარმოადგენს, რომელშიც არაგერმანელისთვის, რასაკვირველია, არაფერი ჩანს. ის ხმამადიდია, რომელიც იმდენად აძლიერებს გერმანული სულის გაურკვეველ ჩურჩულს, რომ მისი ხმა არაცნობიერამდეც აღწევს.
ის პირველი ადამიანია, რომელმაც თითოეულ გერმანელს უთხრა ის, როგორც მას წარმოუდგენია საკუთარ არაცნობიერში გერმანიის ბედი, განსაკუთრებით კი მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ. რაც შეეხება ერთიან მახასიათებელს, რომელიც ყველა გერმანელი სულისთვის არის ნიშანდობლივი, ესაა არასრულფასოვნების ტიპიურად გერმანული კომპლექსი, კომპლექსი უმცროსი ძმისა, რომელიც მუდამჟამს ოდნავ აგვიანებს ნადიმზე. ჰიტლერის ძალაუფლება არა პოლიტიკური, არამედ მაგიურია.
ნიკერბოკერი: რას გულისხმობთ მაგიური ძალაუფლების ქვეშ?
იუნგი: ამის გასაგებად აუცილებელია გავიგოთ ის, თუ რას წარმოადგენს არაცნობიერი. ეს ჩვენი მენტალური სტრუქტურის ნაწილია, რომელსაც ჩვენ უმნიშვნელოდ ვაკონტროლებთ და რომელშიც ილექება ყველა სახის განცდა და შთაბეჭდილება, იმ აზრებისა და თვით დასკვნების ჩათვლით, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ.
გარდა შთაბეჭდილებებისა, რომლებსაც ჩვენ აღვიქვამთ, არსებობს სხვა სახის შთაბეჭდილებები, რომლებიც გამუდმებით ზემოქმედებენ ჩვენი გრძნობის ორგანოებზე, მაგრამ მათ ჩვენ ვერ აღვიქვამთ, რადგან ისინი მეტისმეტად სუსტია, რათა ჩვენი შეგნებული ყურადღება მიიპყრონ. მათი აღქმა ჩვენი გონების ზღურბლს მიღმა ხდება. მაგრამ ყველა ეს სუბლიმირებული აღქმა ფიქსირდება, არაფერი იკარგება.
იმ დროს, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, შესაძლოა გვერდით ოთახში ვიღაც ჩურჩულებდეს. თქვენ ამას არ მიაქცევთ ყურადღებას, მაგრამ კარს იქით მიმდინარე საუბარი უდაოდ ფიქსირდება თქვენს არაცნობიერში, მსგავსად ჩვენი საუბრისა, რომელიც დიქტოფონზე იწერება. იმ დროს, როდესაც თქვენ აქ ზიხართ, ჩემი არაცნობიერი ინფორმაციას იღებს თქვენს შესახებ, თუმცა მე მას ვერ ვაცნობიერებ, თქვენ კი გაკვირვებული იქნებოდით თუ იმის გადმოცემას შევძლებდი, რაც არაცნობიერად შევიტყე თქვენს შესახებ ესოდენ მცირე დროის განმავლობაში.
ჰიტლერის ძალაუფლების საიდუმლო იმაში არ მდგომარეობს, რომ მისი არაცნობიერი უფრო შინაარსიანია, ვიდრე ჩემი ან თქვენი. ჰიტლერის საიდუმლო ორსახაა: პირველ რიგში, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც არაცნობიერისთვის ამდენად არის მისაწვდომი ცნობიერება და, მეორე, იგი ნებას რთავს არაცნობიერს, იყოს მის მიერ მართული. ის იმ ადამიანს ჰგავს, რომელიც ყურადღებით ისმენს ჩაგონებებს, რომლებიც იდუმალი წყროდან მომდინარეობს, შემდეგ კი მის შესაბამისად მოქმედებს. ჩვენს შემთხვევაში კი თუკი ჩვენი არაცნობიერი კიდევაც ხდება დროდადრო ჩვენთვის მისაწვდომი სიზმრების მეშვეობით, ჩვენში საკმაოდაა რაციონალობა, მეტისმეტად ბევრია ცერებრუმი, რათა მას დავემორჩილოთ. ასე იქცეოდა, მაგალითად, ჩემბერლენი; ჰიტლერი კი ისმენს და ემორჩილება. ჭეშმარიტი ბელადი ყოველთვის მართულია.
შევეცადოთ იმის გაგებას, თუ როგორ ხდება ეს. ის თავად მიმართავს საკუთარ ხმას. მისი ხმა სხვა არაფერია, თუ არა მისი არაცნობიერი, რომელშიც გერმანელებმა საკუთარი თავის პროეცირება მოახდინეს; ესაა სამოცდათვრამეტი მილიონი გერმანელის არაცნობიერი. ესაა ის, რაც მას ძალებს ანიჭებს.
სავარაუდოა, რომ გერმანელთა გარეშე ის არ იქნებოდა ისეთი, როგორადაც ახლა წარმოდგვიდგება.
ეს სიტყვასიტყვით შეესაბამება ჭეშმარიტებას, როდესაც ის ამბობს, რომ თუ რაიმე ძალუძს, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ზურგს უკან გერმანელი ხალხი დგას, ან, როგორც დროდადრო იტყვის ხოლმე, რომ ის არის გერმანია. ამიტომ მისი არაცნობიერით, რაც სამოცდათვრამეტი მილიონის არაცნობიერს იტევს, ის ძლიერია, ხოლო შინ და მსოფლიოში პოლიტიკურ ძალთა ნამდვილი თანაფარდობის არაცნობიერი აღქმით იგი ჯერ კიდევ უშეცდომოა.
ამიტომაა, რომ მის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის სწორია, მიუხედავად ყველა უცხოელი მიმომხილველის აზრისა. ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ხდება, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მისი არაცნობიერის მიერ შეკრებილი და ცნობიერებამდე მიტანილი ინფორმაცია, მისი განსაკუთრებული უნარის წყალობით უფრო მართებული აღმოჩნდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანისა, გერმანელის თუ არაგერმანელის, რომელიც სიტუაციის შეფასებას ცდილობდა და განსხვავებულ დასკვნებამდე მივიდა. ეს, რასაკვირველია, იმასაც ნიშნავს, რომ ფლობს რა ასეთ ინფორმაციას, ის მზად უნდა იყოს იმოქმედოს კიდეც მის შესაბამისად.
ნიკერბოკერი: მე ვფიქრობ, ეს მართებულია სამ მართლაც კრიტიკულ სიტუაციასთან მიმართებით, რომლებიც მან შექმნა და რომელთაგან თითოეული ომის საფრთხეს შეიცავდა: როდესაც მან ჯარი შეიყვანა რაინის მიწაზე 1936 წლის მარტში; ავსტრიაში 1938 წლის მარტში, და მესამედ, როდესაც მობილიზება მოახდინა და აიძულა მოკავშირეები დაეტოვებინათ ჩეხეთი. როგორც ცნობილია, თითოელ ამ შემთხვევაში ჰიტლერის მაღალი თანამდებობის მრჩევლები აფრთხილებდნენ, არ განეხორციელებინა ეს ქმედებები, რადგან ფიქრობდნენ, რომ მოკავშირეები წინააღმდეგობას გაუწევდნენ და, ომის დაწყების შემთხვევაში, გერმანია მარცხს განიცდიდა.
იუნგი: მართალია! სინამდვილეში ჰიტლერმა შეძლო მოწინააღმდეგეთა შესახებ უკეთ შეექმნა შთაბეჭდილება, ვიდრე სხვამ, და მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოსაზრება, თითქოს მას ძალას დაუპირისპირებდნენ, მან იცოდა, რომ მეტოქე უბრძოლველად დათმობდა. ამ გაგებით მეტად ნიშანდობლივია ჩემბერლენის შემთხვევა, როდესაც ის ბერხტესგადენში ჩავიდა. იქ ჰიტლერი პირველად შეხვდა ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწეს.
მოგვიანებით, გოდესბერგში, ჩემბერლენი ამტკიცებდა, რომ, სხვა ყველაფრის გარდა, ჩასული იყო, რათა ჰიტლერისთვის მიენიშნებინა, რომ ზედმეტად არ შეეტოპა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიტანეთი სამხედრო მოქმედებებს დაიწყებდა. მაგრამ ჰიტლერის არაცნობიერის აღქმამ, რომელსაც მისთვის ჯერ კიდევ არ ეღალატა, იმდენად გამსჭვალა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ხასიათი, რომ ლონდონიდან შემდგომ გამოგზავნილი ულტიმატუმები და გაფრთხილებები არანაირ შთაბეჭდილებას აღარ ახდენდნენ მის არაცნობიერზე. არაცნობიერად ჰიტლერმა იცოდა, ვერ გამოიცნო ან იგრძნო, მან იცოდა, რომ ბრიტანეთი ვერ გარისკავდა ომის წამოწყებას. მიუხედავად ამისა, ჰიტლერის გამოსვლა სპორტის სასახლეში, როდესაც მან წმინდა ფიცის ქვეშ გამოუცხადა მთელ სამყაროს, რომ პირველ ოქტომბერს ჩეხეთში შეიყვანდა ჯარს საფრანგეთისა და ინგლისის თანხმობის გარეშე, ამ გამოსვლამ პირველად და მხოლოდ ერთხელ გვიჩვენა, რომ უკიდურესად კრიტიკულ მომენტში ჰიტლერი შიშს განიცდიდა, მისდევდა რა ჰიტლერ-წინასწარმეტყველს.
შინაგანი ხმა ეუბნებოდა მას, რომ წინ სვლა იყო საჭირო, რომ ყველაფრი კარგად იქნებოდა. მაგრამ მისი ადამიანური გონი მრავალრიცხოვან დაბრკოლებებზე მიანიშნებდა, შესაძლოა გადაულახავ დაბრკოლებებზე. მისი გამოსვლა ბუნდოვანი და გაწელილი იყო. რომელი ადამიანი არ შედრკება ასეთ მომენტში? ამ გამოსვლის განმავლობაში, რომელმაც, სავარაუდოდ, ასობით მილიონი ადამიანის ბედი გადაწყვიტა, ის წარმოდგა ადამიანად, რომელმაც გადაწყვიტა რაღაც, რისიც სიკვდილივით ეშინია, მაგრამ გადალახული აქვს ეს შიში, რადგან ასეა ნაბრძანები შინაგანი ხმის მიერ.
ნიკერბოკერი: მისი ხმა არ ცდებოდა, მაგრამ ვინ იცის, მუდამ მართალი იქნება იგი? თუ ეს ასეა, ფრიად საინტერესო იქნებოდა მომდევნო რამდენიმე წელიწადისთვის თვალის დევნება, რადგან მან სწორედ ჩეხეთის ტრიუმფის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს გერმანია საკუთარი მომავლის ზღურბლზე დგას. თუკი ეს მხოლოდ დასაწყისია, ხოლო მისი ხმა კარნახობს მას, რომ გერმანელები უნდა იქცნენ ევროპისა და შესაძლოა მსოფლიოს მბრძანებლებად, და თუ მისი ხმა არ ცდება, ხომ არ ნიშნავს ეს იმასაც, რომ ჩვენ ისტორიის უაღრესად საინტერესო ეტაპზე ვიმყოფებით?
იუნგი: დიახ, როგორც ჩანს, გერმანელებმა ირწმუნეს, რომ მათ ეწვიათ მესია, მხსნელი, რომელსაც ისინი მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ელიან. ეს არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ ადამიანთა განმასხვავებელი ნიშანია. გარკვეულწილად გერმანელთა მდგომარეობა საკმაოდ გვაგონებს ძველი დროის ებრაელთა ვითარებას. ებრაელთა არასრულფასოვნების კომპლექსი პოლიტიკური და გეოგრაფიული ფაქტორებით იყო განპირობებული. ისინი სამყაროს იმ ნაწილში ბინადრობდნენ, რომელიც სასწავლ მოედანს წარმოადგენდა ყოველი მხრიდან მოსული დამპყრობლებისთვის, ხოლო ბაბილონის პირველი ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, როდესაც მათ რომაელთა მიერ განადგურება ელოდათ, მესიას მხსნელი იდეა გამოიგონეს, რომელიც ყველა ებრაელს კიდევ ერთხელ გაამთლიანებს და იხსნის.
საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსი გერმანელებმაც მსგავსი მიზეზებით შეიძინეს. ისინი საკმაოდ გვიან გამოჩნდნენ დუნაის ველზე და საკუთარ ერს საფუძველი საფრანგეთსა და ინგლისზე გვიან ჩაუყარეს, რომლებიც უკვე შემდგარი იყვნენ ეროვნული სახელმწიფოს შექმნის გზას. მათ გვარიანად დააგვიანეს კოლონიების დაპყრობისა და იმპერიის ჩამოყალიბების საქმე. როდესაც ისინი ერად გაერთიანდნენ, მიმოიხედეს, იხილეს ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც უკვე მოწიფული ერები იყვნენ, გააჩნდათ მდიდარი კოლონიები. ამ მიზეზით ისინი შურმა შეიპყრო, უმცროსი ძმის მსგავსად განაწყენდნენ, რომელთა უფროს ძმებს მემკვიდრეობის ლომის წილი ერგოთ.
ეს გახლდათ არასრულფასოვნების გერმანული კომპლექსის ჭეშმარიტი მიზეზი, რომელმაც ესოდენ ბევრი განსაზღვრა მათ პოლიტიკურ აზროვნებასა და ქმედებებში და, რომელსაც უდაოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახლა მათ პოლიტიკაში მთლიანად. როგორც ხედავთ, შეუძლებელია ისაუბრო ჰიტლერზე და არ ისაუბრო გერმანელ ერზე, რადგან ჰიტლერია სწორედ გერმანელი ერი.
ამას წინათ ამერიკაში გახლდით და უეცრად მეწვია აზრი, რომ შესაძლებელია გერმანიასთან საინტერესო გეოგრაფიული პარალელების გავლება. მე ვიხილე, რომ რამდენიმე ადგილას ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებობს ადამიანთა განსაზღვრული ფენა, რომელსაც „საბრალო თეთრ ღატაკებს“ უწოდებენ. მე მივხვდი, რომ ისინი უმეტესწილად ადრეულ მოსახლეთა შთამომავლებს წარმოადგენენ, მათი ნაწილი ძველებურ ინგლისურ გვარებს ატარებს. საბრალო თეთრი ღატაკები დარჩნენ მას შემდეგ, რაც ენერგიულმა და ინიციატივიანმა ხალხმა ფურგონები დაქოქა და დასავლეთისკენ გაემგზავრა.
შემდეგ, შუა დასავლეთში თქვენ შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც მე ამერიკაში ყველაზე მეტად გაწონასწორებულად ვთვლი, ვგულისხმობ ფსიქიურად გაწონასწორებულებს, თუმცა ზოგ ადგილას, კიდევ უფრო დასავლეთით, უკიდურესად გაუწონასწორებელ ადამიანებსაც შეხვდებით.
თუ ევროპას განვიხილავთ მთლიანობაში, ბრიტანეთის კუნძულების ჩათვლით, მაშინ ირლანდია და უელსი თქვენი დასავლეთ ნახევარსფეროს ექვივალენტი იქნება. კელტებს წარმოსახვის მკაფიო უნარი აქვთ. შემდეგ, თქვენს ზომიერ შუა დასავლეთს ევროპაში შეესაბამება ბრიტანეთი და საფრანგეთი მათი ფსიქიურად გაწონასწორებული ხალხებით. შემდეგ კი თქვენ გერმანიაში ხვდებით, რომლის იქით ცხოვრობენ სლავი მუჟიკები, ევროპის საბრალო და ღატაკი თეთრკანიანები.
მუჟიკები არ დგებიან დილით და მთელი დღეები სძინავთ. მათი უახლოესი მეზობლები – გერმანელები – დგებიან დილით, მაგრამ ძალიან გვიან. გახსოვთ, როგორ გამოსახავენ გერმანელები დღემდე გერმანიას საკუთარ კარიკატურებზე?
ნიკერბოკერი: კი, „მძინარე მიქაელი“, მაღალი და გამხდარი სუბიექტი ღამის ხალათსა და საძილე ჩაჩით.
იუნგი: სავსებით მართალი ბრძანდებით. მძინარე მიქაელს გამორჩა სამყაროს დანაწილება კოლონიალურ იმპერიებად და ამგვარად გერმანელებმა არასრულფასოვნების კომპლექსი შეიძინეს, რომელმაც მათ მსოფლიო ომის გაჩაღებისკენ უბიძგა, ხოლო როდესაც ომი წააგეს, არასრულფასოვნების განცდა, რასაკვირველია, გაღრმავდა, გაჩნდა მესიას მოლოდინი, და ასე მიიღეს მათ თავისი ჰიტლერი. თუკი ის მათ ჭეშმარიტ მესიას არ წარმოადგენს, ძველი აღთქმის ერთ-ერთ წიანსწარმეტყველს მაინც ჩამოჰგავს: მისი დანიშნულებაა ხალხის გაერთიანება და აღთქმულ მიწაზე მიყვანა.
ამით აიხსნება, რატომ უნდა ებრძოდნენ ნაცისტები ყველა სახის რელიგიას, გარდა მათი საკუთარი კერპთაყვანისმცემლობისა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეჭვი არ მეპარება, რომ კამპანია კათოლიკური და პროტესტანტური ეკლესიების წინააღმდეგ, რომელთა ჩანაცვლებას ისინი ჰიტლერიზმის ახალი აღმსარებლობით ფიქრობენ, ნაცისტების შეხედულებით ფრიად სერიოზული მიზეზებით წარიმართება, ამასთან, დაუნდობლად და ენერგიულად.
ნიკერბოკერი: თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჰიტლერიზმი შესაძლოა გერმანელთა მუდმივ რელიგიად იქცეს, როგორც მაჰმადიანობაა მუსულმანებში?
იუნგი: ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია. ჰიტლერის რელიგია ყველაზე ახლოსაა მაჰმადიანობასთან, რეალისტურია, მიწიერი, მაქსიმალურ კომპენსაციას ჰპირდება ამქვეყნად, ოღონდ მუსულმანების მსგავსი ვალჰალათი, რომელში მოხვედრა და ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა მხოლოდ ღირსეულ გერმანელებს მიეცემათ. მაჰმადიანობის მსგავსად, იგი მახვილის სიქველეს ქადაგებს. ჰიტლერის პირველი იდეაა – საკუთარი ხალხის ქცევა ძლევამოსილად, რადგან არიული გერმანიის სული იმსახურებს იმას, რომ იგი ძალით, კუნთებით და მახვილით იყოს განმტკიცებული.
რასაკვირველია, ეს არ არის სულიერი რელიგია იმ მნიშვნელობით, რომელსაც ჩვენ, ჩეულებრივ, ვდებთ ხოლმე ამ ცნებაში. მაგრამ გავიხსენოთ, რომ ქრისტიანობის ადრეულ ეტაპზე ეკლესია ტოტალურ ძალაუფლებაზე აცხადებდა პრეტენზიას, სასულიეროზეც და საეროზეც! ჩვენს დროს ეკლესიამ უარი თქვა ამ პრეტენზიაზე, რომელიც ტოტალიტარულმა სახელმწიფოებმა გადაიბარეს. ისინი არა მხოლოდ საერო, არამედ სასულიერო ძალაუფლებასაც მოითხოვენ.
ამ წამს მომივიდა თავში აზრად, რომ ჰიტლერიზმის „რელიგიურ“ ხასიათს ისიც უსვამს ხაზს, რომ მთელს მსოფლიოში გაფანტული გერმანული სათვისტომოები, რომლებამდეც ვერ აღწევს ბერლინის პოლიტიკური ძალაუფლება, ჰიტლერიზმით იმსჭვალებიან. ყურადღება მიაქციეთ გერმანულ სათვისტომოებს ლათინურ ამერიკაში, განსაკუთრებით კი ჩილეში.
ნიკერბოკერი: ჩემთვის გასაკვირია, რომ ამ დიქტატორთა ანალიზში არაფერია ნათქვამი დედისა და მამის გავლენაზე. დოქტორი იუნგი არ ცნობს მათ მნიშვნელოვან როლს?
იუნგი: დიდი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ დიქტატორებად პირად გარემოებათა მიზეზით იქცევიან, მაგალითად, მამისათვის ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად. მილიონობით ადამიანი, ვინც ჰიტლერის ან მუსოლინის მსგავსად შეუპოვრად ეწინააღმდეგება საკუთარ მამას, არასოდეს იქცევა დიქტატორად.
დიქტატორთა შესახებ კანონი უნდა გავიხსენოთ: „დევნის ის, ვისაც დევნიდნენ“. დიქტატორებმა უნდა გადაიტანონ ის, რასაც დიქტატორობამდე მიყვანა შეუძლია. მუსოლინიმ იმ მომენტში ჩაიგდო ძალაუფლება, როდესაც ქვეყანა ქაოსში იმყოფებოდა, მუშათა კლასი თავს აღწევდა მორჩილებას და ადამიანებს ბოლშევიზმის საფრთხე აშინებდა.
ჰიტლერი მაშინ მოვიდა, როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა დაბლა დასწია ცხოვრების დონე, უმუშევრობა კი გაუსაძლის საფეხურამდე გაზარდა, შემდეგ კი დიდმა ინფლაციამ, მიუხედავად მომდევნო სტაბილიზაციისა, მთელი საშუალო კლასი სიღარიბემდე მიიყვანა. ჰიტლერმა, ისევე, როგორც მუსოლინიმ, ძალაუფლება ხალხისგან მიიღო, რის გამოც მათთვის ძალაუფლების ჩამორთმევა შეუძლებელია. ნიშანდობლივია, რომ ჰიტლერიცა და მუსოლინიც საკუთარ ძალაუფლებას უმთავრესად დაბალ და საშუალო ფენებს, მუშებსა და გლეხებს აფუძნებენ.
მაგრამ, მოდით გარემოებებს დავუბრუნდეთ, რომელთა დროს დიქტატორები ძალაუფლებას იგდებენ ხელთ. სტალინი მოვიდა, როდესაც ლენინის, ბოლშევიზმის უნიკალური შემოქმედის, სიკვდილმა პარტია და ხალხი ბელადის, ქვეყანა კი განსაზღვრული მომავლის გარეშე დატოვა. ამგვარად, დიქტატორები ადამიანური მასალისგან იქმნებიან, რომელიც გადაულახავ საჭიროებათაგან იტანჯება. ევროპის სამი დიქტატორი ჯოჯოხეთურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ მეტად, ვიდრე ერთმანეთისგან განსხვავდებიან მათი ხალხები.
შეადარეთ, როგორ აღიქვამენ და მიმართავენ გერმანელები ჰიტლერს – მუსოლინისადმი იტალიელთა მიმართვას. გერმანელები ფრიად შემთვისებელი ერია. ისინი უკიდურესობებში ცვივიან, ყოველთვის ოდნავ გაუწონასწორებლები არიან. ისინი კოსმოპოლიტები, პლანეტის მოქალაქეები არიან, იოლად კარგავენ ეროვნულ იდენტობას და უყვართ სხვათა მიბაძვა. ყოველი გერმანელი ისურვებდა ინგლისელი ჯემტლმენივით ჩაცმას.