მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან კოგნიტურ-ბიჰევიორალურ და ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობას მესამე ძალის სახით ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა – ჰუმანისტური ფსიქოლოგია მკაცრად დაუპირისპირდა ნატურალისტურ და მექანიცისტურ ტენდენციებს. თუ ბიჰევიორიზმი ადამიანისა და ცხოველში დასწავლის მექანიზმს იდენტურად განიხილავდა, ფსიქოანალიზი ბავშვობისდროინდელ ტრავმებს ეძებდა, კოგნიტური მიმდინარეობა კი ადამიანს ფაქტობრივად მანქანასთან აიგივებდა, ჰუმანისტურმა ფსიქოლოგიამ ცენტრალურ პრინციპად ისეთი ღირებულება აქცია, როგორიცაა სწრაფვა თვითრეალიზაციისკენ. ეს არ არის მხოლოდ თეორიული მოდელი, ჰუმანისტური ფსიქოლოგია გულისხმობს ისეთი პრაქტიკული პრობლემების შესწავლას, რომელიც სოციალურ ყოფასთანაა მიბმული.
ჰუმანისტური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენელია კარლ როჯერსი, რომელიც ცნობილია ისეთი იდეების დამკვიდრებით როგორიცაა – ადამიანის სწრაფვა თვითაქტუალიზაციისაკენ, ზრდისა და განვითარების მუდმივი ტენდენცია თუ მე-კონცეფციის შეთანხმებულობა. როჯერსის საავტორო ფსიქოთერაპიული ტექნიკა – კლიენტზე ცენტრირებული თერაპია, არადირექტიული მიდგომაა, რომლის არსიც კლიენტისათვის პოზიტიური, ჰარმონიული, მიმღებლური გარემოს შექმნაა.
კარლ როჯერსის შეხედულებები
ადამიანურ ბუნებაზე:
“როცა სამყაროს ვაკვირდები პესიმისტი ვარ, როცა ადამიანებს – ოპტიმისტი.’’
როჯერსს სწამდა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს თანდაყოლილი მიდრეკილება განვითარებისაკენ, რაც ვლინდება თვითაქტუალიზაციისაკენ სწრაფვაში, მაშინ, როცა ფროიდის ფსიქოანალიზი და უოტსონის ბიჰევიორიზმი მეტად იყო კონცენტრირებული ადამიანური ბუნების უარყოფით მხარეებსა და პათოლოგიურ გამოვლინებებზე. როჯერსის მიდგომა ეფუძნება პოზიტიურ პრინციპს: ადამიანი არის არსება, რომელიც ვითარდება, იზრდება, იცვლება უკეთესობისაკენ. მისი მიზანია სრულად გამოავლინოს შინაგანი პოტენციალი, რეალიზდეს და იქცეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად. მთლიანობა, ინტეგრირება და ადაპტირება, როჯერსისთვის, ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. აღნიშნული მიდრეკილებები ვლინდება თვითაქტუალიზაციის ცნებაში. ეს, ცხადია, არ გულისხმობს იმას, რომ ადგილი ვერ ექნება ქცევის პათოლოგიურ გამოვლინებებს. როჯერსი ასეთი მდგომარეობის მიზეზად მიიჩნევს თვითშეფასებასა და რეალურ პოტენციალს შორის დაკარგულ ჰარმონიას. ადამიანი მხოლოდ მაშინ დააღწევს თავს შფოთვას, როდესაც რეალური მე თანხვედრაში იქნება იდეალურ მე-სთან.
შემეცნებაზე, ზრდასა და ცვლილებაზე:
“განათლებული მხოლოდ ისაა, ვინც იცის, როგორ ისწავლოს და შეიცვალოს.’’
მე-ს რეალიზებისათვის საუკეთესო გზა ახალი გამოცდილების მუდმივი ძიება და მისი მიმღებლობაა. როჯერსი მიიჩნევს, რომ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც კონცენტრირებულია კომფორტის ზონიდან გამოსვლისაკენ და ცხოვრების ნებისმიერი გამოწვევის სრული სისავსით განცდისაკენ ირჩევს სწორ მიმართულებას. შემეცნების პროცესი გულისხმობს როგორც სამყაროსადმი ღიაობასა და მიმღებლობას, ასევე საკუთარი თავის ძირეულ შესწავლას.
“გამოცდილება, ჩემთვის, უზენაესი ძალაუფლებაა. სანდოობის საზომი სწორედ საკუთარი გამოცდილებაა. ვერც საკუთარი და არც სხვისი იდეები ვერ იქნება იმაზე ავტორიტეტული, ვიდრე გამოცდილებით მიღებული ცოდნა. ცდა არის გზა, რომელიც შემეცნების პროცესში, საშუალებას გაძლევს თანდათან მივუახლოვდეთ ჭეშმარიტებას. ვერც ბიბლიას ან წინასწარმეტყველებს, ვერც ფროიდისა თუ მკვლევარების იდეებს ვერ ექნებათ იმაზე მეტი ძალა, ვიდრე საკუთარი ცხოვრებისაგან მიღებულ გამოცდილებას . მხოლოდ ასეა შედეგობრივი სინამდვილის გადამოწმება სრულიად ახალი გზებით. ცდომილების პოვნა კი მისი გამოსწორების შესაძლებლობაა.’’ (On Becoming a Person, 1961)
თვითაქტუალიზაციის მთავარი იდეა ადამიანის შეუჩერებელი მისწრაფებაა ბედნიერების მოპოვებისა და სრული თვითრეალიზაციისკენ. მის თეორიაში ძირეულ როლს ასრულებს ადაპტაციის, სწავლისა და ზრდის შესაძლებლობა, რაც ისეთი მდგომარეობის მოპოვების საწყისია, რომელიც ინდივიდს, როჯერსის სიტყვებით, სრულად ფუნქციურს ხდის.
“თუ ჩვენ ვაფასებთ დამოუკიდებლობას, თუ გვაწუხებს ჩვენი მზარდი კონფორმიზმი იმ ცოდნის, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების მიმართ, რომელსაც აწმყო სისტემა განსაზღვრავს, მაშინ გვიჩნდება სურვილი შევქმნათ პირობები, რომელიც შემოგვაბრუნებს უნიკალურობის, საკუთარ თავისკენ“
ცხოვრებით კმაყოფილებაზე:
როჯერსის თეორიის თანახმად ადამიანებში პათოლოგიური გამოვლინებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არაადაპტური დაცვითი მექანიზმებია, რომელიც ვლინდება რეალობის უარყოფასა თუ არასწორად აღქმაში. ესაა შიში, რომელიც ადამიანს შესაძლებლობას ართმევს მიიღოს სამყარო ისეთად, როგორიც არის. შესაბამისად, აფერხებს მის ზრდის ტენდენციებს.
“ცხოვრებისაგან მიღებული სიამოვნება განიცდება მაშინ, როცა არსებობს მუდმივი მისწრაფება სრულად შეიგრძნო სიცოცხლის ყოველი წუთი. ეს განცდა ნაცნობია იმ ადამიანისთვის, რომელიც მთლიანად ღიაა გამოცდილებისთვის და არ განიცდის შიშს სიახლის მიმართ. მისთვის თითოეული მომენტი აღიქმება, როგორც რაღაც ახალი.’’ (On Becoming a Person, 1961)
ცხოვრებით კმაყოფილების განცდა თვითაქტუალიზირებული მდგომარეობის მოპოვების წყალობით, არაა მუდმივი, გარანტირებული მოცემულობა ან ფიქსირებული პოზიცია, რადგან ადამიანი ყველა ეტაპზე ამჟღავნებს ტენდენციას განვითარებისკენ.
“მუშაობის ადრეულ წლებში ხშირად ვუსვამდი საკუთარ თავს შეკითხვას: როგორ უნდა მივუდგე, განვკურნო და შევცვალო ადამიანი, რომელიც ჩემთან მოდის? ახლა, ამ შეკითხვას სხვანაირად დავსვამდი: როგორ დავამყარო მასთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც მან შესაძლოა პიროვნული ზრდისთვის გამოიყენოს? დროთა განმავლობაში, ცხოვრებისადმი პოზიტიურ მიდგომაში ერთი ნაკლი დავინახე, ცხოვრებით კმაყოფილება არ არის უცვლელი მოცემულობა, მე მას ვერ ვუწოდებ სათნოებას ან უზრუნველ მდგომარეობას, ვერც ნირვანას ან ბედნიერების განცდას. ფსიქოლოგიური ტერმინი რომ გამოვიყენო, მას არ ვუწოდებდი დრაივ-რედუქციის, დაძაბვა-განმუხტვის პროცესებსა თუ ჰომეოსტაზს. ცხოვრებით კმაყოფილება არის პროცესი და არა მდგომარეობა, მიმართულება და არა დანიშნულების ადგილი.’’ (On Becoming a Person, 1961)
ფსიქოთერაპიაზე:
“კრეატიულობის მთავარი არსი ორიგინალურობაა, ამიტომ არ არსებობს დამკვიდრებული და სტანდარტები მის შესაფასებლად.’’ (On Becoming a Person, 1961)
კლიენტზე ცენტრირებული ფსიქოთერაპიული მიდგომა, როჯერსის საავტორო ტექნიკაა. ესაა არადირექტიული ურთიერთობა კლიენტნათ, რაც ფსიქოთერაპევტის მინიმალურ ჩართულობს გულისხმობს. კლიენტს საშუალება აქვს პროცესი დამოუკიდებლად წარმართოს და აკონტროლოს.
“კლიენტმა ყველაზე უკეთ იცის რა არის მისთვის მტკივნეული, რა მიმართულებით სვლაა საჭირო, რა ტიპის პრობლემებია ყველაზე მწვავე და რა გამოცდილებაა ყველაზე ღრმად დამარხული.“ (On Becoming a Person, 1961)
თერაპევტი, ამ შემთხვევაში, არის ემპათიური და მიმღებლური. უპირობო პატივისცემის ჩვენება, მისი მხრიდან არის მთავარი გარანტი კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციისთვის. თბილი, გულწრფელი, ჰარმონიული კლიმატი ხელს უწყობს ინდივიდის გახსნილობას და სრულ კონცენტრირებას ფსიქოთერაპიაზე.
აღნიშნული მიდგომები მკაფიოდ გამოხატავს როჯერსის ჰუმანისტურ პრინციპს. როჯერსი ფსიქოთერაპიას, იყენეს როგორც იარაღს, იმისათვის რომ ხელი შეუწყოს პიროვნების სულიერ ზრდას. თეორია აღწერს ინდივიდის ტენდენციურობას თვითაქტუალიზაციისკენ, მაგრამ ამასთან, განმარტავს, რომ აღნიშნული მდგომარეობა არაა მუდმივი და უცვლელი, შესაბამისად ადამიანური არსებობა მუდმივ აქტიურობასა და ახალი უნარების გამომუშავებას მოითხოვს.
მოამზადა მაგდა ლომაიამ