ანუკი ნაცვლიშვილი – თვითიზოლაცია, კრიზისი, შფოთვა

0

თვითიზოლაცია არაჩვეულებრივი საშუალებაა გავერკვეთ საკუთარ თავში და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ. ეს არის პერიოდი, რომელიც უმეტეს ჩვენგანს პირველად აქვს ცხოვრებაში.

გვაქვს უამრავი დრო იმისათვის, რომ გადავაფასოთ განვლილი ცხოვრება და გავაგრძელოთ ის ახლებურად. მთავარია შევცვალოთ უარყოფითი დამოკიდებულება დადებითით, თვითიზოლაციასთან მიმართებაში.
ამ საინტერესო პერიოდიდან უამრავი სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ, თუკი გვექნება ამისი სურვილი.
რაც შეეხება პანიკას და შფოთვას, მათი დაძლევაც შესაძლებელია.
რა თმქა უნდა კარანტინი, კომენდანტის საათი ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ფსიქიკაზე, ისევე როგორც ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა და იწვევს დისკომფორტს, ამიტომაც არის საჭირო უფრო მეტი დადებითის დანახვა თვითიზოლაციაში.
რომ დავფიქრდეთ, როდის გვქონდა ამდენი თავისუფალი დრო, ან ვინ იცის კიდევ როდის გვექნება. ამიტომ შიშში და პანიკაში გატარებული დროის ნაცვლად, არაჩვეულებრივი იქნება თუ ამ მომენტს სასიამოვნოდ გამოვიყენებთ. ჩავხსნით წარსულს და მომავალს, რომლებსაც ყველაზე მეტად მოაქვთ შიშის და შფოთვის მდგომარეობა და ვეცდებით ვიცხოვროთ “აქ და ამჟამად”, რადგან წარსული აღარ არსებობს და რაც უკვე მოხდა ჩვენ მას ვერ შევცვლით, ამიტომ მასზე ფიქრი და ნერვიულობა არაგონივრულია, ისევე, როგორც მომავალზე, რადგან მომდევნო 5 წუთშიც კი არ ვიცით რა მოხდება და ამაზე ფიქრი და ნერვიულობაც არალოგიკურია. ესე იგი გვრჩება “აქ და ამჟამად” მდგომარეობა, რომელიც ის ერთადერთი რეალობაა, რომელშიც უნდა ვიცხოვროთ, ამის მაგივრად ჩვენ ვცხოვრობთ წარსულსა და მომავალში და აწმყოს ისე ვატარებთ, რომ არც კი ვაცნობიერებთ.
ხოდა გავაცნობიეროთ, რომ ვართ “აქ და ამჟამად”, ჩავიხედოთ საკუთარ თავში, დავუსვათ მას კითხვები:
ვინ ვარ?
როგორ ვარ?
როგორ მოხდა რომ ახლა ასე ვარ?
როგორ მინდა რომ ვიყო?
და ყველა ის კითხვა, რომელიც “აქ და ამჟამად” თქვენთვის აქტუალურია.
მნიშვნელოვანია ამ კითხვებზე პასუხებად, სხეულებრივი შეგრძნებები მივიღოთ, დავაკვირდეთ მათ, კანს ქვეშ ვიგრძნოთ ეს პასუხები და ამითი ვიხელმძღვანელოთ. დავაკვირდეთ რადგან სხეულებრივი შეგრძნებები არასდროს გვატყუებს, ფიქრები კი ძირითადად ილუზორულია, გონება ხშრად გვაბნევს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ცხოვრება ძალზედ მშვენიერი და საინტერესოა, მერე რა რომ სახლიდან გასვლა არ შეგვიძლია, ეს არ ნიშნავს ტყვეობას. ადამიანი შეიძლება არ იყოს სახლში “ჩაკეტილი”, მაგრამ უფრო ბევრად უარესი, საკუთარი თავის ტყვე იყოს. ამიტომ დავმშვიდდეთ, ღრმად ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ, ახლა ხომ მაინც არსად გვეჩქარება.
არ მოგვიწევს საცობში დგომა, სამსახურში დაგვიანება, არასასურველი კონტაქტები და საუბრები, საათზე ყურება თუ როდის დამთავრდება სამუშაო დრო, მერე ისევ საცობი სახლისკენ გზაზე და კიდევ სხვა უამრავი რამ, რაც აქამდე ჩვენი ცხოვრების რუტინას შეადგენდა, გვძაბავდა, გვღლიდა და მუდამ უკმაყოფილებას და გაღიზიანებას იწვევდა ჩვენში.
ახლა ვნახოთ და შევაფასოთ დღეს როგორია ჩვენი რეალობა, რომელშიც რატომღაც ტყვედ ვგრძნობთ თავს, ვიძაბებით და ვწუწუნებთ:
• სახლი, რომელიც სიმშვიდის და სიმყუდროვის შეგრძნებით გვავსებს;
• ოჯახის წევრები, რომლებისთვისაც არასდროს გვქონდა დრო;
• სურვილები და ოცნებები, რომლებსაც ვერასდროს ვახორციელებდით, ისევ და ისევ დროის უქონლობის გამო, ან სამსახურიდან გასავათებულ მდგომარეობაში მოსვლის გამო;
• და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავი “მე”, რომელთან სასაუბროდაც არ გვეცალა. დღეები ისე გადიოდა უმეტესობას ფიქრის დროც კი არ გვრჩებოდა. ფიქრის მდგომარეობა ადამიანისთვის უჩვეულო და უცნაური გახდა.

ვფიქრობ სწორად აქ ჩნდება პრობლემა და ის ყოველთვის ჩვენშია, ჩვენ კი ვცდილობთ არ შევხედოთ სიმართლეს თვალებში და მუდმივად გარეთ ვეძებოთ ჩვენი პრობლემების მიზეზები, სხვას ან გარემოს დავაბრალოთ ჩვენი მდგომარეობა, რომელშიც თვითონ ჩავიგდეთ თავი, ვეძებთ დამნაშავეებს და სხვისკენ ვიშვერთ თითს. ვინც საკუთარ თავს ამოიცნობთ ნუ გაბრაზდებით და გაღიზიანდებით, მარტო თქვენ არ იქცევით ასე, ეს ადამიანური ბუნებაა , თუმცა მასთან მუშაობა შესაძლებელია, ისევ და ისევ იმისათვის, რომ ვიგრძნოთ სიმშვიდე, დაცულობა, ბედნიერება, ჰარმონია.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამყარო მტერი არ არის, მას სულაც არ უნდა ჩვენთვის ცუდი.
მე არ მივცემ თავს უფლებას, რომ კონკრეტული რჩევები და რეცეპტები მოგცეთ, თუ როგორ გაატაროთ დღე თვითიზოლაციაში.
ადამიანმა თავად იცის, რა აბედნიერებს მას, ხოდა ახლა გვაჩუქა სამყარომ ეს ფუფუნება და გამოვიყენოთ, ნუ ვიზარმაცებთ, დავფიქრდეთ, რომ ასეთი შესაძლებლობა შეიძლება აღარ მოგვეცეს და გამოვიყენოთ ეს დრო თვითგანვითარებისათვის.
ასე ამბობენ “ადამიანი თავად არის საკუთარი ცხოვრების არქიტექტორი”
ვინც ოცნებობდით ან ახლაც ოცნებობთ იყოთ ხელოვანი: მხატვარი, მუსიკოსი, მწერალი, არქიტექტორი, ერთი სიტყვით შემოქმედი, შეგიძლიათ აისრულოთ ოცნება და “აქ და ამჟამად”დაიწყოთ საკუთარი “მეს” ესკიზით და გადახვიდეთ მის ხორცშესხმაზე რეალურ ცხოვრებაში ჰარმონიულად არსებობისათვის.

P.S ამბობენ რომ პუშკინმა თავისი ნაწარმოებების უმეტესობა თვითიზოლაციაში ყოფნისას შექმნა. და კიდევ რამდენი იქნება ასეთი შემოქმედი ვინ იცის :).

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81