სალომე ემუხვარი – როგორ დავეხმაროთ ბავშვებს თვითიზოლაციის პირობებთან ადაპტაციის პროცესში?

0

სალომე ემუხვარი – ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, მენტალური განვითარების ცენტრი ა.-ს დამფუძნებელი

დღეს მთელი ძალისხმევა გლობალური საფრთხისკენ არის მიპყრობილი, რასაც ახალი კორონავირუსი ჰქვია და ყველა ქმედება მიმართულია ამ საფრთხის პრევენციისკენ.
თვითიზოლაციისა და კარანტინის ცნება კი თანამედროვე სამყაროს ყველაზე მთავარ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით უცნაურად ჟღერს ეს ყველაფერი ბავშვებისათვის, რომლებიც უჩვეულო დღის წესრიგის წინაშე აღმოჩნდნენ.
როგორ ავუხსნათ ბავშვებს სამყაროში დატრიალებული უცნაურობა? როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კორონა ვირუსზე? ეს ის კითხვებია, რომლებიც დღეს ყველაზე ხშირად ისმის.
მთავარია, არ მოგვერიდოს ბავშვებთან ამ თემაზე საუბარი. მშობლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც უნდა მიაწოდონ მათი ასაკისათვის შესაბამისი და სწორი ინფორმაცია. სასურველია ამ საკითხზე საუბრისას ვაკონტროლოთ საკუთარი ემოციები და მივაწოდოთ ინფორმაცია ფაქტების სახით. ყველაზე მთავარი საკითხი, რომელიც მშობელმა უნდა უზრუნველყოს, არის უსაფრთხოების განცდა. ბავშვის უსაფრთხოების მთავარი წყარო, რა თქმა უნდა, მშობელია. გახსოვდეთ, მშობლის ემოციური მდგომარეობა ბავშვზე პირდაპირ პროპორციულად ისახება. ნუ ჩავარდებით პანიკაში და მიიღეთ ეს მდგომარეობა, როგორც მოცემულობა.
მნიშვნელოვანია ავუხსნათ მათ, თუ რატომ ვართ სახლში და დავანახოთ ამ საზოგადოებრივი დეპრივაციის პოზიტიური მხარეები. ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში მთავარია გულწრფელობა, შეგიძლიათ აუხსნათ, რომ თქვენ , ისევე როგორც მთელი სამყარო ხართ ახალი გამოწვევების წინაშე და ამ ყველაფერს ახლავს გაურკვევლობები. არ შეგეშინდეთ თქვათ ის, რომ არის საკითხები რომლებშიც ვერ ერკვევით და კითხვები, რომლებზე პასუხებიც ჯერ არ გაქვთ. ეცადეთ პოზიტიური კუთხით დაანახეთ ის, რომ თელი სამყარო გაერთიანდა ახალი პრობლემის წინაშე. გაამახვილეთ ყურადღება რეალურ საზოგადოებრივ ერთიანობაზე და მისი, როგორც სრულფასოვანი მოქალაქის პასუხისმგებლობაზე სხვა დანარჩენი მოქალაქეების მიმართ. შეგიძლიათ დაანახოთ კონკრეტული მაგალითები ცნობადი სახეების და მათი კუმირების სახით, რომლებიც უერთდებიან თვითიზოლაციის კამპანიას.
როგორ გავამდიდროთ ბავშვის ყოველდღიურობა თვითიზოლაციის პირობებში?
დატვირთული სამუშაო გრაფიკის მქონე მშობლები, ალბათ, ხშირად შეუწუხებია შვილებთან ურთიერთობის დეფიციტისგან გამოწვეულ დანაშაულის შეგრძნებას. რამდენჯერ გიოცნებიათ თავისუფალ დროზე, როდესაც შეგეძლებოდათ დაგეთმოთ სათანადო დრო საკუთარი შვილისათვის ან საკუთარი თავისათვის? და ია ეს შესაძლებლობაც დადგა…
იმისათვის, რომ ეს ოჯახური თავშეყრა დიდ გაუგებრობაში და უწესრიგობაში არ გადაიზარდოს, სასურველია ბავშვებისათვის გამომუშავებულ იქნას ე. წ. დღის რუტინა, რომელიც, თავის მხრივ, დღის მანძილზე განსხვავებული აქტივობებით დატვირთული რეჟიმის ფორმირებას გულისხმობს. დღის რუტინა დაგეხმარებათ ეფექტურად მართოთ სიტუაცია და თანაბრად გამოყოთ დრო, როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე დიდი ხნის მონატრებული შვილისათვის. დღის რუტინის სტრუქტურიზებულად ფორმირებისათვის მნიშვნელოვანია თავად ბავშვების ჩართულობა. გამოყოფილი უნდა იყოს კონკრეტული საათები მეცადინეობისათვის, საინტერესო გასართობი აქტივობებისათვის, რა თქმა უნდა, მათი ინტერესების გათვალისწინებით და ასევე თავისუფალი საათები, რომელიც სპონტანურობის გამოვლენის საშუალებას მისცემს მათ.
მშობლებისა და ბავშვების ერთ სივრცეში ყოფნა არ ნიშნავს მათ შორის ემოციური უკუკავშირის არსებობას. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, თქვენ გიწევთ სახლის პირობებში დისტანციური მუშაობა, აუცილებელია, გამოიძებნოს მათთან ურთიერთობის ერთ საათი, სადაც თქვენ მოახერხებთ მათ აქტივობებში 100% ჩართულობას. სწორედ ეს მთლიანი ჩართულობა განაპირობებს მათთან ემოციური კავშირის დამყარებას. მსგავს აქტივობად შეიძლება ჩაითვალოს უბრალო საუბარიც კი.

მნიშვნელოვანია გაგებით მოეკიდოთ გაჯეტებთან ბავშვების ურთიერთობის ხანგრძლივობის ზრდას. მშობლებმა, რომლებიც ტოტალურად უკრძალავთ ბავშვებს გაჯეტებთან ურთიერთობას, მნიშვნელოვანია ფართოდ შეხედონ დღევანდელ რეალობას. მთლიანად ჩვენი სამყარო მოიცვა ვირტუალურმა უპირატესობებმა და ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია. დღეს ის დროა როდესაც თქვენს შვილს უწევს ერთი პლანშეტის მოხმარება, მომავალში კი მოუწევს, შესაძლოა, 5-6 გაჯეტით ერთდროულად ოპერირება. ეს დღევანდელი რეალობაა და ეს ნორმალურია, როდესაც ბავშვი იყენებს ელექტრონულ მოწყობილობებს ხშირად. გაჯეტებთან ურთიერთობის აკრძალვით თქვენ, შესაძლოა, უკარგავთ შესაძლებლობას გამოიმუშაონ თანამედროვე სამყაროში ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი უნარები. აქ მნიშვნელოვანია გააკონტროლოთ რეკომენდირებული საათების რაოდენობა და ინტერნეტ სივრცეში ქცევის წესები, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი პატარები მათი ასაკისათვის შეუსაბამო ინფორმაციისაგან.
და ბოლოს შეეცადეთ თვითიზოლაციის ეს უცნაური პერიოდი მეტად დასამახსოვრებელი და სასიამოვნოდ მოსაგონარი იყოს თვენი პატარებისთვის, რადგან მათ ის ისედაც ემახსოვრებათ, როგორც რაღაც ახალ და მნიშვნელოვანი ცვლილებების ეპოქაში გარდამავალ პერიოდად.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81